საქმე №ბს-161-159(გ-14) 29 აპრილი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 3 დეკემბერს ც. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 1 ნოემბრის №200799 და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 ივლისის №15812 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით ც. მ-ს სარჩელზე დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, მოსარჩელეს დაევალა მოპასუხეთა დაზუსტება და სადავო აქტის სასამართლოში წარდგენა (იხ. ს.ფ. 27-28).
2013 წლის 20 დეკემბერს ც. მ-ის წარმომადგენელმა ე. პ-ემ დაზუსტებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 1 ნოემბრის №200799 გადაწყვეტილებისა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 19 ივლისის №15812 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დაევალოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს დაარეგისტრიროს ც. მ-ის სახელზე დარჩენილი 20 კვ.მ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს დაარეგისტრიროს ც. მ-ის ქონება იმ ნაწილში, რომელიც არ არის ე.წ. გადაფარვის ქვეშ (იხ. ს.ფ. 30-43).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ც. მ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
საქალაქო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასთან და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთებზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.
საქალაქო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ..., ნივთობრივი განსჯადობის შესაბამისად, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განსჯადია (იხ. ს.ფ. 87-89).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო 2014 წლის 5 მარტის განჩინებით არ დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და საქმე განსჯადობის გადასაწყვეტად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2009 წლის 7 აგვისტოს №1/170 გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, რომლის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებით.
საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის №4757 დადგენილების თანახმად, ,,ერთი მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს და, მეორე მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ბათუმსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტს შორის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“, ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლასთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რიგი ტერიტორიები მოექცა ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში, რამაც განაპირობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გარკვეული ტერიტორიული ერთეულების თემების ნაწილობრივ დაყოფა.
რაიონული სასამართლოს დასკვნით, დავის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონება, მდებარე, ხელვაჩაური, ..., რომელიც დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებშია შესული და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე, ც. მ-ის საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ნივთის ადგილსამყოფელის მიხედვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 164-166).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მიაჩნია რომ ც. მ-ის სარჩელი საქმესთან ერთად უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე სასამართლოთა შორის დავა საქმის განსჯადობის თაობაზე, შესაბამისად, სახეზე არ არის ამავე მუხლით დადგენილი საკასაციო სასამართლოს იურისდიქცია - სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადაწყვეტის უფლებამოსილების თაობაზე, რამდენადაც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო არ დავობს, რომ საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ განხილვას ექვემდებარება, არამედ, მიაჩნია, რომ საქმე სრულიად სხვა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. აღწერილ ვითარებაში, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა არა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით, არამედ ამავე კოდექსის 26.2. მუხლით და საქმე გადაეგზავნა უფლებამოსილი სასამართლოსათვის, რომელიც თუ მიიჩნევდა, რომ განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე წამოიწყებდა დავას განსჯადობის შესახებ, რა შემთხვევაშიც საკასაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება - გადაწყვიტოს დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, სახეზე იქნებოდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავა განსჯადობის თაობაზე რომლის გადაჭრის უფლებამოსილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლის საფუძველზე გააჩნია საკასაციო სასამართლოს, გულისხმობს სასამართლოთა შორის შეუთანხმებლობას დავის საგანთან მიმართებაში სასამართლოს უფლებამოსილების პრინციპის გათვალისწინებით, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ არის, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობა სასამართლოთა შორის ასეთი დავის არსებობისა და შესაბამისად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3 მუხლით დადგენილი წესით საქმის საკასაციო სასამართლოსთვის გადაგზავნის თაობაზე დაუსაბუთებელია, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ საქმე ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გადაგზავნილ იქნა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო უძრავი ქონება მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ... . ხოლო ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. და სსსკ-ის მე-18 მუხლების საფუძველზე საქმე უნდა გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ სამართალწარმოების წესით განსახილველად იმ მოტივით, რომ საქართველოს პარლამენტის 2011 წლის 14 ივნისის #4757 დადგენილების თანხამად, სადავო უძრავი ქონება, მდებარე, ხელვაჩაური, ... დღეის მდგომარეობით თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში, ნაცვლად განსჯადობაზე დავის წამოწყებისა. ამასთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა კლასიკური დავა სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო არ დაეთანხმებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას დავის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განსჯადად მიჩნევის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად უფლებამოსილი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ საქმის გადაგზავნის შემდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლო წამოიწყებდა დავას ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /მუხლი 26/, კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ადმინისტრაციული სასამართლოს უფლებამოსილება კონკრეტულ დავასთან მიმართებაში, არამედ სადავოა ტერიტორიული განსჯადობა სსსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, რომლის მსჯელობის საგანი არც გამხდარა წინამდებარე საქმის განხილვის კომპეტენცია, რაც ნათლად მიანიშნებს, რომ ამ ვითარებაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოებს შორის არ არსებობს დავა განსჯადობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დაშვებული სასამართლოებს შორის საქმის განსჯადობის შესახებ დავა უზრუნველყოფილია და ემსახურება საქმის მხოლოდ იურისდიქციული ორგანოს მიერ განხილვის იმპერატიული დანაწესის შესრულებას, ხოლო საკასაციო სასამართლოსათვის მინიჭებული კომპეტენცია განსჯადობის შესახებ გულისხმობს ორი სასამართლოს მსჯელობის სამართლებრივ შეფასებას. სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საკასაციო სასამართლო მსჯელობს მოდავე სასამართლოების დასაბუთებულ შეხედულებებზე კომპეტენციის თაობაზე და წყვეტს დავას სწორედ ერთ-ერთი სასამართლოს მსჯელობის, სამართლებრივი კვალიფიკაციის გაზიარების საფუძველზე, რაც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსჯადობის შესახებ დავის არარსებობის გამო საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, 390-ე, 399-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც. მ-ის სარჩელი მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ დაუბრუნდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს;
2. წინამდებარე განჩინება გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნათია წკეპლაძე
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე