საქმე ბს-659-634(კ-13) 29 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა. ბ-ე
მესამე პირი - სსიო სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მოსარჩელე: ა. ბ-ე
მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
სარჩელის სახე: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელება
სარჩელის საგანი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილის ბათილად ცნობა;
2. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა
სარჩელის საფუძველი:
ფაქტობრივი: მოსარჩელის მითითებით, 1989 წლიდან მუშაობდა ,,საქშავზღვათევზდაცვის’’ ეკოლოგიის სამმართველოში. 1991 წლიდან აღნიშნული სამსახური დაექვებდებარა საქართველოს შს სამინისტროს და ეწოდა საქშავზღვათევზდაცვის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველო. ა. ბ-ე 1991 წლის 13 აგვისტოს №246 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ამავე პოლიციის სამმართველოში ... თანამდებობაზე.
2009 წლის 7 სექტემბერს შეუსრულდა 55 წელი, ვინაიდან, წოდებით იყო კაპიტანი, საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის დებულების 61-ე მუხლის ,,ა“ პუნქტით და ამავე დებულების 68-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით 2009 წლის 31 სექტემბერს დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან ასაკის გამო გადადგომით. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან მისი დათხოვნის დროს წელთა ნამსახურობა შეადგენდა 18 წელს და 18 დღეს, იმის გათვალისწინებით, რომ გავლილი ჰქონდა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2 წელი და 10 დღე, საერთო სტაჟმა შეადგინა 20 წელი და 28 დღე.
მოსარჩელის განმარტებით, მან ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 7 მარტს განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა, რაზედაც 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილით ეთქვა უარი, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა ორგანოში სტაჟის გამოთვლას იწყებს არა შინაგან საქმეთა ორგანოში მისი ბრძანებით დანიშვნის დღიდან, არამედ წოდების მინიჭების დღიდან, რაც მოსარჩელის მითითებით არასწორია.
სამართლებრივი: მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველო 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად არასწორად უთითებს, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლზე, ვინაიდან, აღნიშნული მუხლის არც ერთ პუნქტში არ არის მითითებული იმის თაობაზე, რომ სამხედრო სამსახურში მუშაობის სტაჟის ათვლა იწყება მოსამსახურის წოდების მინიჭების დღიდან. პირიქით, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულია, რომ ,,წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში დაითხოვეს ან გადადგა სამსახურიდან“. პიროვნება ინიშნება თანამდებობაზე და შემდეგ ენიშნება მას წოდება თანამდებობის მიხედვით. მოსარჩელის განმარტებით, არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის მითითებული, რომ წოდების მინიჭებიდან წარმოებს სტაჟის ათვლა. პოლიციაში დანიშვნის დღიდან ღებულობს ხელფასს, რომელიც შეიცავდა: დანამატს დასვენებისა და უქმე დღეებში, სასურსათო ულუფის ღირებულებას და სხვა, პოლიციის მუშაკისათვის განსაზღვრულ კომპენსაციას.
მოასარჩელის მტკიცებით, საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტი და ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ანიჭებს უფლებას დაინიშნოს კომპენსაცია, ვინაიდან, იგი შიანაგან საქმეთა ორგანოთა რიგებში დაინიშნა 1991 წლიდან, შეუსრულდა ზღვრული ასაკი, დათხოვნილია თადარიგში ასაკის გამო, ამასთანავე, არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი. შინაგან საქმეთა ორგანოთა რიგებში მუშაობის დაწყებამდე მუშაობდა სამოქალაქო დაწესებულებაში და აქვს მუშაობის საერთო სტაჟი 20 წელი.
მოსარჩელემ მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ..სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე (იხ. ს.ფ. 1-11).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (იხ. ს.ფ. 60-61; ტ.1).
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ა. ბ-ის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნისას მუშაობის საერთო პერიოდმა შეადგინა 18 წელი, 00 თვე და 18 დღე, მაგრამ მას ,,პოლიციის რიგითის“ პირველადი სპეციალური წოდება მიენიჭა 1992 წლის 14 აგვისტოს №356 ბრძანებით ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გაანგარიშების მოთხოვნათა გათვალისწინებით შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნისათვის, კერძოდ, 2009 წლის 31 აგვისტოსათვის ა. ბ-ის წელთა ნამსახურობის ვადა შეადგენს 17 წელს, 00 თვეს და 17 დღეს და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გათვალისწინებით ნამსახურევი შეადგენს 19 წელს, 00 თვეს და 27 დღეს, ე.ი. ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით იგი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე (იხ. ს. ფ. 69-75).
2013 წლის 5 მაისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ და მოითხოვა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილის ბათილად ცნობა;
2. მოპასუხემ მიიღოს გადაწყვეტილება მოსარჩელე ა. ბ-ისათვის შინაგან ორგანოებში ნამსახურები წლების 20 წლითა და 28 დღით განსაზღვრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით (იხ. ს.ფ. 87; ტ.1).
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას. (იხ. 2013 წლის 02 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმი ახსნა-განმარტება; ტ.1)
საქმის გარემოებები:
მოსარჩელე ა. ბ-ე შინაგან საქმეთა ორგანოთა რიგებში დაინიშნა 1991 წლის 31 აგვისტოს და დათხოვნილ იქნა გადადგომით 2009 წლის 7 სექტემბერს. შინაგან საქმეთა ორგანოში მისი ნამსახურობა შეადგენს 18 წელს და 18 დღეს. გარდა ამისა, მას გავლილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური 2 წელი და 10 დღე, რის გამოც საერთო ჯამში მისი ნამსახურობა შინაგან საქმეთა ორგანოში შეადგენს 20 წელსა და 28 დღეს.
,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, 2013 წლის 7 მარტს ა. ბ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მოითხოვა კომპენსაციის დანიშვნა, რაზედაც 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილით ეთქვა უარი, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რადგან ორგანოდან დათხოვნის დღეს მისი ნამსახურები წლების ჯამი შეადგენდა 19 წელს, 00 თვესა და 27 დღეს.
რაიონული/საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ა. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილი; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ა. ბ-ესათვის შსს ორგანოებში ნამსახურები წლების 20 (ოცი) წლით და 28 (ოცდარვა) დღის განსაზღვრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში (ტ.1 ს.ფ.137-151).
სასამართლოს მიერ უდავოდ მიჩნეული ფაქტები:
ა. ბ-ე 1989 წლიდან მუშაობდა ,,საქშავზღვათევზდაცვის’’ ეკოლოგიის სამმართველოში. 1991 წლიდან აღნიშნული სამსახური დაექვებდებარა საქართველოს შს სამინისტროს და ეწოდა ,,საქშავზღვათევზდაცვის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველო“. ა. ბ-ე 1991 წლის 13 აგვისტოს №246 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ამავე პოლიციის სამმართველოში ... თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 07 სექტემბრის №4874პ/შ ბრძანებით ა. ბ-ე დაითხოვეს შს ორგანოებიდან გადადგომით.
ა. ბ-ემ შს ორგანოთა რიგებში იმსახურა 20 წელი და 28 დღე.
გლდანი-ნაძალადევის რაინული სასამართლოს 2002 წლის 10 ივნისის საქმე №2/797-02 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა. ბ-ე 1991-93 წლებში შსს ეკოლოგიის პოლიციაში მუშაობისას მონაწილეობას ღებულობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში.
საქმეშია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილი, რომლითაც მოსარჩელეს უარი უთხრეს სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, რადგან ორგანოდან დათხოვნის დღეს მისი ნამსახურები ვადა შეადგენდა 19 წელს, 00 თვეს და 27 დღეს.
სასამართლოს მიერ სადავოდ მიჩნეული ფაქტები:
სადავოა გასაჩივრებული ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება.
სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა: ბათილად ცნო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის №572794 წერილი; მოპასუხეს დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, მიიღოს გადაწყვეტილება ა. ბ-ესათვის შსს ორგანოებში ნამსახურები წლების 20 (ოცი) წლით და 28 (ოცდარვა) დღის განსაზღვრისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 01 (ერთი) თვის ვადაში
სადავოდ მიჩნეული ფაქტების შეფასება:
სასამართლოს საქმეში არსებული უდავო ფაქტობრივი გარემოებების განხილვისა და გამოკვლევის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ა. ბ-ე შს ორგანოებში სამუშაოდ იქნა ჩარიცხული 1991 წლის 13 აგვისტოდან №246 ბრძანების საფუძველზე, სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით შს ორგანოებიდან დათხოვნისათვის 2009 წლის 07 სექტემბერს მოსარჩელეს წელთა ნამსახურება გააჩნია 18 წელი და 00 თვე და 18 დღე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის 02 წლისა და 10 დღის გათვალისწინებით ნამსახურები ვადა შეადგენს სულ ჯამში 20 წელს, 00 თვეს და 28 დღეს.
მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიმართ წელთა ნამსახურების ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისთვის წოდების მინიჭების დღიდან, მიიჩნია დაუსაბუთებლად, რადგან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ’’ საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის №430 კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად კი წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. რისი გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ წელთა ნამსახურების გამოანგარიშება უნდა მოხდეს მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან 1991 წლის 13 აგვისტოდან, მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმის საწინააღმდეგო გამაბათილებელი მტიცებულებანი მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.
სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:
საქალაქო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს კანონი’’ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონი’’ (იხ. ს.ფ. 139-151; ტ.1).
აპელანტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ბ-ე
მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
აპელაციის საგანი და მოცულობა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აპელაციის მოტივები:
ფაქტობრივი: აპელანტის მსჯელობით, სასამართლომ არასწორად შეაფსა მტკიცებულებები და არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი. წელთა ნამსახურების ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისათვის წოდების მინიჭების დღიდან, რადგან, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს 1996 წლის 16 ოქტომბრის N430 კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წელთა ნამსახურების გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადაადგილებული სამსახურიდან. ამირან ბრგევაძე დაინიშნა 1991 წლის 13 აგვისტოს ,,საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს ეკოლოგიის პოლიციაში. შს ორგანოებიდან დათხოვნილია 2009 წლის 03 აგვისტოს. ე.ი. წელთა ნამსახურებმა შედგინა 17 წელი, 00 თვე და 17 დღე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გათვალისწინებით ნამსახურები შედგენს 19 წელს, 00 თვეს და 27 დღეს, შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაციების და აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონით იგი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს 2013 წლის 27 მარტის N572794 წერილი მომზადებულია და გამოცემულია კანონმდებლობის დაცვით, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რამაც შეადგინა მოსარჩელის წელთა ნამსახურობა 19 წელი, 00 თვე და 27 დღე.(პირველ ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილია ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, შს სამინისტროს სამსახურებრივი პირადი სია N56554 ა. ბ-ის შესახებ, ასევე სხვა მტკიცებულებები).
სამხედრო სამსახურში მოსამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღედ ცალსახად უნდა იქნეს მჩნეული სუბიქტის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თარიღი, ანუ ის დღე, როდესაც მას მიენიჭა სპეციალური წოდება და გახდა სამხედრო მოსამსახურე, რადგან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წვერთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებელი სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს ყველას ერთად განიხილავს, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც აქვთ სამხედრო სამსახურში ამავე კანონით განსაზღვრული სამხედრო ნამსახურები წლების ზღვრული ოდენობა და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების (წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი სამხედრო სამსახურში) არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო ზემოაღნიშნული სუბიექტების და მათი ოჯახის წევრების სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას.
სამართლებრივი: აპელანტის განმარტებით, მართალია, სასამართლომ სწორად გამოიყენა კანონი, მაგრამ არასწორად განმარტა იგი (იხ. ს.ფ. (იხ.ს .ფ. 157-165; ტ.1).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 38-45; ტ.1).
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა:
სააპელაციო სასამართლო, სრულად გაიზიარა და დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; კერძოდ, პალატამ მიიჩბია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
კასატორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე: ა. ბ-ე
კასაციის საგანი და მოცულობა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები/სამართლებრივი/:
პროცესუალური : კასატორის მითითებით გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
მატერიალური: კასატორის განმარტებით, წელთა ნამსახურობის ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისათვის წოდების მინიჭების დღიდან, რადგან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 1996 წლის 16 ოქტომბრის №430 კანონის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად დაითხოვეს თადარიგში ან გადადგა სამსახურიდან.
კასატორის შეფასებით, სასამართლომ არასწორად იმსჯელა, ა. ბ-ისათვის შინაგან საქმეთა ორგანოში ჩარიცხვის თაობაზე და არასწორად მიიჩნია 1991 წლის 13 აგვისტო №246 ბრძანება. ა. ნ. ძე ბ-ე დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის შსს ორგანოებში 1992 წლის 16 ივლისს №246 პ/შ ბრძანებით, ,,საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს ქ. თბილისის ინსპექციაში თევზდაცვის ... თანამდებობაზე წოდების მინიჭების გარეშე, რაც დასტურდება კასატორის მოთხოვნით. დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოგზავნილი წერილით და ბრძანების ამონაწერით, ასევე ირკვევა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება: ,,საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველო შსს სამინისტროს დაექვემდებარებაში გადაეცა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის №90 დადგენილებისა და 1992 წლის 4 თებერვლის №8 ბრძანების საფუძველზე, აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ბ-ე ვერანაირად ვერ იქნებოდა 1991 წლის 13 აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ჩარიცხული.
კასატორის განმარტებით, ა. ბ-ეს ,,პოლიციის რიგითის“ პირველადი წოდება მიენიჭა 1992 წლის 14 აგვისტოს №356 ბრძანებით ე.ი. ,,პოლიციის რიგითად“ წოდებით ჩარიცხვიდან ჩაეთვლება წელთა ნამსახურობა და არა ეკოლოგიის პოლიციაში დანიშვნიდან. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილია 2009 წლის 31 აგვისტოს, ე.ი. წელთა ნამსახურობის ვადამ შეადგინა 17 წელი 00 თვე და 17 დღე, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გათვალისწინებით ნამსახურები შეადგენს 19 წელს, 00 თვეს და 27 დღეს, შესაბამისად, ,,სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიოური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონით იგი არ ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას.
კასატორის შეფასებით, სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღე ცალსახად არის პირის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის თარიღი ანუ ის დღე, როდესაც მას მიენიჭა სპეციალური წოდება და გახდა სამხედრო მოსამსახურე, რადგან ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წვერთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე კანონმდებელი სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს ყველას ერთად განიხილავს, როგორც სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ სამხედრო სამსახურში ამავე კანონით განსაზღვრული შესაბამისი ნამსახურები წლის ზღვრული ოდენობა და სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოების (წელთა ნამსახურობის 20 და 20 -ზე მეტი კალენდარული წელი სამხედრო სამსახურში) არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმწიფო ზემოაღნიშნული სუბიექტების და მათი ოჯახის წევრების სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას.
სამართლებრივი: კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წვერთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონი (იხ. ს.ფ. 54-61; 83-90;ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებებით ა. ბ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 103-104; 115-117; ტ.2).
წეროლობითი მოსაზრებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 107-109; ტ.2).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა ასევე წერილობითი მოსაზრებით მესამე პირმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა (იხ. ს. ფ. 110; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც პროცესუალური კასაცია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაირღვა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსსკ-ის 393.2, 394-ე “ე” მუხლების მოთხოვნები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, განჩინება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულ და გადაწყვეტილ იქნა საპროცესო ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფით, სასამართლო აქტი საერთოდ არ შეიცავს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ არის გაქარწყლებული აპელანტის მოსაზრებები, ისე არის მიჩნეული დაუსაბუთებლად და კანონშეუსაბამოდ.
საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების მიღებისას ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საქმეზე ¹ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის განჩინებით ჩამოყალიბებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სააპელაციო სასამართლოს მიერ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით მინიჭებული კომპეტენციის კვალიფიციური გამოყენების შესახებ, კერძოდ:
სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტის მიხედვით: სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომლითაც უცვლელად რჩება გასაჩივრებული გადაწყვეტილება და თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მასზე მითითებით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოების გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნეს მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება.“
სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უკრიტიკოდ გაიზიარა და არც დაასაბუთა მათი უტყუარობა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საქმე არ არის სრულყოფილად შესწავლილი და გამოკვლეული, რაც არ იძლევა სამართლებრივი შეფასებების გაკეთებისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას.
სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოთხოვნის იმ ძირითად სამართლებრივ საფუძველზე, რომელზედაც უთითებდა აპელანტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას იმსჯელოს მხარის მიერ წამოყენებულ ძირითად არგუმენტებზე, მოახდინოს მათი სათანადო სამართლებრივი შეფასება. სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს არა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. უკანასკნელი მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების უზრუნველყოფას, განპირობებულია მხარის ინტერესით იცოდეს სახელმწიფოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძვლები, მოტივაცია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ამოწმებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ტექსტის მიხედვით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ბ-ის წელთა ნამსახურობა შეადგენდა 20 წელსა და 28 დღეს და აღნიშნა, რომ მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ა. ბ-ის მოსამსახურის ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან 1991 წლის 13 აგვისტოდან.
სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია: ,,საქშავზღვათევზდაცვის’’ ეკოლოგიის სამმართველო, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, როდიდან დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა არსებული და საქმეში დაცული მტკიცებულებების სრულყოფილი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შემდეგ უნდა მოეხდინა მოსარჩელისათვის წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება 1991 წლიდან.
სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების სრული გამოყენებით უნდა გაირკვეს თუ როდიდან დაექვემდებარა ის სამსახური, სადაც მუშაობდა მოსარჩელე შინაგან საქმეთა სამინისტროს და როდიდან გახდა მოსარჩელე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და 1996 წლის 16 ოქტომბრის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტი.
ვინაიდან, ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით განსაზღვრულია საპენსიო უზრუნველყოფის მქონე პირთა წრე, კერძოდ, კანონის ,,დ“პუნქტის შესაბამისად, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლი ადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელ პირობებს, კერძოდ: ,,ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ,,ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი“. ხოლო მე-16 მუხლში მოცემულია წელთა ნამსახურობის გადაანგარიშების წესი: ,,1. წელთა ნამსახურობაში პენსიის დანიშვნისათვის ჩაითვლება: საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურეები, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები უსაფუძვლოდ იყვნენ მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებულნი. (17.06.2005 N 1680)
2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეებს წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოთ სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურის ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის ერთი წელი ჩაეთვლებათ 6 თვედ.
21. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სამსახური.
3. წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.
4. წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
5. ამ კანონის პირველი მუხლის "ბ" პუნქტში ჩამოთვლილ პირთათვის პენსიის დასანიშნად წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების წესს განსაზღვრავს საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო“.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მითითებული აქვთ, რომ აღნიშნული სამსახური 1991 წლიდან დაექვებდებარა საქართველოს შს სამინისტროს და ეწოდა ,,საქშავზღვათევზდაცვის ეკოლოგიის პოლიციის სამმართველო“, ხოლო საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივარზე დართული საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 31 იანვრის №90 დადგენილებით დასტურდება, რომ ,,საქშავზღვათევზდაცვის’’ სამმართველო და საქართველოს შავი ზღვის სარეწაო ნავსადგურები ,,პორტის კაბინეტის“ სამსახური დაექვემდებარა შინაგან საქმეთა სამინისტროს 1992 წლიდან (იხ. ს.ფ. 67-68; ტ.2).
საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რესპუბლიკის შავი ზღვის ეკონომიკური ზონის, თევზის მარაგის დაცვის, კვლავააღწარმოებისა და თევზჭერის რეგულირების სამმართველოს უფროსის 1992 წლის 16 ივლისის №246 ბრძანების შესაბამისად, ,,ბ-ე ა. ნ.-ძე დაინიშნა ,,საქშავზღვათევზდაცვის’’ სამმართველოს ქ. თბილისის ინსპექციაში ... ინსპექტორად მ/წლის 2 ივნისიდან ხელფასით თანახმად საშტატო ერთეულისა“ (იხ. ს.ფ. 64).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარდგენილი არ იყო, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები და მათი ობიექტური, ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად მიეღო გადაწყვეტილება.
ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულებას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. ამდენად, სააპელაციო სასამართლო საქმის გადასინჯვას ახდენს არა მხოლოდ საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, არამედ სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზეც. მოცემულ შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც კასატორმა დაურთო საკასაციო საჩივარს და დამატებით მოახდინოს მათი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არის დაუსაბუთებელი, განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ყველა გარემოება, იმსჯელოს სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, მოსთხოვოს მხარეს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები, სასამართლო დასკვნებში ასახოს მოსაზრებები, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, საქმეზე კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ ყველა მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა გამოიკვლიოს ,,საქშავზღვათევზდაცვის“ სამმართველოს ეკოლოგიის პოლიციის სამმართველო, სადაც 1991 წლის 13 აგვისტოს №246 ბრძანებით დაინიშნა ა. ნ. ძე ბ-ე და შესაბამისად აღნიშნული სამსახურის მოსამსახურე წარმოადგენდა თუ არა 1996 წლის 16 ოქტომბრის ,,სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ კანონის სუბიექტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე