№ბს-137-134(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს ,,...“;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: შპს ,,...“;
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 11 ივლისის №32153 ბრძანების ბათილად ცნობა;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელის მითითებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 11 ივლისს №32153 ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით, აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურის დავების (მედიაციის) საბჭოში, რომლის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელე არამართებულად მიიჩნევს ზემოაღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მიუთითებს, რომ დაჯარიმების ერთ-ერთ გარემოებად მითითებულია ის ფაქტი, რომ შპს ,,...“ თამაშის წესები განთავსებული არ ჰქონდა იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა, რითაც თითქოს დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, რაც არასწორია, ვინაიდან, შპს ,,...“ სამორინე ,,შ...“ სათამაშო დარბაზში ყოველთვის ხელმისაწვდომია თამაშის წესები ნაბეჭდი სახით, რომელიც ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე წარედგინება ნებისმიერ მოთამაშეს პირველივე მოთხოვნისთანავე. აღნიშნულიდან გამომდინარე ის გარემოება, რომ შპს ,,...“ მიერ დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, უსაფუძვლოა, რაც ასევე გაიზიარა შემოსავლების სამსახურის დავების (მედიაციის) საბჭომაც.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,...“ მიერ ყოველთვის ხორციელდება სათამაშო აპარატების სალონის თამაშის წესებში ცვლილების შეტანა, როცა რეალურად ხორციელდება რაიმე ცვლილება სათამაშო აპარატებზე და აღნიშნული ფაქტი ეცნობება 2 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურს. შესაბამისად, შპს ,,...“ მიერ ყოველთვის დაცულია ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი. შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონში არის ბევრი აპარატი და მოხდა მექანიკური შეცდომა, როდესაც ერთ შემთხვევაში სათამაშო აპარატის გამოშვების წელი და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული წელი 1 წლით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, ხოლო მეორე შემთხვევაში კი შეცდომა იყო მხოლოდ ერთ სათამაშო აპარატზე საქარხნო ნომერში, რაც გამოწვეული იყო სათამაშო აპარატების სიმრავლით და მიზნად არ ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას. ზემოაღნიშნული შეცდომები დაუყოვნებლივ გამოსწორდა და აღნიშნული დარღვევის თაობაზე ინფორმაცია (რეგლამენტი) მიეწოდა შემოსავლების სამსახურს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში.
მოსარჩელის მტკიცებით, იმ დროისათვის, როდესაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ შპს ,,...“ შემოწმება განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, უკვე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სსიპ ,,საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან“ და დარეგისტრირებული იყო ფინანსური მონიტორინგის ვებ-გვერდზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებებით შპს ,,...“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო და ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. ამჯერად, მოსარჩელის მითითებით, იმ დროს როცა დარეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე, შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, ადგილი აქვს ერთი გადაცდომისათვის რამოდენიმეჯერ დაჯარიმებას. გამოსწორებულია, როგორც ფინანსურ მონიტორინგთან კომუნიკაციის საკითხი, ასევე გადახდილი აქვს აღნიშნულისათვის ჯარიმა ორჯერ.
სამართლებრივი: მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლებად მიუთითა საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლი, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 27-ე მუხლი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანება ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ (იხ.ს.ფ. 1-10).
მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2013 წლის 3 ივლისს განხორციელდა შპს ,,...“ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ თამაშის წესები არ იყო განთავსებული იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შემოსავლების მედიაციის საბჭომ, საჩივრის განხილვისას გაიზიარა გადასახდის გადამხდელის პოზიცია, რომ თამაშის წესები განთავსებული იყო იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდება და მისი წარდგენა მოთამაშისათვის პირველი მოთხოვნისთანავე შესაძლებელია, ვინაიდან, შემოწმების აქტში აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება არ დაფიქსირებულა. კერძოდ, ის რომ მოთხოვნისთანავე მითითებული წესების მოთამაშისათვის წარდგენა შეუძლებელია.
შემოწმების დროს ასევე დაფიქსირდა შეუსაბამობები, ერთ შემთხვევაში დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში საქარხნო ნომერთან მიმართებაში ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...“ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებულ მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის. კერძოდ, სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატის ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელია 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებულია 2008, ამასთან, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o. -ის’’ საქარხნო ნომერია ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებულია საქარხნო ნომერი - ....
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და შემოწმების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით მოსარჩელემ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია მიაწოდა 2013 წლის 6 ივნისს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-06/048 გაცემულია შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 21 იანვრის №93/01 ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, მოსარჩელემ ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შესარულა.
ამასთან, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის აპელირება, რომ იგი ერთხელ უკვე დაჯარიმებულ იქნა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №24136 ბრძანებებით, არამართებულია, ვინაიდან, აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19-03/033 ნებართვის მფლობელი პირის მიმართ განხორციელებული შემოწმების შედეგებზე და განსახილველ შემთხვევასთან სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს.
სამართლებრივი: მოპასუხემ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიუთითა, რომ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ,,აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილების შემთხვევაში – ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს“, ის გარემოება, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონის ,,შ…“ მოწყობის პირობების (რეგლამენტი) პირველი მუხლის თანახმად: ,,საზოგადოება .. წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად, მართავს და ორგანიზებას უწევს სათამაშო აპარატების სალონს და ატარებს აზარტულ თამაშებს სათამაშო აპარატების სალონის (...) ორგანიზების თაობაზე ნებართვის საფუძველზე და მისი მიღების შემდეგ მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე რეგლამენტის შესაბამისად“ და მითითებული რეგლამენტის მე-3 მუხლის თანახმად კი, სალონში განთავსებული უნდა ჰქონდეს სათამაშო აპარატი ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელი 2008 და სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o. -ის’’ საქარხნო ნომერი - ... შემოწმებისას კი დადგინდა, რომ ,,სუპერ V+გეიმინატორი 54’’-ის დამზადების წელია 2007, ხოლო სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერია - ..., აღნიშნული მოპასუხის განმარტებით, თუნდაც, მექანიკურ შეცდომად ჩაითვალოს, ფაქტია, მოცემული შეუსაბამობები ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმათა უგულებელყოფაა, რისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები.
მოპასუხემ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის წარუდგენლობისათვის სანქციის სახით თანხის დაკისრება მოხდა არაერთხელ (თუნდაც ორჯერ) და განმარტა, რომ ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1010 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისიტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 და მე-6 მუხლებით დადგენილია, რომ ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მომწყობმა (ორგანიზატორმა) პირებმა და სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისათვის, 2012 წლის 1 აპრილამდე ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით, უნდა უზრუნველყონ შესაბამისი აღრიცხვის ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შემოწმების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 ნებართვის მფლობელი პირის - შპს ,,...“ მიერ აღნიშნული ვალდებულება შესრულდა 2013 წლის 6 ივნისს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-06/048 გაცემულია შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 21 იანვრის №93/01 ბრძანების საფუძველზე, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ შესრულებულა (იხ. ს.ფ. 36-46).
საქმის გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 3 ივლისის №30379 ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 3 ივლისს განხორციელდა შპს ,,...“ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმება, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ თამაშის წესები არ იყო განთავსებული იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი, შემოწმების დროს ასევე გამოვლინდა, რომ მოსარჩელის მიერ ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი იყო 2013 წლის 6 ივნისს, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების შესაბამისი ნორმები. ასევე შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის - ,,შ…“ მოწყობის პირობებისაგან (რეგლამენტი) განსხვავებით, სალონში განთავსებული სათამაშო აპარატის - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელი იყო 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებული იყო 2008, ამასთან, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერი იყო ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებული იყო საქარხნო ნომერი - ....
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტებზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 3 ივლისს შედგა №43 შემოწმების აქტი, ხოლო 2013 წლის 11 ივლისს №32153 ბრძანებით შპს ,,...’’ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით.
ზემოაღნიშნული შპს ,,...’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის მითითებით, საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ გაიზიარა გადასახადის გადამხდელის მითითება, იმის თაობაზე, რომ თამაშის წესები განთავსებული იყო იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა და მისი წარდგენა მოთამაშისათვის მოთხოვნისთანავე შესაძლებელი იყო, ვინაიდან, შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ იყო. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა.
რაც შეეხება შპს,,...“ დაჯარიმებას, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის - ,,შ...“ მოწყობის პირობებისაგან (რეგლამენტი) განსხვავებით, სალონში განთავსებული სათამაშო აპარატის - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელი იყო 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებული იყო 2008, ამასთან, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერი იყო ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებული იყო საქარხნო ნომერი - ..., აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე განმარტავს, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონში არის ბევრი აპარატი, რის გამოც დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა და მიზნად არ ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას.
მოსარჩელე ასევე არ დაეთანხმა დაჯარიმებას, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენის ნაწილში და მიუთითა, რომ შპს ,,...’’ შემოწმება შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და რეგისტრირებული იყოს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებით შპს ,,...“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობისათვის და ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე რეგისტრირებული იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, არამართებულია შემოსავლების სამსახურის მხრიდან მისი დაჯარიმება აღნიშნული საფუძვლით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი: სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 11 ივლისის №32153 ბრძანება და შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შპს ,,...“ მიმართ. მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 87-100).
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:
შპს ,,...“ (ს/ნ ...) წარმოადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის (№1903/048) მფლობელ პირს, რომელიც უფლებამოსილია სანებართვო პირობებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით მოაწყოს სათამაშო აპარატის სალონი.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ თამაშის წესები არ იყო განთავსებული იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი. შემოწმების დროს ასევე გამოვლინდა, რომ შპს ,,...“ მიერ ინფორმაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილია 2013 წლის 6 ივნისს, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების შესაბამისი ნორმები. ასევე შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის - ,,შ...“ მოწყობის პირობებისაგან (რეგლამენტი) განსხვავებით, სალონში განთავსებული სათამაშო აპარატის - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელი იყო 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებული იყო 2008, ამასთან, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერი იყო ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებული იყო საქარხნო ნომერი - ....
ზემოაღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტებზე სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 3 ივლისს შედგა №43 შემოწმების აქტი, ხოლო 2013 წლის 11 ივლისს №32153 ბრძანებით შპს ,,...’’ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით, რაც შპს ,,...’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ გაიზიარა გადასახადის გადამხდელის მითითება, იმის თაობაზე, რომ თამაშის წესები განთავსებული იყო იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა და მისი წარდგენა მოთამაშისათვის მოთხოვნისთანავე შესაძლებელი იყო, ვინაიდან, შემოწმების აქტში აღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ იყო. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, დავის საგანს, ერთი მხრივ, წარმოადგენს ის გარემოება, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონში დაფიქსირებული შეუსაბამობები ერთ შემთხვევაში აპარატის დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში საქარხნო ნომერთან მიმართებაში, ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...’’ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებულ მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის, გამოწვეული იყო თუ არა მექანიკური შეცდომით, როგორც ამას მოარჩელე მიუთითებს წარმოდგენილ სარჩელში ხოლო, მეორე მხრივ, იმის გარკვევა შემოწმების დროს ჰქონდა თუ არა შპს ,,...“ სრულად მოწესრიგებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შემოწმების პერიოდში, მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე, შესაბამისი ანგარიშგების ფორმირების გასაგზავნად და ინფორმაციის წარდგენის კუთხით სრულად მოწესრიგებულია ურთიერთობა შემოსავლების სამსახურთან, მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის საქმიანობაზე, მათ შორის, შესაბამისი ვალდებულების მქონე პირების მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის განმხორციელებელ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც კანონით გათვალისწინებული წესის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დამრღვევი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სასამართლოს განმარტებით, იმავდროულად, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაბართვის მფლობელი პირი, ვალდებულია, დაიცვას ყველა ის ნორმა, რომლითაც უზრუნველყოფილია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირების ხელშეწყობის, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...’’ მოწყობის პირობების (რეგლამენტი) 1-ლი მუხლის შესაბამისად, შპს ,,...“ (შემდგომში საზოგადოება) არის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული საზოგადოება, რომელიც წინამდებარე რეგლამენტით დადგენილი წესების შესაბამისად, მართავს სამორინეს და ატარებს აზარტულ თამაშებს სამორინეს მოწყობის თაობაზე ნებართვის საფუძველზე და მისი მიღების შემდეგ.
შპს ,,...“ მიმართ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-06/048 გაცემულია შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 21 იანვრის №93/01 ბრძანების საფუძველზე, ხოლო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია მიეწოდა 2013 წლის 6 ივნისს. ამასთან, შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...’’ პირობებისაგან (რეგლამენტი) განსხვავებით, სალონში განთავსებული სათამაშო აპარატი - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელია 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებულია 2008, აგრეთვე, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერია ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებულია საქარხნო ნომერი - .... აღნიშნულით დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.
ამასთან, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, კონტროლი დააწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე. ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შემოწმდეს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. კერძოდ, ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი მიუთითებს, რომ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ყველა მოთხოვნის და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისიტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 და მე-61 მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას. კერძოდ, მითითებული აქტის მე-51 მუხლის მიხედვით, ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობმა (ორგანიზატორებმა) პირებმა და სამორინეებმა, რომლებიც ფუნქციონირებენ 2012 წლის 8 თებერვლისთვის, 2012 წლის 1 აპრილამდე ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით დადგენილი წესით, უზრუნველყონ შესაბამისი ფორმის წარდგენა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.
შემოსავლების მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2013 წლის 3 ივლისს განხორციელებული შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 ნებართვის მფლობელი პირის - შპს ,,...“ მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა 2013 წლის 6 ივლისს, მაშინ როდესაც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 გაცემულია 2012 წლის 21 იანვრის №19/01 ბრძანების საფუძველზე, რაც საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ შპს ,,...“ მიერ მითითებული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება დადგენილ ვადაში არ შესრულებულა. აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შედგა შემოწმების აქტი, ხოლო 2013 წლის 11 ივლისს შპს ,,...’’ ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის 371-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაჯარიმდა 1000 ლარით.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შპს ,,...’’ შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა 2013 წლის 3 ივლისს, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და რეგისტრირებული იყო სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე. ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებით შპს ,,...“ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობისათვის და ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე რეგისტრირებული იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე გადაცდომისათვის მოსარჩელის რამდენიმეჯერ დაჯარიმებას.
საქალაქო სასამართლო საგადასახადო კოდექსის 269-ე და 270-ე მუხლების განმარტებებიდან გამომდინარე, მიუთითებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახი ან გაუფრთხილებლობით); გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედგეს შორის, ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. გარდა აღნიშნულისა, კანონმდებლობით განსაზღვრულია ისეთი შემთხვევა, როდესაც პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა, მაგრამ იგი წარმოადგენს შეცდომის შედეგს, ამგვარი გარემოების არსებობის დადასტურების შემთხვევაში კი კანონმდებელი ითვალისწინებს საგადასახადო ორგანოს ან სასამართლოს უფლებამოსილებას, დამრღვევი პირი გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, დავის საგანია ის, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონში დაფიქსირებული შეუსაბამობები ერთ შემთხვევაში - აპარატის დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში - საქარხნო ნომერთან მიმართებაში, ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონი ,,შ...“ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებული მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის გამოწვეული იყო თუ არა მექანიკური შეცდომა, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს, სარჩელში ხოლო, მეორე მხრივ, იმის გარკვევა, შემოწმების დროს ჰქონდა თუ არა შპს ,,...“ სრულად მოწესრიგებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები და მოწოდებული ჰქონდა თუ არა სადავო ინფორმაცია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შემოწმების პერიოდში მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად და ინფორმაციის მიწოდების კუთხით მოწესრიგებული აქვს ურთიერთობა, მოპასუხე შემოსავლების სამსახურს სადავოდ არ გაუხდია. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ფაქტორის გარკვევა კი მნიშვნელოვანია შპს ,,...’’ პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისათვის, რაც შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი განხილვისას.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ არასწორია მოსარჩელის აპელირება, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებების გამოცემით სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაზე განსახილველ საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან, აღნიშნული აქტები გამოცემულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 16 აპრილის №15530 და 2013 წლის 15 მაისის №19-03/033 ნებართვის მფლობელი შპს ,,...’’ მიმართ განხორციელებული შემოწმების შედეგებზე და განსახილველ შემთხვევასთან სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს.
სასამართლოს შეფასებით, რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ სათამაშო აპარატების სალონში დაფიქსირებული შეუსაბამობები ერთ შემთხვევაში სათამაშო აპარატების დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში საქარხნო ნომერთან მიმართებაში ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...’’ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...’’ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებული მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის იყო მექანიკურად დაშვებული შეცდომის შედეგები, თუ მიზნად ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას ან მის შეცდომაში შეყვანას, წარმოდგენილი არ არის. ასევე არ არის წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის ვალდებულება ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მოწოდებაზე არ შესრულდა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია არ მიეწოდა, ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ მიუთითებს მის აქტიურ კომუნიკაციას შემოსავლების სამსახურთან. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული საკითხები საჭიროებდა გამოკვლევას და შესწავლას.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით; ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანებით; ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №61-№1013 ერთობლივი ბრძანებით.
აპელანტი: სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,...’’;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტს ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებული არ აქვს.
სამართლებრივი: აპელანტის მტკიცებით, შპს ,,...“ მითითება, რომ მისი მხრიდან დაცულია ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები და აღნიშნული უზუსტობა გამოწვეული იყო სალონში განთავსებული სათამაშო აპარატების სიმრავლით და მექანიკური შეცდომის დაშვებით, სამართალდარღვევის არარსებობაზე არ მიუთითებს და ჯარიმის დაკისრებისაგან პირის უპირობო გათავისუფლებას არ მოიაზრებს. აპელანტის განმარტებით, სამართალდარღვევა სახეზეა.
აპელანტს მოსაზრებით, როგორც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოწოდებული იფორმაცია და შემოწმების დროს გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებენ, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 ნებართვის მფლობელი პირის - შპს ,,...“ მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა 2013 წლის 6 ივნისს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოწმობა №19-06/048 გაცემულია შემოსავლების სამსახურის 2012 წლის 21 იანვრის №1/01 ბრძანების საფუძველზე. შესაბამისად, სამართალდარღვევა ამ შეთხვევაშიც სახეზეა და პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებაც მართებულია.
აპელანტის განმარტებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დროს ყველა ფაქტობრივი გარემოება და მტკიცებულება იქნა შეფასებული შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს მიერ და გადაწყვეტილება მხოლოდ შემდეგ იქნა მიღებული.
აპელანტს ასევე უკანონოდ მიაჩნია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით, მიუთითა, რომ შპს ,,...“ შემოწმება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან და რეგისტრირებული იყო სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №24136 ბრძანებებით შპს ,,...“ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობისათვის და ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. ამჟამად, როდესაც მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალა1ო სასამართლოს მოსაზრება და მიიჩნია, რომ ადგილი აქვს ერთი და იგივე გადაცდომისათვის მოსარჩელის რამდენჯერმე დაჯარიმებას.
სააპელაციო სასამართლომ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის ანალიზის შედეგად განმარტა, რომ საგადასახადო კანონმდებლობა ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის ითვალისწინებს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობას: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაურთხილებლობით); უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, თუ არ არსებობს კანონით საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მსჯელობა პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.
სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, ერთი მხრივ, დავის საგანია ის, რომ შპს ,,...“ სათამაშო აპარატების სალონში დაფიქსირებული შეუსაბამობები ერთ შემთხვევაში - აპარატის დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში - საქარხნო ნომერთან მიმართებაში, ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონი ,,შ...“ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებული მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის გამოწვეული იყო თუ არა მექანიკური შეცდომა, როგორც ამას მოსარჩელე მიუთითებს სარჩელში, ხოლო, მეორე მხრივ, იმის გარკვევა, შემოწმების დროს ჰქონდა თუ არა შპს ,,...“ სრულად მოწესრიგებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები და მოწოდებული ჰქონდა თუ არა სადავო ინფორმაცია, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შემოწმების პერიოდში მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად და ინფორმაციის მიწოდების კუთხით მოწესრიგებული აქვს ურთიერთობა, მოპასუხე შემოსავლების სამსახურს სადავოდ არ გაუხდია. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულI ფაქტორის გარკვევა კი მნიშვნელოვანია შპს ,,...’’ პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისათვის, რაც შესწავლილი და გამოკვლეული უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელახალი განხილვისას (იხ. ს.ფ. 150-168).
კასატორი: სსიპ შემოსავლების სამსახური;
წარმომადგენელი: ნ. გ-ი;
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,...“;
წარმომადგენელი: გ. დ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური: კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატის მიერ დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე“ და ,,ე1“ ქვეპუნქტები, გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
კასატორის განმარტებით, ის გარემოება, რომ შპს ,,...“ განთავსებულია სათამაშო აპარატი - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54-ის’’ დამზადების წელია 2007, ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტი) მითითებულია 2008, ამასთან, სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.-ის’’ საქარხნო ნომერია ..., ხოლო მოწყობის პირობებში (რეგლამენტში) მითითებულია საქარხნო ნომერი - ..., სადავო არ გამხდარა, მხოლოდ იმაზე მითითება, რომ აღნიშნული გამოწვეულია სალონში განთავსებული სათამაშო აპარატების სიმრავლით, საფუძვლად არ უნდა დაედოს პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
კასატორი ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ“ საქართველოს კანონის 21.2 და 37-ე მუხლების დეფინიციიდან გამომდინარე, აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის დათქმა იმის თაობაზე, რომ პირის მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებისათვის აუცილებელი პირობაა კონკრეტული ქმედება (ან უმოქმედობა) შეიცავდეს შემოსავლების სამსახურის (ან სხვა ორგანოს) შეცდომაში შეყვანის ან რაიმე ინფორმაციის დამალვის მიზანს ან განზრახვას, არ არის. ამდენად, სასამართლოების მითითება იმის თაობაზე, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა მიზანს ემსახურება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შპს ,,...“ მიერ საგადასახადო ორგანოში ინფორმაციის წარუდგენლობა, ამასთან, აღნიშნულის სამართლებრივ დასაბუთებად გამოყენება არამართებულად მიგვაჩნია.
კასატორის მითითებით, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისთვის ერთდროულად რამდენიმე პირობა უნდა არსებობდეს, მათ შორის: უნდა არსებობდეს ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა; ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად (განზრახ ან გაუფთხილებლობით); უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის მტკიცებით, ყველა მითითებული პირობა სახეზეა, რაც გამოიხატება შპს ,,...“ მიერ განხორციელებულ ქმედებაში. (უმოქმედობაში) იმასთან მიმართებაში, რომ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებულ რეგლამენტში შეეტანა შესაბამისი ცვლილებები (ერთ შემთხვევაში, სათამაშო აპარატის დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში, საქარხნო ნომერთან მიმართებაში). ამასთან, აღნიშნული ფაქტი, როგორც მხარე მიუთითებს, არის მათი შეცდომის შედეგი, რაც სწორედ გაუფრთხილებლობითაა გამოწვეული, რასაც შედეგად მოჰყვა კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევა.
რაც შეეხება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის დროულად მიწოდების ფაქტთან დაკავშირებულ ჯარიმას, კასატორის მტკიცებით, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა განხორციელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების ჩატარებამდე, ცალსახად არ მიუთითებს იმაზე, რომ პირის მიერ ვალდებულება შესრულდა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. კასატორის მითითებით, შემოსავლების სამსახურმა ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მტკიცებულების წარდგენის გზით განუმარტა, რომ შპს ,,...“ მიერ 2012 წლის 1 აპრილამდე წარსადგენი ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილ იქნა 2013 წლის 6 ივნისს და ამდენად, ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი ვადის უგულებელყოფა (შეცდომით, განზრახვით თუ გაუფრთხილებლობით) სახეზეა, აღნიშნულს არ უარყოფს არც მოსარჩელე, ამასთან, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს აღნიშნულ სამსახურთან, სრულებით არ მიუთითებს სანებართვო პირობების შესრულებაზე.
კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებები გამოცემულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 16 აპრილის №15530 და 2013 წლის 15 მაისის №20636 ბრძანებების საფუძველზე წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19-03/033 ნებართვის მფლობელი შპს ,,...’’ მიმართ განხორციელებული შემოწმების შედეგებზე და განსახილველ შემთხვევასთან სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს. სააპელაციო პალატა კი ,,იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ,,ადგილი აქვს ერთი და იგივე გადაცდომისათვის მოსარჩელის რამდენიმეჯერ დაჯარიმება’’ (4.2.5.). კასატორის განმარტებით, გაუგებარია რა სამართლებრივ განმარტებას ეფუძნება სააპელაციო სასამართლო, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №91-03/033 ნებართვის და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 ნებართვის მფლობელი პირის გაიგივებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ეს ორი ნებართვა თავისთავად განსხვავებულია, როგორც სახე, ისე ვალდებულებები და მათი შესრულებისათვის დაწესებული სანქციები. სააპელაციო საჩივარში შემოსავლების სამსახური მიუთითებდა, რომ ამ ნაწილში საქალაქო სასამართლოს მოსაზრებებთან დაკავშირებით, პრეტენზია არ გააჩნია და შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ საკითხზე განსხვავებული სამართლებრივი შეფასების დასაბუთებულობა უკანონოდ და არამართებულად მიაჩნია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატა ასევე არასწორად მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობაზე, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო ორგანომ/დავის განმხილველმა ორგანომ გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს პასუხისმგებლობისგან, ერთდროულად უნდა არსებობდეს რამოდენიმე პირობა: ა)გადასახადის გადამხდელი უნდა იყოს კეთილსინდისიერი; ბ) სანქცია გათვალისწინებული უნდა იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და გ) სამართალდარღვევა გამოწვეული უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის კეთილსინდისიერებაში ეჭვი რომ არ შევიტანოთ და ყურადღება არ მივაქციოთ, მისი მხრიდან სანებართვო პირობების დარღვევა გამოწვეული იყო თუ არა შეცდომით თუ არცოდნით, სანქცია თავისი სამართლებრივი შეფასებით უნდა გამომდინარეობდეს საგადასახადო კოდექსით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. შპს ,,...“ მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა არ არის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დადგენილი საგადასახადო სანქციის სახე.
ამასთან, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, საგადასახადო კოდექსის 269.9 ნაწილზე, რომლის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დადგენილი წესით და შემთხვევაში საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე, პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად. აღნიშნული ვადის მოქმედების პერიოდში პირს იმავე სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, ნორმით მითითებული დადგენილი წესი არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-71 მუხლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს პირს განუსაზღვროს ვადა საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ამ მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ შემთხვევებში. წესი მოცემულია ზოგადად მუხლში, თუმცა შემთხვევები, რომელთა აღმოსაფხვრელადაც შესაძლებელია ვადის განსაზღვრა, მოცემულია მუხლის მე-3 პუნქტში და სრულად განსხვავებულია განსახილველი შემთხვევისაგან, ვინაიდან, პირისათვის საგადასახადო სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადის განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე, 281.1, 2882..2 და 291-ე მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში.
კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელციო სასამართლოს მსჯელობას, სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის სასაგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის დაკისრების თაობაზე და მიუთითა, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე.
მოწინააღმდეგე მხარემ - შპს ,,...“ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და მიუთითა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 11 ივლისის №32153 შპს ,,...“ ჯარიმის დაკისრების შესახებ ბრძანების გამოცემის შემდეგ, გამოიცა ამავე სამსახურის მიერ 2013 წლის 22 ივლისის №33912 ბრძანება ,,სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმების შესახებ“ და ასეთი შემოწმება ჩატარდა 2013 წლის 23 ივლისს, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 23 ივლისის შემოსავლების სამსახურის შემოწმების აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა განახორციელა კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული უფლებამოსილება და შპს ,,...“ დაჯარიმებიდან ძალიან მოკლე ვადაში კვლავ განახორციელა სანებართვო პირობების შერჩევითი შემოწმება.
მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, შპს ,,...“ შემთხვევაში სათამაშო აპარატის გამოშვების წელი და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული წელი 1 წლით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან, ხოლო მეორე შემთხვევაში კი შეცდომა იყო მხოლოდ ერთ სათამაშო აპარატზე საქარხნო ნომერში, აღნიშნული ფაქტი არ წარმოადგენს ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას, მოწინააღმდეგე მხარის შეფასებით, ეს უფრო დაშვებული ტექნიკური ხარვეზია, ვინაიდან ეს იყო მექანიკური შეცდომა და მიზნად არ ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის შეუტყობინებლობას. აღნიშნული ტექნიკური შეცდომით სახელმწიფო ბიუჯეტს არ მისდგომია თუნდაც მცირედი ზიანი. აღნიშნული შეცდომა გამოსწორდა და ინფორმაცია (რეგლამენტი) მიეწოდა შემოსავლების სამსახურს ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში. სათამაშო აპარატების სალონში ნებისმიერი ცვლილების განხორციელებისას შპს ,,...“ მოქმედებს ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
მოსარჩელის მტკიცებით, იმ დროისათვის, როდესაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ შპს ,,...“ შემოწმება განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, უკვე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სსიპ ,,საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან“ და დარეგისტრირებული იყო ფინანსური მონიტორინგის ვებ-გვერდზე. რაც შეეხება აპელანტის მტკიცებას, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის №16226 და №2224136 ბრძანებებით დაჯარიმება მოხდა წამახალისებელი გათამაშების ნებართვის ფარგლებში და განსახილველ შემთხვევასთან სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არ აქვს, ამ გარემოებას ვერ დავეთანხმებით, რადგან გასაგებია, რომ სხვა ნებართვის ფარგლებში შპს ,,...“ დაჯარიმდა, მაგრამ მოხდა იგივე საკითხზე და იგივე ორგანიზაციის დაჯარიმება და ამგვარად ადგილი აქვს ერთი გადაცდომისათვის რამოდენიმეჯერ დაჯარიმებას (იხ.ს .ფ. 196-200).
წერილობითი მოსაზრებით მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურმა (იხ. ს.ფ. 205-209).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია (იხ. ს.ფ. 213-215).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2 მუხლისა და 394-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მუხლების მოთხოვნები; სასამართლომ დავა გადაწყვიტა ისე, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოებები.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების გამოყენებას, თუმცა არ უმსჯელია ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობების არსებობასა და შესაბამისად კანონიერებაზე, რითაც უგულებელყო ზემდგომი სასამართლოს ფუნქცია - სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს-220-210(კ-06) დ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, 2006 წლის 4 ივლისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ობიექტური შეფასება არ მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის გამოკვლეული, შესაბამისად, მითითებულ საკითხებზე არ არის გადმოცემული სასამართლო მსჯელობები და დასკვნები. სასამართლოთა დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან, ამასთან, სასამართლოებმა არ მიუთითეს ადმინისტრაციული ორგანოს თუ რა ფაქტების გამოკვლევაა საჭირო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და არ გაეზიარებინა საქალაქო სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის 32.4 მუხლის გამოყენებასთან მიმართებაში, ვინაიდან, გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3. მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით ხელმძღვანელობით სტანდარტთან დაკავშირებით, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე №ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული საპროცესო ნორმით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:
,,სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“
ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლები მოწესრიგებულია ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მიზანია საქართველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროს სახელმწიფო რეგულირება, მოქალაქეთა კანონიერი ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა ,,ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება ,,ლიციენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ თამაშობის გამართვა ან სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად ითვლება და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი განსაზღვრავს ნებართვების გაცემისა და გაუქმების, მათში ცვლილების შეტანის წესსა და პირობებს, კერძოდ: ,,აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური)“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია კონტროლი დაუწესოს სანებართვო პირობების შესრულებაზე და ამ მიზნით შესაძლებელია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს ნებართვის მფლობელის მიერ ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა. შემოწმების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. სანებართვო პირობების დარღვევისათვის ნებართვის მფლობელს აჯარიმებს შემოსავლების სამსახური ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მუხლი 7.4).
,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №61-№1013 ერთობლივი ბრძანების მე-2 მუხლის შესაბამისად, ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – შსს) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილი პირები არიან: ა) შსს-ს ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი (მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედი) სამმართველოების, ხოლო ქალაქ თბილისში – შესაბამისი რაიონული სამმართველოების უფლებამოსილი თანამდებობის პირები (შემდგომში – შსს-ს უფლებამოსილი პირები); ბ) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილი პირები.
შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირები ახორციელებენ „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 და მე-61 მუხლების მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-5 მუხლში ჩამოთვლილია თუ რისი შემოწმების უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს. აღნიშნული ბრძანების 5.2 მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთ-ერთი მათგანია აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელთა მიერ სრულდება თუ არა ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე- 51 და მე- 61 მუხლებით მათზე დაკისრებული მოვალეობები“.
საქმის მასალების შესაბამისად: შპს ,,...“ (ს/ნ ...) წარმოადგენს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის (№1903/048) მფლობელ პირს, რომელიც უფლებამოსილია სანებართვო პირობებით (რეგლამენტი) დადგენილი წესით მოაწყოს სათამაშო აპარატის სალონი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2003 წლის 3 ივლისის №30379 ბრძანების საფუძველზე, 2013 წლის 3 ივლისს განხორციელდა სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის №19-06/048 ნებართვის მფლობელი პირის - შპს ,,...“ მიერ სანებართვო პირობების შესრულების შერჩევითი შემოწმება. რა დროსაც გამოვლინდა, რომ თამაშის წესები არ არის განთავსებული იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდება, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლი.
ასევე გამოვლინდა, რომ შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული თამაშობის მოწყობის პირობებისაგან (რეგლამენტი) განსხვავებით (რომელშიც მითითებულია, რომ შპს ,,...“ განთავსებულია სათამაშო აპარატი - ,,სუპერ V+გეიმინატორი 54’’, დამზადების წელი - 2008 და სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.’’, საქარხნო ნომერია - ...) თამაშობის მოწყობის ორგანიზატორის სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული იყო სათამაშო აპარატი ,,სუპერ V+გეიმინატორი 54’’, დამზადების წელი - 2007 და სათამაშო აპარატი ,,PROIZBIRA d.o.o.’’ საქარხნო ნომერი .... შესაბამისად, გამოვლინდა შეუსაბამობები შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებსა და სათამაშო აპარატების სალონში ფაქტობრივად არსებულს შორის, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.
ამასთან, ასევე დადგინდა, რომ შპს ,,...“ არ წარუდგენია ინფორმაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რითაც დაირღვა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნტის ,,ბ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები და „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების და „სამორინეების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №94 ბრძანების მე-51 მუხლი და ,,ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მომწყობი (ორგანიზატორი) პირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული პირობები. გადასახადის გადამხდელის მიერ არ შესრულდა აღნიშნული კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებებიც და შპს ,,...“ დაჯარიმდა ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 371-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის შესაბამისად 1000 ლარით (იხ. ს.ფ. 12-14), რაც შპს ,,...“, გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 9 აგვისტოს №38039 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 15-18).
საჩივრის განხილვისას შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ გაიზიარა გადასახადის გადამხდელის მითითება, იმის თაობაზე, რომ თამაშის წესები განთავსებული იყო იმ ადგილზე, სადაც თამაშობა ტარდებოდა და მისი წარდგენა მოთამაშისათვის მოთხოვნისთანავე შესაძლებელი იყო, ვინაიდან, შემოწმების აქტში აღნიშნულის საწინააღმდეგო ფაქტობრივი გარემოება მითითებული არ იყო. ამდენად, მოსარჩელის მხრიდან, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის დარღვევა არ დადასტურდა.
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ სადავოდ გახადა გასაჩივრებული ბრძანება, რომელიც ეხება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენას და შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული თამაშობის მოწყობის პირობებსა (რეგლამენტი) და სათამაშო აპარატების სალონში განთავსებული სათამაშო აპარატის სხვადასხვა გამოშვების წელისა და სათამაშო აპარატის ნომრების მითითების გამო დაჯარიმებას (,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.2 და 29-ე მუხლების დარღვევა). მოსარჩელემ სადავო გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მიაჩნია რა, რომ სათამაშო აპარატის გამოშვების წელისა და საქარხნო ნომრების არევა იყო მექანიკური შეცდომა და მიზნად არ ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას, ხოლო ინფორმაციის დაგვიანებით წარდგენასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მას მუდმივი კომუნიკაცია აქვს შემოსავლების სამსახურთან და ამასთან, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №24136 ბრძანებებით შპს ,,...“ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი გათამაშების ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო და აღნიშნული პერიოდების შემდგომ მათ სრულად მოაწესრიგეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები.
,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით ასევე რეგლამენტირებულია ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის უფლება-მოვალეობები, კერძოდ, აღნიშნული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აზარტული თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონსა და აზარტულ კლუბებში მიმდინარე თამაშობების ჩამონათვალსა და თამაშის წესებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში თანხმობის მისაღებად, ხოლო სხვა ცვლილებების შემთხვევაში - ცვლილების განხორციელებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ინფორმაციის სახით აცნობოს შემოსავლების სამსახურს. ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორის ვალდებულებები ასევე განსაზღვრულია ამავე კანონის 29-ე მუხლშიც.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის, კერძოდ, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირთა მიერ ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სანებართვო პირობების დარღვევა და გამოიწვევს მათ პასუხისმგებლობას ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად (,,ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ნებართვის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სანებართვო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული ქმედების განხორციელებისათვის).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.
ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).
ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.
სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია, ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად /ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/ განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება სახელმწიფოში დღეისათვის არსებული სამართლებრივი კულტურის პირობებში არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის, რის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც ღირებულებითი სიკეთით სარგებლობა შესაძლებელია ვერ მიიღწეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავსებით უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნველმყოფი უფლებამოსილება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია ზომები, დამატებითი მტკიცებულებების, ინფორმაციის მოსაპოვებლად მაშინ, როცა ისედაც მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წრე უკიდურესად შეზღუდულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის XV-XX თავების საფუძველზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: წერილობითი, ზეპირი და ნივთიერი სახის მტკიცებულებები. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (ნაწილი 1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ წერილობითი ხასიათის მტკიცებულება - შემოსავლების საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 3 ივლისის № 43 შემოწმების ოქმი და მის საფუძველზე გამოცემული 2013 წლის 11 ივლისის №32153 ბრძანება _ მტკიცებულება იმდენად, რამდენადაც მასშია აღწერილი, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, პირობები, დამრღვევი სუბიექტი. ამავდროულად, აღნიშნული წარმოადგენს დავის საგანს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას ანუ სწორედ ერთადერთ წერილობით მტკიცებულებაში აღწერილი, გადმოცემული ფაქტი წარმოადგენს სადავოს და მტკიცების საგანს.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ,,რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმის, დასადასტურებლად, რომ სათამაშო აპარატების სალონში დაფიქსირებული შეუსაბამობები ერთ შემთხვევაში სათამაშო აპარატის დამზადების წელსა და მეორე შემთხვევაში საქარხნო ნომერთან მიმართებაში ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და შპს ,,...“ კუთვნილი სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...“ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებული მოწყობის პირობების (რეგლამენტი) შორის იყო მექანიკურად დაშვებული შეცდომის შედეგი, თუ მიზნად ისახავდა შემოსავლების სამსახურისათვის რაიმე ინფორმაციის დამალვას ან მის შეცდომაში შეყვანას, წარმოდგენილი არ არის. ასევე არ არის წარმოდგენილი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეს ვალდებულება, ინფორმაციის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე არ შესრულდა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი ინფორმაცია მიეწოდა, მოსარჩელე აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ მიუთითებს მის აქტიურ კომუნიკაციაზე შემოსავლების სამსახურთან“ (იხ. ს.ფ. 166), საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მსჯელობით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი დააკისრა მოწინააღმდეგე მხარეს - სსიპ შემოსავლების სამსახურს.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრობლემა ჯერ კიდევ აქტუალურია, როგორც თეორიული, ასევე, ტექნიკური თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო მოცემულ საქმეზე სამართლებრივი დასკვნების ჩამოყალიბებისას ეყრდნობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებაში საქმეზე №ბს-626-596(კ-07) ბ. ნ-ის სარჩელისა გამო მოპასუხე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ), ჩამოყალიბებულ სასამართლო დასკვნებს, კონკრეტულად, საერთო სასამართლოების მხრიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის სწორ გაგება-განმარტებასთან დაკავშირებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის I პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით დადგენილი პირობა სწორედ ამგვარად უნდა იქნეს გაგებული, რამდენადაც სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლით სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთისგან ათავისუფლებს მოსარჩელეს და ავალდებულებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად, ამდენად სავსებით ლოგიკურია მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციულ ორგანოზე დაკისრება“.
განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის კანონიერება მოწმდება არა სამართლებრივი საფუძვლებით (სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი) არამედ, ფაქტის არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორად ნორმის შეფარდების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა სადავო აქტის კანონიერების განსაზღვრა დამოკიდებულია აქტით აღწერილ და გამოვლენილ იურიდიული ფაქტის ნამდვილობის დადგენაზე, ლოგიკურია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.1. მუხლით გათვალისწინებული საერთო წესი მტკიცების ტვირთის პროპორციულობის და მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებების შესახებ, რაც დაცულ არ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა სადავო ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მოპასუხეზე, მაშინ როცა სწორედ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს სასამართლოს წინაშე იმ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია ან სამართალდარღვევა გამოწვეული იყო მექანიკური შეცდომით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები. შესაბამისად, შეუსაბამოა მოცემულ საქმეზე ქვემდგომ სასამართლოთა სამართლებრივი შეფასებები და დასკვნები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს შპს ,,...“ ქმედებაში ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობის მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე და 29-ე მუხლებში აღწერილი და დადგენილი ქმედების კვალიფიკაციისათვის სავალდებულო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის არსებობა-არარსებობის საკითხი. როგორ გამოავლინეს და დაადგინეს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა მითითებული ნორმით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის დამადასტურებელი ფაქტები. რამდენად კანონშესაბამისია ქმედების კვალიფიკაცია სადავო აქტში აღწერილი ფაქტების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს, რამდენად კეთილსინდისიერი იყო მეწარმე ახსნა-განმარტების დროს, საგადასახადო ადმინისტრირების მიზნიდან გამომდინარე, შემოსავლების მონიტორინგის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი შეუსაბამობები შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული რეგლამენტით გათვალისწინებულ პირობებსა და სათამაშო აპარატების სალონში ფაქტობრივად არსებულს შორის მართლაც გამოწვეული იყო თუ არა მექანიკური შეცდომით, თუ მას გააჩნდა ამგვარი განზრახვა ან განპირობებული იყო დაუდევრობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს შპს ,,...“ რატომ მიაწოდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია დაგვიანებით, ან საერთოდ ჰქონდა თუ არა აღნიშნულ სამართალდარღვევას ადგილი. საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ: ,,იმ დროისათვის, როდესაც შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ შპს ,,...“ შემოწმება განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, უკვე აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ სსიპ ,,საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან“ და დარეგისტრირებული იყო ფინანსური მონიტორინგის ვებ-გვერდზე. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებებით შპს ,,...“ ერთხელ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობის გამო და ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. ამჯერად, მოსარჩელის მითითებით, იმ დროს როცა დარეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე, შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, ადგილი აქვს ერთი გადაცდომისათვის რამოდენიმეჯერ დაჯარიმებას. გამოსწორებულია, როგორც ფინანსურ მონიტორინგთან კომუნიკაციის საკითხი, ასევე გადახდილი აქვს აღნიშნულისათვის ჯარიმა ორჯერ“ (იხ. ს.ფ. 1-10) აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს საქალაქო სასამართლო და მიუთითებს, რომ: ,,იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ შპს ,,...“ აპელირება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №2224136 ბრძანებების გამოცემით სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე განსახილველ საკითხთან მიმართებაში არამართებულია, ვინაიდან, ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები გამოცემულია საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 16 აპრილის №15530 და 2013 წლის 15 მაისის №20636 ბრძანებების საფუძველზე წამახალისებელი გათამაშების მოწყობის №19-03-033 ნებართვის მფლობელი შპს ,,...“ მიმართ განხორციელებული შემოწმების შედეგებზე და განსახილველ შემთხვევასთან სამართლებრივი და ფაქტობრივი კავშირი არა აქვს“ (იხ. ს.ფ.97-98). სააპელაციო სასამართლო კი ასკვნის, რომ ,,შპს ,,...“ შემოწმება შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ განხორციელდა 2013 წლის 3 ივლისს, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა, საგადასახადო მონიტორინგის სამსახურის 2013 წლის 18 აპრილის №16226 და 2013 წლის 31 მაისის №24136 ბრძანებებით შპს ,,...“ უკვე დაჯარიმდა წამახალისებელი ნებართვის ფარგლებში ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ინფორმაციის წარუდგენლობისათვის ზემოთ აღნიშნული პერიოდების შემდეგ შპს ,,...“ მიერ სრულად მოწესრიგდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან ანგარიშგების საკითხები. ამჟამად, როდესაც მოსარჩელე რეგისტრირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი ანგარიშგების ფორმების გასაგზავნად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ერთი და იგივე გადაცდომისათვის მოსარჩელის რამოდენიმეჯერ დაჯარიმებას“ (იხ. ს.ფ. 165). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული დასკვნა არ ემყარება საქმეში დაცულ მასალებს, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ აღწერილი მოსარჩელის მოსაზრება დაჯარიმების ფაქტობრივ გარემოებებზე მიიჩნია (იხ. ს.ფ. 96) სასამართლოს დასკვნად, მაშინ როდესაც საქალაქო სასამართლომ სრულიად საწინააღმდეგო მიუთითა (იხ. ს.ფ.97-98). ამრიგად, ცხადი ხდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზერელედ არის შესწავლილი, რამდენადაც სასამართლოს მიერ მოყვანილი მხარის მოსაზრება გაგებულია სასამართლო დასკვნად, რაც სავსებით ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციის ჯეროვანი შესრულების ვალდებულებას.
საკასაციო სასამართლო სამართლებრივ შეფასებას აძლევს რა ქვემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებებში (რომლის მიხედვით სასამართლოებმა გამოიყენეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და დაავალეს მოპასუხეს ახალი აქტის გამოცემა) ადმინისტრაციულ ორგანოსთვის მითითება, რომ მეწარმის მიმართ გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი და გადასახადის გადამხდელი გაათავისუფლოს საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან, როდესაც იგი წარმოადგენს შეცდომის შედეგს, მიაჩნია კანონშეუსაბამოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განჩინებაში ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-421-410(კ-13) ი/მ ,,ლ. ც-ას“ სარჩელისა გამო, მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და დასკვნებს, კერძოდ:
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია, ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონისმიერი დათქმის პრინციპით, რომელიც, თავის მხრივ, კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და პირის ძირითადი უფლებების დაცვის პრინციპებიდან გამომდინარე.
ამასთან, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობიდან გამომდინარე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 7.2. მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება, გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოების მიერ საკითხის ასეთი გადაწყვეტა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის ინსტიტუტის – დისკრეციული უფლებამოსილების მეტად ზედაპირული გაგებიდან; ამგვარი მსჯელობა საერთოდ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების სპეციფიკას და ფორმალურ ნიშნამდე დაჰყავს მმართველობითი ორგანოების როლის არსი.
სასამართლოს მითითება - „ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილოს და უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მეწარმის მიმართ გაფრთხილების გამოყენების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის დღეს მოქმედი რედაქციის შესაბამისად“, წარმოადგენს როგორც ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტის დისკრეციული უფლებამოსილების არსისა და ბუნების იგნორირებას და მის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლო კონტროლის და ასევე, საკუთრივ, სასამართლო ხელისუფლების როლისა და უფლებამოსილების საკანონმდებლო ფარგლების გაცდენას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონიერებაზე მსჯელობისას უნდა გამოიკვლიონ რამდენად დასაბუთებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკითხის შერჩეული გადაწყვეტა, რაც თავის მხრივ, უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ფაქტების ობიექტურ გამოკვლევა-დადგენა-შეფასებას. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ მის კანონიერება-დასაბუთებულობას, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაასაბუთოს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მისაღები, ოპტიმალური იყო არსებული შესაძლებლობებიდან და არა თავად განუსაზღვრონ ორგანოს რამდენიმე ალტერნატიული ღონისძიებიდან რომელი უნდა გამოიყენოს. სასამართლო ამოწმებს არა შერჩეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, არამედ, მის კანონიერება-დასაბუთებულობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე ვრცელდება იმ მასშტაბით, რომ სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო გადაწყვეტილებაში გამოყენებულია თუ არა საკითხის გადაწყვეტის ყველაზე მისაღები საშუალება და დასაბუთებულია თუ არა გამოყენებული ღონისძიების ყველაზე მისაღები ხასიათი შესაძლო ალტერნატიულ ღონისძიებებთან შედარებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამგვარი „კარნახი“ სასამართლო ორგანოების მხრიდან წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში შეჭრას და გამოიწვევს სასამართლოს მხრიდან მმართველობითი ღონისძიებების შერჩევას ანუ მართვას და მისი კონსტიტუციური ფუნქციის - ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლის განხორციელების ფარგლების გადამეტებას, რამდენადაც სასამართლო ორგანოების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს სრული სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების საქმიანობაზე, მათი გადაწყვეტილებების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების მეშვეობით, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლების კონსტიტუციურ ფუნქციას და ემსახურება უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური – ხელისუფლების დანაწილების და ურთიერთ გაწონასწორების პრინციპის რეალიზაციას“.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო ორგანოების მხრიდან, იმ ვითარებაში, როცა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია და აქტი ხელახლა გამოსაცემად უბრუნდება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც სათანადო შესწავლის შედეგად რა სამართლებრივ შეფასებამდე მივა, უცნობია. ერთგვარი კარნახი, რომ შეცდომის გამოვლენის და დადგენის შემთხვევაში გამოიყენოს ნორმა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ, სრულიად უადგილოა და არ განეკუთვნება სასამართლო მსჯელობის საგანს. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აქტის გამოცემისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მოახდინოს სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის საფუძველზე და სასამართლოს მინიშნება, აქცენტირება რომელიმე ნორმის გამოყენების თაობაზე არ შეესაბამება მიუკერძოებელი სამართალწარმოების სტანდარტს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების ობიექტური წინაპირობა, შესაბამისად, სასამართლომ თავად უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს დავა, რა დროსაც საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, კანონიერად გადაანაწილოს ფაქტების დამტკიცების საპროცესო ვალდებულება, კერძოდ, განსხვავება - სათამაშო აპარატების გამოშვების წლისა და ნომრების ფაქტობრივად სალონში განთავსებულ და სათამაშო აპარატების სალონის ,,შ...“ 2013 წლის 21 ივნისს დამტკიცებულ მოწყობის პირობებს (რეგლამენტი) შორის გამოწვეული იყო თუ არა მექანიკური შეცდომით, უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, რაც ობიექტურად უნდა შეაფასოს სასამართლომ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება გამოყენებული უნდა იქნეს კანონიერების, მიუკერძოებლობის და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების ზედმიწევნით დაცვით, რაც ასევე დასაბუთებულად უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
კასატორის მოტივი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების უკანონობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუმცა საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ხარჯები საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაანაწილოს საქმეზე გადაწყვეტილების დადგენისას.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3 და 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 28 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/