Facebook Twitter

საქმე #ბს-49-48(კ-14) 11 სექტემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერია, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახური

მესამე პირი - ი. ტ-ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2012 წლის 3 აგვისტოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მერიისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითა ი. ტ-ე.

მოსარჩელემ მოითხოვა შენობის ფასადის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №12/6105-13 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 3 ივლისის №1756 განკარგულების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“, რომელმაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.

საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე კასატორმა - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ თავმჯდომარემ - ვ. რ-ემ წარმოადგინა განცხადება საკასაციო საჩივრის გამოხმობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება და მესამე პირმა - ი. ტ-ემ განახორციელა შენობის გასამაგრებელი სამუშაოები.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა წარმოდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით დააზუსტა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემულ საქმეზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის ანალოგიის წესით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით უნდა მოხდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

კასატორი 2014 წლის 9 სექტემბერს წარმოდგენილ განცხადებაში უთითებდა, რომ იხმობდა საკასაციო საჩივარს, თუმცა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე. კასატორის განმარტებით, ფაქტობრივად მხარეთა შორის შედგა მორიგება და მესამე პირმა განახორციელა შენობის გასამაგრებელი სამუშაოები. შესაბამისად, აღარ არსებობდა მესამე პირის - ი. ტ-ის სახელზე გაცემული, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 16 იანვრის №12/6105-13 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 3 ივლისის №1756 განკარგულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის ინტერესი, რის გამოც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ უარს ამბობდა 2012 წლის 3 აგვისტოს აღძრულ სარჩელზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლზე და მხარეებს განუმარტავს, რომ აღნიშნული მუხლის თანახმად, საქმეზე წარმოება შეწყდება სასამართლო განჩინებით, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო მოცემული საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კასატორის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წარმომადგენელს - ა. გ-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება;

3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ სარჩელზე შეწყდეს წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. კასატორის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „...“ წარმომადგენელს - ა. გ-ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 2014 წლის 17 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

ნ. სხირტლაძე