Facebook Twitter

569აპ ქ. თბილისი

1 ოქტომბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ნ. ძ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

დამტკიცდა 2007 წლის 11 დეკემბრის წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. თ-სა და რ. ჭ-ს შორის, კერძოდ _ სასჯელზე.

რ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით;

დამტკიცდა 2007 წლის 11 დეკემბრის წერილობით გაფორმებული საპროცესო შეთანხმება პროკურორ დ. თ-სა და ლ. ხ-ს შორის, კერძოდ _ სასჯელზე.

ლ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 25,182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 341-ე მუხლით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

ნ. ძ. _ საქართველოს მოქალაქე, სამართალში არყოფილი, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით _ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც «ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გაუნახევრდა და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ძ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 7 დეკემბრიდან.

ნ. ძ-ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე აეკრძალა თანამდებობის დაკავებისა და საქმიანობის უფლება 2 წლის ვადით.

სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა. სამოქალაქო მოპასუხე ნ. ძ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 51492 ლარის გადახდა.

განაჩენის მიხედვით, ნ. ძ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

ნ. ძ-მ 2005 წლის 22 აგვისტოს დააფუძნა შპს „ . .. .. “, რომელიც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაატარა სამეწარმეო რეესტრში და რომლის იურიდიულ მისამართად მიეთითა ქალაქი ზუგდიდი, ბ-ს ქუჩის ¹5, ხოლო დირექტორად _ ნ. ძ . 2006 წლის 19 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგებით, ზუგდიდის რაიონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ . .. .. “. ამავე სამინისტროსა და შპს ,, .. .. .. « შორის 2006 წლის 19 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2006 წლის 20 და 21 მაისს შპს „ . .. .. “ და 21 ვეტფერშალს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. ვეტფერშლებს დაევალათ, სოფლების მიხედვით, ჩაეტარებინათ ჯილეხის, ცოფისა და თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და შეედგინათ შესაბამისი აქტები აცრილი პირუტყვის რაოდენობის მითითებითა და მათი მეპატრონეების ხელმოწერით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა თითო იმუნიზაციის ღირებულება.

შპს „ . .. .. “ დირექტორმა ნ. ძ-მ, მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით, 2006 წლის მაისის, ივნისის, ივლისის, ოქტომბრისა და ნოემბრის თვეების სხვადასხვა რიცხვებში შეადგინა რა ზუგდიდის რაიონის სხვადასხვა სოფელში აცრილ ცხოველთა რაოდენობისა და ვეტფერშლების მიხედვით, ცხოველთა ვაქცინაციის ამსახველი ყალბი აქტები, ზედმეტად დააფიქსირა აცრილ ცხოველთა რაოდენობისა და ვეტფერშლების მიხედვით, ცხოველთა ვაქცინაციის ამსახველი ყალბი აქტები, ზედმეტად დააფიქსირა აგრეთვე აცრილ ცხოველთა რაოდენობაც, რომლის შესაბამისი თანხა უჩვენა ვეტფერშლების სახელფასო უწყისში, რის შემდეგაც ვეტფერშლებზე ხელფასი გასცა მათ მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, ხოლო ზედმეტად გაწერილი ხელფასის თანხა თვითონ მიითვისა. მთლიანად სახელფასო უწყისებში ვეტფერშლებზე გაცემულად ნაჩვენებ ხელფასში ნ. ძ-ს მიერ ზედმეტად გაწერილმა და მითვისებულმა თანხის ოდენობამ შეადგინა _ 7 424, 39 ლარი.

აღნიშნული ყალბი აქტები, თანდართულ სიებთან ერთად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის რაიონული სამმართველოს უფროსის _ რ. ჭ-სა და ზუგდიდის რაიონის სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის _ ლ. ხ-ს მიერ ხელმოწერისა და სათანადოდ დამოწმების შემდეგ, ნ. ძ-მ წარადგინა ამავე სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში და ამ გზით, ერთიანი განზრახვით გამოიყენა რა აღნიშნული ყალბი დოკუმენტები, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ჩაითვალა შესრულებულად. ასევე წარადგინა შიდა მიღება-ჩაბარების აქტი, რის საფუძველზეც პერიოდულად, სულ შპს „ . .. ..-ს“ ჩაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა _ 44815,44 ლარი, ანუ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე 15574,8 ლარით მეტი. მთლიანად ნ. ძ-მ მიითვისა ცხოველთა ვაქცინაციის თანხა _ 15574,8 ლარი და სხვადასხვა სახეობის _ 605605 დოზა ვაქცინა ღირებულებით _ 35919,2 ლარი. სულ სახელმწიფოსათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 51492 ლარი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ნ. ძ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ცვლილების შეტანას იმ მოტივით, რომ სამოქალაქო სარჩელით გათვალისწინებული თანხის დაკისრება უნდა მომხდარიყო სოლიდარულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებითა და დანართებით, ამოღების შესახებ შუამდგომლობით, ბრძანებითა და ამოღების ოქმით, ჩატარებული აცრების აქტებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით ნ. ძ-ს მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია, რასაც სადავოდ არც საკასაციო საჩივარი ხდის.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულ ნ. ძ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და დაუნიშნა მისი ქმედებისა და პიროვნების შესაბამისი სამართლიანი სასჯელი.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ ნ. ძ-ს საქმის სამართალწარმოებისას, წინასწარ გამოძიებაში სამოქალაქო მოსარჩელედ ცნობილია სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნ. მ. , ხოლო სამოქალაქო მოპასუხეებად _ ნ. ძ. ლ. ხ, რ. ჭ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის მოადგილე ნ. მ. სასარჩელო განცხადებით ითხოვდა, რომ ნ. ძ-ს ლ. ხ-სთან ერთად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით სოლიდარულად დაკისრებოდა 18 865,86 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; ხოლო რ. ჭ-სთან ერთად _ 32 628,14 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

I-ლი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორსა და მსჯავრდებულებს _ ლ. ხ-სა და რ. ჭ-ს შორის. განაჩენში მიეთითა, რომ ლ. ხ-მ და რ. ჭ-მ აანაზღაურეს სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი. საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით ფ. კ-მ ,, .. .. .. ბანკის» ქუთაისის ფილიალის ზუგდიდის განყოფილებაში 2007 წლის 1 დეკემბერს გადაიხადა 20000 ლარი (ტ.5.ს.ფ.54), ხოლო დ. ა. მ 2007 წლის 30 ნოემბერს _ 20000 ლარი რ. ჭ-ს სასარგებლოდ მხოლოდ მსჯავრდებულ ნ. ძ-ს კი ამავე განაჩენით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 51492 ლარის გადახდა, რაც არ არის დასაბუთებული.

I-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილშიც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ. ძ-მ და მისმა ინტერესების დამცელმა ადვოკატმა. განაჩენი თანხის დაკისრების ნაწილში ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სააპელაციო სასამართლომ დატოვა უცვლელად.

პალატას მიაჩნია, რომ, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ძ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეოთხე ნაწილით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ ნ. ძ-სათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეცეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.