საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-477-466 (კ-14) 26 სექტემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.14წ. განჩინებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.14წ. გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის 20.12.13წ. №310/1 ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის იმავე თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.14წ. განჩინებით ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.14წ. გადაწყვეტილება. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კასაციის წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-მა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.14წ. განჩინების ასლი ნ. ნ-ს ჩაბარდა 05.08.14წ. პირადად, რაც დაადასტურა მისივე ხელმოწერით (ტ.2., ს.ფ. 70). საქმეში წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე დასმული კანცელარიის შტამპით ირკვევა, რომ ნ. ნ-მა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 27.08.14წ. (ტ.2., ს.ფ. 71) ანუ სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით. ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა ნ. ნ-ისათვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 06 აგვისტოს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 26 აგვისტოს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. შესაბამისად ნ. ნ-ისათვის საკასაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელი დღე იყო 2014 წლის 26 აგვისტო, საკასაციო საჩივარი კი სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2014 წლის 27 აგვისტოს 1 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე