Facebook Twitter

ბ-858-5 (ა-14) 11 სექტემბერი, 2014წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განცხადების ავტორი _ ი. გ-ა; წარმომადგენელი _ ვ. კ-ი

დავის საგანი _ საპროცესო ვადის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ი.Gგ-ას წარმომადგენელმა ბ. კ-მა და მოითხოვა გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენა. განმცხადებელმა მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 23.05.14წ. განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაშვების გამო განუხილველი დარჩა ი. გ-ას საკასაციო საჩივარი. განცხადებაში მითითებულია, რომ საპროცესო ვადის გაშვება განაპირობა ობიექტურმა გარემოებამ, კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა ი. Gგ-ას შვილს ნ. Gგ-ას, რომელმაც გზავნილი მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ გადასცა ი. Gგ-ას. Nნ. Gგ-ა არ არის ი. Gგ-ას ოჯახის წევრი, რადგან მასთან ერთად არ ცხოვრობს ერთ ოჯახად. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით განმცხადებელი ითხოვს საპროცესო ვადის აღდგენას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ განჩინება სსკ-ის 70.1. მუხლის შესაბამისად გაუგზავნა ი. გ-ას, მითითებული მუხლის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლომ ხარვეზის შესახებ 23.05.14წ. განჩინება გაუგზავნა კასატორ ი. Gგ-ას, მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე: ბაკურიანი, ... №.... სასამართლოს გზავნილი ჩაიბარა ადრესატის შვილმა ნ. გ-ამ, რომელსაც უარი არ განუცხადებია გზავნილის ჩაბარებაზე იმ მოტივით, რომ იგი არ იყო ამ მისამართზე მცხოვრები პირი, მან ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, რაც დაადასტურა მისივე ხელმოწერით. აღნიშნული ქმედებით ნ. გ-ამ იკისრა ვალდებულება, ადრესატის ი. გ-ასთვის დაუყოვნებლივ გადაეცა სასამართლოს გზავნილი. წარმოდგენილი განცხადებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ ი. გ-ას საცხოვრებელი ადგილია ბაკურიანი, ... №..., ასევე ის, რომ ნ. გ-ა არის მისი შვილი.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების შესაბამისად ნ. გ-ა რეგისტრირებულია სწორედ ამ მისამართზე: ბაკურიანი, ... №..., ი. გ-ას, ლ. გ-ას და ი. გ-ასთან ერთად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც მას რეგისტრაციაში გაატარებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ იქნება გაზიარებული მითითება იმის შესახებ, რომ ნ. გ-ა არ არის ი. გ-ას ოჯახის წევრი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საპროცესო ვადის აღდგენის და განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული იმ საპატიო მიზეზად და განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად, რაც სსკ-ის 66-ე და 215.3 მუხლებით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს განცხადების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ი. გ-ას წარმომადგენელს ვ. კ-ს უარი უნდა ეთქვას საპროცესო ვადის აღდენაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 65, 215, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ას წარმომადგენლის ვ. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე