Facebook Twitter

საქმე ბს-43-42(კ-14) 11 სექტემბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.

კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე

დავის საგანი – სამსახურიდან განთავისუფლება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალაის 03.12.13 წ. გადაწყვეტილება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.11.12წ. №3295 ბრძანებით პოლკოვნიკი მ. კ-ე, გათავისუფლდა რა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ... თანამდებობიდან (საშტატო კატეგორია „გენერალ-მაიორი“, შტატი №2/367-01), 2012 წლის 1 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის თავდაცვის სამინისტროს ... ოფიცრად ...-ს ცენტრალურ სარდლობაში (ქ. ..., ...) (საშტატო კატეგორია „ვიცე-პოლკოვნიკი“, შტატი №1/123-51). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 10.12.12წ. №963 ბრძანებით პოლკოვნიკი მ. კ-ე წარგზავნილ იქნა ქ. ... (...) ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის ...-ს ცენტრალურ სარდლობაში თავდაცვის სამინისტროს ... ოფიცრად სამი (03) წლის ვადით, 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 12.01.13წ. №35 ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და სამოქალაქო წარმომადგენლობის უფროსის (სამმართველოს) ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის, თავდაცვის სამინიტროს ... ოფიცერი ...-ს ცენტრალურ სარდლობაში (ქ. ..., ...) პოლკოვნიკი მ. კ-ე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე 2013 წლის 10 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით მივლინებულ იქნა ქ. თბილისში.

13.01.13წ. ხელწერილით მოწმის სახით დაკითხულმა მ. კ-ემ საქართველოს მთავარი პროკურატურის გამომძიებლის წინაშე იკისრა ვალდებულებები არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, ასევე მეორე დღეს, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, გამოცხადდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, 17:00 საათზე. 14.01.13წ. №13/3246 წერილით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეცნობა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, პოლკოვნიკ მ. კ-ეს ჩამოერთვა ხელწერილი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე.

შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის 14.01.13წ. №10-8/102 წერილით საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეცნობა, რომ პოლკოვნიკ მ. კ-ის 13.01.13წ. ხელწერილიდან გამომდინარე, სადაც აღნიშნულია მისი ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობა, იგი ვერ შეასრულებს მასზედ დაკისრებულ თანამდებობრივ მოვალეობას და მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების XVთავის 101 პუნქტის თანახმად, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.01.13წ. №61 ბრძანებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის თავდაცვის სამინისტროს ... ოფიცერი ...-ს ცენტრალურ სარდლობაში (ქ. ..., ...) (შტატი №1/123-51), პოლკოვნიკი მ. კ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 15.05.13წ. №1185 ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში მყოფი პოლკოვნიკი მ. კ-ე 2013 წლის 14 მაისიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში. მ. კ-ემ სარჩელი აღძრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 17.11.12წ. დაინიშნა ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის ... მეკავშირედ. 30.05.13წ. ჩაბარდა 17.05.13წ. ბრძანება შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, რომლის საფუძველზეც მისთვის ცნობილი გახდა 14.01.13წ. ბრძანებით მისი კადრებში გადაყვანის შესახებ. ბრძანების საფუძვლად მითითებული საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანების მე-15 თავის 101 პუნქტი არ მოქმედებს მის მიმართ, ვინაიდან ამავე თავის 1-ლი პუნქტი განსაზღვრავს, რომ სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ხორციელდება სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატის შემცირებისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე არ ეთანხმება გაერთიანებული შტაბის მეთაურის მიმართვას თავდაცვის მინისტრის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ ის ვერ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებას. მე-15 თავის მე-102 პუნქტით განისაზღვრა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებიდან მეორე დღიდან. პროკურატურის მიერ ბრალდებულად ცნობის მიუხედავად აღკვეთი ღონისძიება მას არ შეფარდებია. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.01.13წ. №61 ბრძანების და 17.05.13წ. №1185 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.13წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მ. კ-ის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.13წ. №3ბ/1286-13 გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 13.09.13წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.05.13წ., №1185 ბრძანება დათხოვნის შესახებ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.01.13წ. №61 ბრძანება მ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გადაყვანის შესახებ, სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მ. კ-ის მიმართ. მ. კ-ის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 13.01.13წ. ხელწერილით მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება ვრცელდებოდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მთელ პერიოდზე. მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა და 13.01.13წ. ხელწერილის საფუძველზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ. კ-ე ვერ შეძლებდა ატაშეს აპარატის ...-ს ცენტრალურ სარდლობაში თავდაცვის სამინისტროს ... ოფიცრის მოვალეობის შესრულებას, ... ოფიცრის მოვალეობების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მ. კ-ის მხრიდან ამ ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით, აღნიშნული უკავშირდებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. 13.01.13წ. მ. კ-ე გამოძახებულ იქნა მოწმის სახით საქართველოს პროკურატურაში, მას ჩამოართვეს ხელწერილი ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ. მოგვიანებით მას წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 25,1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებებისათვის, რაზედაც უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.08.13წ. განაჩენით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების 1-ლი მუხლის, მე-2 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებზე, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის „თ“ ქვეპუნქტებზე, მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თავდაცვის ატაშეს აპარატის თანამდებობის პირი, მათ შორის ... ოფიცრის თანამდებობაზე დანიშნული პირი, არის უმცროსი დიპლომატიური რანგის მქონე პირი. მ. კ-ე წარგზავნილ იქნა ... ოფიცრად სამი წლის ვადით, 2012 წლის 15 დეკემბრიდან 2015 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით. „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრულია თავდაცვის ატაშესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების როტაციისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული თავდაცვის ატაშე/წარმომადგენელი და მისი აპარატის უმცროსი დიპლომატიური თანამდებობის პირები წარიგზავნებიან ადგილსამყოფელ სახელმწიფოში როტაციის წესით, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადაზე ადრე შეწყვეტა და მოსამსახურის ვადაზე ადრე გამოწვევა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, კოორდინატორი სტრუქტურული ერთეულის უფროსის წარდგინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დებულების 6.3 მუხლის თანახმად, როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევაში, თუ გამოწვევა თანამდებობის პირის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას არ უკავშირდება, თანამდებობის პირი ინიშნება სამინისტროში ან საქართველოს შწიარაღებულ ძალებში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არარსებობის შემთხვევაში, მისი თანხმობით ირიცხება თავდაცვის სამინისტროს რეზერვში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მინისტრს სადავო 14.01.13წ. №61 ბრძანებით უგულებელყოფილია ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნები, რითაც შეილახა აპელანტის უფლებები. სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მ. კ-ის როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადამდე გამოწვევის აუცილებლობა (სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებისა და საქართველოდან გაუსვლელობის შესახებ ვალდებულების გამო) და აღნიშნული აუცილებლობა არ უკავშირდებოდა მ. კ-ის მხრიდან დაკისრებულ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას. მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესი იმპერატიულად ავალდებულებდა სამინისტროს დაენიშნა მ.კ-ე სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში, მ. კ-ის თანხმობით შესაძლებელი იყო თავდაცვის სამინისტროს რეზერვში ჩარიცხვა. სამინისტრომ საერთოდ არ განიხილა მ. კ-ის დასაქმების საკითხი სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, მოსარჩელის თანხმობის გარეშე ჩარიცხა იგი კადრების განკარგულებაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს შეადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულება, რომლითაც უშუალოდაა განსაზღვრული თავდაცვის ატაშესა და სამინისტროს წარმომადგენლის საქმიანობის წესები და არა საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. №609 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლების („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 14.1 მუხლი, შრომის კოდექსის 36-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი) არსებობის შესახებ, მ. კ-ის მიმართ ადგილი არ ჰქონია მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების ან არასაპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით და „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის უფლება. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროკურატურაში გამოცხადების ვალდებულების საფუძვლით პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მინისტრის სადავო 14.01.13წ. №61 ბრძანება ეწინააღმდეგება თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე, რაც სასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად გასაჩივრებული აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის საფუძველია. შესაბამისად ბათილად უნდა იქნას ცნობილი ძირითადი გასაჩივრებული აქტის თანმდევი შედეგი - მინისტრის 17.05.13წ. №1185 ბრძანება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად მინისტრის 14.01.13წ. №61 ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 6.3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეასრულოს ამ ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება და განიხილოს მ. კ-ის თავდაცვის სამინისტროში არ შეიარაღებულ ძალებში არსებულ შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი და მხოლოდ შესაბამისი ვაკანსიის არსებობის დადგენის შემთხვევაში, იმსჯელოს სამინისტროს რეზერვში მის ჩარიცხვაზე შესაბამისი თანხმობის არსებობის პირობებში და ყოველივე აღნიშნულის თაობაზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. კ-ის მიმართ. პალატამ მიუთითა აგრეთვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 112-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმეზე მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევის შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მ. კ-ის შრომითი საკითხის გადაწყვეტასთან ერთად უნდა იმსჯელოს მისი უკანონოდ განთავისუფლების პერიოდში იძულებით გაცდენილი პერიოდის გამო გასამრჯელოს ანაზღაურებაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეზე ერთდროულად ვრცელდებოდა როგორც სამხედრო მოსამსახურის სტატუსის, ისე დიპლომატიური სტატუსის მარეგულირებელი კანონმდებლობა. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიანიჭა უპირატესი იურიდიული ძალა თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას. კადრების განკარგულებაში მოსარჩელის გაყვანას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების 15.10 მუხლით გათვალისწინებული წესი, რომელიც მინისტრს ანიჭებდა სამხედრო მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გაყვანის დისკრეციულ უფლებამოსილებას. სზაკ-ის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე მითითებით კასატორი თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს აქტის საქმის გარემოებების გამოკვლევის, დასაბუთების და კანონმდებლობის შესაბამისად მომზადების, მიღების და გამოცემის გარემოებები, სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობის მოსაზრებებით. სადავო გადაწყვეტილების მიღებისას მინისტრი მოქმედებდა მისთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, მის მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული აქტების გამოცემისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესაბამისი შეფასების შემდეგ მოსარჩელესთან მიმართებაში გამოიცა აქტები. მინისტრი მოქმედებდა კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-15 თავის 101 პუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში პირის გაყვანა ემსახურება მის თანამდებობრივ გადაადგილებას შემდგომში დასაქმების მიზნით. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია იყო თუ არა სამინისტროში შესაბამსი ვაკანტური თანამდებობა მ. კ-ის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში.

მ. კ-ემ საკასაციო შესაგებლით მიმართა საკასაციო პალატას, რომელშიც აღნიშნა, რომ სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული დებულება და არა საქართველოს პრეზიდენტის 26.10.98წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულება, რომლითაც დადგენილია სამხედრო სამსახურის გავლის წესები, ამ ნორმატიული აქტით არ რეგულირდება სადავო სამართალურთიერთობა. დისკრეციული უფლებამოსილება უნდა განხორცილედეს მხოლოდ კანონის ფარგლებში. კასატორი თავად ადასტურებს, რომ მოსარჩელის გაყვანა კადრების განკარგულებაში მოხდა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების შედეგად ანუ სხვა თანამდებობაზე დასაქმების საკითხის განხილვის გარეშე.

სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველ;ზე საკასაციო საჩივარი განხილული იქნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ც ა ვ ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება-კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, გადაწყვეტილება კანონმდებლობის ნორმების დარღვევით არის გამოტანილი, სახეზეა სსკ-ის 393-ე მუხლით და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

არ არის დასაბუთებული სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელების შესახებ“ დებულების 6.3 მუხლის საფუძველზე. დებულების მიზანია განსაზღვროს თავდაცვის ატაშესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, აგრეთვე მათი აპარატების საქმიანობის წესები, სამართლებრივი მდგომარეობა, მათი ფუნქციები და ამოცანები (1-ლი მუხ.). სადავო სამართალურთიერთობა უკავშირდება დიპლომატიურ სამსახურში დანიშვნამდე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონიერების დარღვევას, სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების შესრულების და საქმის სასამართლოში განხილვის საჭიროების გამო საზღვარგარეთ ატაშეს აპარატში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობას, რაც სცილდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. №188 ბრძანებით დამტკიცებული დებულების რეგულაციას. დებულების 6.3 მუხლი ეხება როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადის გასვლის ან ვადამდე გამოწვევის შემთხვევას, თუ გამოწვევა თანამდებობის პირის მიერ მოვალებათა არაჯეროვან შესრულებას არ უკავშირდება. დებულება არ ითვალისწინებს სამსახურში სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებასთან დაკავშირებით აღძრული საქმის გამოძიების და განხილვის საჭიროების შედეგად საზღვარგარეთ გამგზავრების შეუძლებლობის გამო ატაშეს აპარატის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს, აღნიშნული სცილდება როტაციის ფარგლებს. დებულების დანაწესი სამინისტროში ან შეიარაღებულ ძალებში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში პირის თანხმობით თავდაცვის სამინისტროს რეზერვში კადრების განკარგულებაში ჩარიცხვის შესახებ, ითვალისწინებს მივლინების ვადის ამოწურვის გამო ან ვადამდე მოსამსახურის გამოწვევას დაკავშირებულს როტაციის წესით საკადრო გადაადგილებას, ასეთი წესით გათავისუფლებული პირის შემდგომ დასაქმებას. როტაცია არის მოსამსახურის დაგეგმილი, მიზანმიმართული საკადრო გადაადგილება სამსახურეობრივი საჭიროების, მოსამსახურის კარიერული ზრდის გამო. მოცემულ შემთხვევაში გადაადგილების საჭიროება გამოწვეული იყო კანონდარღვევის გამოძიების და საქმის სასამართლოში განხილვის საჭიროებებით, რაც მოსამსახურის როტაციით არ არის მოცული. სადავო აქტების გამოცემამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონის მე-14 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად განეკუთვნებოდა უმცროს დიპლომატიურ თანამდებობას, რაც არ გამორიცხავდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის და შესაბამისად მისი მარეგულირებელი კანონმდებლობის მოსარჩელის მიმართ გავრცელების შესაძლებლობას, მით უფრო, რომ მ. კ-ეს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის დროისათვის თავდაცვის მინისტრის 18.02.13წ. №106 ბრძანების საფუძველზე დიპლომატიური სტატუსი უკვე მოხსნილი ჰქონდა. ამასთანავე, მ. კ-ეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის 18.02.13წ. №106 ბრძანება სადავოდ არ გაუხდია, ის ეთანხმებოდა იმას, რომ საქმის გარემოებებისა და განხილვასთან დაკავშირებით ვერ შეძლებდა ატაშეს აპარატის ... ოფიცრის მოვალეობის შესრულებას. დავის საგანი ეხება არა დიპლომატიური სამსახურიდან გამოწვევას, არამედ რეზერვში ჩარიცხვას და გათავისუფლებას, შესაბამისად არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დავის ხსენებული ნორმის საფუძველზე გადაწყვეტა იერარქიით ზემდგომი ნორმატიული აქტის - საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების გამოყენებაზე უარის თქმა.

საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულების მე-15 თავის 101 პუნქტის მიხედვით, რომლის საფუძველზე მოხდა რეზერვში ჩარიცხვა, ითვალისწინებს პირის კადრების განკარგულებაში ჩარიცხვას შემდგომში დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად. დებულების მე-15 თავის მე-3 პუნქტის თანახმად, კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, აღნიშნული ვადის ამოწურვამდე სამხედრო მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ იქნეს სამხედრო სამსახურიდან, თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას სამხედრო მოსასახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად. მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე კადრების განკარგულებაში ყოფნის ოთხთვიანი ვადის ამოწურვისთანავე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან რეზერვში. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი გარემოებები, კერძოდ, მ. კ-ის მიერ ატაშეს აპარატში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობა, სამოხელეო დანაშაულის ჩადენაში წარდგენილი ბრალდების სიმძიმე, საჭიროებდა დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების და შემდგომი დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის j-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში გადაყვანის, აგრეთვე მოსარჩელის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის დისკრეციის უარყოფას. ასეთს არ წარმოადგენს სააპელაციო პალატის მითითება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, რომლითაც სააპელაციო პალატის აზრით აღიარებული და უზრუნველყოფილია შრომის უფლება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30.1 მუხლი აღიარებს არა შრომის უფლებას, არამედ შრომის თავისუფლებას, ე.ი. თავისუფალი შრომის უფლებას. სადავო აქტების გაუქმების პირობას არ ქმნიდა აგრეთვე მ. კ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმოებისას აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობა. აღნიშნული არ არის ხელმძღვანელობის დისკრეციული უფლებამოსილების გამომრიცხავი გარემოება, მით უფრო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 17.01.13წ. განჩინებით მ. კ-ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი იყო მისი კადრების განკარგულებაში ყოფნა. სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა მეორე სადავო აქტის - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.05.13წ. №1185 ბრძანების გამოცემის საფუძველზე, რომლითაც მ. კ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს მიერ მხოლოდ რეზერვში ჩარიცხვის შესახებ თავდაცვის მინისტრის 14.01.13წ. №61 ბრძანების ბათილად ცნობის გამო.

სადავო აქტების გაუქმების საფუძველს არ ქმნის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მითითება თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 01.08.13წ. განაჩენზე, რომლითაც მ. კ-ე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 143.3 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 25, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 14.07.14წ. №12-აპ-14 შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მ. კ-ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 342.1 მუხლის („სამსახურებრივი გულგრილობა“) საფუძველზე და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური პირის უფლებების არსებითი დარღვევა გამოიწვია, შეიძლება იყოს არამხოლოდ სისხლისსამართლებრივი, არამედ დისციპლინური რეაგირების მიზეზი. სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი განსახილველ საქმეში მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც შეფასებას საჭიროებს. მოხელის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლები განსაზღვრულია სათანადო ნორმატიული აქტებით, სამოხელეო დანაშაული ბლანკეტური ხასიათისაა, უკავშირდება ატაშეს აპარატში ... ოფიცრად დანიშვნამდე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ... მე-... ქვეით ბრიგადის მეთაურად ყოფნის პერიოდში სამსახურებრივ უფლება-მოვალეობების არაჯეროვან შესრულებას, კერძოდ, „საქართველოს შეიარაღებული ძალების შინაგანი წესდების“ მე-3 თავის 61-ე , 62-ე პუნქტებით განსაზღვრული ბრიგადის მეთაურის პირდაპირი სამსახურებრივი ვალდებულებისადმი დაუდევარ დამოკიდებულებას, რითაც არსებითად იქნა ხელყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი (იხ. სუს სისსხლის სამართლის საქმეთა პალატის №12აპ-14 განაჩენის 4.5.27პ). სამსახურებრივი ვალედებულების შეუსრულებლობას შეეძლო ემოქმედა აგრეთვე ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე რეზერვში ჩარიცხული პირის შემდგომი დასაქმების შესაძლებლობის შესახებ, რაც ადმინისტრაციის დისკრეციის სფეროს განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იქონია მსჯელობა მეორე სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.05.13წ. №1185 ბრძანების გამოცემის საფუძველზე, რომლითაც მ. კ-ე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ამასთანავე, ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან ოფიცრის დათხოვნის მოთხოვნა (საქართველოს პრეზიდენტის 26.10.1998წ. №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 21.07.11წ. №583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) არ გამორიცხავდა თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესაძლებლობას იმ ნიშნის გამო, რომელშიც ობიექტური მხრივ თავის გამოხატულებას პოულობს სამსახურებრივი გულგრილობა, კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, დაუდევარი დამოკიდებულება, სამსახურებრივი უფლებამოსილებით გათვალისწინებული ზომების მიუღებლობით არსებითი ზიანის მიყენება. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების დაცვის ფარგლები.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არის დასაბუთებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის 13.03.09წ. N188 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოპასუხისათვის სასკ-ის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. საკასაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სააპელაციო პალატის დასკვნა იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქვს ვალდებულება განიხილოს დანიშვნის საკითხი და მხოლოდ მოსარჩელის თანხმობის შემთხვევაში იმსჯელოს რეზერვში ჩარიცხვის საკითხზე, ნიშნავს სამინისტროსათვის არა დავის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალებას, არამედ სამსახურში მიღების შესახებ აქტის გამოცემის დავალებას, რაც სცილდება სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სასკ-ის 32.4 მუხლით დადგენილ დანაწესს და არის სასკ-ის 33-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციისათვის აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის დაკმაყოფილება. აღნიშნული ცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო აქტები, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 14.01.13წ. N61 ბრძანება მ. კ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის განკარგულებაში გაყვანის შესახებ, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 17.05.13წ. N1185 ბრძანება მ. კ-ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, შეიცავენ სზაკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, შესაბამისად დავის საგანს შეადგენს სასკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. ხსენებული დავის საგნის სარჩელის შესაბამისი სახეობა არის შეცილებითი სარჩელი ანუ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით (სასკ-ის 22-ე მუხ.). სამსახურში აღდგენის შესახებ მოთხოვნა არ საჭიროებდა აქტის გამოცემის დავალებას, საკმარისი იყო სადავო აქტების გაუქმება, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღძრული იყო არა მავალდებელი (სასკ-ის 23-ე მუხ.), არამედ შეცილებითი (სასკ-ის 22-ე მუხ.) სარჩელი. საქმის მასალებით დასტურდება აგრეთვე, რომ მოსარჩელე ვერ შეძლებდა უფლებამოსილების შესრულებას საზღვარგარეთ, ამასთანავე მას არ მიუმართავს ხელმძღვანელობისათვის სხვა სამსახურში დასაქმების მოთხოვნით, შესაბამისად არ დასტურდება მავალებელი სარჩელის აღძვრის სასკ-ის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის საპროცესო პირობების არსებობა. ის გარემოება, რომ სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაავალა ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ სამსახურში აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა დასტურდება აგრეთვე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მითითებით, რომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმსჯელოს მ. კ-ის უკანონოდ გათავისუფლების პერიოდში იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ კანონის 112-ე მუხლის საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა აანაზღაუროს სამი თვის თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127.6 მუხლი ითვალისწინებს 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში, სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების გაუქმება არ იძლეოდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უკანონო გათავისუფლებით იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებაზე მითითების, დანიშვნის შესახებ აქტის გამოცემის დავალების საფუძველს.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უკეთუ სააპელაციო სასამართლო მოსარჩელის სამსახურში აღსადგენად საჭიროდ თვლიდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აქტის გამოცემის დავალებას, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე არ ითხოვდა ატაშეს აპარატში მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე აღდგენას, ამასთანავე იმის გათვალისწინებით, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 38.1 მუხლის თანახმად მოსარჩელე იყო უფროსი ოფიცრების შემადგენლობის საჯარო სამხედრო წოდების მქონე პირი, ხოლო უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცრის სამსახურში აღდგენა კანონმდებლობის მიხედვით („სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულების მე-9 თავის მე-5 პუნქტი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონის 21.3 მუხ.) ხდება არა თავდაცვის მინისტრის, არამედ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმის განხილვაში შესაბამისი სტრუქტურა უნდა ჩაბმულიყო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს შორის მიიჩნია, რომ 13.01.13წ. ხელწერილით აპელანტმა (მოსარჩელემ) იკისრა ვალდებულება არ დაეტოვა ქვეყნის ტერიტორია. ქვეყნიდან გაუსვლელობის ვალდებულება ვრცელდებოდა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მთელ პერიოდზე. 13.01.13წ. ხელწერილის და მოსარჩელის მიერ მიცემული განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 15.01.13წ. მ. კ-ე უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში-...-ში მასზე დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად, მისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ ის ვეღარ შეძლებდა ქ. ... (...) ...-სა და ... თავდაცვის ატაშეს აპარატის ...-ს ცენტრალურ სარდლობაში თავდაცვის სამინისტროს ... ოფიცრის მოვალეობის შესრულებას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ამ ფაქტობრივ გარემოებას არ ემყარება სააპელაციო პალატის მითითება იმის შესახებ, რომ პროკურატურაში გამოცხადების ვალდებულების საფუძვლით არ დაიშვებოდა პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება. ამდენად, გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, სასამართლო დასკვნა არ ემყარება სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. რეზერვში გადაყვანას და გათავისუფლებას საფუძვლად დაედო არა პროკურატურაში და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების საჭიროება, არამედ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ...-ში გამგზავრების შეუძლებლობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, ის მოკლებულია სატანადო სამართლებრივ და პროცესუალურ წინამძღვრებს, სახეზეა როგორც სსკ-ის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა, გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1’’ ქვეპუნქტის თანახმად ქმნის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს. შესაბამისად, სახეზეა სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოში დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 03.12.13წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. . საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე