Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-448-442 (კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი.მ. რ. კ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.14წ. განჩინებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.04.13წ. გადაწყვეტილებით ი.მ. რ. კ-ას სარჩელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და აუდიტის დეპარტამენტის მიმართ, სსიპ შემოსავლების სამსახურის 26.04.2012წ. №7062 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.04.2012წ. №1482 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 29.05.2012წ. №072-4 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 13.07.2012წ. №11636 ბრძანების და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 24.12.2012წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ. რ. კ-ამ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.13 წ. განჩინებით ი.მ. რ. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.04.13წ. გადაწყვეტილება. მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი.მ. რ. კ-ამ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო ი.მ. რ. კ-ას საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.13 განჩინების ასლი ი.მ. რ. კ-ას გაეგზავნა და ჩაბარდა პირადად 2014 წლის 28 მაისს, რაც დადასტურებულია უწყებაზე მისივე ხელმოწერით (ტ.3, ს.ფ. 268). საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული კანცელარიის შტამპით ირკვევა, რომ ი.მ. რ. კ-ამ საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოში შემოიტანა 20.06.14წ. ანუ სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით. ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა ი.მ. რ. კ-ასთვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 29 მაისს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 18 ივნისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ოთხშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. შესაბამისად ი.მ. რ. კ-ასთვის საკასაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელ დღე იყო 2014 წლის 18 ივნისი, ი.მ. რ. კ-ამ საკასაციო საჩივარი უზენაეს სასამართლოში შემოიტანა 2014 წლის 20 ივნისს, 2 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ი.მ. რ. კ-ამ საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ი.მ. რ. კ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ. რ. კ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.13წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე

საქმე ¹ბს-448-442(კ-14) 30 ივნისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი _ ი/მ რ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.2013წ. განჩინება.

განმცხადებლის მოთხოვნა _ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2014 წ. განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ.კ-ამ 05.02.13წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მიმართ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 24..12.12წ გააწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

23.02.13წ განცხადებით კ-ამ დააზუსტა მოპასუხეთა წრე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთან ერთად მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი და მოითხოვა დავების განხილვის საბჭოს 24.12.12წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის 26.04.12.წ. №7062 ბრძანების ბათილად ცნობა,შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 11.10.11.წ. №0072-33 ბრძანების ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.05.12.წ. №1482 ბრძანების ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის 29.05.12.წ. №072-4 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა, შემოსავლების სამსახურის 13.07.12.წ. №11636 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.04.13.წ. გადაწყვეტილებით რ.კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მან სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.12.13წ. განჩინებით რ.კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 15.04.13.წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.კ-ამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.14.წ. განჩინებით რ.კ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საჩივრის საპროცესო ვადის დარღვევით წარმოდგენის გამო.

02.09.14.წ. რ.კ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 11.12.2013წ. განჩინება მას 28.05.2014 წ. არ ჩაბარებია, შესაბამისად მისი ხელმოწერა არ შეიძლება იყოს ჩაბარების დასტურზე, მას სააპელაციო პალატის განჩინება რეალურად 01.06.2013წ. ჩაბარდა, ამდენად, საკასაციო საჩივარი საპროცესო ვადის დაცვით იქნა წარდგენილი, საქმეში დაცული (ტ.3, ს.ფ. 268) ჩაბარების დასტური ყალბია, რასაც ადასტურებს ფოსტის თანამშრომლის განცხადება და მეზობელთა ახნა-განმარტებები. რ.კ-ამ აგრეთვე მიუთითა, რომ საკასაციო საჩივარი მან შეადგინა და ფოსტაში წარადგინა 19.06.2013წ., შესაბამისად სსკ-ის 61.3 მუხლის მიხედვით, სწორედ 19.06.2013წ. უნდა ჩაითვალოს საკასაციო საჩივრის წარმოდგენის თარიღად. განმცხადებელს მიაჩნია აგრეთვე, რომ დაცული აქვს სსკ-ის 426.1 მუხლით განსაზღვრული ახლად-აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადა, რადგან საკასაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მას ჩაბარდა 01.08.2013წ.. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ რეალურად სააპელაციო სასამართლოს 11.12.2013წ. განჩინება 28.05.2013წ. ჩაბარდა მის დისშვილს რ.კ-ას სამუშაო ადგილზე, ხოლო რ. კ-ა გასული იყო დაბა ჩხოროწყუდან. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს გზავნილი შედგენილია 28.05.2013წ., შესაბამისად ამავე დღეს რ.კ-ას გზავნილი ვერ ჩაბარდებოდა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ თვითონ ცხოვროს დაბა ჩხოროწყუში, ... ქ. =2-ში, ხოლო მისი დისშვილი, რომელსაც გზავნილი ჩაბარდა - ... ქ. =15-ში, შესაბამისად, გზავნილი გადაეცა მოგვიანებით - 01.06.2013წ..

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ.კ-ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2014 წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს, კერძოდ, სსკ 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების და შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, სათანადო მტკიცებულებების წარდგენა განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი უთითებს, რომ სააპელაციო პალატის 11.12.2014წ. განჩნება მას 28.05.2014წ. არ ჩაბარებია და საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტური ყალბია. საკასაციო პალატა არ იზიარებს რ.კ-ას აღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებს (სსკ-ის 102.1 მუხ.), ამასთანავე, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სსკ-ის 102.3 მუხ.). საქმეში დაცულია შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ (ტ.3, ს.ფ.268), რომელშიც მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გზავნილი რ.კ-ამ ჩაიბარა პირადად. დასტურში მითითებულია აგრეთვე რ.კ-ას რეალური პირადი ნომერი და კურიერის ხელმოწერა. ამასთანავე სააპელაციო სასამართლომ განჩინება გააგზავნა რ.კ-ას საცხოვრებელ მისამართზე: ჩხოროწყუ, ... ქ. =2, სწორედ აღნიშნულ მისამართზე ბარდებოდა განმცხადებელს სასამართლოდან გაგზავნილი გზავნილები და ამავე მისამართს უთითებს რ.კ-ა საქმის წარმოების განახლების შესახებ 02.09.2014წ. განცხადებაში თავის ფაქტობრივ ადგილსამყოფლად. ამასთანავე, რ.კ-ას არ წარმოუდგენია უფლებამოსილი ორგანოს მიერ სათანადო წესით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს გზავნილის ჩაბარების ბარათის ან მასში ასახული რ.კ-ას ხელმოწერის სიყალბეს.

რ.კ-ამ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებას დაურთო ჩხოროწყუს კურიერის - პ. ქ-ას სახელით შედგენილი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ სააპელაციო პალატის გზავნილი კურიერს რ.კ-ასთვის არ გადაუცია, რეალურად გზავნილი ჩაბარდა რ.კ-ას დისშვილს განმცხადებლის სამუშაო მისამართზე, თუმცა ხელმოწერა მოხდა რ.კ-ას სახელით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული განცხადება არ არის შესრულებული შპს ,,...“ ბლანკზე და არ არის დამოწმებული სათანადო ბეჭდით. ამასთანავე, კურიერმა პ. ქ-ამ მასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ ვერ იხსენებს წარმოდგენილი განცხადების დაწერის ფაქტს. ასევე მიუთითა, რომ ჩაბარების დასტურზე ხელს აუცილებლად აწერს ის პირი, რომელსაც უშუალოდ ჩაბარდა გზავნილი, დაუშვებელია ჩაბარების დასტურს მესამე პირმა ხელი მოაწეროს ადრესატის სახელით, თუ გზავნილის ჩაბარება ხდება მესამე პირისათვის ის ხელს აწერს საკუთარი სახელით, ჩაბარების დასტურზე კურიერის ხელმოწერის გრაფაში მითითებული ხემოწერა მისია, რ.კ-ასთვის თვეების წინ გარკვეული გზავნილი მიტანილი აქვს (იხ. 20.05.2015წ. სატელეფონო შეტყობინების აქტი). ამდენად, არ დასტურდება პ.ქ-ას მიერ აღნიშნული განცხადების შედგენის ფაქტი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ პ.ქ-ას სახელით შედგენილ განცხადებასა და ჩაბარების დასტურზე (ტ.3, ს.ფ.268) მის მიერ შესრულებულ ხელმოწერას შორის მნიშვნელოვანი ვიზუალური სხვაობაა.

რ.კ-ა წარმოდგენილ განცხადებაში უთითებს, რომ საკასაციო საჩივარი შეადგინა და ფოსტაში 19.06.2014წ. წარადგინა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება არ ქმნის საქმის წარმოების განახლების საფუძვლეს, რადგან ერთი მხრივ აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება, რადგან საკასაციო საჩივრის კონვერტზე განთავსებულ საფოსტო შტამპში მითითებული თარიღია: 20.06.2014 წ., ხოლო მეორე მხრივ ფოსტაში საკასაციო საჩივრის 19.06.2014წ. წარდგენის შემთხვევაშიც კი დარღვეული იქნებოდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების საპროცესო ვადა, რადგან სააპელაციო პალატის განჩინების ჩაბარების თარიღის გათვალისწინებით (28.05.2014წ.) მისი გასაჩივრების 21-დღიანი ვადა იწურებოდა 18.06.2014წ..

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ რ.კ-ამ ვერ წარმოადგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.07.204წ. განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-427-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ.კ-ას განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.07.2014წ. =ბს-448-442(კ-14) განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნუგზარ სხირტლაძე

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

მაია ვაჩაძე