#ბს-350-316(გ-14) 11 სექტემბერი, 2014წ.
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
Nნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე განიხილა თ. შ-ის სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავა განსჯადობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
05.02.2014წ. თ.შ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა კონკურსის კანონშეუსაბამოდ ცნობა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოოს 31.12.2013წ. =4522/კ და 08.01.2014წ. =21/ს ბრძანებების ბათილად ცნობა, აგრეთვე სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.2014წ. განჩნებით თ.შ-ის სარჩელი მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემული შრომითი დავა არ განეკუთვნება ადმინისტრაციულ დავათა კატეგორიას, რადგან დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სადავო ურთიერთობა ადმინისრაციული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, რაც სახეზე არ არის, ვინაიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 2.2 მუხლში მოცემულია იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელშიც სამსახური საჯარო სამსახურად მიიჩნევა, ამ დაწესებულებების ჩამონათვალში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მითითებული არ არის. სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლის მიერ საჯარო შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ხდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით, რომლის მიხედვით საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობის მოწესრიგებისთვის ორგანოს განესაზღვრა საქმიანობის ფორმები სამართლებრივი აქტისა და ხელშეკრულების სახით. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო სამსახურში ბრძანების გამოცემით ხდება საჯარო მოხელისათვის საჯარო-სამართლებრივი კომპეტენციის გადაცემა და შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული შეღავათებისა და გარანტიების მინიჭება. სასკ-ის 2.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან წარმოშობილი დავა განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, რადგან სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მის თანამშრომლებს შორის ურთიერთობა წესრიგდება საქართველოს შრომის კოდექსით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 13.02.2014წ. განჩინებით თ.შ-ის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად, ბაჟის გადაუხდელობის, სასარჩელო მოთხოვნის დაუზუსტებლობის, ფაქტობრივი გარემოებების არასრულად მითითების და სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო.
თ.შ-ემ 27.02.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საჯარო რეესტრის მიმართ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 21.12.2013წ. #452/კ და 08.01.2014წ. #21/ს ბრძანებების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე აღდგენის, განაცდური ხელფასის ანაზღაურების და 2014 წლის 01 იანვრიდან სამსახურში აღდგენამდე იძულებითი განაცდურის, როგორც დაყოვნების თანხის, თითოეულ დღეზე 0,07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით. დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა შრომის ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.
თ.შ-ემ 22.04.14წ. განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... დეპარტამენტის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების შეჩერება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.04.14წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა თ.შ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. 27.05.14წ. თ.შ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელემ მოითხოვა ... სამსახურის უფროსის - სტრუქტურული ცვლილების შემდეგ სააგენტოს ... დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე ან სააგენტოს სისტემაში ... დეპარტამენტის უფროსის ტოლფასოვან პოზიციაზე აღდგენა მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით. მოსარჩელემ მოითხოვა აგრეთვე შრომის ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის საფუძველზე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას დავის იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა აღნიშნა, რომ დავის საგანი წარმოიშვა საჯარო-სამართლებრივი და არა კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან. მოსარჩელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნას და გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 29-32 მუხლების მოქმედება ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ სსიპ-ის თანამშრომლისათვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი სსიპ-ის საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება კანონის 36.2 და 36.3 მუხლებით გათვალისწინებული წესით. კანონის 29.1 მუხლი განსაზღვრავს, რომ პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, 30.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: დროებითი მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. მოსარჩელე თანამდებობაზე დანიშნული იყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კონკურსამდე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული ვადა (კონკურსის ჩატარება 2014 წლის 1 იანვრამდე) და კონკურსის ჩაშლილად გამოცხადების ოქმი დაედო საფუძვლად სადავო ბრძანების გამოცემას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა სსიპ თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება გაუთანაბრა იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზედაც პირდაპირ ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედება. ამასთანავე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის ადმინისტრაციული ორგანო, რაც კიდევ ერთი ნიშანია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.06.2014წ. განჩინებით თ. შ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობაზე დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ მიუთითა სასკ-ის მე-2, მე-6 მუხლებზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111 მუხლში 20.11.2013წ. შესულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.02.2013წ. ბრძანებით თ.შ-ე სამსახურში მიღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვით თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს. მიმდინარე დავაში ძირითადი გასაჩივრებული აქტი, - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 31.12.2013წ. ბრძანება თ.შ-ის განთავისუფლების შესახებ ასევე ეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, კერძოდ 30.2 მუხლს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან თ.შ-ის განთავისუფლებისა და დანიშვნის დოკუმენტები ძირითადად ეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონს, ამიტომ სარჩელი განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06.04.11წ. =ბს-487-483(გ-11) გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას.
სამოქალაქო კოლეგიამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1.4, მე-2, მე-13, მე-14 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირი საჯარო საქმიანობას ახორციელებს, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონმა შესაძლებელი გახადა სახელმწიფო საჯარო უფლებამოსილებების დელეგირება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, თუმცა აღნიშნული დელეგირება ხელს არ უნდა უშლიდეს სახელმწიფოს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები დააკომპლექტოს იმ პრინციპების საფუძველზე, რასაც საჯარო მმართველობა გულისხმობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული პრობლემა შესაძლოა გადაიჭრას სამოსამართლო სამართლით. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ შრომის კოდექსი ეფუძნება დასაქმებულისა და დამსაქმებლის თანასწორუფლებიანობას. შრომის კოდექსით განსაზღვრული პრინციპები განსხვავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი პრინციპებისგან. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული პროცესის ინკვიზიციური ხასიათი უზრუნველყოფს საჯარო მმართველობაში არსებული შრომითი ურთიერთობებისას წარმოშობილი დავების მეტად სრულ, ყოვლისმომცველ და სამართლიან განხილვას. ამასთან, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას მეტადაა გარანტირებული სუსტი მხარის, საჯარო და კერძო ინტერესების სამართლიანი დაცვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასკ-ის 26.3 მუხლის გათვალისწინებით, სამოქალაქო კოლეგიამ მიიჩნია, რომ დავა განსჯადობის გადასაწყვეტად უნდა გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საკასაციო პალატა 22.07.04წ. განცხადებით მიმართა თ.შ-ემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მოსამართლე არ დაეთანხმა რა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.02.14წ. განჩინებას და მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.07.07წ. =ბს-132-123(კ-07) გადაწყვეტილებას, დაარღვია კანონი და ეთიკის წესები. განმცხადებელი თვლის, რომ სამოქალაქო კოლეგიის განჩინება ეწინააღმდეგება ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-2, მე-12.2 მუხლების დებულებებს, რომლის მიხედვით ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან საჯარო მოხელეები. განმცხადებელი არ ეთანხმება სასამართლოს მოსაზრებას, რომ შრომითი კოდექსი არ იცნობს ,,მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსს და აღნიშნავს, რომ შრომის კოდექსი იცნობს დროებით და განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების სახეებს. სსკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, ერთი სასამართლოდან მეორეში გადაგზავნილ საქმეს წარმოებაში განსახილველად იღებს ის სასამართლო, რომელსაც იგი გადაეგზავნება, დავა სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ არ დაიშვება. სასამართლომ ანალოგიის პრინციპების უხეში დარღვევით მიუთითა, რომ ინკვიზიციური პროცესი შეჯიბრებითობის პრინციპზე უფრო მეტად უზრუნველყოფს სამართლიანობას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ანალოგიურ საკითხზე გამოტანილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 10.07.07 წ. (ბს-132-123(კ-07)) გადაწყვეტილება სსიპ ,,საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის“ თავმჯდომარის 11.08.04წ. =636-კ ბრძანების სასამართლო განსჯადობის შესახებ. განმცხადებელი ითხოვს განსჯადობის საკითხის განხილვისას მისი კონსტიტუციური უფლების გათვალისწინებას, საქმის არსებითი განხილვისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის დაბრუნებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისა და ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ თ.შ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ განსჯადობის საკითხი არ არის დამოკიდებული მხარეთა მოსაზრებებზე, დავა განსჯადობის თაობაზე წარმოიშობა სასამართლოებს და არა სასამართლოსა და მხარეთა შორის. ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე მართლმსაჯულება, უკვე თვით თავისი არსებობის ფაქტით, განაპირობებს სასამართლოებს შორის განსჯადობის თაობაზე დავის წარმოქმნის შესაძლებლობას, რომელსაც საკასაციო სასამართლო წყვეტს. განსჯადობის შესახებ დავის მონაწილეთა თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დადგენილი წესი სარჩელის განსჯად სასამართლოში გადაგზავნის შესახებ (სასკ-ის 26-ე მუხ.) ეხება არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეებს, სასამართლოებს შორის დავა საქმის საგნობრივ განსჯადობაზე მხოლოდ ასეთი დაშვების პირობებშია შესაძლებელი. ამდენად საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის მოსაზრება, რომ სასამართლოებს შორის განსჯადობის შესახებ დავა არ დაიშვება.
განსახილველ დავაში თ.შ-ე სასარჩელო განცხადებით ითხოვს მისი განთავისუფლების შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 31.12.2013წ. და 08.01.2014წ. ბრძანებების ბათილად ცნობას, მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებას და იძულებითი განაცდურის, როგორც დაყოვნებული თანხის 0,07%-ის ანაზღაურებას თითოეულ დღეზე 2014 წლის 01 იანვრიდან. სზაკ-ის 2.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ადმინისტრაციული ორგანოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავა ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიიჩნევა არა იმის გამო, რომ მოსარჩელის მოთხოვნის ადრესატი ადმინისტრაციული ორგანოა, არამედ სადავო სამართალურთიერთობის იმმანენტური ბუნების გამო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სამართალურთიერთობის ხასიათს. სზაკ-ის 2.1 მუხლი შეიცავს ადმინისტრაციული დავის საგნის ჩამონათვალს (ტაქსაცია). ამდენად, კანონმდებლობამ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობით არის მოწესრიგებული (ენუმერაცია). სასკ-ის 2.3 მუხლის დებულება იმის შესახებ, რომ საერთო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა, ასახავს განსჯადობის გარეგან ნიშანს. სამართალურთიერთობის კუთვნილების გარეგანი ნიშანი ეხება სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების ადგილს კანონმდებლობაში.
ამდენად, საგნობრივი განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა ენიჭება სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს, სამართალურთიერთობის სუბიექტის მოქმედების ფორმას. უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტი გამოცემულია საჯარო კანონმდებლობის საფუძველზე, ზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახეზე იქნება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო თუ აქტის გამოცემის საფუძველი კერძო-სამართლებრივია, იგი არ ჩაითვლება ადმინისტრაციულ აქტად (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.2007წ. განჩინება საქმეზე =ბს-132-123(კ-07)).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ.შ-ის ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 12.02.2013წ. ბრძანებით, შრომის კოდექსის 6.3 მუხლისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ 21.02.13წ. შედგა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურის უფროსის სამუშაო აღწერილობა, რომელიც ხელმოწერილია თ.შ-ისა და სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ. შრომის კოდექსის 6.3 მუხლის მიხედვით, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. სწორედ უკანასკნელი ნორმა წარმოადგენდა ... სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად თ. შ-ის დანიშვნის ძირითად საფუძველს. სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის განხილვის გამომრიცხავ გარემოებას არ ქმნის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმის საფუძველზე თ.შ-ის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა, აღნიშნული მიანიშნებს გარკვეული ვადით შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას. ხელშეკრულების დროებით ხასიათზე უთითებს ის, რომ მოსარჩელის სამსახურში მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მიეთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 30.1 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პირი უკონკურსოდ ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შევსებულიყო. დანიშვნის საფუძვლად 12.02.13.წ. ბრძანებაში დამატებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. =835 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტზე მითითება, რომლის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარე თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს), ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.2 მუხლის დებულების გათვალისწინებით, დანიშნულ პირს არ ანიჭებს მოხელის სტატუსს და არ ცვლის საქმიანობის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაწყებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ-ში დასაქმებული პირი არ არის საჯარო მოხელე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო სამსახური არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში (1.1 მუხ.), სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება არის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება (2.1 მუხ.). ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი არის მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებული ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 19.07.04წ. =835 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ დებულების შესაბამისად, სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სახელმწიფო დაწესებულებების ჩამონათვალი, რომლებშიც საქმიანობა საჯარო სამსახურად ჩაითვლება, არ შეიცავს მითითებას საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე. საქართველოს პრეზიდენტის 21.07.01წ. =286 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრი“ შეიცავს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი - აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთ თანამდებობაზე მითითებას (ბიუროს თავმჯდომარე, აღსრულების პოლიციის სამმართველოს და განყოფილების უფროსები). ამდენად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშაკი არ არის საჯარო მოსამსახურე, გარდა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლით და ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული წესით დანიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა, რომლის დანიშვნა და გათავისუფლება ხდება სათანადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (იხ. სუს დიდი პალატის 10.07.07წ. =ბს-132-123(კ-07) გადაწყვეტილება). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შექმნილია ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის საფუძველზე. ,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად უთითებს, რომ ,,ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები არ არიან არც საჯარო მოსამსახურეები და არც მათთან გათანაბრებული პირები“. სადავო აქტში განთავისუფლების ძირითად საფუძვლად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლია მითითებული, კერძოდ მისი ,,ბ“ ქვეპუნქტი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას. ამდენად, მოსარჩელის შრომითი საქმიანობის დაწყების და შეწყვეტის ძირითადი საფუძველი არის შრომითი ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითება იმაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საჯარო საქმიანობას, არ ცვლის განსჯადობის წესს, ვინაიდან მოცემული დავა უკავშირდება არა სსიპ-ის საქმიანობას, არამედ მისი მუშაკის შრომით ურთიერთობას. საჯარო ფუნქციების დელეგირება შესაძლებელია არა მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, არამედ აგრეთვე ფიზიკურ პირზე და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზეც, რაც ცხადია არ აქცევს მისი მუშაკის გათავისუფლებასთან დაკავშირებულ დავას ადმინისტრაციული კატეგორიის საქმედ. ამდენად, განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფუნქციებს, არამედ დავის საგნის შემხებლობას სამოხელეო სამართალურთიერთობასთან.
დაუსაბუთებელია აგრეთვე კოლეგიის მითითება სსიპ თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის განსჯადობის საკითხის სამოსამართლო სამართლის საფუძველზე გადაწყვეტის საჭიროებაზე, ვინაიდან სწორედ რომ მასზე დაყრდნობით, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 10.07.07წ. (=ბს-132-123(კ-07)) გადაწყვეტილებით დადგინდა ამ ტიპის დავების სამოქალაქო სასამართლოწარმოების წესით გადაწყვეტა. საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მითითება ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების ინკვიზიციურ ხასიათზე ასევე არ ცვლის დავის განსჯადობას, ვინაიდან შეჯიბრებითობის საწყისებზე აგებული პროცესი არანაირად არ გამორიცხავს დავის სრულ და სამართლიან განხილვას.
საფუძველს არის მოკლებული აგრეთვე საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებაში მითითება საკასაციო სასამართლოს 06.04.11წ. =ბს-487-483(გ-11) განჩინებაზე. ხსენებული განჩინებით სარჩელი მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა არ განეკუთვნება ადმინისტრაციული კატეგორიის დავას. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ უფროსის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება არ არის სზაკ-ის 2.2 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში 20.11.2013წ. #1598-რს კანონით შეტანილი ცვლილებებით კანონის 111 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის მიხედვით, ამ კანონის 29-ე-32-ე მუხლების მოქმედება აგრეთვე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, რომელიც ეწევა კულტურულ, საგანმანათლებლო ან რელიგიურ საქმიანობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 29-ე - 32-ე მუხლებით ხდება კონკურსის გამოცხადების, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენისა და თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნის რეგულაცია. კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება არა უმეტეს 3 თვის ვადით, იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კონკურსი უნდა ჩატარებულიყო ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე. თ.შ-ე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებს კონკურსის არამართლზომიერად ჩატარებაზე და აღნიშნავს, რომ საკონკურსო ტესტირებამ ჩაიარა არასასურველ გარემოში და არ იყო დადგენილი კომპეტენციის ზღვარი, ტესტების შინაარსი არ იყო შესაბამისობაში საკონკურსო პირობებში მითითებულ ნორმატიულ აქტებთან, თუმცა სადავოდ არ ხდის ჩატარებულ კონკურსს და სარჩელით არ მოითხოვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, საქართველოს პრეზიდენტის 05.02.2009წ. =46 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის“ და საქართველოს მთავრობის 18.06.14წ. =412 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის“ ნორმების საფუძველზე მისი შედეგების ბათილად ცნობას. დავის საგანს არ შეადგენს აგრეთვე სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კადრების შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი. ამდენად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 31.12.2013წ. ბრძანების კონკურსის შედეგების საფუძველზე გამოცემა, მოცემულ შემთხვევაში არ აქცევს დავას ადმინისტრაციულ-სამართლებრივ კატეგორიად. ამასთანავე, სასამართლო კომპეტენციის სისრულიდან გამომდინარე, საქმის განმხილველ სასამართლოს ძალუძს გაერკვეს საქმის განხილვისას წამოჭრილ ყველა საკითხში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია დავის გადაწყვეტისას გამოიყენოს არამხოლოდ კერძო-სამართლებრივი, არამედ საჯარო-სამართლებრივი კანონმდებლობის ნორმები, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დავა კომპლექსური ხასიათისაა და კერძო-სამართლებრივ საკითხებთან ერთად შეიცავს საჯარო-სამართლებრივი რეგულაციის ელემენტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების განმხილველი სასამართლოები არ ქმნიან ერთმანეთისგან იზოლირებულ, ცალკე სასამართლო სისტემებს, ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, საქართველოში მოქმედებს ერთიანი სასამართლო სისტემა, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კოლეგიებს შორის საქმეთა განაწილების საკითხი სწორედ რომ განსჯადობის და არა ქვემდებარობის კუთხით იხილება, დაუშვებელია განსჯადობის საკითხის ქვემდებარობის საკითხში გადაზრდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ წამოიჭრება პრეიუდიციის საკითხი, მართლმსაჯულების ნებისმიერი განშტოების სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს და განმარტოს ნებისმიერი ნორმატიული, აგრეთვე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ან კერძო-სამართლებრივი აქტი, მათი რეგულირების საგნის და გამომცემი ორგანოს მიუხედავად. მთავარი საკითხის გადამწყვეტ მოსამართლეს აქვს უფლება გადაწყვიტოს საკითხთა მთელი ერთობლიობა. ამდენად, სადავო აქტში ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმების მითითება არ გამორიცხავს დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, რომ დავა განსჯადობით სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ქვემდებარეა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.შ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე