Facebook Twitter

საქმე #ბს-133-130(2კ-14) 29 აპრილი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ზ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხეების ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ. გ-ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ. ზ-მა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ. გ-ის მიმართ და მოითხოვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 8 იანვრის №9 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობა და მოპასუხისათვის სადავო ნივთის მის სახელზე დარეგისტრირების თაობაზე საკითხის განხილვის დავალება (იხ. ს.ფ. 2-12; ტ.1).

შესაგებლით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 55-61; ტ.1

ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა ლ. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 8 იანვრის №9 ბრძანების მოქმედების შეჩერება საქმის დასრულებამდე (იხ. ს.ფ. 82-83; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. ზ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 8 იანვრის №9 ბრძანების მოქმედება (იხ. ს.ფ. 86-89; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს უნებართვო მშენებლობის ლეგალიზებისა და ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2009 წლის 8 იანვრის №9 ბრძანება (იხ. ს.ფ. 144-152; ტ.1).

მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 162-172; ტ.1; 6-15; ტ.2).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 175-183; ტ.1).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. გ-ემაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 185-194; ტ.1).

სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი წერილობითი შესაგებლებით ლ. ზ-მა მოითხოვა ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 31-38; 42-49; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ზ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 78-89; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ზ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 97-106; ტ.2).

ქ. გ-ემ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო შესაგებლით მოითხოვა ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 136-141; 143-148; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 171-180; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ქ. გ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ლ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება ლ. ზ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ქ. ბორჯომში, ... ქ. №...-ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე (მიწის ნაკვეთის კოდი №...) განხორციელებული უკანონო მიშენების (საცხოვრებელი ფართის 18,7 კვ.მ. და დამხმარე ფართის 23,2 კვ.მ.) ლ. ზ-ის სახელზე დაკანონება (ლეგალიზაცია) (იხ. ს.ფ. 237-251; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 258-264; ტ.2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. გ-ემაც და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 267-276; ტ.2).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 280-281; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებებით ლ. ზ-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 300-306; 308-314; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორების _ ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების - ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2759,55 ლარის) 70%, _ 1931,69 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. გ-ისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე