ბს-460-454 (კ-კს-14) 25 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ. ხ-ი.
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა; დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო; დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.14წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ნ. ხ-მა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, კერძოდ, გამგებლის მოადგილის ნაწილში დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.06.13წ. №23 დადგენილების 56-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 05.07.13წ. N329 ბრძანების ნაწილობრივ, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.11.13წ. №71 განკარგულების, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის 12.11.13წ. №8 წერილით მიღებული გადაწყვეტილების, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.01.14წ. №154 ბრძანების ბათილად ცნობა, ნ. ხ-ის დაუყოვნებლივ აღდგენა დუშეთის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე იმავე პირობებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის ნ. ხ-ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება, მისი თანამდებობაზე არ ყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 06.03.14წ. გადაწყვეტილებით ნ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 12.06.13 წ. №23 დადგენილების 56-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა
ცნობილი დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 08.01.2014 წ. №154 ბრძანება და მოპასუხე დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ნ. ხ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი და 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარი ეთქვა მხარეს, შეიძლებოდა გასაჩივრებულიყო კერძო საჩივრით 12 დღის ვადაში. მხარეებს ასევე განემარტათ გადაწყვეტილების დანარჩენი ნაწილის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.05.14წ. განჩინებით ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ნ. ხ-მა 25.06.14წ. განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, დამატებითი განჩინების მიღებისა და განჩინებაში უსწორობის გასწორების შესახებ მოთხოვნით. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სააპელაციო საჩივარში უთითებდნენ იმის შესახებ, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არასწორად მოხდა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის განმარტება, ვინაიდან კერძო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება, ასეთი განჩინების გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სააპელაციო საჩივართან ერთად. რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების წესი. სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში აღნიშნა ამ პრეტენზიის შესახებ, სამოტივაციო ნაწილში კი მასზე არ უმსჯელია, რაც დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას ქმნის. განმცხადებელი ასევე არასწორად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. განმცხადებელმა მიუთითა „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მას გააჩნია საკუთარი ადგილობრივი ბიუჯეტი, რის გამოც დაუშვებელია მისი გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟისაგან. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით ნ. ხ-ი ითხოვდა საკითხების სწორ საპროცესო მოწესრიგებას შესაბამისი საპროცესო მექანიზმებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.14წ. განჩინებით ნ. ხ-ის წარმომადგენლის ი. პ-ის შუამდგომლობა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანისა და განჩინებაზე დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 261-ე მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შესაძლებელია, დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.05.14წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა ნ. ხ-ი, ხოლო მისმა წარმომადგენელმა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობით 2014 წლის 25 ივნისს მიმართა. ვინაიდან ამ დროისათვის გასული იყო კანონმდებლობით დადგენილი 7 დღიანი ვადა, ნ. ხ-ის წარმომადგენელს უარი ეთქვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 260.2 მუხლის დანაწესზე და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.05.14წ. განჩინებაში ადგილი არა აქვს უსწორობებსა და არითმეტიკულ შეცდომებს, რის გამოც ნ. ხ-ის წარმომადგენელს ი. პ-ს უარი ეთქვა გადაწყვეტილებაში უზუსტობებისა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
ნ. ხ-ის წარმომადგენელმა ი.პ-მა კერძო საჩივრით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.07.14წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი 25.06.14წ. განცხადებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შინაარსზე და დამატებით აღნიშნა, რომ პროცესუალურად მცდარად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება, დაისვას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში. სსკ-ის 261.2 მუხლის დანაწესი გულისხმობს სხდომაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ან მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღიანი ვადის ათვლას. მხარის მიერ ამ ვადის გაშვების შემთხვევაშიც კეთილსინდისიერი და კვალიფიციური მართლმსაჯულების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით მოაწესრიგოს ის საკითხი, რომლის მოწესრიგება გამორჩა შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების დროს. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა შუამდგომლობაში მითითებულ სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. გასაჩივრებული განჩინების სათაური და შინაარსი ერთმანეთს ეწინააღმდეგება. სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა კოლეგიური შემადგენლობით, გასაჩივრებული განჩინება კი მიღებულია ერთპიროვნულად. შესაბამისად, განჩინება არაკანონიერი სასამართლოს შემადგენლობის მიერ არის მიღებული, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დამოუკიდებელი საფუძველია. განჩინება მიღებულია სსკ-ის 285-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დანაწესის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან განჩინების სამოტივაციო ნაწილი არის ერთი აბზაცით გამოხატული წინადადება, სათანადო, გულმოდგინე დასაბუთების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ნ. ხ-ის კერძო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება დაუყოვნებლივი აღსრულების გასაჩივრების წესთან დაკავშირებით არ ქმნის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ. ხ-მა ისარგებლა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, სააპელაციო სასამართლომ მთლიანად მიიღო წარმოებაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე ნ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრების წესთან დაკავშირებით სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინებით მოსარჩელეს არ შეზღუდვია ამ საკითხის ზედა ინსტანციაში დასმის უფლება, აღნიშნული უფლების შემაფერხებელი იყო არა გასაჩივრების წესი, არამედ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გასაჩივრების უფლება ნ. ხ-ს არ შეელახა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოების აქტები, მათ შორის დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში, არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, არ იკვეთება ნ. ხ-ის უფლებადამცავი ინტერესი გასაჩივრების წესთან დაკავშირებით. ინტერესის არსებობის საჭიროებას არ გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება შესაბამისი საპროცესო მექანიზმებით სწორი საპროცესო მოწესრიგების საჭიროების შესახებ. ამდენად, არ არსებობდა დაუყოვნებლივი აღსრულების გასაჩივრების წესთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, მით უფრო, რომ ასეთი მოთხოვნა არ არის მოცული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ნორმით. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სსკ-ის 261-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საკითხი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების მიღმა დარჩა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 261.2 მუხლის თანახმად დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. 7 დღიანი ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება მხარე. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას მხარე არ ესწრება, 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყება მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 29.05.14წ. სხდომის ოქმით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდნენ ნ. ხ-ი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი (ტ.2. ს.ფ.149-150). შესაბამისად, მითითებული მხარეებისათვის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 29 მაისიდან. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში ნ. ხ-ის მიერ გაშვებულია საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა, რის გამოც მას სააპელაციო პალატის მიერ სწორად ეთქვა უარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსის არაერთი მუხლი შეიცავს მითითებას დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ, მაგ. სსკ-ის 369.2 მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლას დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების გამოქვეყნებიდან საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლას ითვალისწინებს აგრეთვე სსკ-ის 397.2 მუხლი. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საპროცესო ვადის მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში ათვლის დაწყების თაობაზე დებულებას არ შეიცავს სსკ-ის 261-ე მუხლი, რაც ადასტურებს ხსენებული ნორმით გათვალისწინებული ვადის ათვლის შესაძლებლობას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისთანავე, უკეთუ გამოცხადებას ესწრება მხარე, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ნათელია სასამართლოს მიერ დავის რაიმე საკითხზე გადაწყვეტილების არ გამოტანა. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ყველა მოთხოვნის მიმართ ამომწურავი დასკვნების არარსებობა ადასტურებს დავის არასრულ გადაწყვეტას, რაც აძლევს მხარეს სრულ შესაძლებლობას მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარებამდე მოთხოვოს სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ შვიდდღიან ვადაში, რომელიც აღმკვეთი ხასიათისაა და იმ შემთხვევაში თუ მხარე ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, აითვლება გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან გადაწყვეტილება იძენს შეუცვლელობის თვისებას, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, მისი გასწორების უფლება აქვს ზემდგომ სასამართლო ინსტანციას. საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეცდომის გამოსწორების საგამონაკლისო შემთხვევა (სსკ-ის 260-ე მუხ.) ითვალისწინებს ისეთი შესწორების შეტანის შესაძლებლობას, რომელიც არ ცვლის სასამართლო გადაწყვეტილების არსს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი ცვლილება არსებითად ცვლის სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, მოთხოვნა სცილდება სსკ-ის 260-ე მუხლის ფარგლებს, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობას ან აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორებას. უსწორობა შეიძლება ეხებოდეს მხარეთა დასახელებას, ცალკეული სიტყვების გამრუდებას, დაშვებულ მექანიკურ შეცდომებს წერის დროს. სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული უსწორობის გასწორებით არ არის მოცული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის გამოყენება, რომელიც კერძო საჩივრის ავტორის აზრით არასწორად იქნა გაგებული სააპელაციო პალატის მიერ. ამასთანავე, სახელმწიფო ბაჟის საკითხი სასამართლოს მიერ გადაწყდა, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუბრუნა მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, არ არსებობდა შეცდომის გასწორების და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საფუძველს არის მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის საკითხზე, რომელზედაც მიუთითებდა ნ. ხ-ი შუამდგომლობაში. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებაში ადგილი არა აქვს უსწორობებსა და არითმეტიკულ შეცდომებს, რაშიც იგულისხმებოდა სახელმწიფო ბაჟის საკითხიც. სააპელაციო სასამართლომ 29.05.14 წ. განჩინებაში სწორად მიუთითა სასკ-ის მე-9 მუხლზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე. ამასთანავე, აღნიშნული საკითხი სცილდება სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორების შესაძლებლობას, ვინაიდან დაუშვებელია გადაწყვეტილებაში ისეთი შესწორების შეტანა, რომელიც არსებითად ცვლის გადაწყვეტილებას, მის აზრსა და შინაარსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ადგილი არ ჰქონია უზუსტობასა და შეცდომას, რის გამოც ნ. ხ-ს ამ ნაწილშიც სწორად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სამართლებრივ საფუძველს არ ემყარება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო პალატის არაკანონიერმა შემადგენლობამ მიიღო. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის 34.11 მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო საჩივარი ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაზე, სასკ-ის მე-6 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, რის გამოც სასკ-ს მე-6 და 34.11 მუხლების შესაბამისად სააპელაციო პალატის მოსამართლე უფლებამოსილი იყო ერთპიროვნულად ემსჯელა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხზეც. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ხ-ის მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ვადის გაშვების გამო არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი, ნ. ხ-ს სწორად ეთქვა უარი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანასა და უსწორობის გასწორებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.14წ. განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.07.14წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე