საქმე #ბს-262-259(კს-14) 16 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ლ. კ-ი-მ-ის
წარმომადგენელი რ. ც-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილება
მესამე პირები - ზ. ა-ე; ბ. რ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 17 ივნისს ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელმა რ. ც-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების მიმართ და მოითხოვა საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიების განხორციელებაზე უარის შესახებ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების 2013 წლის 8 მარტისა და აგრეთვე 2013 წლის 26 მარტის წერილების, აგრეთვე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს 2013 წლის 29 აპრილის #123 ბრძანების ბათილად ცნობა(იხ. ს.ფ. 1-10).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ზ. ა-ე (იხ. ს.ფ. 93-96).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე მესამე პირად ჩაება ბ. რ-ი (იხ. ს.ფ. 113-116).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ი-მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 222-237).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელმა რ. ც-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 244-253).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინებით ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენლის რ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევის გამო (იხ. ს.ფ. 256-259).
ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელმა რ. ც-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განჩინება, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 იანვრის განჩინება ჩაბარდათ 2014 წლის 21 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი წარდგენილი აქვთ კანონით დადგენილ ვადაში (იხ. ს.ფ. 262).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების, კერძო საჩივრის მოტივების გაცნობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენლის რ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად.
საქმის მასალების მიხედვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელეს - ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელს რ. ც-ეს გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ... ქ. #45 და ჩაბარდა პირადად 2014 წლის 19 თებერვალს (იხ. ს.ფ. 238), სააპელაციო საჩივარი კი ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელმა რ. ც-ემ მიერ სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2014 წლის 6 მარტს (იხ. ს.ფ. 244-253).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 369.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად მიიჩნევა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საპროცესო კოდექსის VIII თავში, 70-78-ე მუხლებში რეგლამენტირებულია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით, რამდენადაც კანონმდებელი სსსკ-ის 369.1. მუხლი სწორედ მითითებულ წესთან აიგივებს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემას.
სსსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი მუხლის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით, ხოლო ამავე კოდექსის 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 12.1 მუხლის შესაბამისად, გასაჩივრების ვადის დენა იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროცესის მონაწილე პირს სასამართლოს აქტით განემარტა გასაჩივრების შესაძლებლობა, სასამართლო, სადაც შეიძლება გასაჩივრება, მისი ადგილმდებარეობა, გასაჩივრების ვადა და წესი. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი კი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, რომელიც ექვემდებარება იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებას გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, და განმარტავს რომ, ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენელს რ. ც-ეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ... ქ. 45 და ჩაბარდა პირადად 2014 წლის 19 თებერვალს, სააპელაციო საჩივარი კი შეტანილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2014 წლის 6 მარტს (იხ.ს.ფ. 244-253), სსსკ-ის 369.1. მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, რამდენადაც სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 20 თებერვლიდან და ამოიწურა 2014 წლის 5 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ კანონით დადგენილ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მას ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 21 თბერვალს და შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში აქვს შეტანილი სასამართლოში სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გაასაჩივროს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, რაც კონკრეტულ შემთხვევაში ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენლის რ. ც-ის მიერ უგულებელყოფილია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენლის რ. ც-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც სახეზე არ არის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური უმრავლესობამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე, 399-ე, 396-ე, 414-419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. კ-ი-მ-ის წარმომადგენლის რ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე