საქმე #ბს-89-87(კ-14) 29 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ც. ჩ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, მესამე პირების გ. ძ-ისა და ხ. გ-ის მონაწილეობით ზიანის ანაზღაურების თაობაზე).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ც. ჩ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ ზიანის - 31 563 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).
შესაგებლით მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 93-105; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლს საფუძველზე, მესამე პირად ჩაება გ. ძ-ი (იხ. ს.ფ. 232-234; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლს საფუძველზე, მესამე პირად ჩაება ხ. გ-ი (იხ. ს.ფ. 245-247; ტ.1).
შესაგებლით მესამე პირმა - ხ. გ-მა სარჩელი არ ცნო (იხ. ს.ფ. 284-291; 1-11; ტ.2).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ც. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება - 31 563 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 572 ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ექსპერტიზის დასკვნისთვის გაწეული ხარჯი 535 ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ც. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯი 1 980 ლარს ოდენობით ს.ფ. 103; ტ-2;).
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 113-121; 129-142; ტ.2).
სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით ც. ჩ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 156-164; ტ.2).
სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა ასევე არც მესამე პირი - ხ. გ-ი (იხ. ს.ფ. 169-176; ტ.2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 212-228; ტ.2).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 238-249; ტ.2).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 7 მარტის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 270-271; ტ.2).
წერილობითი მოსაზრებით ც. ჩ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 285-292; ტ.2).
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით კასატორმა - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნტების შესაბამისად (იხ. ს.ფ. 294-295; ტ.2)
წერილობითი მოსაზრებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა ასევე მესამე პირმა ხ. გ-მა (იხ. ს.ფ. 296-302; ტ.2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობის მოსაზრებით, კასატორის _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2759,55 ლარის) 70%, _ 1931,69 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე 2014 წლის 4 მარტის №191 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (2759,55 ლარის) 70%, _ 1931,69 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე