საქმე №ბს-153-150(კ-14) 29 ივლისი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი (მოწინააღმდეგე მხარე) – სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი/მ ,,ლ. კ-ე“;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მოსარჩელე: ი/მ ,,ლ. კ-ე“;
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური;
სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
სარჩელის საგანი:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის №039623 ოქმის ბათილად ცნობა;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 ივლისის №34469 ბრძანების ბათილად ცნობა.
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი:
2013 წლის 25 ივნისს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლის მიერ ი/მ ,,ლ. კ-ის“ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №039623, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მასზედ, რომ ოპელის მარკის ავტომობილი, სერია - ... – ..., მძღოლი - თ. ღ-ე, ახორციელებდა ი/მ ,,ლ. კ-ის“ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ლუდი, მარილი, შაქარი, ერთჯერადი ჭიქები, პარკები, ბანანი) დისტრიბუციას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი მოსარჩელემ გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 24 ივლისის №34469 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელის განმარტებით, მონიტორინგის თანამშრომლებმა გააჩერეს ავტომანქანა, რომელშიც აღმოჩნდა 287 ლარის ღირებულების საქონელი ზედნადების გარეშე, საჭესთან იჯდა თ. ღ-ე, ჯარიმა კი გამოიწერა მის სახელზე. მოსარჩელის მითითებით, სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას იგი არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ოქმში მითითებული საქონელი მას არ შეუძენია და ტვირთი არ იყო მისი.
სამართლებრივი: მოსარჩელე ინდივიდუალური მეწარმე ,,ლ. კ-ე“ სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს (იხ. ს.ფ. 1-9).
მოპასუხის შესაგებელი:
ფაქტობრივი: მოპასუხე შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. მოპასუხის მითითებით, მოსარჩელე ი/მ ,,ლ. კ-ეს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია დაეკისრა იმის გამო, რომ ავტომანქანა ოპელის მძღოლი თ. ღ-ე ახორციელებდა მისი საქონლის დისტრიბუციას სასაქონლო ზედნადების გარეშე.
სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: ,,სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით“, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994-ე ბრძანების 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის შეფასებით, არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი (იხ. ს.ფ. 34-41).
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ ,,ლ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის №039623 ოქმი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 24 ივლისის №34469 ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა (იხ.ს.ფ. 72-78).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
2013 წლის 25 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ი/მ ,,ლ. კ-ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №039623, რომლითაც მეწარმე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ი/მ ,,ლ. კ-ემ’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა, არის თუ არა ი/მ ,,ლ. კ-ე“ სამართალდამრღვევი.
მხარეთა მიერ სადავოდ გახდილი ფაქტების შეფასება:
სასამართლოს მითითებით ლ. კ-ის ახსნა-განმარტების შესაბამისად, იგი სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ადგილზე არ იმყოფებოდა, ტვირთი მის საკუთრებას არ წარმოადგენს და ჯარიმა მის სახელზე გამოიწერა სრულიად უკანონოდ. სასამართლოს შეფასებით, საწინააღმდეგო შინაარსისაა სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამართალდამრღვევმა ოქმზე ხელი არ მოაწერა და ჩაბარებაზეც უარი განაცხადა. ამდენად, ოქმის შესაბამისად, ლ. კ-ე სამართალდარღვევის ოქმის შედგენას ესწრებოდა, თუმცა სამართალდარღვევის ოქმის მე-8 პუნქტში, რომელშიც აღინიშნება სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა, სახელი და გვარი, ხელმოწერა არ ფიქსირდება, ხოლო სამართალდამრღვევად მითითებულია თ. ღ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით, ბუნდოვანია, ვინ განაცხადა უარი სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერასა და ჩაბარებაზე. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია თ. ღ-ის ნოტარიული წესით დამოწმებული ახსნა-განმარტება, რომლითაც დგინდება, რომ იგი არ იცნობს ლ. კ-ეს, მისთვის საერთოდ უცნობი იყო თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა აღნიშნული ტვირთი. ამავე ახსნა-განმარტების შესაბამისად, მასთან ერთად მანქანაში მყოფი კლიენტი ნამდვილად არ იყო ლ. კ-ე, რომელიც მოგვიანებით გაიცნო.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები არ იძლევა ლ. კ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, მოპასუხეს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136.4, 269.1, 286-ე მუხლებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესის’’ 72.1 მუხლის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ ინსტრუქციის“ 24.2 მუხლით და აღნიშნული მუხლების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ სამეწარმეო საქმიანობისთვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების არსებობა აუცილებელია. რაც შეეხება მითითებული სამართალდარღვევის სუბიექტს, სასაქონლო ზედნადების არსებობის გარეშე საქონლის ტრანსპორტირების გამო პასუხისმგებლობა, როგორც წესი, ეკისრება საქონლის მყიდველს გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის მიმწოდებელი ტრანსპორტირებას თვითონვე ახორციელებს.
კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული ურთიერთგამომრიცხავი მტკიცებულებები არ იძლევა ლ. კ-ის სამართალდამრღვევად მიჩნევის საკმარის საფუძველს, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, მოპასუხეს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა (იხ. ს.ფ. 72-78).
აპელანტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ ..ლ. კ-ე“;
აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 85-94).
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ 2013 წლის 25 ივნისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ოპელის მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომრით ... ... გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი თ. ღ-ე (ს/ნ ...) ახორციელებდა ი/მ „ლ. კ-ის“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 287 ლარის საქონლის ღირებულების (შერეული საქონელი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზედაც შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის №039623 ოქმი.
აპელანტი არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მითითებას, რომ ი/მ „ლ. კ-ე“ არ იმყოფებოდა შემოწმების დროს ავტომობილში, რადგან საქალაქო სასამართლომ თ. ღ-ის ახსნა-განმარტების გამოკვლევისას ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება. ყურადღება იქნა გამახვილებული განმარტების მხოლოდ ბოლო აბზაცზე მაშინ, როცა ახსნა-განმარტების პირველ ორ აბზაცში ცალსახად დაფიქსირებულია, რომ ი/მ „ლ. კ-ე“ თავიდანვე ტვირთთან ერთად გადაადგილდებოდა, იგი ხშირად ხვდებოდა თ. ღ-ეს ბაზრობის ტერიტორიაზე და უწევდა ტრანსპორტით მომსახურებას. ხოლო, როდესაც მოხდა მანქანის გაჩერება შემოსავლების სამსახურის ოფიცრების მიერ, ლ. კ-ემ მანქანა დატოვა, რადგან მისთვის უკვე ცხადი გახდა საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ.
აპელანტის განმარტებით, საყურადღებოა ასევე საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის არსებობის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში დეტალურად არის ასახული სამართალდარღვევის შინაარსი, სამართალდამრღვევად ნათლად მითითებულია ი/მ „ლ. კ-ე,“ ხოლო ავტომანქანის მძღოლად თ. ღ-ე აქედან გამომდინარე, ოქმის შინაარსი არ არის წინააღმდეგობრივი, ხოლო ოქმის მე-8 გრაფაში შეცდომით თ. ღ-ის მითითება არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო შედეგობრივად სხვა შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“ ამასთან, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის 994-ე ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს. აპელანტის მოსაზრებით, საქმეზე წარმოდგენილი მასალების ანალიზით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული აქტი დაჯარიმების შესახებ კანონშესაბამისია და არ არსებობს მისი გაუქმების ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით გათვალისწინებული პირობები (იხ.ს ფ. 85-94).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 133-142).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
კასატორი: სსიპ შემოსავლების სამსახური;
მოწინააღმდეგე მხარე: ი/მ ,,ლ. კ-ე“;
კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები: სამართლებრივი:
პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე” და ,,ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.
მატერიალური: კასატორი არ ეთანხმება საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითებას, რომ ი/მ „ლ. კ-ე“ არ იმყოფებოდა შემოწმების დროს ავტომობილში, რადგან სასამართლომ თ. ღ-ის ახსნა-განმარტების გამოკვლევისას ვერ უზრუნველყო ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება. ყურადღება გაამახვილა განმარტების მხოლოდ ბოლო აბზაცზე მაშინ, როცა ახსნა განმარტების პირველ ორ აბზაცში ცალსახად დაფიქსირებულია, რომ ტაქსის მძღოლი ადრეც იცნობდა ი/მ ,,ლ. კ-ეს“, ხშირად ხვდებოდა მას ბაზრობის ტერიტორიაზე და უწევდა ტრანსპორტით მომსახურებას. სასამართლოს არ მიუქცევია ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ტაქსის მძღოლის ახსნა-განმარტება შედგენილია 2013 წლის 9 ოქტომბერს ანუ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენიდან დიდი ხნის შემდეგ, სავარაუდოდ, ლ. კ-ის მოთხოვნით, ვინაიდან ახსნა-განმარტების ადრესატი უცნობია. ოქმის შემდგენი ოფიცრების განმარტებით, კი მანქანის გაჩერებისას ლ. კ-ემ ავტომანქანა დატოვა, რადგან მისთვის უკვე ცხადი გახდა საგადასახადო კონტროლის ღონისძიების განხორციელების შესახებ.
აპელანტის მოსაზრებით, საყურადღებოა ასევე საქალაქო სასამართლოს მსჯელობა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმის მე-4 გრაფაში დეტალურად არის ასახული სამართალდარღვევის შინაარსი, სამართალდამრღვევად ნათლად მითითებულია ი/მ „ლ. კ-ე,“ ხოლო ავტომანქანის მძღოლად - თ. ღ-ე. აქედან გამომდინარე, ოქმის შინაარსი არ არის წინააღმდეგობრივი, ხოლო ოქმის მე-8 გრაფაში შეცდომით თ. ღ-ის მითითება არ წარმოადგენს არსებით დარღვევას, რომელსაც შეეძლო შედეგობრივად სხვა შინაარსის ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.
სამართლებრივი: კასატორის განმარტებით, სადავო აქტები გამოცემულია საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლისა და ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72-ე მუხლის შესაბამისად (იხ. ს.ფ. 149-157).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მ.):
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად როგორც პროცესუალური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რის გამოც სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლებამოსილების გამოყენებას, თუმცა არ უმსჯელია ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წინაპირობების არსებობასა და შესაბამისად კანონიერებაზე, რითაც უგულებელყო ზემდგომი სასამართლოს ფუნქცია - სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების შემოწმება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საქმის მასალების შესაბამისად, 2013 წლის 25 ივნისის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრების მიერ ი/მ ,,ლ. კ-ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №039623, რომლითაც მეწარმე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარით, ოქმის თანახმად, ,,2013 წლის 25 ივნისს 10 სთ 11 წუთზე წერეთლის გამზ. №... გადამოწმებულ იქნა ოპელის მარკის ავტომანქანა მობილური სერია ... ..., რა დროსაც დადგინდა, რომ მძღოლი თ. ღ-ე პ/ნ ... ახდენდა ი/მ ,,ლ. კ-ის“ პ/ნ ... სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (ლუდი, მარილი, შაქარი, ერთჯერადი ჭიქები, პარკები, ბანანი 287 ლარის) ტრასპორტირებას სასაქონლო-ზედნადების გარეშე, რითაც დაირღვა სსსკ-136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა, რაც ჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით’’ (იხ. ს.ფ. 13). აღნიშნული ოქმის შესაბამისად, ოქმის მე-5 პუნქტში, სამართალდამრღვევ პირად მითითებულია - ი/მ ,,ლ. კ-ე“, ხოლო მე-8 პუნქტში სამართალდამრღვევ პირად მითითებულია თ. ღ-ე, ასევე ოქმზე არ არის ხელმოწერა.
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2013 წლის 25 ივნისის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ი/მ ,,ლ. კ-ემ’’ გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2013 წლის 24 ივლისის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ ს.ფ. 14).
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე ი/მ ,,ლ. კ-ემ“ სადავოდ გახადა სამართალდარღვევის საერთოდ ჩადენის ფაქტი, მისი მტკიცებით, იგი სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას, მას არ შეუძენია არანაირი საქონელი და მანქანაში აღმოჩენილი ტვირთი არ იყო მისი, შესაბამისად, არასწორად მოხდა ოქმზე სამართალდამრღვევ პირად მისი მითითება.
სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო სამარათალდარღვევათა საქმეები საქართველოში მოწესრიგებულია საგადასახადო კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებსა და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 286.1 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას - 1000 ლარით, ხოლო პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისას პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისა და საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების განმარტებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-48-43(2კ-13) ი/მ ,,ლ. ჩ-ის“ სარჩელისა გამო მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, 2013 წლის 18 ივნისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და სასამართლო დასკვნებს, კერძოდ: ,, საგადასახადო კოდექსის 136.4 მუხლით განსაზღვრულია, რომ ,,სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა“.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით კი, საგადასახადო სამართალდარღვევად ჩაითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის (2012 წლის 4 მაისის მდგომარეობით) 286.1 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას - 1000 ლარით, ხოლო პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქონლის დოკუმენტის გარეშე ტრასპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის საკითხს აწესრიგებს ასევე ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, რომლის 72.1 მუხლის თანახმად: საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს“, ამავე მუხლით განსაზღვრულია, რომ საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენის ფაქტის გამოვლენის უფლებამოსილება აქვთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილ პირებს, რომლებიც ამგვარ შემთხვევაში ადგენენ შესაბამის ოქმს.
ამავე ბრძანების 69.1 მუხლის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ამ უმოქმედობა), რომლისთვისაც საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის (2012 წლის 4 მაისის მდგომარეობით) 286.1 მუხლით განსაზღვრული სანქციის შეფარდებისთვის აუცილებელია დადგინდეს, თუ ვინ არის ქმედების სუბიექტი, რომლის გამორკვევა შეუძლებელია ნორმის ფუნქციის, მიზნისა და სტრუქტურის ანალიზის გარეშე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კანონმდებელი სამართალდარღვევად აკვალიფიცირებს შემდეგ შემთხვევებს:
1.სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება;
2. მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა;
3. .საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა,
სამივე შემთხვევა ექვემდებარება სანქცირებას 1000 ლარით, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარის ფარგლებშია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ I - სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, და III შემთხვევაში - საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, ნათელია, რომ ნორმის სუბიექტად გვევლინება საქონლის შემძენი, ხოლო, II შემთხვევაში - მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა, ცხადია, რომ დამრღვევი პირი - საქონლის გამყიდველია.
ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსის ანალიზიდან საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სასაქონლო ზედნადები უნდა გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც საქონლის მიმღები (მყიდველი) პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მიღებული საქონლის შემდგომი რეალიზაციით იგი ნახულობს მოგებას ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიმცემი (გამყიდველი) მის მიერ დაქირავებული თანამშრომლის, დისტრიბუტორის, მეშვეობით ახორციელებს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებას, ე.ი. გამყიდველი (მეწარმე) ყველა შემთხვევაში არ არის ვალდებული - გამოწეროს სასაქონლო ზედნადები, მას ამგვარი ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი წარუდგენს მეწარმის დამადასტურებელ დოკუმენტს.
საკასაციო სასამართლო ,,საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების 72.1 მუხლისა და საგადასახადო კოდექსის 136-ე, 286-ე მუხლების ანალიზის
საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქონლის მიმწოდებელს (გამყიდველს) სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზედნადებს მოითხოვს საქონლის მიმღები (მყიდველი) ან იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გადაცემა ხდება სხვა პირისათვის დისტრიბუციისათვის.’’
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვეყნის შიგნით საქონლის ტრასპორტირებისათვის სასაქონლო ზედნადების არსებობა აუცილებელია. კონკრეტულ შემთხვევაში სადავო არაა სასაქონლო ზედნადების არ ქონის ფაქტი, სადავოა ის გარემოება, რომ ი/მ ,,ლ. კ-ე’’ არის თუ არა სამართალდამრღვევი, რადგან მისი განმარტებით, იგი არ იმყოფებოდა იმ ავტომანქანაში, რომელსაც მართავდა მძღოლი თ. ღ-ე და მის მანქანაში აღმოჩენილი საქონელი არ იყო მისი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათშეფარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლები).
ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.
ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლი).
ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.
სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია, ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად /ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/ განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება სახელმწიფოში დღეისათვის არსებული სამართლებრივი კულტურის პირობებში არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის, რის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც ღირებულებითი სიკეთით სარგებლობა შესაძლებელია ვერ მიიღწეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ სავსებით უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნველმყოფი უფლებამოსილება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ მიუღია ზომები, დამატებითი მტკიცებულებების, ინფორმაციის მოსაპოვებლად მაშინ, როცა ისედაც მოცემული დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, მტკიცებულებათა წრე უკიდურესად შეზღუდულია.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის XV-XX თავების საფუძველზე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულია მტკიცებულებათა სახეები: წერილობითი, ზეპირი და ნივთიერი სახის მტკიცებულებები. სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა (ნაწილი 1). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული. სააპელაციო სასამართლო უთითებს, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსზე და მიუხედავად ამისა იზიარებს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად ცნობის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ამასთან, საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ბს-220-210(კ-06) დ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, 2006 წლის 4 ივლისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ: ,,საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცა ადმინისტრაციული აქტი, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი და დაავალოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ახალი აქტი. ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების კომპეტენცია სასამართლოს გააჩნია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალურ-სამართლებრივი ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.“
საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ობიექტური შეფასება არ მისცეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ არის გამოკვლეული, შესაბამისად, მითითებულ საკითხებზე არ არის გადმოცემული სასამართლო მსჯელობები და დასკვნები. სასამართლოთა დასკვნა - ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროების შესახებ სრულიად დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საპროცესო კანონით განსაზღვრული დანაწესის ნამდვილი შინაარსიდან, ამასთან, სასამართლოებმა არ მიუთითეს ადმინისტრაციულ ორგანოს თუ რა ფაქტების გამოკვლევაა საჭირო ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სსსკ-ის 385.2 მუხლის შესაბამისად, სრული პროცესუალური უფლებამოსილება ჰქონდა თავად გადაეწყვიტა დავა და არ გაეზიარებინა საქალაქო სასამართლოს დასკვნა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებასთან მიმართებაში, ვინაიდან, გასაჩივრებული აქტების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იყო დარღვეული აქტის გამოცემის ის პროცედურები, რაც უპირობოდ შექმნიდა საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების წინაპირობას.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენების საფუძვლად ვერ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სადავო ოქმის რეკვიზიტებში სამართალდამრღვევად ერთგან მითითებულია ი/მ ,,ლ. კ-ე“, ხოლო მეორეგან - თ. ღ-ე, რამდენადაც აღნიშნული ექვემდებარება შეფასებას სასამართლოს მხრიდან, კერძოდ, ოქმის აღწერილობით ნაწილში გარკვევით არის მითითებული, რომ თ. ღ-ე არის იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც გადაადგილდებოდა სამართალდამრღვევი ტვირთით (იხ. ს.ფ. 13), რთული არ იყო სასამართლოს გამოერკვია სადავო ოქმის ადრესატის ვინაობა, თუ ვის მიმართ დადგა სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ფაქტია, რომ თ. ღ-ეს ოქმი სადავოდ არ გაუხდია, მის მიმართ საგადასახადო სისტემას მოთხოვნა არ წარუდგენია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ თითოეული საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომმა სასამართლოებმა გადაწყვეტილება დააფუძნეს, მხოლოდ ერთი წერილობითი ხასიათის მტკიცებულებაზე _ ადმინისტრაციული (საგადასახადო) სამართალდარღვევის ოქმზე, იგი წარმოადგენს კიდევაც ერთადერთ წერილობით მტკიცებულებას იმდენად, რამდენადაც მასშია აღწერილი, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი, პირობები, დამრღვევი სუბიექტი. ამავდროულად, აღნიშნული ოქმის საფუძველზე მიღებული საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს დავის საგანს, რამდენადაც მოსარჩელე სადავოდ ხდის მის კანონიერებას, აქტში აღწერილი იურიდიული ფაქტის ნამდვილობის კონტექსტით ანუ სწორედ ერთადერთ წერილობით მტკიცებულებაში აღწერილი, გადმოცემული ფაქტი წარმოადგენს სადავოს და მტკიცების საგანს. თუმცა საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმეშია ასევე ავტომანქანის მძღოლის თ. ღ-ის ახსნა-განმარტება, რომელიც შედგენილია 2013 წლის 9 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 69).
არც ერთმა სასამართლომ მტკიცებულებათა ამგვარი სიმწირის პირობებში არ მიიჩნია საჭიროდ მოწმედ დაეკითხა სამართალდარღვევის გამოვლენის უშუალო თვითმხილველი - ავტომანქანის მძღოლი, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული სამართალწარმოების მოთხოვნებს.
სასამართლო ვალდებულია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს, სადავოდ გამხდარი გარემოების სხვა უშუალო მტკიცებულებები, საქმეზე ობიექტური და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საგადასახადო კოდექსის 271.2 მუხლის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ან ზემოაღნიშნულ მუხლში მითითებული პირი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ადგილზე განიხილავს საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევ პირს ადგილზევე უფარდებს საგადასახადო სანქციას. ამ შემთხვევაში პირს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საგადასახადო მოთხოვნად, ხოლო მე-6 პუნქტის შესაბამისად, კი თუ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმში არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი ან საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის დარღვევით, შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი ან დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირის საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს ი/მ ,,ლ. კ-ის’’ ქმედებაში საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლში აღწერილი და დადგენილი ქმედების კვალიფიკაციისთვის სავალდებულო ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის არსებობა-არარსებობის საკითხი. როგორ გამოავლინეს და დაადგინეს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლებმა მითითებული ნორმით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის დამადასტურებელი ფაქტები. რამდენად კანონშესაბამისია ქმედების კვალიფიკაცია სადავო აქტში აღწერილი ფაქტების საფუძველზე. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს, რამდენად კეთილსინდისიერი იყო მეწარმე ახსნა-განმარტების დროს, საგადასახადო ადმინისტრირების მიზნიდან გამომდინარე, წარმოადგენდა თუ არა ავტომანქანაში აღმოჩენილი ნივთები ი/მ ,,ლ. კ-ის“ საკუთრებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლომ საქმის განხილვისას უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, სარწმუნოდ დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს მათ სამართლებრივი შეფასება და გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცეო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით და მოიპოვოს მტკიცებულებები.
კასატორის მოტივი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების უკანონობასთან მიმართებით საკასაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული სსსკ-ის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, თუმცა, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ხარჯები საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაანაწილოს საქმეზე გადაწყვეტილების დადგენისას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.2 მუხლის თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /ნ. წკეპლაძე/
მოსამართლეები: /მ. ვაჩაძე/
/პ. სილაგაძე/