საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე ბს-361-357(კ-14) 05 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2014 წლის 27 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნული განჩინებით კასატორს - სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. კასატორს, ასევე, განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
2014 წლის 11 ივლისის განცხადებით საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლდებიან ის დაწესებულებები, რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან - ყველა საქმეზე. კასატორმა, ასევე, განმარტა, რომ მართალია, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად, ბიუროს შემოსავლის წყაროს შეიძლება წარმოადგენდეს ხელშეკრულებით ან გრანტით მიღებული შემოსავალიც, თუმცა, კასატორმა განმარტა, რომ ბიუროს კომპეტენციის ფარგლებიდან გამომდინარე, იგი ხელშეკრულების საფუძველზე მოკლებულია რაიმე მომსახურების შესაძლებლობას და მიიღოს შემოსავალი, ხოლო რაც შეეხება დონორი ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას, ის არ გულისხმობს ბიუროს პირდაპირ დაფინანსებას ბიუროს მიზნების შესასრულებლად. დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხდება, ხშირ შემთხვევაში, უცხოელი ექსპერტების დაფინანსება, რომელთა გამოცდილება და რეკომენდაციები აისახება ბიუროს საქიანობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ივლისის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №181 დადგენილების ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მე-7 მუხლის თანახმად, ბიუროს შემოსავლის წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) გრანტები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. აღნიშნული განჩინებით კასატორს გაუგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 10 დღით.
საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, ლეონიძის ქ. №3/5) კასატორს ჩაბარდა 2014 წლის 31 ივლისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორისათვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2014 წლის 01 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2014 წლის 11 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი, მაგრამ მოცემული განჩინების მიღების დროისათვის სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ არ არის ხარვეზი შევსებული და კასატორს არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით მოუმართავს სასამართლოსათვის.
2014 წლის 02 სექტემბერს კასატორმა განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განმარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღეში - 2014 წლის 07 აგვისტოს გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო კასატორს განუმარტავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 ივნისის ხარვეზის შესახებ განჩინებითა და 2014 წლის 21 ივლისის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ კასატორს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედანი საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა ხარვეზის შევსებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი. ამდენად, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა მოიცავდა არა მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის, არამედ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრის დედნის სასამართლოში წარმოდგენის ვადას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი. ამასთან, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველი დარჩეს სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებაზე;
2. სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს დაუბრუნდეს 2014 წლის 7 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე