Facebook Twitter

№ბს-57-56(კ-14) 25 სექტემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი – მ. ბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. თ-ი

წარმომადგენელი – ნ. ჩ-ე

მოპასუხე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი – გ. ო-ი

მესამე პირები – 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა; წარმომადგენელი – თ. დ-ე; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; წარმომადგენელი – ლ. ღ-ა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 7 ივნისს ვ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ლაგოდეხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 15 წელია ცხოვრობს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე მამაპაპისეულ სახლში. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი საკომლო ჩანაწერების მიხედვით აღრიცხული იყო მოსარჩელის მამის ვ. ი. ძე თ-ისა და დედის თ. ს. ასული თ-ის სახელზე. ვინაიდან მშობელთა დანაშთი ქონება მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა მფლობელობით, მან განცხადებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით და წარუდგინა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები. 2010 წლის 19 თებერვალს ვ. თ-ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, 2010 წლის 5 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნული უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია მოითხოვა, რაზეც მას უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ 2008 წლის 17 სექტემბერს დ. ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე სადავო ქონება აღირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე, ხოლო შემდგომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ქონება საკუთრების უფლებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელზე დარეგისტრირდა. მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში არ იყო წარდგენილი უძრავ ქონებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სამართლებრივი აქტი, რომელიც წარმოშობდა რეგისტრაციის საფუძველს. ამდენად, მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა მოითხოვა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 ივნისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

სარჩელის დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ დ.ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის №21 ხელშეკრულების, 2009 წლის 2 მარტს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების, მითითებული ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერების ბათილად ცნობა და ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისთვის, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო – საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის საოქმო განჩინებით მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სასარჩელო მოთხოვნა დ. ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობის ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად; ხოლო ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეჩერდა, სამოქალაქო საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ვ. თ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შ.ს. სამინიტროს, დ. ყ-ის და ი. თ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, დარჩა განუხილველი. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 მარტის განჩინებით განახლდა განსახილველი საქმის წარმოება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, 2010 წლის 5 მაისს ვ. თ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება რეგისტრირებული აღმოჩნდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტზე. ვ. თ-ს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მიეცა ვადა 30 კალენდარული დღე. მასვე განემარტა, რომ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა.

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრების უფლებით ერიცხება ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე 3561.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით .... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2009 წლის 2 მარტს დამოწმებული ხელშეკრულება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება, მათ შორის ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 54.11.50.021.

საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია ... 2009 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ №21 ხელშეკრულების საფუძველზე დ. ყ-მა მიჰყიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს. მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლის საკადასტრო კოდია ... საჯარო რეესტრში აღირიცხა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე (განაცხადის რეგისტრაციის №2716-08; თარიღი - 17.09.2008წ; უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი - 2008 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №21).

რაიონულმა სასამართლომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის ცნობის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში 2008 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია ..., ასევე საჯარო რეესტრში 2009 წლის 24 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე აღრიცხული ქონება, რომლის საკადასტრო კოდია … და ქართულ-გერმანული პროექტის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების ინფორმაცია, საკადასტრო კოდით …, არის ერთი და იგივე უძრავი ქონების, კერძოდ, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი, რომელიც დღეის მდგომარეობით საჯარო რეესტრში აღრიცხულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სახელზე და წარმოადგენს სადავო ქონებას.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით, ხოლო „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სარეგისტრაციო დოკუმენტი – სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას,“ „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სარეგისტრაციო დოკუმენტაცია – რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.“ ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას თან უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით. იმისათვის, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ განახორციელოს სარეგისტრაციო წარმოება, უნდა არსებობდეს სარეგისტრაციო დოკუმენტი, ანუ სამართლებრივი აქტი, რომელიც „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის შესაბამისად, უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით ...) საქართველოს შ.ს. სამინისტროს საკუთრების უფლება დაარეგისტრირა 2008 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს, ანუ 2008 წლის სექტემბერში მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენდა სამართლებრივ აქტს, რომელიც უშუალოდ წარმოშობდა რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

2008 წლის სექტემბერში, ანუ უძრავი ნივთის რეგისტრაციის დროს მოქმედი „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, თუ არ არსებობს სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის ან სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნიშნავს უძრავ ნივთებზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის შესახებ მონაცემების აღრიცხვას შესაბამის რეესტრში.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს არ წარმოადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის - 2008 წლის 17 სექტემბერს დ. ყ-სა და საქართველოს შ.ს. სამინისტროს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ამიტომ ამ ხელშეკრულების კანონიერების შემოწმება სასამართლო მსჯელობის საგანი ვერ გახდება. სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს საქართველოს შ.ს სამინისტროს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე, ამიტომ 2008 წლის 17 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე, რომლის საკადასტრო ნომერია ..., შ.ს. სამინისტროს საკუთრების უფლების რეგისტრაციის ჩანაწერი არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, თვითმმართველი ერთეულის ქონებას განეკუთვნება ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თვითმმართველი ერთეულის ქონება იყოფა ორ კატეგორიად -ძირითად (განუსხვისებელ) და დამატებით ქონებად. ხოლო ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, დამატებითი ქონება არის თვითმმართველი ერთეულის ქონება, რომელიც არ არის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების ნაწილი და რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესახებ კანონის საფუძველზე, ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემა; ამავე კანონის მე-6 მუხლით, თვითმმართველ ერთეულს ქონებას საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლით, სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტირირდება თვითმართველი ერთეულის საკუთრებად.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ წარმოადგენს თვითმართველი ერთეულის - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც საკმარისი საფუძველია უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის. შესაბამისად, 2009 წლის 2 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე ნივთზე, რომლის საკადასტრო ნომერია 54.11.52.020, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტების გამოცემისას მოპასუხე მხარის მიერ ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთი დარღვევასა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის ისეთ არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც არ არსებობს სადავო აქტების ბათილობის საფუძვლები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ვ. თ-ის სახელზე სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულების საფუძველი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. თ-მა, რომელმაც გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ვ. თ-მა მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სრულად, მათ შორის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში; აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლეს წარმოადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 17 სექტემბრის სარეგისტრაციო ჩანაწერი ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულება; ძალადაკარგულად გამოცხადდა ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე ნივთზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ; ხოლო სასარჩელო მოთხოვნა ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების, სადავო ურთიერთობისთვის კანონის ნორმის არასწორი შეფარდების საფუძველზე, რაც იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ვ. თ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (№100146100, 19/02/2010წ. ნოტარიუსი ზ. ჩ-ი) თანახმად, ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი თ. თ-ის გარდაცვლილი მეუღლის ვ. თ-ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მიიღო კანონისმიერმა მემკვიდრემ ვ. თ-მა. სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა არის მთელი უძრავი ქონება ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 0.25 კვ.მ და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 ივნისის N882010594532-04 გადაწყვეტილებით, ვ. თ-ს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ ნივთზე წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარეგისტრაციო მასალებში წარმოდგენილია რუსეთის ფედერაციაში, ქ. ვლადიკავკაზში გაცემული 2008 წლის 10 სექტემბრის N15-01/282842 მინდობილობა, რომელიც არ არის თარგმნილი ქართულ ენაზე. აღნიშნული მინდობილობის თანახმად, ი. თ-მა (მოსარჩელის განმარტებით, ი. თ-ი არის მოსარჩელის ძმა), დ. ყ-ს მისცა უფლება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონის სოფ. .... საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული 2008 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ. ყ-მა გაყიდა, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (წარმომადგენელი გ. ჩ-ი) იყიდა ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ....

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ლაგოდეხის არქივის 2010 წლის 3 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... სასოფლო საბჭოს 1992-1996 წლების საკომლო წიგნში აღნიშნულია თ-ი ვლ. ი. ძე ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად, მისი კომლის შემადგენლობაში შედიან თ-ი ვლ. ი. ძე - ოჯახის უფროსი, გარდაიცვალა 1997 წელს, თ-ი თ. - ცოლი. აღნიშნულ კომლზე დარიცხულია 0.25ჰა მიწის ფართობი, სახლის საერთო ფართი არ არის მინიშნებული.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 26 ნოემბრის N182836 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N237 ბრძანებულების საფუძველზე ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის დროს, ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... არ დარეგისტრირებულა. აღნიშნული საკადასტრო კოდი მინიჭებული იქნა ქართულ-გერმანული (KFW)-ის პროექტის მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების დროს. აღნიშნული პროექტით შესრულებული სამუშაოები საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ნაკვეთი საკადასტრო კოდით 54.11.50.021 დარეგისტრირდა 2008 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 3 დეკემბრის N186512 წერილით სასამართლოს ეცნობა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N237 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის დროს ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... არ დარეგისტრირებულა. აღნიშნული საკადასტრო კოდი მინიჭებული იქნა ქართულ-გერმანული (KFW)-ის პროექტის მიერ ჩატარებული აზომვითი სამუშაოების დროს, რომლის მიხედვით ნაკვეთის მესაკუთრეების არიან თ-ი ვლ. და თ-ი თ.. აღნიშნული პროექტით შესრულებული სამუშაოები საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დარეგისტრირდა 2008 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ, თუ: უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობა, მათში ცვლილება და მათი შეწყვეტა, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობა და მასში ცვლილება არ ექვემდებარება რეგისტრაციას; უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება, ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გამორიცხავს იმავე უძრავ ნივთზე სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციას; უძრავი ნივთი განიკარგა, ხოლო ყადაღა ან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა დაიდო არაუფლებამოსილი პირის ან პირების გარიგების ან არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაცის შესახებ“ ინსტრუქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში 2008 წლის 17 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე აღრიცხული უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია ..., ასევე საჯარო რეესტრში 2009 წლის 24 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე აღრიცხული ქონება, რომლის საკადასტრო კოდია ... და ქართულ-გერმანული პროექტის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების ინფორმაცია, საკადასტრო კოდით ..., არის ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე ერთი და იგივე უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს მოცემული დავის საგანს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლაგოდეხის არქივის 2010 წლის 3 თებერვლის საარქივო ცნობის თანახმად, ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... სასოფლო საბჭოს 1992-1996 წლების საკომლო წიგნში აღნიშნულია თ-ი ვლ. ი. ძე ცალკე კომლად და ოჯახის უფროსად, მისი კომლის შემადგენლობაში შედის თ-ი თ. - ცოლი. ვ. თ-ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა გარდაცვლილი თ. თ-ის გარდაცვლილი მეუღლის ვლ. თ-ის სამკვიდრო ქონებაზე, რომელიც მიიღო კანონისმიერმა მემკვიდრემ ვ. თ-მა. სამკვიდრო ქონება, რომელზედაც გაიცა სამკვიდრო მოწმობა არის მთელი უძრავი ქონება ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართით 0.25 კვ.მ და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი. ასევე, ქართულ-გერმანული პროექტის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების ინფორმაციის მიხედვით, სადავო ქონების მესაკუთრეები არიან თ-ი ვ. და თ-ი თ..

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურმა ისე განახორციელა სადავო ქონებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რომ არ მომხდარა უძრავი ქონების მესაკუთრის იდენტიფიკაცია. კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურმა არ დაადგინა, წარმოადგენდა თუ არა ი. თ-ი სადავო უძრავი ქონების განკარგვაზე უფლებამოსილ პირს. ამასთან, სადავო საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ სარეგისტრაციო მასალებში მოიპოვება 2008 წლის 10 სექტემბრის N15-01/282842 მინდობილობა, რომლის თანახმად, ი. თ-მა დ. ყ-ს მისცა უფლება განეკარგა მის საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი, მდებარე ლაგოდეხის რაიონის სოფ. .... აღნიშნული დოკუმენტი კანონით გათვალისწინებული ფორმით არ არის წარმოდგენილი სარეგისტრაციო მასალებში.

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის ქონება იქმნება ადგილობრივი თვითმმართვლობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შესახებ კანონის საფუძველზე, ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემა; ამავე კანონის მე-6 მუხლით, თვითმმართველ ერთეულს ქონებას საკუთრებაში გადასცემს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლით, სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის გადაცემული ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას; დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ვ. თ-მა პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას დააზუსტა სარჩელი და სხვა მოთხოვნებთან ერთად საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელზედაც როგორც დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე, რაიონულ სასამართლოს არ უმსჯელია.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, როგორც სახელმწიფო ქონება, საკუთრებაში გადაეცა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე სადავო უძრავი ქონება, რომელიც განიკარგა არაუფლებამოსილი პირის მიერ. კერძოდ, სადავო უძრავი ნივთი განიკარგა არაუფლებამოსილ პირთან დადებული გარიგების საფუძველზე. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, სადავო უძრავი ქონება დარეგისტრირდა შსს საკუთრებად ისეთი უფლების დამდგენი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც არ წარმოშობდა უფლების რეგისტრაციას და სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველს.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით, სადავო უძრავი ქონების თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის პირობებში, საჯარო რეესტრში 2009 წლის 24 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელზე სადავო ქონების სარეგისტრაციო ჩანაწერი, (უძრავი ნივთის საკადასტრო კოდი ...) უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს (მოსარჩელე) კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 ივნისის N882010594532-4 გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ვ. თ-ის სარეგისტრაციო განცხადება სადავო უძრავ ქონებაზე უფლების რეგისტრაციის თაობაზე, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისათვის, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის განხორციელების დავალების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოს წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ვ. თ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე ცნო ბათილად ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ 2008 წლის 17 სექტემბრის სარეგისრტაციო ჩანაწერი, რომ რეგისტრაციის საფუძველი დ. ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება კვლავ ძალაშია. კასატორის მითითებით, სახელმწიფომ კანონის შესაბამისად განკარგა კუთვნილი ქონება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2014 წლის 8 მაისს, 12:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 5 მაისს ვ. თ-მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლითაც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოითხოვა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით ვ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტზე. ვ. თ-ს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის №800 ბრძანებით დამტკიცებული „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლის შესაბამისად, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად მიეცა ვადა 30 კალენდარული დღე. მასვე განემარტა, რომ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა (ტ. I, ს.ფ. 20). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 23 ივნისის N882010594532-04 გადაწყვეტილებით ვ. თ-ს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უარი ეთქვა საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე, ვინაიდან, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების საგანზე რეგისტრირებულია სხვა უფლება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნულ უძრავ ნივთზე წარდგენილი უფლების რეგისტრაციას (ტ. I, ს.ფ. 104).

საქმის მასალებში წარმოდგენილი 2009 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის №21 ხელშეკრულებით დგინდება, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... დ. ყ-მა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიჰყიდა (ტ. I, ს.ფ. 53-54). მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე აღირიცხა (ტ. I, ს.ფ. 60). ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა უძრავი ქონება, როგორც დამატებითი ქონება, მათ შორის ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით ... (ტ. I, ს.ფ. 61-67).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საჯარო რეესტრის 2009 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერზე, რომლის თანახმად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთრების უფლებით ერიცხება ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე 3561.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, საკადასტრო კოდით .... უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2009 წლის 2 მარტს დამოწმებული ხელშეკრულება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ. I, ს.ფ. 68).

ამასთან, ფონის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 4 თებერვლის ცნობის თანახმად, ვ. ი. ძე თ-ის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საკომლო ჩანაწერების მონაცემების მიხედვით არის 3561 კვ.მ., ზონა – ..., სექტორი – ..., კვარტალი – ..., ნაკვეთის ნომერი – ... (ტ. I, ს.ფ. 18). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 23 ივნისის ცნობით დასტურდება, რომ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით ... მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდირება, რომელიც რეგისტრაციის დროს იქნა გამოყენებული, კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში გადაცემისას – კოდი ..., ხოლო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტზე გადაცემის შემდეგ – კოდი ... (ტ. I, ს.ფ. 42). ამდენად, საუბარია ერთი და იგივე უძრავ ქონებაზე, რომელიც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებას წარმოადგენს. ხოლო ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2010 წლის 15 თებერვლის ცნობის თანახმად, სოფ. ... საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით თ-ი ვლ. ი. ძე - კომლის უფროსი გარდაიცვალა 1997 წელს, მეუღლე თ. ს. ასული თ-ი გარდაიცვალა 1999 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ ბინაში ფიზიკურად ცხოვრობს მათი შვილი ვ. ვლ. ძე თ-ი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 17 სექტემბრის სარეგისტრაციო ჩანაწერი ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავ ნივთზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დადებული 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულება და ძალადაკარგულად გამოცხადდა ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 2 მარტის სარეგისტრაციო ჩანაწერი ლაგოდეხის რაიონის სოფ. ... მდებარე ნივთზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, იმ მოტივით, რომ სადავო უძრავი ქონება არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა განკარგული.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მოტივაციას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს დადებული ხელშეკრულების და სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პირობებში, როდესაც ძალაშია სადავო უძრავ ქონებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი – დ. ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის №21 ხელშეკრულება. საკასაციო სასამართლოს მითითებით, რეგისტრაციის გაუქმების საკანონმდებლო საფუძვლებს განსაზღვრავს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლი, რომლის თანახმად, რეგისტრაცია ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს, თუ: წარმოდგენილია სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უფლების გადასვლის ან/და შეწყვეტის ფაქტს; ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის საფუძვლად არსებული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი; ძალადაკარგულად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; ამოიწურა უფლების მოქმედების განსაზღვრული ვადა; არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები; ხოლო რეგისტრაცია ბათილად ან არარად უნდა გამოცხადდეს, თუ: ბათილად ან არარად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება; წარმოდგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული აქტი, რომელიც ადასტურებს რეგისტრაციის ბათილად ან არარად ცნობის ფაქტს; არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესზე, რომელიც რეგისტრაციის გაუქმების გასაჩივრების შესაძლებლობას მხოლოდ ამ გაუქმების საფუძველთან ერთად ითვალისწინებს. შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმების წინაპირობას მისი განხორციელების საფუძვლების გაუქმება წარმოადგენს. ამასთან, მართალია, ვ. თ-მა საკუთარი უფლებების რეალიზაციის მიზნით სადავო ჩანაწერებთან ერთად ასევე გაასაჩივრა დ. ყ-სა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2008 წლის 17 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის №21 ხელშეკრულება, მაგრამ ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ვ. თ-ის სარჩელი, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს, დ. ყ-ის და ი. თ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, დარჩა განუხილველი; ხოლო განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რაც გამორიცხავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომელიც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი მოტივაციით ფაქტობრივად შეეხო ძალაში მყოფი ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელზე 2009 წლის 17 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის №21 ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის, 2009 წლის 2 მარტს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა და ლაგოდეხის სარეგისტრაციო სამსახურისთვის, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, ვ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება წარმოადგენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 4 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს შორის 2009 წლის 2 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში ჩაება (რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფლებამონაცვლეა). შესაბამისად, განსახილველ საქმეში მონაწილე ადმინისტრაციულ ორგანოებს, თითოეულს ცალ-ცალკე, კონკრეტული ინტერესი გააჩნიათ მოცემული საქმის მიმართ. თავის მხრივ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მის მიერ განხორცილებული ქმედების - 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება, ხოლო დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასაჩივრა, კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში და მოკლებულია შესაძლებლობას მსჯელობა იქონიოს სადავო უძრავ ქონებაზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმების საფუძვლიანობაზე.

ამდენად, კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საქმეზე მოპასუხეს მხოლოდ 2009 წლის 2 მარტის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში წარმოადგენს და სადავო სამართალურთიერთობაში მისი იურიდიული ინტერესი აღნიშნული ხელშეკრულების კანონიერების მტკიცებაა. ხოლო იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარეგისტრაციო ჩანაწერების გაუქმების ნაწილში სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ გასაჩივრებულა და საკასაციო სასამართლო მხოლოდ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში მსჯელობს, კასატორს სადავო უძრავი ქონებისა და საქმის საბოლოო შედეგის მიმართ იურიდიული ინტერესი არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მას საკუთრების უფლება გაუუქმდა. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უშუალოდ გამგეობის ინტერესებს შეეხება, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის წარდგენის იურიდიული ინტერესი, რაც ასევე ზეგავლენას მოახდენდა საქმის საბოლოო შედეგზე, სწორედ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში კი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის განხილვა გავლენას ვერ იქონიებს საქმის საბოლოო შედეგზე. აღნიშნული კი გამორიცხავს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის იურიდიული ინტერესის არსებობას საქმის საბოლოო შედეგის მიმართ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ლ. მურუსიძე