Facebook Twitter

საქმე ბს-191-189 (კ-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რე. ს-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 5 იანვარს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს რ. ს-ემ და ს. ბ-ემ მოპასუხეების - მ. გ-ის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიმართ, მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის ადგილობრივი არქივის მიერ 2011 წლის 25 თებერვლის N07-გ ცნობის ბათილად ცნობა და საჯარო გზის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მახო, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით-N... საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2011 წლის 1 ივლისის N21 ოქმის და მის საფუძველზე გაცემული N877 მოწმობის ბათილად ცნობა; საჯარო გზის ნაწილში, უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი მახო, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით-N... საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება; საჯარო გზის ნაწილში, თხილნარის თემის საკრებულოს 2001 წლის 30 აპრილის N18 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; საჯარო გზის ნაწილში თხილნარის თემის საკრებულოს მიწის სარეფორმო კომისიის 2000 წლის 23 დეკემბრის N5 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვეს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით რ. ს-ისა და ს. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს რ. ს-ემ და ს. ბ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 23 აგვისტოს განჩინებით რ. ს-ის გარდაცვალების გამო მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 3 იანვრის განჩინებით რ. ს-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი რე. ს-ე და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით რ. ს-ის უფლებამონაცვლის რე. ს-ის და ს. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით რე. ს-ემ (რ. ს-ის უფლებამონაცვლე) და ს. ბ-ემ გაასაჩივრეს, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რე. ს-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას რე. ს-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ს. ბ-ეს რე. ს-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 600 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 600 (ექვსასი) ლარის 70% _ 420 (ოთხას ოცი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რე. ს-ისა და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება;

3. ს. ბ-ეს (საიდენტიფიკაციო კოდი N...) 2014 წლის 22 აპრილს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაუბრუნდეს 600 (ექვსასი) ლარის 70% _ 420 (ოთხას ოცი) ლარი; (მიმღები - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის BIC კოდი: TRESGE22, მიმღების IBAN ანგარიშის №300773150).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე