Facebook Twitter

#ბს-344-340(კ-14) 25 სექტემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 6 მარტს ი. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ის, მ. კ-ისა და ს. ტ-ის მიმართ.

M მოსარჩელემ მის სასარგებლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ს. ტ-ისთვის მატერიალური ზიანის სახით 1800 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება და რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

2013 წლის 25 მარტის განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხეებზე ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 20 000 ლარისა მის სასარგებლოდ სიმბოლურად 1999 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით ი. შ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოთხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ი. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ი. შ-ის სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.

2013 წლის 15 ოქტომბრის განცხადებით ი. შ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა წრე და საქმეში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხედ საქართველოს მთავარი პროკურატურა მიუთითა; ხოლო მოპასუხეებისთვის - საქართველოს მთავარი პროკურატურის, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 22 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს ნაცვლად სათანადო მოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ს. ტ-ს ი. შ-ის სასარგებლოდ 1800 აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ; მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ი. შ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში - დარჩა უცვლელი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

2014 წლის 3 ივლისის განცხადებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ს. ტ-ისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 1800 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება და საქართველოს მთავარი პროკურატურის, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის 2800 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 11 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. შ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი. შ-ის საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს ნ. შ-ისა და ც. ი-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 300 (50+250) ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. შ-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;

3. ი. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით ნ. შ-ისა და ც. ი-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე