ბს-452-446 (უს-14) 18 სექტემბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ს. და ე. ჩ-ეების საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2014წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. და ე. ჩ-ეებმა 21.05.2013წ. სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შსს-ს და შსს-ს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების მიმართ, შსს-ს 25.04.2013წ. =778666 აქტისა და შსს-ს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების 15.04.2013წ. =701062 გაფრთხილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოსარჩელეებმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ.თბილისში, ... მე-5 შესახ., =7-ში მდებარე უძრავი ქონებიდან მათი და მათი თანხმლები პირების გამოსახლების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.05.2013წ. განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა თბილისში, ... მე-5 შესახ. =7-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს.ჩ-ის, ე.ჩ-ის და მათი თანხმლები პირების გამოსახლების შესახებ შსს-ის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების 15.04.2013წ. =701062 გაფრთხილების მოქმედება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. განჩინებით სასკ-ის 16-2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ნ.ფ-ა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.11.2013წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25.04.2013წ. =778666 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
15.04.2014 წ. მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის ქ.თბილისში, ... მე-5 შესახ., =7-ში მდებარე უძრავი ნივთის ს.ჩ-ისა და ე.ჩ-ისაგან გამოთხოვის აკრძალვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2014წ. განჩინებით ს. და ე. ჩ-ეების შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიუთითა სასკ-ის 1.2 მუხლზე, სსკ-ის 198.3, 191.1 მუხლებზე და აღნიშნა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია განსახილველ საქმეში მხარეს არ წარმოადგენს, დავა მის მიმართ არ მიმდინარეობს, შესაბამისად, იგი არ არის მოპასუხე, რაც გამორიცხავს მის მიმართ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რადგან სარჩელის უზრუნველყოფა არის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება მოპასუხისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვის გზით. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც დროებითი ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით სწორედ მოპასუხის მიმართ, როგორსაც მოცემულ დავაში არ წარმოადეგნს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია, ამდენად, არ არსებობს მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2014წ. განჩინება გასაჩივრდა ს. და ე. ჩ-ეების მიერ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის ქ.თბილისში, ... მე-5 შესახ., =7-ში მდებარე უძრავი ნივთის ს.ჩ-ისა და ე.ჩ-ისაგან გამოთხოვის აკრძალვა. საჩივრის ავტორებმა მიუთითეს სსკ-ის 191-ე, 198.3 მუხლებზე და აღნიშნეს, რომ სასამართლომ არ შეაფასა გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის საფრთხე და არ გაითვალისწინა, რომ განსახილველი სარჩელის საბოლოო მიზანი უძრავ ნივთზე ს. და ე. ჩ-ეების მართლზომიერი მფლობელობის დადასტურების შედეგად გამოსახლების საქმის წარმოების შეწყვეტაა. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება ნივთზე ს. და ე. ჩ-ეების მართლზომიერი ფლობა, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველია. საჩივარში აღნიშნულია, რომ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულებას და განსახილველი სარჩელი დაკარგავს განხილვის მოტივაციას, რადგან არსებობს რეალური საშიშროება, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია მოახდენს ს. და ე. ჩ-ეების გამოსახლებას. საჩივრის ავტორებმა ასევე აღნიშნეს, რომ კანონმდებელი არ აწესებს რაიმე შეზღუდვას უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ადრესატის მიმართ, შესაბამისად ის შესაძლოა გამოყენებული იქნეს იმ პირის მიმართ, რომელიც განსახილველ დავაში არ არის მოპასუხე, რადგან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლის შესაძლო რისკების განსაზღვრა და არა ის, თუ ვის მიმართ არის მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.2014წ. განჩინებით ს. და ე. ჩ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.11.2013წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.06.2014წ. განჩინებით ს. და ე. ჩ-ეების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.04.2014წ. განჩინება და განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე თანდართულ მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და წარმოდგენილი საჩივრის დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. და ე. ჩ-ეების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოსთვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებით მიმართვის უფლება და განსაზღვრულია ამ უფლების რეალიზაციის წესი. კერძოდ, განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს, ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად.
განსახილველ შემთხვევაში ე. და ს. ჩ-ეები ითხოვენ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციისათვის ქ.თბილისში, ... მე-5 შესახ., =7-ში მდებარე უძრავი ნივთის ს.ჩ-ისა და ე.ჩ-ისაგან გამოთხოვის აკრძალვას იმ საფუძვლით, რომ განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების საბოლოო მიზანია ს. და ე. ჩ-ეების მართლზომიერი მფლობელობის დადასტურების შედეგად გამოსახლების საქმის წარმოების შეწყვეტა. საჩივრის ავტორის მითითებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში გარკვეულწილად დადასტურდება ს. და ე. ჩ-ეების მართლზომიერი ფლობა, სარგებლობის ფაქტი, რაც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 84-ე მუხლის თანახმად, ნივთის გამოთხოვაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს, რადგან აღსრულების პოლიცია არ გამოითხოვს ნივთს მფლობელობიდან თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასტურდება ნივთზე კანონიერი მფლობელობისა და სარგებლობის უფლება. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და განსახილველი სარჩელი დაკარგავს განხილვის მოტივაციას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება (სსკ-ის 191.1 მუხლი). ამასთანავე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება ხდება მოპასუხისათვის გარკვეული უფლების შეზღუდვის გზით, რადგან სწორედ მას შეუძლია შექმნას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თუ გაჭიანურების რისკი. განსახილველ დავაში აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიცია არ არის მოპასუხე, უფრო მეტიც იგი მიმდინარე დავაში მხარეს არ წარმოადგენს, რაც გამორიცხავს აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის მიმართ მოთხოვნილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის 03.04.2014წ. გაფრთხილებით (ს.ფ.246) დასტურდება, რომ =A14025456 სააღსრულებო წარმოებაში მოვალე არის მ.ჩ-ე, რომელიც ასევე არ წარმოადგენს მიმდინარე დავის მხარეს. ამდენად, იმ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, რომლის შეჩერების აუცილებლობაზე საჩივრის ავტორები უთითებენ, მოთხოვნილია არა ე. და ს. ჩ-ეების, არამედ მ.ჩ-ის მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდის ე. და ს. ჩ-ეების მოთხოვნას აღსრულების პოლიციის მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საკასაციო პალატა აღნიჩნავს, რომ განსახილველი დავა არ გამორიცხავს კანონით დადგენილი წესით სააღსრულებო პროცედურებთან დაკავშირებული აქტებისა და მოქმედებების გასაჩივრებისას, აღსრულებასთან დაკავშირებული დავის ფარგლებში მოპასუხის მიმართ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ზომის გამოყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება მოცემულ საქმეს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.05.2013წ. განჩინებით ს. და ე. ჩ-ეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, სარჩელის უზრუნველყოფის სახით შეჩერდა ქ.თბილისში, ... ქ. მე-5 შესახვევის =7-ში მდებარე უძრავი ქონებიდან ს.ჩ-ის, ე.ჩ-ის და მათი თანმხლები პირების გამოსახლების შესახებ შსს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-9 განყოფილების 15.04.2013წ. =701062 გაფრთხილების მოქმედება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. და ს. ჩ-ეების საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.04.2014 წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 191-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. და ე. ჩ-ეების საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.04.2014წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე