საქმე #ბს-121-118(კ-14) 29 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. ჩ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირის - ვ. პ-ის მონაწილეობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. ჩ-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 11 დეკემბრის №90 საკუთრების უფლების მოწმობის, №7/2-469 ბრძანებისა და 1992 წლის 14 დეკემბრის №109 ორდერის, ასევე სარეგისტრაციო ჩანაწერის საკადასტრო კოდით №... და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 06 ივნისის №95445 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-13; ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - თელაცის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 73-80; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლს საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ვ. პ-ი (იხ. ს.ფ. 94; ტ.1).
თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ ს.ფ. 164-171; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 180-190; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 13-19; ტ.2).
სააპელაციო შესაგებლით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ასევე მესამე პირმა - ვ. პ-მაც (იხ. ს.ფ. 25-31; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 11 დეკემბრის N7/2-469 ბრძანება, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 11 დეკემბრის N90 საკუთრების უფლების მოწმობა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში; დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას ნ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 63-74; ტ.2.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ვ. პ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა(იხ. ს.ფ. 81-88; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განჩინებით ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 111-112; ტ.2).
წერილობითი მოსაზრებით ნ. ჩ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 125-130; ტ.2).
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თელავის სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმაც (იხ. ს.ფ. 145; ტ.2)
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრებით ვ. პ-მა მოითხოვა მისი საკასაციოს საჩივრს დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 146-148; ტ.2)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ვ. პ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ვ. პ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. პ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. პ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ვ. პ-ს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე ნ. ჩ-ის მიერ 2014 წლის 21 მარტის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარი) 70%, _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე