Facebook Twitter

ბს-154-151(კ-14) 25 სექტემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ანა ვარდიძე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – სს „…“

მესამე პირი - კს „…“

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 30 იანვარს სს „…“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2010 წლის 23 სექტემბერს კს „…“ და სს „…“ შორის გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რაც მიზნად ისახავდა საადვოკატო ბიუროსათვის სატელეფონო და ინტერნეტ-მომსახურების გაწევას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით. მითითებული მომსახურების გაწევის მიზნით განხორციელდა საადვოკატო ბიუროსათვის ინდივიდუალური ქსელის მოწყობა-ინსტალაცია.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით, რაც მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის მიერთების ფორმებს. ყველა მათგანი წარმოადგენს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის კაბელს, ხოლო მიერთების ფორმა არ წარმოადგენდა ხელშეკრულების საგანს. მომხმარებელი ითხოვდა ინტერნეტ-მომსახურებას იმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით, რომლის ინსტალაციაც განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის და ასაჩივრებდა აღნიშნული კაბელის ახლით ჩანაცვლებას.

2011 წლის 5 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების პაკეტი, სიჩქარე და ფასი.

2012 წლის 7 ნოემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა კს „…“, 2010 წლის 23 სექტემბერს სს „…“ დადებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხელშეკრულებისა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთახმების პირობების დარღვევის გამო.

საჩივრის ავტორი ითხოვდა მისთვის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი მომსახურების მიწოდებას, კერძოდ, ადეკვატური სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებას. საჩივრის ავტორი მიიჩნევდა, რომ მას ინტერნეტ-მომსახურება უნდა მიწოდებოდა ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით, რაც დაირღვა ... მხრიდან და ინდივიდუალური წყვილი შეიცვალა საერთო სარგებლობის წყვილით. აღნიშნულის გამო, საჩივრის ავტორი ითხოვდა მის მიერ გადახდილი ინსტალაციის საფასურის - 2000 აშშ დოლარის დაბრუნებას მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში - 2011 წლის 5 დეკემბრამდე კომპანიას ნასარგებლები ჰქონდა მისთვის ინსტალაციის დროს გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით, ხოლო 2011 წლის 5 დეკემბრის შემდეგ მას ასევე უწყვეტად მიეწოდებოდა ინტერნეტ-მომსახურება კვლავ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს „…“ დაჯარიმებისა და საადვოკატო ბიუროს მიერ ინსტალაციისათვის გადახდილი 2000 აშშ დოლარის სტანდარტულ ფასამდე კორექტირების შესახებ.

მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა მოსარჩელე და მიუთითა, რომ აბონენტი სწორად იყო ინფორმირებული გასაწევი მომსახურების მიწოდების წესის შესახებ. მხარეთა შეთანხმების საგანი არ ყოფილა ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მომსახურება. ამასთან, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ერთი სახის მეორეთი შეცვლა ვერ გამოიწვევდა ინტერნეტის სიჩქარის შემცირებას ან მომსახურების ხარისხის სხვაგვარად შეცვლას და შესაბამისად ადგილი არ ჰქონია მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ან სახელშეკრულებო პირობების დარღვევას.

ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ჯარიმის სახით გადახდილი 30000 ლარის დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სს „…“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულებისა და შემდგომ შეთანხმების ბუნდოვანი პირობებით გაფორმების, ასევე მომხმარებლისათვის გაგზავნილ კორესპოდენციაში დაფიქსირებული არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის მიწოდების ფაქტი, რაც ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ზედამხედველობს კომისია. ამავე კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სს „…“ დარღვევის ჩადენის გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაფრთხილებულ იქნა მითითებული მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლო საფუძვლიანად მიიცნევს მის მიმართ ამავე კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის - ჯარიმის გამოყენებას. ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სს „…“ ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 0,5 პროცენტი აღემატება 30000 ლარს. შესაბამისად, სასამართლომ კანონიერად მიიჩნია სს „…“ მიმართ სანქციის სახით 30000 ლარის ოდენობით ჯარიმის გამოყენება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „…“, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „…“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სს „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16 გადაწყვეტილება და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მე -2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომელიც ადგენს წერილობითი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების ვალდებულებას და ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იყო გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი პუნქტით და მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ისე გამოსცა სადავო აქტი, რომ სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო თუ რა სახის ხელშეკრულება დაიდო მხარეებს შორის - სტანდარტული თუ არასტანდარტული, რა სახის მომსახურებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება და მხარეთა შორის შეთანხმება, რა ზიანი მიადგა ან ადგება მომხმარებელს კორპუსის საერთო ქსელიდან ინტერნეტის მომსახურების მიწოდების დროს, გაუარესდა თუ არა მისთვის მიწოდებული ინტერნეტის ხარისხი, მისი სიჩქარე, თავდაპირველად მომხმარებლისათვის ინდივიდუალურად გაყვალინი ინტერნეტის მისაწოდებელი კაბელი წარმოადგენდა თუ არა მომხმარებლის ინდივიდუალურ საკუთრებას.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კომისია ვალდებული იყო საქმისათვის მიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახლა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ხელახლა შეესწავლა საქმის გარემოებები სრულყოფილად და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები. არასწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე, რამდენადაც კომისიამ ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას სრულად გამოიკვლია და შეისწავლა წარმოების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოსათვის წარდგენილი და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება.

კასატორის მითითებით, სს „...“ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა ავტორიზებულ პირს, რომელიც ახორციელებდა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებასა და ელექტრონული კომუნიკაციების ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას. 2010 წლის 23 სექტემბერს სს „...“ და კს „...“ შორის გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება, რის შედეგადაც კს „...“ გახდა სს „...“ მომხმარებელი. ხელშეკრულების 1-ლი მუხლის თანახმად, სს „...“ უზრუნველყოფს კს „...“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდებას ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით, ხოლო კს „...“ კისრულობს ვალდებულებას სრულად გადაიხადოს მომსახურების საფასური ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. ხელშეკრულების 4.1.1. მუხლის თანახმად, აბონენტის მიერ არჩეული პაკეტი, მომსახურების ტარიფები და ლიმიტი განსზღვრულია №1 დანართით, რომლის შესაბამისად, სს „...“ კს „...“ ინტერნეტი უნდა მიაწოდოს ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით, რომლის ინსტალაციის ღირებულება შეადგენს 2000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, მომხმარებლის მიერ არჩეული ინტერნეტ მომსახურების პაკეტის - FOS პირობებით. ინტერნეტის სიჩქარე - 512 კბ/წმ; 10 მგ/წმ.

სს „...“ და კს „...“ შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე კს „...“ მიერ სს „...“ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის პირობით კს „...“ ინტერნეტ მომსახურების მიწოდების მიზნით, სს „...“ უზრუნველყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მონტაჟი მისი ქსელის დაფარვის ზონის გარეთ.

კასატორის მითითებით, კომისიას ადმინისტრაციული წარმოების დროს გამოკვლეული ჰქონდა ფაქტობრივი გარემოება (რაზეც მიუთითა სააპელაციო სასამართლომ) იმასთან დაკავშირებით, რომ საადვოკატო ბიურომ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა ახალაშენებულ კორპუსში მისთვის ინდივიდუალურად კაბელის შეყვანაში, მაგრამ კომისიამ სხვა მტკიცებულებებზე, წარმოდგენილი ხელშეკრულებებზე, მხარეთა ახსნა-განმარტებებზე დაყრდნობით არ გაიზიარა საადვოკატო ბიუროს განცხადება, რომ საადვოკატო ბიუროსათვის ინტერნეტ-მომსახურების მიწოდება უნდა მომხდარიყო ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, ვინაიდან ასეთ მითითებას არ შეიცავდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ამასთან, სს „...“ მიერ საადვოკატო ბიუროსათვის გასაწევ მომსახურებაზე მიწოდებული ინფორმაციით, ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი „სს ...“ მართლაც დააინსტალირა მისამართზე: ქ. თბილისი, ... ქ. №21-ში, ამ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ბოლო საადვოკატო ბიუროს ოფისში შეიყვანა.

სს „...“ საადვოკატო ბიუროს ინსტალაციისათვის დაარიცხა არა სტანდარტული ინსტალაციის საფასური, არამედ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში. „ინსტალაცია“ მომსახურების მიმწოდებლის ვებ-გვერდზე ატვირთული ინფორმაციის თანახმად, მომსახურების მისაწოდებლად საჭირო ტექნიკური საშუალებების, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დროებით სარგებლობაში ან საკუთრებაში გადაცემის ღირებულებასაც შეიძლება შეიცავდეს. მომხმარებელს ნამდვილად შეიძლებოდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ 2000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში, სს „...“ უზრუნველყოფდა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებას მხოლოდ მისთვის გაყვანილი ინდივიდუალურად გამოყოფილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

აღნიშნულ დასკვნამდე კომისია მივიდა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობითაც, რომ მხარეებს შორის 2010 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში მითთებულია მხოლოდ „ინსტალაციის ღირებულება“. ხელშეკრულების პირობებიდან გაურკვეველია რას მოიცავს ინსტალაციის ღირებულება, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა ინსტალაციის საფასურის გადახდას, კერძოდ, რა უფლებები და ვალდებულებები წარმოეშობოდა მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს. შედეგად, მომხმარებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას ხელშეკრულებიდან მიეღო სრულყოფილი, ზუსტი და გასაგები ინფორმაცია ინსტალაციის პირობებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების ბუნდოვანმა შინაარსმა მომხმარებელი შეიყვანა შეცდომაში შეთავაზებული და მიწოდებული მომსახურების პირობების თაობაზე, რითაც სს „...“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

საადვოკატო ბიუროსა და სს „...“ შორის 2011 წლის 5 დეკემბერს შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ მათი შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების დანართ №1-ში მითითებული მომსახურების მიწოდების ტექნოლოგიის, FOS ინტერნეტ სიჩქარისა და ტარიფის შეცვლაზე, ხოლო მომსახურების მიწოდების ტექნოლოგია და მომსახურების მიწოდების მიზნით აბონენტის ქსელთან შეერთების ტიპი არ შეცვლილა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას ასევე არ გაიზიარა სს „...“ განცხადება იმის თაობაზე, რომ კს „...“ და სს „...“ შორის 2011 წლის 5 დეკემბერს დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიცვალა მხარეებს შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტ-მომსახურების P2P ტექნოლოგია GPON ტექნოლოგიით, რამდენადაც აღნიშნულ ცვლილებას არ ითვალისწინებდა 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა მხოლოდ ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების სიჩქარე, ხოლო მიწოდების ტექნოლოგია და ტიპი არ შეცვლილა.

კომისიამ არ გაიზიარა სს „...“ გენერალური დირექტორის მოადგილის განმარტება, რომ საადვოკატო ბიურომ 2000 აშშ დოლარი გადაიხადა მისთვის გაწეული არასტანდარტული ტიპის საინსტალაციო მომსახურებისათვის, რომლის საფასურიც მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბერს დადებულ ხელშეკრულებაში მითითებულია მხოლოდ ინსტალაციის ღირებულება და არ არის ასახული ინსტალაციის სხვა პირობები, კერძოდ, რამ განაპირობა სს „...“ მიერ საადვოკატო ბიუროსათვის გაწეული საინსტალაციო მომსახურების არასტანდარტულობა, რას მოიცავს გაწეული მომსახურების ღირებულება, რა განაპირობებს არასტანდარტულ მომსახურების ღირებულებასა და სტანდარტულ ინსტალაციის მომსახურების ღირებულებას შორის არსებით სხვაობას, ასევე არ არის მითითებული არასტანდარტული ტარიფის დადგენის საფუძველი. ასევე გაურკვეველია, რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება არასტანდარტული მომსახურების საფასურის გადახდას, კერძოდ, რა უფლებებლი და ვალდებულებები წარმოეშობა მომხმარებელს და მომსახურების მიმწოდებელს.

კომისიამ მიიჩნია, რომ ამგვარი ბუნდოვანი პირობებით ხელშეკრულების გაფორმება, ასევე მომხმარებლისათვის გაგზავნილ კორესპოდენციაში დაფიქსირებული არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის მიწოდება ეწინააღმდეგება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტს, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტებს, ამავე მუხლის მე-3 პუნქტს, ხოლო საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის მიერ საკუთარი საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გაფართოებისათვის გასაწევი ხარჯების, როგორც საინსტალაციო მომსახურების მომხმარებლისათვის დარიცხვა ეწინააღმდეგება ინსტალაციის მომსახურების შინაარსს. კომისიამ სადავო აქტში განმარტა, რომ მომსახურების მიმწოდებლის მიერ მისივე ქსელის დაფარვის ზონის მიღმა მომხმარებლისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურების გაწევის მიზნით ინფრასტრუქტურული ხარჯების ანაზღაურება შესაძლებელია მხარეთა შეთანხმების საგანი იყოს, თუ ეს გათვალისწინებულია მომსახურების მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს სტანდარტულ ან არასტანდარტულ ინსტალაციის მომსახურებად ინსტალაციის ცნების შინაარსიდან გამომდინარე.

ამდენად, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ საადვოკატო ბიუროს „სს ...“ არ მიუღია არასტანდარტული ინსტალაციის მომსახურება, რისთვისაც მას დაერიცხა საფასური- 2000 აშშ დოლარი. ამდენად, კომისიამ მიიჩნია, რომ საადვოკატო ბიუროს ... დაარიცხა გაუწეველი მომსახურებისათვის თანხის გადახდა, რაც ეწინააღმდეგებოდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-7 პუნქტს.

კომუნიკაციების კომისიამ ადმინისტრაციული წარმოებისას სს „...“ მიერ საადვოკატო ბიუროსათვის მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების სიჩქარის შემოწმების შედეგებზე დაყრდნობით, მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით დარღვევა არ მიიჩნია დადასტურებულად.

ამდენად, კასატორის მითითებით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სრულად შეისწავლა ყველა ის ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება, რაც საფუძვლად დაედო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას და უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კომისიამ აქტის გამოსცა საქმის გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასაბუთების გარეშე. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს თავად არ შეუფასებია და უმსჯელია იმ სამართლებრივ და ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საფუძვლად დაედო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 23 სექტემბერს სს „...“ და კს „…“ შორის გაფორმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და ტარიფების შესაბამისად, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის საშუალებით ინტერნეტით მომსახურება. 2011 წლის 5 დეკემბერს მხარეთა შორის წერილობით გაფორმდა შეთანხმება 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების გარკვეული დებულებების შეცვლის თაობაზე.

2012 წლის 6 ნოემბერს კს „...“ საჩივრით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომლითაც მოითხოვა 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი - ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების - 2000 აშშ დოლარის დაბრუნება და 2011 წლის 5 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული სიჩქარით ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის სს „...“ დავალება.

მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილ საჩივარში საადვოკატო ბიურო მიუთითებდა, რომ 2010 წლის ხელშეკრულების გაფორმებიდან 2011 წლის დეკემბრამდე ინტერნეტ-მომსახურებას ღებულობდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და სიჩქარით, ხოლო გაურკვეველი მიზეზების გამო, 2011 წლის დეკემბრიდან ინტერნეტ-მომსახურების ხარისხი გაუარესდა. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, 2011 წლის 5 დეკემბერს შეთანხმება გაფორმდა სს „...“, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, 2011 წლის დეკემბრიდან საადვოკატო ბიუროს მიერ შეძენილი ინდივიდუალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილით ინტერნეტ-მომსახურების მიღება შეწყდა და სს „...“ თვითნებურად გადაიყვანა საადვოკატო ბიურო იმ საცხოვრებელი სახლის, სადაც განთავსებულია საადვოკატო ბიუროს ოფისი, საერთო სარგებლობისათვის განკუთვნილ წყვილზე. საჩივრის ავტორის განმარტებით, აღნიშნული ქმედების შედეგად, გაუარესდა მათი მომსახურების ხარისხი და მიწოდებული ინტერნეტის სიჩქარე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2012 წლის 6 დეკემბერს მიიღო №763/16 გადაწყვეტილება, რომლითაც კს „...“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „...“ დაევალა საადვოკატო ბიუროს მიერ გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების კორექცია გადახდის მომენტისათვის სს „...“ მიერ დადგენილი სტანდარტული ინსტალაციის ღირებულების ოდენობად; ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით; სს „...“ დაჯარიმდა 30000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევების გამო.

სს „...“ წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას გამოცემის მომენტიდან და გადაწყვეტილების შესაბამისად სს „...“ მიერ გადახდილი 30000 ლარის დაბრუნებას.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16 გადაწყვეტილება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო პრეტენზიას, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და სადავო საკითხის გადაწყვეტაზე უარის თქმის პროცესუალური წინაპირობა. კასატორმა მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ დაურღვევია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნა, რამდენადაც ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიამ სრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და მტკიცებულებები და გადაწყვეტილება მიიღო მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე. შესაბამისად, არ არსებობდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საკითხის ხელახლა განხილვის დავალდებულების საფუძველი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

მითითებული მუხლით რეგლამენტირებული, სასამართლოსათვის მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილება - უარი თქვას სადავო საკითხის მოწესრიგებაზე და აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს იმავე საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ წარმოადგენს უპირობო და შეუზღუდავ უფლებამოსილებას.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კასაციის ძირითად მოტივს სწორედ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებისა და მითითებული ნორმით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ შემთხვევაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. მათი დადგენა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე ან აღნიშნული მის დისკრეციას განეკუთვნება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სასამართლოს მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.

სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები. ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქოს აპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა, რამდენადაც გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ზოგადად მიუთითა გამოსაკვლევ საკითხებზე და არ დაუსაბუთებია, რატომ იყო შეზღუდული თავად გამოეკვლია ისინი. უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს მითითება ადმინისტრაციული ორგანოსადმი მეტწილად გულისხმობს ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას, რაც სრულად ექვემდებარება სასამართლოს იურისდიქციას.

ადმინისტრაციულმა ორგანომ - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, რომლის კომპეტენციას განეკუთვნება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაზე ზედამხედველობა, მომხმარებლის საჩივრის საფუძველზე, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ხელშეკრულების პირობების დარღვევასა და მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურების ხარისხის გაუარესების გამო, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი წესით უზრუნველყო ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კს „...“ საჩივარზე ჩაატარა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, უზრუნველყო დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობა მის განხილვაში, კომისიამ ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით ჩაატარა ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების ხარისხისა და სიჩქარის შემოწმება, რის თაობაზეც საქმეში წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დასკვნა. კომისიამ მომსახურების მიწოდების პირობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძია სს „...“ ვებ გვერდზე და ანალიზი გაუკეთა მას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრული შესაძლებლობა ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და სს „...“ მოთხოვნის ფარგლებში შეემოწმებინა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სადავო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერება, ხოლო თუ დავის გადაწყვეტისას საჭიროდ მიჩნევდა გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევას ან დადგენას, შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული საპროცესო კომპეტენციით, თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები, ასევე შესაძლებლობა ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 204-ე მუხლის შესაბამისად, მოეწვია სპეციალისტი, თუ რიგი საკითხების დადგენა სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის საფუძველზე დაენიშნა საექსპერტო კვლევა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალურ კანონიერებაზე, გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან მის შესაბამისობაზე, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთბა არა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივი გარემოებების მოპოვების, დადგენის თუ გამოკვლევის საჭიროება, რისი შესაძლებლობაც შესაძლოა მხოლოდ აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნდეს, არამედ უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ მათი სწორი სამართლებრივი შეფასება და გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმება, რისი უფლებამოსილებაც უპირობოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 6 დეკემბრის №763/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც სს „...“ დაევალა საადვოკატო ბიუროს მიერ გადახდილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილის ინსტალაციის ღირებულების კორექცია გადახდის მომენტისათვის სს „...“ მიერ დადგენილი სტანდარტული ინსტალაციის ღირებულების ოდენობად; ინტერნეტ მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მხარეთა შორის 2010 წლის 23 სექტემბრის ხელშეკრულებითა და 2011 წლის 5 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით, ამასთანავე, სს „...“ დაჯარიმდა 30000 ლარის ოდენობით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 62-ე მუხლის მე-3 პუნქტით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-4 მუხლის მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის გამო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო სასამართლომ უნდა შესთავაზოს სს „...“მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ, ითხოვს თუ არა სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას სრულად, როგორც საადვოკატო ბიუროსათვის საფასურის - 2000 აშშ დოლარის კორექტირების ნაწილში, ასევე მის მიმართ სანქციის გამოყენების ნაწილშიც, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ მომსახურების მიმწოდებელს - სს „...“ და მომხმარებელს - კს „...“ შორის შედგა გარკვეული შეთანხმება (კონფიდენციალური პირობებით) (იხ. საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი), მათ შორის კვლავ გრძელდება სახელშეკრულებო ურთიერთობა და საადვოკატო ბიურო აგრძელებს სს „...“ მიერ მიწოდებული მომსახურებით სარგებლობას. საკასაციო სასამართლოს მიერ სხდომაზე არაერთი მოწვევის მიუხედავად, კს „...“ წარმომადგენელი არ გამოცხადდა საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად და არც წერილობითი სახით ყოფილა ახსნა-განმარტება წარმოდგენილი. შესაბამისად, მესამე პირი ამ ეტაპისათვის აღარ აფიქსირებს იურიდიულ ინტერესს მოცემული დავის მიმართ, თუმცა რა სახის შეთანხმება შედგა სს „...“ და საადვოკატო ბიუროს შორის უცნობია, რამდენადაც მხარეები კონფიდენცუალურს ხდიან შეთანხმების საგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ უნდა დააზუსტოს, შეთანხმების მიღწევა გავლენას ხომ არ ახდენს სასარჩელო მოთხოვნის (საადვოკატო ბიუროს სასარგებლოდ თანხის კორექტირების დავალდებულების ნაწილში) ფორმულირებაზე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს „...“ სარჩელის მიზანს წარმოადგენს მისთვის სანქციის სახით სოლიდური ჯარიმის - 30000 ლარისაგან გათავისუფლება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის არსებითად განხილვისას სს „...“ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე უნდა შეამოწმოს გასაჩივრებული აქტის კანონიერება, ადგილი ჰქონდა თუ არა მისი მხრიდან კს „...“ სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადებისას და ინტერნეტ-მომსახურების მიწოდებისას „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევას და საქმის გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა თუ არა მარეგულირებელმა ორგანომ. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს სს „...“ მიმართ სანქციის - ჯარიმის გამოყენების კანონიერებაზე.

კომისიის სადავო გადაწყვეტილებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კომისია დამოუკიდებლად ახორციელებს ავტორიზებული პირების საქმიანობისა და ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელების მიერ რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის რეგულირებას, მათ შორის, ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მიღებას, მათი შესრულების მონიტორინგსა და კონტროლს, გამოვლენილი დარღვევებისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ამავე კანონითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი სანქციების დაკისრებას.

მოცემულ შემთხვევაში კომისიამ დადგენილად მიიჩნია რა სს „...“ მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტი, მის მიმართ გაავრცელა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი პასუხისმგებლობის სახე და ზომა.

მითითებული ნორმის თანახმად, ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 20 აპრილის 301/18 გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სს „...“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის. საკითხი ეხებოდა 2012 წლის 27 მარტს განხორციელებულ, სს „...“ სააბონენტო ნომრისა და მომსახურების საკონტროლო შესყიდვას, რომლის შედეგადაც გაფორმებული სააბონენტო ხელშეკრულების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შემოწმდა კომისიის მხრიდან.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მითითებული 2012 წლის 20 აპრილის 301/18 გადაწყვეტილებით სს „...“ მიცემული წერილობითი გაფრთხილება გახდა სს „...“ ჯარიმის დაკისრების ფაქტობრივი წინაპირობა. ანუ ფაქტობრივად კს „...“ მიმართ დარღვევის გამოვლენის ფაქტი კომისიის მიერ დაკვალიფიცირდა 2012 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით მიცემული წერილობითი გაფრთხილებიდან 1 წლის განმავლობაში ახალ, ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენად, იმ ვითარებაში, როდესაც მოცემული სადავო შემთხვევა ეხება 2010 წლის 23 სექტემბერს სს „...“ და საადვოკატო ბიუროს შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავას და 2011 წლის დეკემბრიდან სს „...“ მხრიდან მომხმარებლისათვის ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების პირობების დარღვევის ფაქტს. კომისიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ერთწლიანი ვადა განსაზღვრა ჩადენილი დარღვევების მიმართ კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შორის დროის ინტერვალით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასება მისცეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიციას, ანუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი აღნიშნული ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობის გავრცელება ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიმართ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე სააპელაციო სასამართლო მიერ განხილულ უნდა იქნეს არსებითად და სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე