#ბს-273-270 (კს-14) 11 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე)– საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ. ბ-ი
დავის საგანი – გადაწყვეტილების განმარტება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.14წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ბ-მა 26.06.12წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წ. №589 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.13 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრა გ. ბ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.13 წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წ. №589 ბრძანება იმ ნაწილში, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ბინა, მისამართი ქ. თბილისი, ს/ქ №99, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №54 გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად და დაევალა თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
საკასაციო სასამართლოს 01.10.13წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 21.01.14წ.მ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტის განმარტების მოთხოვნით. განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოსაგან იმის განმარტება თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წ. №589 ბრძანების მე-2 პუნქტი მთლიანად იქნა ბათილად ცნობილი, თუ მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც სადავო ბინა გამოცხადდა სამსახურეობრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.14წ. განჩინებით თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.04.14წ. გადაწყვეტილების მე-4 პუნქტი არ არის ბუნდოვანი და არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, გადაწყვეტილების დასაბუთება მოცემულია სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.14წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შემოიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოსთვის გადაწყვეტილების განმარტების დავალების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არის ბუნდოვანი, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წ. №589 ბრძანების მე-2 პუნქტით სამინისტროს ბალანსზე რიცხული ყველა ბინა გამოცხადდა სამსახურეობრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად. ამ გარემოების გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორი ბუნდოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტს. შესაბამისად, თვლის, რომ დაუსაბუთებელი და არასრულია სააპელაციო სასამართლოს 31.01.14წ. განჩინება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა გადაწყვეტილების განმარტებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ნათლად და გასაგებად არის ჩამოყალიბებული, იგი არ არის ბუნდოვანი, ვინაიდან მასში ცხადად არის მითითებული, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.10 წ. №589 ბრძანება მხოლოდ იმ ნაწილში, რომლის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე მყოფი ბინა, მდებარე მისამართზე – ქ. თბილისი, ... გამზირი, კორპუსი №..., ბინა №54 გამოცხადდა მხოლოდ სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით სადავო ბრძანება მხოლოდ მითითებული ბინის ნაწილში იქნა ბათილად ცნობილი და გადაწყვეტილება არ შეეხება სხვა რომელიმე ბინას ან თავდაცვის მინისტრის გასაჩივრებული - 13.09.10 წ. №589 ბრძანების სხვა რომელიმე ნაწილს. სსკ-ის 262.1 მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, გაურკვეველი ან წინააღმდეგობრივი. ასეთი არ არის სააპელაციო პალატის 02.04.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.09.2010წ. №589 ბრძანების მე-2 პუნქტით სამინისტროს ბალანსზე რიცხული ყველა ბინა გამოცხადებულია სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოსაყენებელ ბინად, არ ადასტურებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას, მინისტრის 13.09.2010წ. ბრძანების მე-2 პუნქტის მთლიანად ბათილად ცნობას, ვინაიდან სააპელაციო პალატის 02.04.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ნაწილობრივ, მხოლოდ კონკრეტული ბინის ნაწილში, მხოლოდ იმ ბინის მიმართ, რომელიც მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (ქ. თბილისი, ს/კ №99, ... გამზ., კორპ. №..., ბინა №54).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს 02.04.13წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი არ საჭიროებს რაიმე დამატებით განმარტებას, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება, რის გამოც უსაფუძვლოა თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 31.01.14წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე