ბს-26-26(კს-14) 28 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - სს „...“
მოწინააღმდეგე მხარე - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება
აღწერილობითი ნაწილი:
2007 წლის 12 ოქტომბერს სს ,,...“ სარჩელით მიმართა მარნეულის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, მესამე პირები - ქ. ტ-ი და ვ. ბ-ე. მოსარჩელე მარნეულის რაიონის გამგეობის 1999 წლის 16 ივნისის №6/4 და 2006 წლის 24 იანვრის №3/5 დადგენილებების ბათილად ცნობას ითხოვდა. მოსარჩელემ, საბოლოოდ, ქ. ტ-ისათვის კონკურსის შედეგების თანახმად, საკუთრების უფლებით, ქალაქ მარნეულში, ... ქუჩაზე, სს ,,...’’ ტერიტორიაზე, სავაჭრო პავილიონის განსათავსებლად 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში 2006 წლის 24 იანვრის №3/5 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „...“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 24 იანვრის №3/5 დადგენილება ქ. ტ-ისათვის კონკურსის შედეგების თანახმად, საკუთრების უფლებით, ქალაქ მარნეულში, ... ქუჩაზე სს „...“ ტერიტორიაზე, სავაჭრო პავილიონის განსათავსებლად 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში.
მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ტ-მა. საქმეში მესამე პირად ე. ი-ი ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: სს ,,...’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს ,,...“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება.
2013 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით სს „...“ მომართა. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 3ბ/487-08 ადმინისტრაციულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, მარნეულის რაიონის სასამართლოს 2008 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს „...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მარნეულის რაიონის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის №3/5 დადგენილება ქ. ტ-ისათვის კონკურსის შედეგების თანახმად, საკუთრების უფლებით, ქ. მარნეულში, ... ქუჩაზე, სს „...“ ტერიტორიაზე, სავაჭრო პავილიონის განსათავსებლად 280 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში. სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ქ. ტ-ზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენდა საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას. გარდა ამისა, ფეხით მოსიარულეთა სავალი გზის სიგანე არის 5 მეტრი, აქედან ტალიბოვს გამოეყო 4,5 მეტრი, არსებული ნახაზისა და სპეციალისტის განმარტებით, სს „...“ სასაზღვრო ნაგებობასა და ქ. ტ-ზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთს შორის უნდა დარჩენილიყო 80 სმ სიგანის მიწის ნაკვეთი, საერთო ჯამში, ეს რაოდენობა აღემატება რეალურად არსებულ ფეხით მოსიარულეთა სავალი გზის სიგანეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 07 თებერვლის გადაწყვეტილების შეცვლით და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს ,,...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას, ტროტუარს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განმცხადებელმა მიუთითა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 19 სექტემბრის №5003846013 საინჟინრო ექსპერტიზის №004213113 დასკვნაზე, რომლის თანახმად, ქ. მარნეულში, სს „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ... ქუჩაზე განთავსებული შენობა, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს კომერციული დანიშნულების ობიექტს (სავაჭრო მაღაზიებს) აშენებულია ტროტუარზე, რა დროსაც გადაკეტილია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი არსებული ტროტუარის სავალი სივრცე, ასევე, აღნიშნული ნაგებობის ნაწილი, კერძოდ, მაღაზიების წინ მთელ სიგრძეზე მოწყობილი ბეტონის ტროტუარი გადასულია ავტომანქანების სავალი გზის ნაწილზე, კერძოდ, მოასფალტებული სამანქანო გზის სივრცეზე - 1,90 მეტრის სიგანეზე.
განმცხადებლის მითითებით, აღნიშნული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით სს „...“ ცნობილი გახდა ისეთი გარემოება და მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს საქმის განხილვის დროს რომ წარდგენოდა სს ,,...’’ ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.
განმცხადებლის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში საქმის განხილვის დროს სს „...“ საინჟინრო ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რადგან მოპასუხე მხარემ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გამგეობის დადგენილებით ნამდვილად განიკარგა ე. წ. ,,ტროტუარი’’, რაც წარმოადგენს კანონის დარღვევას და მარნეულის გამგეობის სადავო აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მარნეულის რაიონული სასამართლოს მიერ განხორციელდა ადგილზე დათვალიერება, რითაც უტყუარად დადასტურდა, რომ ქ. ტ-ზე გამოყოფილი მიწის ნაკვეთი ნამდვილად წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთს, ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას. ამდენად, საპატიოდ უნდა ჩაეთვალოთ სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა, რადგან დასკვნა მომზადებულია და დათარიღებულია 2013 წლის 19 სექტემბრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სს „...“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებელს შეეძლო სადავო საკითხზე ექსპერტიზა ჩაეტარებინა და ექსპერტიზის დასკვნა წარედგინა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვის დროს ანუ მანამდე, სანამ მოხდებოდა სარჩელის არსებითად განხილვა და გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა. განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ შეძლო მან მისივე სარჩელის განხილვის დროს სადავო საკითხზე ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის დასკვნის სასამართლოში წარდგენა საქმის განხილვის დასრულებამდე.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ასევე ცალსახად ვერ დასტურდებოდა, რომ თავის დროზე სადავოდ გამხდარი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის №3/5 დადგენილებით ქ. ტ-ზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თუ არა ტროტუარს. წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ,,ქ. მარნეულში, სს „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ... ქუჩაზე განთავსებული შენობა, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს კომერციული დანიშნულების ობიექტს (სავაჭრო მაღაზიებს) აშენებულია ტროტუარზე, რა დროსაც გადაკეტილია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი არსებული ტროტუარის სავალი სივრცე. ასევე, აღნიშნული ნაგებობის ნაწილი, კერძოდ, მაღაზიების წინ, მთელ სიგრძეზე მოწყობილი ბეტონის ტროტუარი გადასულია ავტომანქანების სავალი გზის ნაწილზე, კერძოდ, მოასფალტებული სამანქანო გზის სივრცეზე - 1,90 მეტრის სიგანეზე’’. თუმცა ამ დასკვნით არანაირად არ დასტურდება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2006 წლის 24 იანვრის №3/5 დადგენილებით ქ. ტ-ზე გასხვისებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ტროტუარს. ასეთი ჩანაწერი ან მსგავსი განმარტება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განცხადებაში აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას, რომელიც გახდებოდა საქმის წარმოების განახლებისა და შესაბამისად, მხარისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სს „...“, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს იმ გარემოებაზე მითითებას, რომ ექსპერტიზის დასკვნა მხარეს შეეძლო წარედგინა სარჩელის განხილვისას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხე - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცნო სარჩელი და დაადასტურა, რომ სადავო აქტებით გასხვისდა ტროტუარი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ჩატარებული იყო ადგილზე დათვალიერება, რის გამოც ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა არ არსებობდა. გასაჩივრებულ განჩინებაში მითითება იმის თაობაზე, რომ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად ვერ დასტურდებოდა სადავოდ გამხდარი და ექსპერტიზის დასკვნაში მოხსენიებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა, კერძო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ მიაჩნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს „...“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. ამავე კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყევტილების მიღების დროს წარედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სს „...“ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და მტკიცებულებად მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2013 წლის 19 სექტემბერს გაცემული ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნით დადგენილი ფაქტი, კერძოდ, ქ. მარნეულში, სს „...“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ... ქუჩაზე განთავსებული შენობა, რომელიც დღეისათვის წარმოადგენს კომერციული დანიშნულების ობიექტს (სავაჭრო მაღაზიებს) აშენებულია ტროტუარზე, რა დროსაც გადაკეტილია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი არსებული ტროტუარის სავალი სივრცე, ასევე, აღნიშნული ნაგებობის ნაწილი, კერძოდ, მაღაზიების წინ, მთელ სიგრძეზე მოწყობილი ბეტონის ტროტუარი გადასულია ავტომანქანების სავალი გზის ნაწილზე, კერძოდ, მოასფალტებული სამანქანო გზის სივრცეზე - 1,90 მეტრის სიგანეზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ფეხით მოსიარულეთა სავალ გზას, ტროტუარს, ასევე არ დასტურდებოდა სადავო ტერიტორიაზე სააქციო საზოგადოების წყალმომარაგების სისტემის არსებობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 დეკემბრის განჩინებით სს „...“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან კასატორს საკასაციო პრეტენზიის დასასაბუთებლად წარდგენილი არ ჰქონდა და ვერც უთითებდა დამატებით მტკიცებულებებზე, რომლებიც სადავო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი სივრცისათვის კუთვნილებისა და სადავო მიწის ნაკვეთზე სააქციო საზოგადოების კუთვნილი კომუნიკაციების არსებობის ფაქტს დაადასტურებდა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინებით ასევე დადასტურებულია, რომ საკასაციო სასამართლოში მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სარჩელის ცნობის თაობაზე შესაბამისი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს და მოითხოვეს მისი უარყოფა. ყოველივე აღნიშნული ცხადყოფს, რომ სს „...“ სარჩელზე აღძრული საქმისწარმოების დასრულებამდე სადავო მიწის ნაკვეთის საზოგადოებრივი კუთვნილების ფაქტის დადასტურების აუცილებლობა უკვე გამოკვეთილი იყო. მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ მოუპოვებია, იგი მხოლოდ პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას ეყრდნობოდა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ სადავოდ გახადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე სს „...“ მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის მიერ სადავო ფაქტის აღიარება არ გაქარწყლებულა დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამიტომ სარჩელის განხილვამდე ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობა არ უნდა გამხდარიყო საქმის განახლებაზე უარის თქმის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს თუ რატომ არ გააჩნდა მას ვალდებულება საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები დაედასტურებინა სათანადოდ, შესაბამისი მტკიცებულებების მოშველიებით და საკასაციო სასამართლოსათვის წარედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. ამდენად, მხარე ვერც განცხადებაში და ვერც წარმოდგენილ კერძო საჩივარში ვერ უთითებს სადღეისოდ წარმოდგენილი მტკიცებულების თავისი ბრალის გარეშე წარუდგენლობის დამადასტურებელ რაიმე გარემოებაზე. სადავო მიწის დანიშნულება (საზოგადოებრივი სივრცე თუ არასასოფლო-სამეურნეო) მხარეთა შორის სადავო იყო სარჩელის განხილვის დროსაც. სსსკ-ის მე-4.1 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გარემოების დასადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოსარჩელეს აკისრია. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, მხარე კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ასრულებს საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულ დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს საპროცესო მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. ამ შემთხვევაში სარჩელზე აღძრული საქმისწარმოებისას სს „...“ ვალდებული იყო დაედასტურებინა სადავო გარემოება. ის ფაქტი, რომ მხარე საქმისწარმოების დასრულების შემდეგ მოიპოვებს მისთვის ხელსაყრელ მტკიცებულებას, არ ქმნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესაძლებლობას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „...“ მიერ მითითებული გარემოება და ამ გარემოების დასადასტურებლად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლოს სადავოდ გამხდარი და ექსპერტიზის დასკვნაში მოხსენიებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა ეჭვქვეშ არ უნდა დაეყენებინა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების მოთხოვნის განხილვისას სასამართლოს შეუძლია გამოთქვას მოსაზრება წარდგენილი გარემოება ან მტკიცებულება ადასტურებს თუ არა ამა თუ იმ სადავო გარემოებას, მაგრამ ამ მოსაზრების მხარისათვის მიუღებლობა კერძო საჩივრის შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან საქმის განახლებისათვის მნიშვნელოვანია დადასტურდეს ის გარემოება, რომ მხარემ სარჩელის განხილვისას თავისი ბრალის გარეშე ვერ შეძლო ისეთი გარემოების მითითება ან მტკიცებულების წარდგენა, რაც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლობლობას შექმნიდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „...“ კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას. შესაბამისად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მატერიალური და პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 423-427-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „...“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე