საქმე #ბს-77-75(კ-14) 1 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. ა-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ზ. ა-მა სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ და მოითხოვა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 აპრილის № 1-268 ბრძანების -დისციპლინურ სახდელად შენიშვნის გამოცხადების შესახებ ბათილად ცნობა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 მაისის № 1-313 ბრძანების, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არარა აქტად აღიარება, გორის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე აღდგენა და აღდგენამდე პერიოდის განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-14; ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 46-55; ტ.1).
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ზ. ა-ისათვის დისციპლინური სახდელის სახედ და ზომად სამსახურიდან დათხოვნის შეფარდების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 მაისის № 1-313 ბრძანება არარა აქტად იქნა აღიარებული და ზ. ა-ი აღდგენილი იქნა გორის მუნიციპალიტეტის ... თანამდებობაზე; გორის მუნიციპალიტეტს დაევალა აუნაზღაუროს ზ. ა-ს იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო არა უმეტეს 3 (სამი) თვის თანამდებობრივი სარგოს, სულ 3 900 (სამიათას ცხრაასი) ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები თანხა განისაზღვროს საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით); ზ. ა-ის სარჩელი გათავისუფლებიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებით განაცდურის მთლიანად ანაზღაურების ნაწილში და დისციპლინური სახდელის სახედ და ზომად შენიშვნის გამოყენების თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 30 აპრილის № 1-268 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ზ. ა-ს დაუბრუნდა მის მიერ 2013 წლის 21 ივნისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი (იხ. ს.ფ. 167-181; ტ.1).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 22 მაისის № 1-313 ბრძანების არარა აქტად აღიარებისა და განაცდურის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 185-196; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებელით ზ. ა-მა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 14-22; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 35-51; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 56-65; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 69-70; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, კერძოდ, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლიდან გამომიდნარე, საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციის გარკვევის მიზნით გამგეობის თანამშრომლებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.1)
წერილობითი მოსაზრებით ზ. ა-მა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 79; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე