Facebook Twitter

საქმე ¹ბს-355-345 (კ-13) 19 სექტემბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე,

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ნ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ა 1992-1996წ.წ. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ცენტრალურ ... კომისიის უფროსად. თავდაცვის მინისტრის 05.12.1996წ. №842 ბრძანებით ნ. გ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში (ტ.1. ს.ფ. 62). თავდაცვის მინისტრის 28.06.97წ. №306 ბრძანებით ნ. გ-ა 1997 წლის 25 თებერვლიდან დათხოვნილი იქნა სამსახურიდან სამსახურებრივი შეუსაბამობის მოტივით (ტ.1. ს.ფ.63). ნ. გ-ამ განცხადებებით მიმართა თავდაცვის სამინისტროს, რის შედეგადაც მიღებული იქნა თავდაცვის სამინისტროს 15.01.2001 წ. №34 ბრძანება, რომლის პირველი პუნქტით გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 28.06.97წ. №306 ბრძანების პუნქტი კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი ... სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკ ნ. გ-ას დათხოვნის შესახებ და ნ. გ-ა აღდგენილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 1997 წლის 25 თებერვლიდან. (ტ. 1. ს.ფ.64).

ნ. გ-ამ 04.06.2001წ. სარჩელი აღძრა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს მიმართ, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და მორალური ზიანის 10.000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლოების მიერ საქმის არაერთხელ განხილვის შედეგად, საბოლოოდ, საკასაციო სასამართლოს 30.07.2004 წ. განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 01.03.2004წ. გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს ნ. გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4 თვის სახელფასო დავალიანების - 168 ლარის გადახდა, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს 30.07.2004 წ. განჩინების შესაბამისად თავდაცვის მინისტრმა გამოსცა 16.06.2006წ. ¹¹1446 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 15.01.2001წ. №34 ბრძანების მე-2 პუნქტი, რომლითაც ნ. გ-ა აღდგენილი იქნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში 1997 წლის 25 თებერვლიდან და ნ. გ-ა ჩაითვალა დათხოვნილად შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 1997 წლის 15 ივნისიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად (რეორგანიზაციით და შტატების შემცირებით) (ტ.2.ს.ფ. 65).

ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თავდაცვის მინისტრის 16.06.2006წ. ¹№1446 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. გ-ასთვის პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭება, 2005 წლის 28 დეკემბრიდან ავამყოფობის გამო მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნის და ამ მომენტამდე განაცდური პერიოდის სპეციალობით ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ მოპასუხისათვის ბრძანების გამოცემის დავალება, ასევე 2005 წლის 28 დეკემბრიდან სამხედრო ძალების რიგებიდან პოლკოვნიკის სტატუსის მქონე სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ყველა სარგოს და 2004 წლის 1 ივლისიდან შრომის წიგნაკის ჩაბარებამდე სამხედრო ძალებიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოუცემლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით.

საქმის სასამართლო ინსტანციებს შორის არაერთგზის განხილვის შედეგად საკასაციო სასამართლოს 15.07.2009წ. განჩინებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16.07.2006წ. ¹1446 ბრძანება ნ. გ-ას 1997 წლის 25 ივნისიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ნაწილში და თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ ბრძანებაში დათხოვნის საფუძვლად მითითებულია ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი. აღნიშნული კანონის 21-ე მუხლით განისაზღვრა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, მაგრამ გასაჩივრებულ ბრძანებაში დათხოვნის საფუძვლად მითითებული კანონი მიღებული იქნა 1998 წელს, ხოლო მოსარჩელე ამ კანონით გათვალისწინებული საფუძვლით დათხოვნილად ჩაითვალა 1997 წლიდან, ამ კანონს უკუქცევითი ძალა არ გააჩნია და მისი გამოყენება წინა პერიოდში დათხოვნის დროს დაუშვებელია. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის I პუნქტზე, რომლის თანახმად ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. საკასაციო პალატამ ჩათვალა, რომ სადავო აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და თავდაცვის სამინისტროს დაევალა გამოეკვლიოს და შეფასება მისცეს ზემოაღნიშნულ გარემოებებს და ამის შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნ. გ-ას მიმართ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს 15.07.2009წ. განჩინების შესრულების მიზნით თავდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული იქნა 01.06.2012წ. №1402 ბრძანება, რომლის მიხედვით გაუქმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 25 იანვრის №34 ბრძანების მე-2 პუნქტი და ნ. გ-ა ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 1997 წლის 25 აპრილიდან (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის სიებიდან ამორიცხვითა და ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნით) „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-7 თავის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად (შტატების შემცირების გამო)“.

ნ. გ-ამ 09.07.2012წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა თავდაცვის მინისტრის 01.06.2012წ. №1402 ბრძანების ბათილად ცნობა. 25.10.12წ. განცხადებით ნ. გ-ამ დააზუსტა სარჩელი და მოითხოვა თავდაცვის მინისტრის 01.06.2012წ. №1402 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის 01.06.2012წ. №¹1402 ბრძანებიდან ამოღებული იქნას სიტყვები: „საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ” და „საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ“. მოსარჩელემ მიუთითა, რომ გასაჩივრებული ბრძანების გამოცემისას თავდაცვის სამინისტრომ დაარღვია სზაკ-ის 53.5, 96.1 და 96.2 მუხლების ნორმატიული დანაწესი. შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნისას ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია შტატების შემცირება, თუმცა მას ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მუშაობდა შეიარაღებული ძალების ცენტრალური ... კომისიის თავმჯდომარედ, ამ შტატის შემცირება კომისიის არსებობისას შეუძლებელია. ეს მხოლოდ ორგანოს ლიკვიდაციისას არის დასაშვები, 1997 წელს შეიარაღებული ძალების ცენტრალური ... კომისია ფუნქციონირებდა. ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს არ გააჩნდა ნ. გ-ას თანამდებობის შემცირებულად მიჩნევის საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი ეცლება გასაჩივრებულ 01.06.2012წ. №1402 ბრძანებას, რადგან მასში დათხოვნის საფუძვლად შტატების შემცირებაა დასახელებული. ბრძანებაში მხოლოდ ფორმალურად არის მითითებული, რომ იგი გამოცემულია არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე, რადგან შტატების შემცირების საკითხი არ გამოკვლეულა. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილების მოთხოვნა არ შესრულებულა, რითაც ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია სსკ-ის მე-10 მუხლის მოთხოვნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.12წ. განჩინებით ნ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 29 დეკემბრის კანონზე, რომლითაც განსაზღვრული იყო საქართველოს მოქალაქეთა მიერ სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი. კანონის 35-37-ე მუხლებზე მითითების შედეგად მიიჩია, რომ ზღვრული ასაკის შესრულებამდე ოფიცრები შეიძლება დათხოვნილი ყოფილიყვნენ სამხედრო სამსახურიდან, შტატების შემცირების გამო. სასამართლომ ასევე მიუთითა სსკ-ის 102-ე მუხლზე, სასკ-ის მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას. გასაჩივრებული აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.12წ. განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ამ და მოითხოვა განჩინების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 28.12.12წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 01.07.2012 წ. ბრძანება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს 01.07.2012 წ. ბრძანების პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტიდან ამოღებული იქნა სიტყვები: „საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ” და ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.07.2012წ. №1402 ბრძანების „საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 ივნისის №1446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” ,,ბ” ქვეპუნქტის ბოლო წინადადება ნ. გ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმის გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად სადავო აქტის ბათილად ცნობით სამინისტროს დაევალა ახალი აქტის გამოცემა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა არ მომხდარა, რადგან სამინისტროს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ 15.07.09წ. გადაწყვეტილებით სამინისტროს დაევალა მხოლოდ 1997 წელს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დათხოვნის აქტის მითითება. პალატამ სზაკ-ის 53.5, 96.1, 96.2 მუხლებზე და სასკ-ის 32.4 მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმატიული დანაწესით გათვალისწინებული წინამძღვრების არსებობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნოს მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოკვლეულ – საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რაც გამორიცხავს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრების მართებულობას იმის შესახებ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.07.2009წ. გადაწყვეტილებით მას დაევალა ახალი აქტის გამოცემა მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ სადავო ბრძანებაში მითითებული ყოფილიყო გათავისუფლების სწორი სამართლებრივი საფუძველი, მომხდარიყო ბრძანების სადავო სამართლებრივი ურთიერთობის დროისათვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, რაც სადავო ბრძანების გამოცემით შესრულდა. პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის მე–4 მუხლის, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–10 მუხლის მოთხოვნების დარღვევით, უსაფუძვლოდ მიიჩნია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან რეორგანიზაციის და შტატების შემცირების ფაქტის დადასტურების მიზნით, თავდაცვის მინისტრის 1997 წლის 28 თებერვლის №¹44 ბრძანებაზე მითითება, რამდენადაც აღნიშნული მტკიცებულება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილვისა და შეფასების საგანი არ ყოფილა და სადავო აქტის გამოცემას იგი საფუძვლად არ დასდებია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.13წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. თავდაცვის სამინისტრომ საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად გამოიყენა სასკ-ის 32.4 მუხლი, რითაც დაარღვია სასკ-ის მე-4, მე-19 და სსკ-ის 105.2 მუხლის მოთხოვნები. კასატორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენებას, რადგან თვლის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები უდაოდ ადასტურებს, რომ თავდაცვის სამინიტროს მიერ დაინტერესებული პირის აქტიური ჩართულობით გამოკვლეული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. თავდაცვის მინისტრის 25.12.1996 წ. №842 ბრძანებით ნ. გ-ა 1996 წლის 25 დეკემბრიდან გათავისუფლდა ცენტრალური ... კომისიის ... თანამდებობიდან. რასაც წინ უძღვოდა თავდაცვის მინისტრის 24.12.96წ. №360 ბრძანება, რომლითაც გაუქმდა ცენტრალური ... კომისია და შეიქმნა ახალი კომისია - ცენტრალური ... კომისია ახალი საშტატო ნომრით. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი მიიჩნევს, რომ 25.04.1997 წ. გავიდა ნ. გ-ას კადრების განკარგულებაში ყოფნის 4 თვიანი ვადა და ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროში უკვე გაუქმებული იყო ის საშტატო ერთეული, რომელიც ეკავა ნ. გ-ას. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილი იყო დაეთხოვა ნ. გ-ა შტატების შემცირების მოტივით 25.04.1997წელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.03.2013წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 03.03.1992 წ. №23 ბრძანებით კაპიტანი ნ. გ-ა დაინიშნა ცენტრალური ... სამმართველოს სამხედრო ... კომისიის ... მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 01.07.1.992წ. №100 ბრძანებით ნ. გ-ა დაინიშნა ცენტრალური ... კომისიის თავმჯდომარედ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.12.1996წ. №842 ბრძანებით ნ. გ-ა გათავისუფლდა ცენტრალური ... კომისიის ... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 28.07.1997წ. №306 ბრძანებით ნ. გ-ა სამსახურებრივი შეუფერებლობის მოტივით დაითხოვეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 1997 წლის 25 თებერვლიდან. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.01.01წ. №34 ბრძანებით გაუქმდა თავდაცვის მინისტრის 28.07.1997წ. №306 ბრძანების მე-2 პუნქტი კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში მყოფი ... სამსახურის ვიცე-პოლკოვნიკ ნ. გ-ას დათხოვნის შესახებ, ნ. გ-ა აღდგენილ იქნა 1997 წლის თებერვლიდან კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 26.03.03წ. განჩინებით ძალაში შევიდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.01.02წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნ. გ-ას უარი ეთქვა სამსახურში აღდგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმდა და დაბრუნდა ხელახალი განხილვისათვის. თბილისის საოლქო სასამართლოს 01.03.04წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 თვის სახელფასო დავალიანების - 168 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლოს 30.07.04წ. განჩინებით ნ. გ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საოლქო სასამართლოს 01.03.04წ. გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის 9.6 პუნქტის თანახმად ოფიცრის თანამდებობიდან გადაყენება კადრების განკარგულებაში გადაყვანით ან მის მიერ დროებითი მოვალეობის შესრულება არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს და მის შესაბამისად კასატორისათვის განსაზღვრა ასანაზღაურებელი სახელფასო დავალიანების ოდენობა - 168 ლარი. საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ კასატორის ამჟამადაც კადრების განკარგულებაში ყოფნა წარმოადგენს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებულების მოთხოვნის დარღვევას და არ წარმოშობს კადრების განკარგულებაში ყოფნის მთელი პერიოდის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. საკასაციო სასამართლოს 30.07.04წ. განჩინებისა და თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს 06.06.06წ. მიმართვის საფუძველზე, მინისტრის 06.06.06წ. №1446 ბრძანებით გაუქმდა მინისტრის 25.01.01წ. №34 ბრძანების მე-2 პუნქტი და ნ. გ-ა ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 1997 წლის 25 ივნისიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის (რეორგანიზაციით და შტატების შემცირებით) თანახმად. ნ. გ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მინისტრის 16.06.06წ. №1446 ბრძანების ბათილად ცნობა, მისთვის პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მინიჭების თაობაზე ბრძანების, ასევე 2005 წლის 28 დეკემბრიდან ავადმყოფობის გამო მისი სამხედრო ძალებიდან დათხოვნისა და ამ მომენტამდე განაცდური პერიოდის სპეციალობით ნამსახურობის წლებში ჩათვლის შესახებ მოპასუხისათვის ბრძანების გამოცემის დავალდებულება, ყველა სარგოს და 2004 წლის 1 ივლისიდან შრომის წიგნაკის ჩაბარებამდე სამხედრო ძალებიდან დათხოვნის თაობაზე ბრძანების გამოუცხადებლობით ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. საკასაციო სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მინისტრის 16.07.06წ. №1446 ბრძანება ნ. გ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 1997 წლის 25 ივნისიდან დათხოვნის ნაწილში და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართთლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში ნ. გ-ას მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.06.12წ. №1402 ბრძანებით გაუქმდა 25.01.01წ. №34 ბრძანების მე-2 პუნქტი და ვიცე-პოლკოვნიკი ნ. გ-ა ჩაითვალა დათხოვნილად საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში 1997 წლის 25 აპრილიდან „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის VII თავის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის (შტატების შემცირების გამო) თანახმად.

სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თუ აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასეთ შემთხვევაში სასამართლო დაავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს სასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენების დასაბუთებას და ემყარება მხოლოდ იმ მოსაზრებას, რომ სამინისტრომ სადავო აქტის გამოცემისას არ გამოიკვლია შტატების შემცირების არსებობის საკითხი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით დასტურდება სამინისტროში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, წარმოებაში ნ. გ-ას ჩართვა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად გამოიცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 01.06.12წ. №1402 ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე ჩაითვალა დათხოვნილად რეზერვში შტატების შემცირების გამო. სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სამინისტრომ არ გამოიკვლია კადრების შემცირების არსებობის საკითხი, არ ქმნის სადავო აქტის გაუქმების საკმარის საფუძველს, ვინაიდან შტატების შემცირების არსებობის საკითხის გარკვევის შესაძლებლობა სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლების დანაწესების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს თავად შეეძლო, მით უფრო, რომ სადავო საკითხზე სამინისტროს მიერ მანამდე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკასაციო სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე გაუქმდა სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესის საფუძველზე, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოიცა საკასაციო სასამართლოს ორი აქტის - 15.07.09წ. გადაწყვეტილებისა და 30.07.04წ. განჩინების საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი არ ათავისუფლებს სასამართლოს საქმის განხილვის გარემოებების დადგენა-გამოკვლევისაგან. საკასაციო პალატის 15.07.09წ. განჩინებაში, რომლითაც მინისტრის ანალოგიური აქტი (16.06.06წ. №1446 ბრძანება) სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე გაუქმდა, ყურადღება გამახვილდა მინისტრის ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლის უსწორო მითითებაზე, კერძოდ, გათავისუფლების საფუძვლად ისეთი საკანონმდებლო აქტის („სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის) მითითებაზე, რომელიც შეიარაღებული ძალებიდან ნ. გ-ას დათხოვნის მომენტში ჯერ არ იყო მიღებული. საკასაციო სასამართლოს 15.07.09წ. გადაწყვეტილება, რომლითაც თავდაცვის მინისტრის 16.06.06წ. №1446 ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი ნ. გ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 1997 წლის 25 ივნისიდან დათხოვნის ნაწილში და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი აქტის გამოცემა, აქტის ბათილად ცნობის საფუძველად არ უთითებს შტატის შემცირების არარსებობას, 15.07.09წ. გადაწყვეტილების არც სამოტივაციო და არც სარეზოლუციო ნაწილები არ შეიცავენ მითითებას დათხოვნის კონკრეტული საფუძვლის (რეორგანიზაციით და შტატების შემცირებით) უსწორობაზე. საკასაციო პალატის 15.07.09წ. გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემული – მინისტრის 01.06.12წ. №1402 სადავო ბრძანებაში შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში დათხოვნის საფუძვლად მითითებულია კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის (4 თვის) ამოწურვის დროისათვის მოქმედი საკანონმდებლო აქტი - „საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონი, ამასთანავე საკასაციო პალატის 15.07.09წ. გადაწყვეტილება არ გამორიცხავდა გათავისუფლების საფუძვლად, მინისტრის წინარე 16.06.06წ. ბრძანების მსგავსად, შტატების შემცირების მითითებას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის განმავლობაში თანამდებობაზე არ დანიშვნა, თავისთავად ქმნიდა სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის საფუძველს. ხელახლად ჩატარებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩართული იყო დაინტერესებული პირი - ნ. გ-ა, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად შეიცვალა არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტი, არამედ დაზუსტდა რეზერვში დათხოვნის თარიღი (ნ. გ-ა 25.06.1997წ. ნაცვლად 25.04.1997წ. ჩაითვალა რეზერვში დათხოვნილად). ამასთანავე, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე წინა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართელებრივი აქტის გაუქმება არ ნიშნავს უპირობოდ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოცემული აქტით წინარე აქტის მსგავსი შედეგის დადგომის შესაძლებლობის გამორიცხვას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალების მიხედვით საქართველოს თავდაცვის მინისტრის 25.12.1996წ. №842 ბრძანებით ნ. გ-ა განთავისუფლდა ცენტრალური ... კომისიის ... თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხსენებული ბრძანება არ გასაჩივრებულა და ძალაშია. სამხედრო მოსამსახურის შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში ჩარიცხული პირის რეზერვში ყოფნა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს (საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის“ მე-9 თავის მე-6 პუნქტი). კანონიერ ძალაში მყოფი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 22.01.02წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ას უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კადრების განკარგულებაში ყოფნის ზღვრული ვადა ამოწურულია, მით უფრო, რომ 08.09.1997წ. ნ. გ-ა დაინიშნა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ... ინსპექციის უფროსის მოადგილედ. იმჟამად მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 20.10.1993წ. №748 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მეექვსე თავის 39-ე პუნქტი სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს ოფიცრებს უკრძალავდა შეთავსებით მუშაობას. კადრების განკარგულებაში ვადის ამოწურვის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა („საყოველთაო სამხედრო ვალდებულების შესახებ“ 29.12.1992წ. საქართველოს რესპუბლიკის კანონი და მის საფუძველზე მიღებული „საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 1 თავის მე-7 პუნქტი) ითვალისწინებდა ოფიცრების დათხოვნას სამხედრო სამსახურიდან ავადმყოფობის, სამსახურეობრივი შეუთავსებლობის, შტატების შემცირების, ოფიცრის დამამცირებელი საქციელის გამო. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ა უარყოფს გათავისუფლების ყველა ხსენებულ საფუძველს, თვლის, რომ მისი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობდა მაშინ, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებით მას უკვე უარი აქვს ნათქვამი სამსახურში აღდგენაზე, გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის 25.12.1996წ. №842 ბრძანება, რომლითაც ნ. გ-ა საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში, ძალაშია და საერთოდ არ გასაჩივრებულა. ამასთანავე, კადრების მთავარი სამმართველოს განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის გასვლის მომენტისათვის ცენტრალური ... კომისია მინისტრის 24.12.96წ. №360 ბრძანებით უკვე გაუქმებული იყო, მის ნაცვლად შეიქმნა ახალი სტრუქტურა - ცენტრალური ... კომისია. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. გ-ას შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში ჩარიცხვამდე გამოცემული „თავდაცვის სამინისტროს ჯარებში საორგანიზაციო ღონისძიებების ჩატარების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 11.02.1997წ. №44 ბრძანებით ცენტრალური ... კომისიის №22/115-51, 3/128-51, 19/912-52 შტატები გაუქმდა. სააპელაციო პალატას არ მიუცია შეფასება ხსენებული ბრძანებისათვის, არ უმსჯელია გამოიწვია თუ არა საშტატო განრიგის ცვლილებამ შტატების შემცირება, შეეხო თუ არა ის კომისიის თავმჯდომარეს, სააპელაციო პალატას არ შეუსწავლია გაუქმებული და ახლად შექმნილი კომისიის უფლებამოსილება. მხედველობაშია მისაღები, რომ ლიკვიდაციის ნაცვლად რეორგანიზაციის განხორციელება თავისთავად არ გამორიცხავს კადრების შემცირებას, რეორგანიზაციას შესაძლოა თან სდევდეს შტატების შემცირება („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 19.2 მუხ., 97-ე მუხ.). კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის არსებობა თავისთავად არ უარყოფს კადრების შემცირებას, შტატების შემცირების გარკვევა საჭიროებს რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ სტრუქტურის სტატუსის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, უფლებამოსილებათა წრის, ნ. გ-ას ახალი თანამდებობისადმი მონაცემების შესაბამისობის დადგენას. სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ახალი სტრუქტურის თავმჯდომარის ფუნქციონალური დატვირთვაზე, ფუნქციონალურ-კომპეტენტური მოთხოვნების ცვალებადობაზე, რაც არ იძლევა საკასაციო ინსტანციაში დავის არსებითი გადაწყვეტის შესაძლებლობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე ინსტანციის სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით, 412-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.03.2013წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე