საქმე ბს-51-50 (კ-14) 24 ივლისი, 2014წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ. გ-ე
დავის საგანი – სასამართლო ხარჯების განაწილების შეცვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-ემ 26.07.13წ. სარჩელი აღძრა მოპასუხის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 08.07.13წ. №1-87 ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 27.07.13წ. ხარვეზის შესახებ განჩინების შესაბამისად მ. გ-ის მიერ 05.08.13წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი (ტ.1. ს.ფ. 65).
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 30.09.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-ემ, რასაც დაურთო მის მიერ 22.10.13წ. სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტ.1. ს.ფ. 203).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.11.13წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 30.09.13წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 08.07.13წ. №1-87 ბრძანება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
საკასაციო სასამართლოს 08.05.14წ. განჩინებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 30.09.13წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 08.07.13წ. №1-87 ბრძანება და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი იმ ნაწილში, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს დაშვებულ ნაწილში, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება და მ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს 21.11.13წ. გადაწყვეტილებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება, რაც არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10.2 მუხლის თანახმად თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც, რაშიც იგულისხმება არა მხოლოდ პირველი ინსტანციის, არამედ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გაწეული ხარჯი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სსკ-ის 53.3 მუხლის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების შეცვლის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, მას თავად ევალება შეცვალოს სასამართლო ხარჯების განაწილებაც. ასეთ შემთხვევაში მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი, არამედ ის ხარჯები, რომლებიც მხარეებმა გაიღეს ქვემდგომ ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის, რომ გარდა სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟისა, მ. გ-ის მიერ პირველ ინსტანციის სასამართლოშიც სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 100 ლარი. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს უნდა მოეხდინა მ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხების (100 ლარი პირველი ინსტანციის სასამართლოში და 150 ლარი სააპელაციო სასამართლოში) შეჯამება და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟის სრულად დაკისრება, რაც 250 ლარს შეადგენს.
ზემოაღნიშნულთან ერთად სასკ-ის 9.1 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას შეადგენდა განაცდურის ანაზღაურება და სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილობა, რაც თავისი ბუნებით სოციალურ საკითხთა რიგს განეკუთვნება. სსკ-ის 38-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას შეადგენდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. შესაბამისად, განსახილველი დავა მიეკუთვნება საქმეთა იმ კატეგორიას, რომლებიც განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს 27.07.13წ. განჩინებით მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო ხარვეზის განსაზღვრისა და 30.09.13წ. გადაწყვეტილებით მ. გ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად ჩათვლის საფუძველი. შესაბამისად, უმართებულოა აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. გ-ის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი 150 ლარის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის გადახდის დავალება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ უნდა დაკისრებოდა მ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბაჟის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას არ შეესაბამება, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დავალების ნაწილში და მ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში ბაჟის სახით გადახდილი 250 ლარი, კერძოდ, მ. გ-ის (პ.ნ. ...) მიერ 05.08.13წ. №573625 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი და მ. გ-ის მიერ 22.10.13წ. №1376328 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი დაშვებულ ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.11.13წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. გ-ეს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს მის მიერ 05.08.13წ. №573625 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი და მ. გ-ის მიერ 22.10.13წ. №1376328 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე