Facebook Twitter

საქმე ბს-127-124 (კს-14) 28 აპრილი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ო. ა-ი

მოწინააღმდეგე მხარეები - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახური, რ. ა-ა

დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 1 აგვისტოს ო. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოპასუხის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურისა და რ. ა-ას მიმართ. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის №882010687305.13 გადაწყვეტილების, ,,რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ’’ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №882011354135439.03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის - ო. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვის თაობაზე მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1984 წელს გამოეყო მამის - ჰ. ა-ის კომლს. მამის კომლის ქონებიდან გადაეცა საცხოვრებელი სახლის ნაწილი და მიწის ნაკვეთი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ... . 2011 წლის 22 ივლისს განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, როგორც კომლისგან განცალკევებულ წევრზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზედაც ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის №882011354139.03 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების ობიექტზე რეგისტრირებული იყო სხვა უფლება, კერძოდ, უძრავ ქონებაზე, რომლის საკუთრების უფლების რეგისტრაციაც მან მოითხოვა, რეგისტრირებული იყო რ. ა-ას (ძმის შვილი) სახელზე, რაც გამორიცხავდა მის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას. მოსარჩელის განმარტებით, უძრავი ქონება ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არასწორად იყო რეგისტრირებული რ. ა-ას სახელზე, ვინაიდან საჯარო რეესტრის მიერ გარდა რ. ა-ას წილისა დარეგისტრირდა მისი წილიც. ამასთან, მოსარჩელის მტკიცებით, რ. ა-ა ერთდროულად იყო რამოდენიმე კომლის წევრი.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 15 თბერვლის გადაწყვეტილებით ო. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ო. ა-ის მამას - ჰ. ა-ს სარგებლობაში გამოეყო 0.28 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე ბოლნისის რაიონის, სოფ. .... მიწის ნაკვეთი, რომლის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზეც გადაეცა ჰ. ა-ს სისტემური რეგისტრაციის შედეგად დარეგისტრირდა ჰ. ა-ის კომლის საკუთრებად 2000 წლის 2 თებერვალს და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი №.... ჰ. ა-ის კომლში, რომელიც წარმოადგენდა საკომლეურნეო კომლს, 1986-1995 წლის საკომლო წიგნის მონაცემებით კომლის წევრებად ირიცხებოდნენ: თავად - ჰ. ა-ი, შვილი - ა. ა-ი და შვილიშვილები - ლ. და რ. ა-ები. ჰ. ა-ი გარდაიცვალა 1999 წლის 5 ოქტომბერს. ა. ა-ი გარდაიცვალა 2007 წლის 21 ივნისს. მიწის ნაკვეთზე №... რ. ა-ას განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრის ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ დარეგისტრირდა რ. ა-ას საკუთრების უფლება და მიწის ნაკვეთს მიენიჭა სხვა საკადასტრო კოდი. ო. ა-ი არის ჰ. ა-ის შვილი და იგი 1985 წლიდან არ ირიცხებოდა ჰ. ა-ის კომლის წევრად. იგი მამის კომლს გამოეყო 1985 წლის 22 თებერვლიდან. ო. ა-ი საქართველოს მოქალაქე არ არის 1987 წლიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ო. ა-ს, როგორც ცალკე კომლს, სადავო უძრავი ქონება არ ერიცხებოდა. ჰ. ა-ს სადავო მიწის ნაკვეთი მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად გადაეცა მას შემდეგ, რაც ო. ა-ი გამოეყო მამის კომლს. ო. ა-ისთვის №882010687305 გადაწყვეტილების თაობაზე ცნობილი გახდა 2010 წლის 2 სექტემბერს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანების მე-14 მუხლის 31-ე პუნქტით, სამოქალაქო კოდექსის 1964 წლის რედაქციით კომლის ინსტიტუტი საქართველოში არსებობდა 1993 წლამდე. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ერთობლივად, საერთო ძალებით, აწარმოებდნენ მეურნეობას და კომლის ქონების თანამესაკუთრეებს წარმოადგენდნენ. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 122-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას მისი წევრების თანასაკუთრებად აღიარებდა. იმავე კოდექსის 125-ე მუხლით კი, კომლის თითოეულ წევრს თანაბარი ქონება ეკუთვნოდა, განურჩევლად ასაკისა და შრომისუნარიანობის.

საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, ასევე სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან გაუქმდა კოლმეურნეობა, რამაც თვის მხრივ გამოიწვია საკოლმეურნეო კომლის არსებობის შეწყვეტა, შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს, კომლის წევრთა საერთო საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს კომლის ქონებას და თანაბარ წილად არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საარქივო ცნობის თანახმად, ჰ. ა-ის კომლის წევრებად მასთან ერთად ირიცხებოდნენ ა. ა-ი, რ. და ლ. ა-ები. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ „საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №14 ბრძანების მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული საარქივო დოკუმენტი მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი შეამოწმოს მისი კანონიერების საკითხი, რის გამოც სასამართლომ კომლის ქონების ერთ-ერთ თანამესაკუთრედ რ. ა-ა მიიჩნია.

სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე, ან მიიღო სამკვიდრო ქონება, როგორც მემკვიდრემ.

ამასთან, სასამართლოს მოსაზრებით, აქტის ბათილობის შესახებ მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან, დადგენილია, რომ სადავო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ო. ა-ისათვის ცნობილი გახდა ჯერ კიდევ ბოლნისის რაიონულ პროკურატურაში განცხადების წარდგენის პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის 2 სექტემბრამდე. მოსარჩელემ კი, აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, სასამართლოს მიმართა მხოლოდ 2011 წლის 1 აგვისტოს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ო. ა-მა გაასაჩივრა, რომელმაც ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის განჩინებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 15 მაისის განჩინება საკასაციო წესით ო. ა-მა გაასაჩივრა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 26 თებერვლის განჩინებით ო. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 15 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ო. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და ო. ა-ის სარჩელზე, მოპასუხეების-რ. ა-ას და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის N882010687305.13 და 2011 წლის 28 ივნისის N882011354139.03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის და უძრავი ქონების ო. ა-ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცვის თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები, ვინაიდან სარჩელი არ აკმაყოფილებს ასკ-ის 22-ე-24-ე მუხლებით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებს.

სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ო. ა-ის მამა-ჰ. ა-ი, იყო საკოლმეურნეო კომლის, ოჯახის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდა თავად მოსარჩელე, მოსარჩელის დედა-ს. ა-ა, და -სა. ა-ა, ძმა-ა. ა-ი და მეორე და-ნ. ა-ა.

1998 წელს, მოსარჩელე გამოეყო მამის კომლს და ცალკე კომლად დადგა აღრიცხვაზე. ბოლნისის რაიონული სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს თანამშრომელთა და მისი კომლის წევრების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შედგა გაყოფის აქტი, რაც დამტკიცდა ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის N2 ოქმით, რომლის საფუძველზეც მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, სახლის მე-2 სართულზე, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი დასავლეთის მხარეს და მიწის ნაკვეთი.

მამის კომლიდან, ასევე ცალკე კომლად გამოეყო ო. ა-ის ძმა ა. ა-ი ოჯახთან ერთად და დარეგისტრირდა საკომლო წიგნში. 1995 წლის 28 სექტემბრის N66 მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ჰ. ა-ს (მოსარჩელის მამას) სარგებლობაში გამოეყო ბოლნისის რ/ნ, სოფ. ... 0,28 ჰ მიწი ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი, 2000 წლის 2 თებერვალს, დარეგისტრირდა ჰ. ა-ის ოჯახის (კომლის) საკუთრებად და მიენიჭა სარეგისტრაციო კოდი N....

1996 წლის 27 მაისის მიწის მიღება-ჩაბარების აქტით N171 ა. ა-ს გადაეცა მიწის ნაკვეთი 0.21 ჰა ბოლნისის რ/ნ, სოფ. .... მითითებული მიწის მირება-ჩაბარების აქტით გადაცემული მიწის ნაკვეთი, 2000 წლის 6 ივნისს, დარეგისტრირდა ა. ა-ის ოჯახის საკუთრებად.

ჰ. ა-ი გარდაიცვალა 1999 წლის 5 ოქტომბერს, ა-ა ა-ი გარდაიცვალა 2007 წლის 21 ივნისს, ხოლო ნ. ა-ა გარდაიცვალა 2009 წლის 1 ნოემბერს.

2010 წლის 9 ივნისს, რ. ა-ამ, განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა 2000 წლის 2 ნოემბრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც დარეგისტრირებული იყო ჰ. ა-ის საკუთრების უფლება, ბოლნისის რ/ნ სოფ. ..., მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი N... ცვლილებების შეტანა, განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის ქვითარი, ჰასან და ა. ა-ის გარდაცვალების მოწმობების დამოწმებული ასლები, ლ. ა-ას განცხადება ნოტარიულად დამოწმებული მასზედ, რომ იგი თანახმაა ჰ. ა-ის ქონება მიიღოს რ. ა-ამ, ასევე ცნობა ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობის შესახებ. გაცემული ბოლნისის არქივის მიერ, სადაც კომლის წევრებად აღრიცხულნი იყვნენ ჰ. ა-ი (გარდაცვლილი), ა. ა-ი (გარდაცვლილი), რ. ა-ა და ლ. ა-ა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი 2010 წლის 6 ივლისის განცხადებით რ. ა-ამ ასევე მოითხოვა მამის ა. ა-ას საკუთრების რეგისტრაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, განცხადებას ერთვოდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მომსახურების საფასურის ქვითარი, ცნობა ოჯახის შემადგენლობაზე, რომლის შესაბამისად, ა. ა-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი შედგებოდა: შვილი-რ. ა-ი, შვილი-ლ. ა-ა, ა. ა-ის გარდაცვალების მოწმობა, ლ. ა-ას განცხადება ნოტარიულად დამოწმებული მასზედ, რომ იგი თანახმაა მამის-ა. ა-ის ქონება მიიღოს რ. ა-ამ, ამონაწერი საკომლო წიგნიდან.

2011 წლის 22 ივლისს, ო. ა-მა განცხადებით მიმართა ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა, როგორც კომლისგან გამოყოფილ წევრზე, საკუთრების უფლების რეგისტრაცია, რაზეც ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 28 ივლისის N882011354139.03 გადაწყვეტილებით ეთქვა უარი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს- ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონობას აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკანონოდ მოხდა რ. ა-ას საკუთრებად ჰ. ა-ის საკუთრებაში არსებული ქონების დარეგისტრირება. მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული რეგისტრაციით რ. ა-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა არა მარტო რ. ა-ას საკუთრებაში არსებული ქონება, არამედ მის საკუთრებაში არსებული ქონებაც. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო რეგისტრაციით ცვლილება შევიდა ჰ. ა-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერში.სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ო. ა-ს, მამის ჰ. ა-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდია, რაც გულისხმობდა იმას, რომ სადავო რეგისტრაციის გაუქმებით აღდგებოდა მამის-ჰ. ა-ის სახელზე არსებული პირველადი რეგისტრაცია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტი მხარე რ. ა-ას სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ, კანონიერი უფლების და ინტერესის არსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მამის-ჰ. ა-ის სახელზე რეგისტრაციის აღდგენით, მას ეძლევა უფლება სადავო ქონება მიიღოს მემკვიდრეობით.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მიერ სადავო რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ მამის ქონების მემკვიდრეობით მიღების საფუძვლით კანონიერი უფლების და ინტერსის არსებობის დასაბუთება და აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ რ. ა-ას სახელზე სადავო რეგისტრაცია არ აბრკოლებს მოსარჩელეს, კანონით დადგენილი საფუძვლებით, სხვა სამართალწარმოების წესით, სადავო უძრავ ქონებაზე, როგორც მემკვიდრემ, იდავოს სამკვიდროს მიღების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3-ე მუხლზე და განმარტა, რომ ბოლნისის რაიონული პროკურატურიდან სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ ო. ა-ის განცხადებას ერთვოდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ 2010 წლის 14 ივლისს მიღებული სადავო აქტი, რომლის საფუძველზეც სადავო ქონების რეგისტრაცია განხორციელდა რ. ა-ის სახელზე, აღნიშნული კი მიუთითებს იმაზე, რომ 2010 წლის 1 სექტემბრისათვის ო. ა-ისათვის უკვე ცნობილი იყო სადავო აქტის შესახებ, სარჩელი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2011 წლის 1 აგვისტოს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3-ე მუხლით გათვალისწინებული აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ო. ა-მა, კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება არის უკანონო, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: მოსარჩელე ო. ა-მა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურს უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის მიმართა, რასთან დაკავშირებითაც იმავე სამსახურის 28.07 2011 წ. N882011354139-03 გადაწყვეტილებით უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რაც ამ უკანასკნელმა გაასაჩივრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში იმავე წლის 1 აგვისტოს, ანუ კანონით გათვალისწინებული გასაჩივრებისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით. ო. ა-ს ამ რეგისტრაციასთან დაკავშირებით გააჩნდა კანონიერი ინტერესი, ვინაიდან უძრავი ქონება წარმოადგენდა მისი გარდაცვლილი მამის ქონებას, რაც მას როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს უნდა მიეღო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ო. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღძრული სარჩელი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის პირობებს. აღნიშნული კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს მოსარჩელის უფლებისათვის, ინტერესისათვის ზიანის მიყენება ან რაიმე უფლების უკანონო შეზღუდვა. მხოლოდ აღნიშნული პირობების არსებობის შემთხვევაში შეუძლია მოსარჩლეს მოითხოვოს საქმის განხილვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე შეზღუდდული ან სადავოდ ქცეული უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზნით. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება მხოლოდ პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის რეალურ საჭიროებას. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობასთან ერთად პირს უნდა გააჩნდეს იურიდიული, ლეგიტიმური, პატივსადები ინტერესი მის მიერ აღძრული სარჩელის გადაწყვეტისადმი, რაც სარჩელის დასაშვებობის პირობას წარმოადგენს. ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს მხოლოდ სასამართლო, სასამართლო ამ საკუთხთან დაკავშირებით ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და ვარაუდს.სარჩელის აღძვრა თავისთავად არ ადასტურებს პირის ინტერესის არსებობას, სარჩელი შეიძლება აღიძრას რეალურად დაინტერესებული პირის სახელით. დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ან უნდა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესებზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან რეალაქტი (სზაკ-ის 2.1 მუხ. ,,ბ’’ ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ო. ა-ის კანონიერ უფლებას არ ადგება პირდაპირი და უშუალო ზიანი, კერძო საჩივრის ავტორი კერძო საჩივარში სადავო რეგისტრაციასთან დაკავშირებით თავის კანონიერ ინტერესს ასაბუთებს იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს მისი გარდაცვლილი მამის ქონებას, რაც მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს მემკვიდრეობით უნდა მიეღო. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მოტივი არ ადასტურებს სადავო აქტების ბათილად ცნობისადმი კანონიერი ინტერესის არსებობას, ვინაიდან ო. ა-ის მამა-ჰ. ა-ი იყო საკოლმეურნეო კომლის, ოჯახის უფროსი, საქმის მასალებში დაცული ჰ. ა-ის კომლის შემადგენლობის შესახებ ცნობით, გაცემული ბოლნისის არქივის მიერ, დასტურდება, რომ კომლის წევრად აღრიცხულნი იყვნენ ჰ. ა-ი (გარდაცვლილი), ა. ა-ი (გარდაცვლილი), რ. ა-ა და ლ. ა-ა. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ 1984 წელს მოსარჩელე გამოეყო მამის კომლს და ცალკე კომლად დადგა აღრიცხვაზე და მას ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის N2 ოქმით, მამის კომლიდან გამოეყო საცხოვრებელი სახლის ნაწილი, კერძოდ, სახლის მე-2 სართულზე, 21 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახი დასავლეთის მხარეს და მიწის ნაკვეთი, რაც აისახა საკომლო წიგნში ო. ა-ის სახელზე. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი არ წარმოადგენს მამის კომლის წევრს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქციის მე-14 მუხლის 31-ე პუნქტის შესაბამისად, ნივთზე კომლის საერთო საკუთრების უფლება რეგისტრირდება ისე, რომ რეგისტრირებულ მონაცემებზე თანამესაკუთრედ მიეთითება კომლის ყველა წევრი და კეთდება აღნიშვნა კომლის წევრთა საერთო საკუთრების შესახებ. თუ კომლის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილია ან გასულია კომლიდან, კომლის წევრთა საერთო საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოებს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რეგისტრაციისათვის დადგენილი წესით. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებების საფუძველზე კომლმა შეწყვიტა არსებობა, კომლის ქონება თანაბარ წილში იმ პირთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს, რომლებიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ. საგულისხმოა, რომ კომლის ინსტიტუტის არსებობა და ამ ინსტიტუტის განსხვავებით სამართლებრივ რეჟიმში მოწესრიგება განაპირობა თავად ამ ინსტიტუტთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის სპეციფიკამ, სამეურნეო კომლის წევრები დამხმარე მეურნეობისათვის განკუთვნილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე ერთობლივად, საერთო ძალებით, აწარმოებდნენ მეურნეობას, კომლის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენდა კომლის ყველა შრომისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხმარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი, ამასთან, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსაც და შრომისუუნაროსაც, თანაბარი წილი ეკუთვნოდათ, ყოველივე ამან კი, კომლის წევრთა მიერ შექმნილ უძრავ და მოძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების განსხვავებული რეგულაციის აუცილებლობა განაპირობა. კომლში მემკვიდრეობის საკითხი დღეს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით განსხვავებულათ არის მოწესრიგებული, ამ ნორმის საფუძველზე კომლში კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ. ა-ას საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ჩანაწერი მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... განპირობებული და დეტერმინირებულია კომლის შემადგენლობის შესახებ საქმეში დაცული მტკიცებულებით, სადაც კომლის წევრად აღრიცხულნი იყვნენ ჰ. ა-ი (გარდაცვლილი), ა. ა-ი (გარდაცვლილი), რ. ა-ი და ლ. ა-ა. აღნიშნული საკომლო ჩანაწერი არ გაუქმებულა და არ წარმოადგენს დავის საგანს, მოცემულ საქმეზე სარჩელის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 12 ივლისის N882010687305.13 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, რომლითაც დაკმაყოფილდა რ. ა-ას განცხადება საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ცვლილებებისა და დამატების თაობზე და 2000 წლის 2 ნოემბრის ჰ. ა-ის საკუთრების უფლების რეგისტრირებულ მონაცემებში შეტანილ იქნა ცვლილებები, ბოლნისის რ/ნ სოფ. ..., მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით ... საკუთრების უფლება აღირიცხა კომლის ერთ-ერთ წევრის რ. ა-ის სახელზე. ასევე ო. ა-ისათვის საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ბოლნისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოსარჩელის კომლიდან გასვლა, საქმის მასალებით დადასტურებულ იქნა, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს მამის-ჰ. ა-ის კომლის წევრს, რის გამოც საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რ. ა-ის სახელზე, როგორც კომლის წევრზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიმართ მოსარჩელის კანონით დაცული ინტერესის არსებობას. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ’’ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო. ა-ი საქართველოს მოქალაქე არ არის 1987 წლიდან. საქმის მასალებში არ მოიპოვება ბოლნისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომისიის 1985 წლის 22 თებერვლის N2 ოქმით დამტკიცებული გაყოფის აქტის საფუძველზე ზემოაღნიშნული ნორმების იმპერატიული დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელის საადგილმამულო წიგნში მოსარჩელის საკომლო მეურნეობის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა საკომლო მეურნეობის საადგილმამულო წიგნში სავალდებულო რეგისტრაციის წესს ადგენს იმისათვის, რომ კომლად აღრიცხული პირის საკუთრების უფლება შეძენილად ჩაითვალოს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა მოცემულ საქმესთან მიმართებაში ქმნის დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სადავო რეგისტრაციით ცვლილება შევიდა ჰ. ა-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერში, სადავო რეგისტრაციის გაუქმებით კი აღდგება პირველადი რეგისტრაცია-ჰ. ა-ის საჯარო რეესტრის ჩანაწერში მოსარჩელის მამის ჰ. ა-ის სახელზე განხორციელებული ჩანაწერი. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს აღნიშნული რეგისტრაცია, მასში ცვლილებების შეტანამდე, გაყოფის აქტის შედეგებიდან გამომდინარე, სადავოდ არ გაუხდია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით სასკ-ის 22.2-ე მუხლით გათვალისწინებული პირდაპირი და უშუალო ზიანის მიყენება მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესისათვის ან უფლების უკანონო შეზღუდვა. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის თანახმად საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაუშვებლობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლების გამოვლენისას სასამართლო იღებს საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 262-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე