Facebook Twitter

Nბს-247-238(2კ-13) 25 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი _ ა. ვარდიძე

კასატორები (მოპასუხეები) _ ქ. თბილისის მერია, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელე) - ვ. კ-ე

მესამე პირი - ზ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ვ. კ-ემ 2012 წლის 6 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 13 აგვისტოს №2321 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში, ... (ყოფილი ...) ქ. №29-ზე 2000-2001 წლებში აწარმოვა დაშენება. აღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავ ნივთს 2007 წლის 1 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო დაშენება მიჩნეულია უძრავი ძეგლის გვიანდელ ნაწილად. აღნიშნული დაშენება ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის №ლეგ-2564 ბრძანებით ლეგალიზებულ იქნა და საჯარო რეესტრში უძრავი ქონება ახალი მესაკუთრის - ზ. კ-ის საკუთრებად დარეგისტრირდა. შემდგომში, არქიტექტურის სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის №2564 ბრძანება ქ. თბილისის მერის 2009 წლის 9 დეკემბრის №1944 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი. ამ უკანასკნელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ დაშენება წარმოებულია 2007 წლის 1 იანვრამდე. ვ. კ-ის მიმართ დაიწყო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 27 თებერვლის №001656 მითითებით, რომლის მოქმედება შეჩერდა ვ. კ-ის მიერ არქიტექტურის სამსახურში შეტანილი განცხადებით მოთხოვნილი ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტამდე. სამართალდარღვევის საქმის წარმოება განახლდა 2012 წლის 27 აპრილს შემოწმების აქტის შედგენით და მიღებულ იქნა დადგენილება ვ. კ-ის დაჯარიმების შესახებ.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილება (ვ. კ-ის დაჯარიმების თაობაზე) მიღებულია სადავო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ვინაიდან დაჯარიმება მოხდა ვ. კ-ის განცხადებაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე. გარდა ამისა, თავად ამჟამინდელ მესაკუთრეს - ზ. კ-ეს არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება უკანონო დაშენების ლეგალიზების თაობაზე დადგენილი წესით გასაჩივრებული ჰქონდა. სზაკ-ის 184-ე და სასკ-ის 29-ე მუხლების შესაბამისად აღნიშნული აქტების გასაჩივრებამ მათი მოქმედება შეაჩერა. ამასთან, ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 27 თებერვლის №001656 მითითების შესრულება ვ. კ-ეს არ შეეძლო, ვინაიდან ქ. თბილისში, ... (ყოფილი ...) ქ. №29-ში მდებარე უძრავი ქონება, მასში შემავალი დაშენების ფართით 2011 წლის 13 ივლისიდან ზ. კ-ის საკუთრებაში იყო. შესაბამისად, ვ. კ-ის დაჯარიმება მითითებით დავალებული დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და ამ გარემოებას საქმისწარმოების შეწყვეტა უნდა გამოეწვია. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან უძრავ ნივთს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, მასზე რაიმე ზემოქმედება შესაბამისი ორგანოების დასკვნისა და ნებართვის გარეშე დაუშვებელია. მოსარჩელე ასევე არ ეთანხმება „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსის გამოყენებით მის მიმართ საქმის წარმოების დაწყებას. ვ. კ-ე თვლის, რომ აღნიშნული კანონი ვრცელდება მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებზე, ხოლო მის მიერ წარმოებული დაშენება არანაირ საფრთხის შემცველ ელემენტებს არ შეიცავს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 სექტემბრის განჩინებით საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ზ. კ-ე ჩაება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილება და ქ.თბილისის მერიის 2012 წლის 13 აგვისტოს №2321 განკარგულება.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ვ. კ-ის მიმართ დაიწყო ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 27 თებერვლის მითითება გაიცა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით”. აღნიშნული კოდექსის 103-ე მუხლის 28-ე პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედებამდე დაწყებული, „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება, რომელზედაც გადაწყვეტილება არ არის მიღებული, დასრულდეს ამავე კოდექსის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად’’. ორივე ნორმატიული აქტის შესაბამისად, ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე განხორციელებული უნებართვო მშენებლობისათვის აწესებს პასუხისმგებლობის ერთი და იმავე ზომას, საჯარიმო სანქციას 8 000 ლარის ოდენობით. ამასთან, „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლი ითვალისწინებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს.

საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ სახეზე იყო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სხვის საკუთრებაში არსებული ქონების დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. კ-ე წარმოადგენდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებელ (სამართალდამრღვევ) სუბიექტს. უძრავი ნივთის სხვა პირის საკუთრებაში ყოფნა ვერ გახდებოდა მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით სამართალდამრღვევს არ დაკისრებია უკანონო დაშენების დემონტაჟი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამრთალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ არსებობის გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ. „პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე მუხლის მე-11 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, თუ პროექტის შემთანხმებელმა და მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ობიექტის ლეგალიზების შესახებ. „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მე-41 მუხლის მე-31 პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიწერილობით განსაზღვრული ვადის დინება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიწერილობით დადგენილ ვადაში 2012 წლის 23 მარტს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურს და მოითხოვა სადავო დაშენების ლეგალიზაცია. 2012 წლის 26 მარტს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ფართის ლეგალიზაციის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ლეგალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველს და სწორედ აღნიშნულის გამო კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია შეაჩეროს მიწერილობით განსაზღვრული ვადის დინება უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. სასამართლომ განმარტა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში არ იგულისხმება მხოლოდ ფორმალურად მისი მიღება, არამედ იგულისხმება მისი კანონიერ ძალაში შესვლა. იმ პირობებში, როდესაც ვ. კ-ის მიერ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ფართის ლეგალიზაციაზე, 2012 წლის 30 ივლისს გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და საქმეზე არ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ზედამხედველობის საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ვ. კ-ის დაჯარიმების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები და დამატებით აღნიშნა, რომ სასამართლოს არ გააჩნია კანონშემოქმედებითი ფუნქცია, იგი ახდენს მხოლოდ ნორმის განმარტებას შესაბამისი კანონის ფარგლებში. კანონის განმარტებისას, დადგენილი უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემული ნორმის განმარტება არ ეწინააღმდეგება კანონის ობიექტურ მიზანს და იგი უზრუნველყოფს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის სწორ გადაწყვეტას.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა გაასაჩივრეს.

ქ. თბილისის მერიამ საკასაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, როგორც „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონი, ისე „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსი ითვალისწინებს მითითების ვადის დინების შეჩერებას უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ წარმოების დაწყებიდან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე და არა მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ე.ი. სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო პროცესების დასრულებამდე. ამასთან, უნებართვო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებამ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით შეიძინა იურიდიული ძალა და ამის შემდეგ გაასაჩივრა მხარემ. კასატორი არ ეთანხმება ნორმის იმგვარ განმარტებას, რაც მოცემულია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში და აღნიშნა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გაცემული მითითების შეჩერების საფუძველი კანონმდებლობით ზუსტად არის გასაზღვრული. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი ნორმა სხვაგვარად განმარტოს, კერძოდ, ლეგალიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო პროცესის დასრულებამდე შეაჩეროს სამართალდარღვევის საქმის წარმოება.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა საკასაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ კანონის მე-13.5 მუხლში მოხსენიებულია ტერმინი „შესაბამისი გადაწყვეტილება“, რაც გულისხმობს არქიტექტურის სამსახურში მიმდინარე წარმოების შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით დასრულებას. აღნიშნულ ნორმატიულ აქტში არ არის გამოყენებული ტერმინი „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება“. ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ იცნობს ტერმინს „გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლას“, არამედ აღნიშნული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის გაცნობისთანავე. მოცემულ შემთხვევაში არქიტექტურის სამსახურის მიერ ვ. კ-ის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2012 წლის 24 აპრილს იმავე დღეს გაეცნო მხარეს, შესაბამისად, აქტი ძალაში შევიდა. რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს, სამართალდარღვევის საქმეზე შემოწმების აქტი მიიღო 2012 წლის 27 აპრილს. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება აჩერებს აქტის მოქმედებას, რაც არ გულისხობს მისი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განისაზღვრა მათი განხილვა მხარეთა დასწრებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე: ვ. კ-ე არის სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე პასუხისმგებელი (სამართალდამრღვევი) პირი, ვინაიდან ვ. კ-ემ აწარმოა ქ. თბილისში, ... ქუჩა №29-ში უნებართვოდ დაშენება. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 3 მაისის ზეპირი მოსმენის სხდომაზე ვ. კ-ემ განაცხადა, რომ სადავო მიშენება 2000 წელს განახორციელა. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის №3/181 ბრძანებით ქ. თბილისში, ... ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის №ლეგ-2564 ბრძანებით ქ. თბილისში, ... №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე უნებართვოდ დაშენებული ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა. ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 დეკემბრის №1944 განკარგულებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 11 ივლისის №ლეგ-2564 ბრძანება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის სარჩელი ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 9 დეკემბრის №1944 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულებით ქ. თბილისში, ... №29-ში მდებარე უძრავი ნივთის მესაკუთრე 2011 წლის 7 ივლისს ზ. კ-ე გახდა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 27 თებერვლის №001656 მითითებით ვ. კ-ეს დაევალა ქ. თბილისში, ... ქუჩა №29-ში არსებულ საცხოვრებელ სახლზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე წარმოებული დაშენების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (დაშენებული ფართის დემონტაჟი), დარღვევის გამოსწორებისათვის 25-დღიანი ვადა განისაზღვრა. 2012 წლის 26 მარტს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შეჩერდა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ ვ. კ-ის მოთხოვნაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა ფართის ლეგალიზაციის თაობაზე. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 27 აპრილს შედგა №001656 შემოწმების აქტი, რომლითაც დადგინდა ვ. კ-ის მიერ მითითებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის №001656 დადგენილებით, ვ. კ-ე დაჯარიმდა ქ. თბილისში, ... ქუჩა №29-ში უნებართვოდ განხორციელებული დაშენებისათვის 8000 ლარით. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 13 აგვისტოს №2321 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ვ. კ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 4 ივნისის დადგენილება. ვ. კ-ემ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება ფართის ლეგალიზაციაზე უარის თქმის თაობაზე, 2012 წლის 30 ივლისს გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. საქმეზე არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება.

საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2012 წლის 3 მაისს გამართული სხდომის ამსახველი №001656 ოქმი, რომლის თანახმად ვ. კ-ეს საქმის განხილვისას ჰქონდა შუამდგომლობა წარდგენილი ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის ან შეჩერების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა დაშენების ლეგალიზებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ ჩაითვლებოდა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებად. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე 2012 წლის 4 ივნისს მიიღო დადგენილება ვ. კ-ის დაჯარიმების შესახებ. ქ. თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას 2012 წლის 2 ივლისს გამართული ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას. აღნიშნული შუამდგომლობის პასუხად სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ გასაჩივრებული დადგენილების მოქმედება შეჩერებულად ითვლება გადაწყვეტილების მიღებამდე, რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით ცალკე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებდა ადმინისტრაციული ორგანო. მოცემული დავის ფარგლებში ვ. კ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა მხედველობაში არ მიიღეს ვ. კ-ის მიერ უნებართვო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული დავის მიზანია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2012 წლის 4 ივნისს ვ. კ-ის დაჯარიმების თაობაზე მიღებული დადგენილების კანონშესაბამისობის დადგენა. თავის მხრივ აღნიშნული დადგენილება მიღებულია უნებართვო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რომელიც ვ. კ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით, ხოლო შემდეგ სარჩელით სადავოდ გახადა. ზოგადი წესის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (რაც მოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში) ემსახურება იმ მიზანს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ ჰქონდეს საფუძველი მიიღოს სამართლებრივი ან ფაქტობრივი ზომები ამ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უნებართვო მშენებლობის ლეგალიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის მწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილება, მოახდინოს სათანადო რეაგირება ლეგალიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად. ასევე მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელე - ვ. კ-ე საქალაქო სასამართლოში წარდგენილ (24.09.12 წ.) მოსაზრებაში მიუთითებდა იმ ფაქტზე, რომ ქ. თბილისში, ... ქუჩა №29-ში მდებარე უძრავი ქონების ამჟამინდელმა მესაკუთრემ ზ. კ-ემ თავად მიმართა არქიტექტურის უნებართვოდ აშენებული ფართის ლეგალიზების მოთხოვნით. ზ. კ-ეს უარი ეთქვა ფართის ლეგალიზებაზე და აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იყო კანონით დადგენილი წესით. ამდენად, ზ. კ-ის საკუთრებაში არსებული უნებართვო დაშენების ლეგალიზების საკითხი წარმოადგენს არაერთი დავის საგანს. როგორც უკვე აღინიშნა სადავო დაშენების ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია უნებართვო მშენებლობისათვის პირის დაჯარიმების საკითხის გადაწყვეტისას. ე.ი. ვ. კ-ის დაჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შეფასება დამოკიდებულია უნებართვო დაშენების ლეგალიზებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების კანონიერების დადასტურებაზე ან მის უარყოფაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო საქმის ხელახალი განხილვისას ვალდებულია ყოველმხრივ გამოიკვლიოს საკითხი და მხოლოდ ისეთ გარემოებათა დადასტურების პირობებში დაადგინოს ვ. კ-ის უნებართვო მშენებლობის გამო დაჯარიმების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობა, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს საკითხის ხელახლა განხილვისას სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას მისცემს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლის შემოწმება შეუძლებელია (სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტი), რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველს. საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოარკვიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, სათანადო შეფასება მისცეს შეკრებილ მტკიცებულებებს და გამოიტანოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი სასამართლო განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

Tavmjdomare ლ. მურუსიძე

mosamarTleebi: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე