Facebook Twitter

№ბს-238-235(კ-14) 28 ოქტომბერი, 2014 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა - მხარეთა დასწრების გარეშე;

კასატორები (მოსარჩელეები) – ა. ყ-ი, ნ. ზ-ე, მ. დ-ა, ზ. ც-ე, ა. ა-ი, გ. ს-ი;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; წარმომადგენლები - ი. თ-ე და ლ. ნ-ე;

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მოსარჩელეები: ა. ყ-ი, ნ. ზ-ე, მ. დ-ა, ზ. ც-ე, ა. ა-ი, გ. ს-ი;

მოპასუხე: საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;

სარჩელის სახე: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე ქმედების განხორციელება.

სარჩელის საგანი:

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების დაკისრება, კერძოდ:

ა. ყ-ისათვის - 4117,0 ლარის;

ნ. ზ-ისათვის - 3176,70 ლარის;

მ. დ-ასთვის - 1741,0 ლარის;

ზ. ც-ისათვის - 4111,0 ლარის;

ა. ა-ისათვის - 1606, 0 ლარის;

გ. ს-ისათვის - 1450,10 ლარის.

სარჩელის საფუძველი: აუნაზღაურებელი ხელფასის გაცემა.

ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეების განმარტებით, 1998-2003 წლების განმავლობაში მუშაობდნენ შპს ,,საქენერგო 2000-ში“ (ყოფილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ საინფორმაციო გამოთვლით ცენტრში), რომელიც იმყოფებოდა საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მისაღები აქვთ 1998-2003 წლების სახელფასო დავალიანებები, რის შესახებ მიმართეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომლის 2008 წლის 9 დეკემბრის №04.02/12373 წერილით ეცნობათ, რომ ამ საკითხის თაობაზე უნდა მიემართათ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის.

მოსარჩელეების განმარტებით, ისინი პერიოდულად მიმართავდნენ შპს ,,საქენერგო 2000-სს“, მაგრამ სახელფასო დავალიანებები დღემდე არ მიუღიათ.

2012 წლის 7 აგვისტოს მიმართეს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საიდანაც ეცნობათ, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება სცილდებოდა მათ კომპეტენციას.

სამართლებრივი: მოსარჩელეებმა სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითეს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე და 1341-ე მუხლებზე, ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლზე, ასევე განმარტეს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოსათვის შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება პრიორიტეტულ საკითხთა რიცხვს განეკუთვნება. 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიიღოს შრომის ანაზღაურება. შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებულია და განარტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლით, ხელფასის ანაზღაურება შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპია, მიიღოს შრომითი გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსათვის, მისი ინდივიდუალური და საარსებო მოთხოვნის დასაკმაყოფილებად. შრომის ანაზღაურება განმსაზღვრელი ფაქტორია შრომითი ურთიერთობებისათვის, იქნება ეს საჯარო სამართლებრივი, თუ კერძო სამართლებრივი ურთიერთობა და მის სოციალურ მიზანს წარმოადგენს ის, რომ პირი, რომელიც კონკრეტულ საქმიანობას ასრულებს, იღებს გასამრჯელოს, რითაც უზრუნველყოფს საკუთარი საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. (იხ. ს.ფ. 1-13; ტ.1).

მოპასუხემ - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

ფაქტობრივი: მოსარჩელეები მუშაობდნენ შპს ,,საქენერგო 2000-ში“, ამასთან, ცნობები დავალიანების შესახებ, გაცემულია 2001-2004 წლებში სახაზინო კომპანია ,,საქენერგოს“ მიერ, რომლის სამართალმემკვიდრესაც 2000 წლიდან წარმოადგენს შპს ,,საქენერგო 2000“.

სამართლებრივი: მოპასუხის განმარტებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, ვინაიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მხოლოდ საზოგადოებას საკუთარი ქონების ფარგლებში.

ამასთან, მოსარჩელეების მოთხოვნა ეფუძნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, რომელიც ვრცელდება მხოლოდ საჯარო მოსამსახურეებზე, ხოლო მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ შპს ,,საქენერგო 2000-ში“, რომელიც წარმოადგენს კერძო სამართლის იურიდიულ პირს და მასზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება. მოპასუხემ ასევე იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე (იხ. ს.ფ. 53-60; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით: არასათანადო მოპასუხედ ცნობის თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს და შესაბამისად, მხარის წარმომადგენლების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, ასევე ვერ იქნა მითითებული, თუ რომელი სათანადო მოპასუხით უნდა შეცვლილიყო თავდაპირველი მოპასუხე (იხ. ს.ფ. 87; ტ.1).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ყ-ის, ნ. ზ-ის, მ. დ-ას, ზ. ც-ის, ა. ა-ისა და გ. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.ს.ფ. 112-117; ტ.1).

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები:

მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ შპს ,,საქენერგო 2000-თან“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის №23197 წერილით, დადგენილია, რომ მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,საქენერგოს 2000-ის“ დოკუმენტაციით აღნიშნული სუბიექტის უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებით სახაზინო საწარმო საქენერგოს ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია’’, რომელსაც კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 6 მარტის დადგენილების შესაბამისად, ეწოდა შპს ,,საქენერგო 2000“, რომელიც წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმო ,,საქენერგოს“ სამართალმემკვიდრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის №2/2747-09 განჩინებით ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, გაუქმდა შპს ,,საქენერგო 2000-ის’’ რეგისტრაცია.

დღეის მდგომარეობით მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,საქენერგო 2000-ის“ დოკუმენტაციით აღნიშნული სუბიექტის უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

სასამართლოს დასკვნები - საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ შპს ,,საქენერგო 2000-ში“, შესაბამისად, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო არ წარმოადგენდა შპს ,,საქენერგო 2000-ის“ უფლებამონაცვლეს და სათანადო მოპასუხეს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი არ უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რასაც ადგილი აქვს კონკრეტულ შემთხვევაში.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/:

საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (იხ. ს.ფ. 112-117; ტ.1).

აპელანტები: ა. ყ-ი, ნ. ზ-ე, მ. დ-ა, ზ. ც-ე, ა. ა-ი, გ. ს-ი;

მოწინააღმდეგე მხარე: - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 126-136; ტ.1).

აპელაციის მოტივები:

ფაქტობრივი: სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ბაზაზე დაფუძნდა რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, შპს ,,საქენერგო 2000“ და შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“. ორგანიზაცია - შპს ,,საქენერგო 2000“, რომელშიც ისინი მუშაობდნენ უშუალოდ ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობით, იყო საჯარო სამსახური და ანაზღაურება - ხელფასი გაიცემოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამართლებრივი: ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იყოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციის ხარკზე ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციას.

შრომითი უფლებების დაცვა და შრომის სამართლიანი ანაზღაურება აღიარებულია და გარანტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლით, ხელფასის ანაზღაურება შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპია, მიიღოს შრომითი გასამრჯელო შესრულებული სამუშაოსათვის, მისი ინდივიდუალური და საარსებო მოთხოვნის დასაკმაყოფილებად.

აპელანტები ასევე მიუთითებდნენ, შრომის კოდექსის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული წლისა. აპელანტების განმარტებით, მათი გათავისუფლების დღიდან გასულია უკვე რამოდენიმე წელი, თუმცა მათთან საბოლოო ანგარიშსწორება დღემდე არ მომხდარა.

შპს ,,საქენერგო 2000“ არის სახაზინო საწარმოს ,,საქენერგოს“ სამართალმემკვიდრე, რასაც ადასტურებს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 16 ოქტომბრის დადგენილება. შეცდომით არის შედგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის ¹23197 წერილი (იხ. ს.ფ. 126-136; ტ.1).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის საოქმო განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 78; ტ.2).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების /სარეზოლუციოს/ შინაარსი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინებით ა. ყ-ის, ნ. ზ-ის, მ. დ-ას, ზ. ც-ის, ა. ა-ისა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 122-132; ტ.2).

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა: სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 10 დეკემბრის N3/898 ბრძანების ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ელექტროდისპეჩერიზაციას“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეჩერიზაცია) დაფუძნების შესახებ“ თანახმად, სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეჩერიზაცია) საწესდებო კაპიტალში 100% სახელმწიფო მატერიალური ქონებრივი შენატანით და მისი მართვის უფლება გადაეცა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 22 თებერვლის N3/115 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაციაში“. შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს ,,საქენერგო - 2000“ და განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს ეროვნული არქივის უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის 2013 წლის 12 დეკემბრის NAA2013051330-03 საარქივო ცნობის თანახმად, საქართველოს უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში დაცულ ,,საქენერგოს“ დოკუმენტებში, კერძოდ, შპს ,,საქენერგო 2000-ის“ სახელფასო უწყისებში არ აღმოჩნდა ინფორმაცია ა. ო-ის ძე ყ-ის ხელფასის შესახებ.

სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ცნობების (უნომრო, უთარიღო) შესაბამისად, ა. ყ-ი მუშაობდა ... დირექტორის მოადგილედ და მისაღები აქვს 2001 წლის IV-XI თვის ხელფასები, ხელზე გასაცემი თანხა -1126 ლარი, ზ. ც-ე მუშაობდა ... მთავარ ინჟინრად და მისაღები აქვს 1998 წლის X-XII თვის, 1999 წლის VI-XII თვის, 2000 წლის I-XII თვის; 2001 წლის I-XI თვის ხელფასები - ხელზე გასაცემი თანხა 4111 ლარი; მ. დ-ა მუშაობდა ... მთავარ ბუღალტრად და მისაღები აქვს 2000 წლის X-XII თვის; 2001 წლის I-XI თვის ხელფასი - ხელზე გასაცემი თანხა 1741 ლარი; ნ. ზ-ე მუშაობდა ... I კატეგორიის ინჟინრად და მისაღები აქვს 2000 წლის X-XII თვის; 2001 წლის II-XI თვის ხელფასები - ხელზე გასაცემი თანხა -1241 ლარი; ა. ა-ი მუშაობდა ... ინჟინრად და მისაღები აქვს 1998 წლის X-XII თვის, 1999 წლის VI-XII თვის, 2000 წლის I-XII თვის; 2001 წლის I-XI თვის ხელფასი - ხელზე გასაცემი თანხა 1606 ლარი, გ. ს-ი მუშაობდა ... უფროს მომმარაგებლად და მას მისაღები აქვს 1998 წლის X-XII თვის, 1999 წლის VII-XII თვის, 2000 წლის I-XII თვის; 2001 წლის I-III თვის ხელფასი - ხელზე გასაცემი თანხა 1450 ლარი. ცნობები დადასტურებულია შპს ,,ინფორმელექტროს“ მიერ.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შპს ,,საქენერგო-2000-ს“ 2000 წლის 25 ივლისის Nს-01-02/21 წერილით საქართველოს სახალხო დამცველს, აკ. ყ-ის, ე. ა-ის, მ. დ-ას, ნ. ზ-ის, ზ. ც-ის, ა. ა-ის განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ შპს ,,საქენერგო 2000-ს“ ბრძანებით გაუქმდა ყოფილი სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ყველა ფილიალი და მათი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,საქენერგოს“ ფილიალები, მათ შორის, საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრი. შპს ,,საქენერგო 2000“ რეორგანიზაციის გამო მძიმე ფინანსურ კრიზისში იყო და იმ ეტაპზე ვერ ახერხებდა სახელფასო დავალიანების დაფარვას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის №23197 წერილის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებით, სახაზინო საწარმო ,,საქენერგოს“ ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაციას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დაერქვა შპს ,,საქენერგო -2000“, რომელიც წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმო ,,საქენერგოს“ სამართალმემკვიდრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 06 აპრილის განჩინების საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება B10053558/3 (27 აპრილი 2010 წელი) სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,საქენერგო 2000-ის“ (ს/ნ 204387813) დოკუმენტაციით აღნიშნული სუბიექტის უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 04 ივლისის წერილის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით შპს ,,საქენერგო 2000“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204387813) ლიკვიდირებულია და შპს ,,საქენერგო 2000-ის“ უფლებამონაცვლეობის თაობაზე მათ ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქმის მასალების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ წარმოადგენს ამჟამად ლიკვიდირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქენერგოს 2000-ის“ სამართალმემკვიდრეს და ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზემოთ მითითებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესრულებულ ან/და შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო აპელანტების მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობს სახელფასო დავალიანება აპელანტების (მოსარჩელეების) მიმართ. სათანადო იურიდიული ძალის არ ქონის გამო, ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა აპელანტების (მოსარჩელეების) მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უნომრო და უთარიღო ან/და 2000 და 2004 წლებით დათარიღებული ცნობების ქსეროასლები, რომელთა დედნები, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, ვერ იქნა წარმოადგენილი. ამასთან, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ბაზაზე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 10 დეკემბრის N3/898 ბრძანებით დაფუძნდა ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეჩერიზაცია).

კასატორები: ა. ყ-ი, ნ. ზ-ე, მ. დ-ა, ზ. ც-ე, ა. ა-ი, გ. ს-ი;

მოწინააღმდეგე მხარე: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო; წარმომადგენლები - ი. თ-ე და ლ. ნ-ე;

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორები საკასაციო საჩივარს ამყარებდნენ ძირითადად იმავე საფუძვლებზე, რაზეც მიუთითებდნენ სარჩელში და სააპელაციო საჩივარში (იხ. ს.ფ. 141-150; ტ.2).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი მოსაზრებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 158-160; ტ. 2).

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წანამძღვრები:

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე დასაშვებია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე და იგი მიჩნეულ იქნა დასაშვებად, როგორც აბსოლუტური კასაცია (იხ. ს.ფ. 54-57; ტ.2).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ყ-ის, ნ. ზ-ის, მ. დ-ას, ზ. ც-ის, ა. ა-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალების მიხედვით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1999 წლის 10 დეკემბრის N3/898 ბრძანების ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ელექტროდისპეჩერიზაციას“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეჩერიზაცია) დაფუძნების შესახებ“ თანახმად, სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“ (ელექტროენერგეტიკული სისტემის დისპეჩერიზაცია) საწესდებო კაპიტალში 100% სახელმწიფო მატერიალური ქონებრივი შენატანით და მისი მართვის უფლება გადაეცა საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს.

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 2000 წლის 22 თებერვლის N3/115 ბრძანებით განხორციელდა ცვლილება შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაციაში“. შეიცვალა სახელწოდება და დაერქვა შპს ,,საქენერგო - 2000“ და განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა.

სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შპს ,,საქენერგო-2000-ს“ 2000 წლის 25 ივლისის Nს-01-02/21 წერილით საქართველოს სახალხო დამცველს, აკ. ყ-ის, ე. ა-ის, მ. დ-ას, ნ. ზ-ის, ზ. ც-ის, ა. ა-ის განცხადების პასუხად ეცნობათ, რომ შპს ,,საქენერგო 2000-ს“ ბრძანებით გაუქმდა ყოფილი სახაზინო საწარმო სახელმწიფო კომპანია საქენერგოს“ ყველა ფილიალი და მათი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილის ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,საქენერგოს“ ფილიალები, მათ შორის საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრი. შპს ,,საქენერგო 2000“ რეორგანიზაციის გამო მძიმე ფინანსურ კრიზისში იყო და იმ ეტაპზე ვერ ახერხებდა სახელფასო დავალიანების დაფარვას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 13 თებერვლის №23197 წერილის შესაბამისად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურის მონაცემებით, სახაზინო საწარმო ,,საქენერგოს“ ქონების ბაზაზე დაფუძნდა შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაცია“ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 16 დეკემბრის დადგენილებით შპს ,,ელექტროდისპეჩერიზაციას“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და დაერქვა შპს ,,საქენერგო -2000“, რომელიც წარმოადგენს ყოფილი სახაზინო საწარმო ,,საქენერგოს“ სამართალმემკვიდრეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 აპრილის განჩინებით საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება B10053558/3 (27 აპრილი 2010 წელი) სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. მარეგისტრირებელ ორგანოში დაცული შპს ,,საქენერგო 2000-ის“ (ს/ნ 204387813) დოკუმენტაციით აღნიშნული სუბიექტის უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 04 ივლისის წერილის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემებით შპს ,,საქენერგო 2000“ (საიდენტიფიკაციო კოდი 204387813) ლიკვიდირებულია და შპს ,,საქენერგო 2000-ის“ უფლებამონაცვლეობის თაობაზე მათ ინფორმაცია არ მოეპოვებათ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს დაადგინოს ახალი ფაქტები, ხოლო საქმის მონაწილე პირებს უფლება აქვთ პირველ ინსტანციაში უკვე განხილულთან ერთად სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ანუ სააპელაციო სასამართლო, საკასაციო ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, შებოჭილი არაა პროცესუალური შესაძლებლობით, საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამოითხოვოს და შეაფასოს მტკიცებულებები.

სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ სათანადოდ არ გამოურკვევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია ისინი. სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ობიექტური გამოკვლევისა და შეფასებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრულია სამართალწარმოების ყველა სახისათვის იმპერატიულად განსაზღვრული პრინციპი – სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, რომ შეაფასოს მტკიცებულებები თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ^ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე ¹ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას: ,,სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოებას გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნას მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება“.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ობიექტური სამართლებრივი შეფასება არ მისცა აპელაციის მოტივებს, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში გადმოცემულ სასამართლო დასკვნებს, შედეგად საქმეზე დაადგინა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

განსახილველ დავაში მოსარჩელეები - ა. ყ-ი, ნ. ზ-ე, მ. დ-ა, ზ. ც-ე, ა. ა-ი და გ. ს-ი ითხოვენ 1998-2003 წლებში შპს ,,საქენერგო 2000-ში“ (ყოფილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ ... ცენტრში) მუშაობის პერიოდში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას მოპასუხე - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხრიდან. სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა იმ საფუძვლით, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ წარმოადგენს ამჟამად ლიკვიდირებული შპს ,,საქენერგო 2000-ის“ სამართალმემკვიდრეს და მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა მითითებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესრულებულ ან/და შეუსრულებელ ვალდებულებებზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს ეს ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელი დასკვნა ეწინააღმდეგება მისივე პროცესუალურ მოქმედებებს, ვინაიდან, სასამართლოს ასეთ პირობებში უნდა ემსჯელა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს არასათანადო მოპასუხის სტატუსზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად. თუკი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ წარმოადგენს შპს ,,საქენერგო 2000-ის“ სამართალმემკვიდრეს, მაშასადამე, მხარისადმი მოთხოვნის უფლებაც არ არსებობს, ე.ი. მოპასუხე არ არის ის სუბიექტი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოთხოვნაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული საკითხი საპროცესო სამართლის ელემენტარული ფუნდამენტია და თუ ის არ არსებობს, არ არსებობს შესაბამისი სამართალწარმოება, რადგან მოცემული დავა მოცემულ მხარეებს შორის მოცემულ საგანზე არ არსებობს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომ სასამართლოებში ჯერ კიდევ პრობლემატურია მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისი პროცესუალური კონტექსტის გათვალისწინებით განხილვა.

წინამდებარე დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე ¹ბს-1490-1472(კ-11) გ. ს-ა, დ. ც-ი, კ. ხ-ა, ო. გ-ი, ბ. ბ-ე, ვ. ს-ა, შ. ხ-ა, სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, 2012 წლის 30 მაისის განჩინებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და განმარტებას:

„საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის, ისევე როგორც კერძო სამართლის სუბიექტების ლიკვიდაცია არის მისი არსებობის, საქმიანობის, ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი ფორმა, საშუალება. ლიკვიდაცია არის სამსახურიდან მოხელის განთავისუფლების პირობა, ამასთან ამ უკანასკნელს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). ლიკვიდაციის პროცესი მოიცავს ლიკვიდირებული დაწესებულების ქონების რეალიზაციის, კრედიტორების დაკმაყოფილების, დარჩენილი ქონების შესაბამისი ორგანოსათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცედურებს, რომელთა განხორციელების მიზნითაც იქმნება სალიკვიდაციო კომისია და აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად იგი ასრულებს მუშაობას. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ სპეცკავშირის ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულია, რამდენადაც საქართველოს მთავრობის განკარგულებით დადგინდა სამსახურის ლიკვიდაცია, ლიკვიდაციის შედეგად მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამსახურიდან, სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება დაევალა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, მინისტრის ბრძანებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია და განისაზღვრა მისი შემადგენლობა. ლიკვიდაციის პროცესის დაუსრულებლობა დავალიანების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან ლიკვიდაციის პროცესი და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება მოიცავს კრედიტორული დავალიანებების, მათ შორის სახელფასო დავალიანებების ანაზღაურების პროცესს და სწორედ სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების შემდეგ ასრულებს სალიკვიდაციო კომისია მუშაობას. იგივე წესია დადგენილი კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ, კერძოდ, `მეწარმეთა შესახებ~ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი, კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდეგ უფლებამოსილი პირი/პირები იღებენ გადაწყვეტილებას საწარმოს ლიკვიდაციის დასრულების შესახებ, რომელშიც უნდა აღინიშნოს საწარმოს ყველა ცნობილი კრედიტორის დაკმაყოფილების თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლიკვიდაციის პროცესის გონივრულ ვადაში დაუსრულებლობა ვერ იქნება მიჩნეული სახელფასო დავალიანებების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად.

დაუსაბუთებელია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ლიკვიდირებული სამსახურის უფლებამონაცვლის სპეციალური აქტით განუსაზღვრელობის გამო არ არსებობს მოპასუხისათვის დავალიანების ანაზღაურების დაკისრების საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტის 07.05.04წ. ბრძანებულებით გაუქმდა საქართველოს პრეზიდენტის 04.01.02წ. №1 ბრძანებულება „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ“, ამასთანავე საქართველოს მთავრობის 10.09.04წ. №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულება სამინისტროს საქმიანობის ძირითად სფეროს განაკუთვნებს ელექტრონულ კომუნიკაციებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს და ფოსტას (2.1 მუხ.). აღნიშნული სფეროს სამართავად, მისი სრულყოფისა და ფუნქციონირების კოორდინაციისათვის სამინისტროში შეიქმნა კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტი (მე-4 მუხ., მე-9 მუხ. „გ“ ქვეპუნქტი). ამასთანავე, საქართველოს მთავრობის 08.11.07წ. №655 განკარგულება და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 20.12.07წ. №1-1/2012 ბრძანება, რომელთა საფუძველზეც ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა სპეცკავშირის სალიკვიდაციო კომისია, ძალაშია და არ გაუქმებულა. საკასაციო პალატა აღნიშნავს აგრეთვე, რომ ლიკვიდაცია არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ

პროცესი მიმართული ლიკვიდირებული სუბიექტის ვალდებულების შესრულებისაკენ. ვალდებულებაში პირთა შეცვლის დროს იცვლება სუბიექტური შემადგენლობა, ხოლო სისტემური კავშირი უფლებამოსილებასა და ვალდებულებას შორის ნარჩუნდება. აღმასრულებელი ხელისუფლება თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების ერთიან შტოს, აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის ერთიანობა ორგანულად გადადის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ერთიანობაში. აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო არის გარკვეული მოცულობის უფლებამოსილებების მატარებელი, სამინისტრო დარგობრივი ორგანოს სახით მოქმედებს და ხელმძღვანელობს საქმიანობის გარკვეულ სფეროს, მიუხედავად ამისა, სამინისტრო არ არის წმინდა დარგობრივი ორგანო, პრობლემათა ზრდის კვალდაკვალ იგი იმთავითვე თავისი დარგის კოორდინატორის როლში გვევლინება და ფაქტიურად დარგთაშორისი რაკურსით მოქმედებს. აღმასრულებელი ხელისუფლების სუბიექტები ახორციელებენ სახელმწიფო მმართველობას დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. ინოვაციის შედეგად ორგანოს გაუქმების მიუხედავად სახელმწიფო ინარჩუნებს სახელმწიფო ამოცანის შესრულებაზე პასუხისმგებლობას. შესაბამისად მას უნარჩუნდება არა მხოლოდ შესრულების, არამედ უზრუნველყოფის პასუხისმგებლობაც. სახელმწიფო ორგანოთა შექმნა, მათ შორის ფუნქციების განაწილება წარმოადგენს ხელისუფლების დისკრეციის სფეროს, ორგანოთა გაუქმება, ინოვაციური სიახლეები არ იწვევენ სახელმწიფო ფუნქციების და ამოცანების მთლიანად გაუქმებას, შესაბამისად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გაუქმებას.“

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების ლიკვიდაცია წარმოადგენს იმგვარ სტრუქტურულ ცვლილებებს, რომლითაც დაწესებულება როგორც სუბიექტი, წყვეტს საქმიანობას, აღარ განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი უფლებები და მოვალეობები სხვა სუბიექტს არ გადაეცემა. ამასთან, ლიკვიდაცია თავისი არსით დაუშვებლად მიიჩნევს უფლებამონაცვლეობას.

მიუხედავად აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო არ წარმოადგენს ამჟამად

ლიკვიდირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქენერგო 2000-ის“ სამართალმემკვიდრეს და ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ზემოთ მითითებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესრულებულ ან/და შეუსრულებელ ვალდებულებებზე, სრულიად დაუსაბუთებელი და კანონშეუსაბამოა, შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმის გარემოებათა ჯეროვან გამოკვლევას, რამდენადაც სასამართლოს საერთოდ არ გამოურკვევია, ლიკვიდაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ლიკვიდირებული დაწესებულების ქონების რეალიზაციის, კრედიტორების დაკმაყოფილების, დარჩენილი ქონების შესაბამისი ორგანოსათვის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის პროცედურებს, რომელთა განხორციელების მიზნითაც იქმნება სალიკვიდაციო კომისია, როგორ განხორციელდა, ვის გადაეცა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოს ქონება, მხოლოდ ის გარემოება, რომ ლიკვიდირებული საწარმოს უფლებამონაცვლე სამართლებრივი აქტებით არ განსაზღვრულა, ვერ გახდება სათანადო სამართლებრივი შეფასების მოხდენაზე უარის თქმის საფუძველი. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად არის გადმოცემული ენერგეტიკული სექტორის განვითარების ფორმები და სტადიები, კერძოდ:

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ენერგოსექტორის რეაბილიტაციის მიზნით საქართველოში დაიწყო ენერგეტიკული სექტორის რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ელექტროენერგეტიკული სისტემის ცალკეულ დამოუკიდებელ სტრუქტურებად ჩამოყალიბება. კერძოდ, გენერაციის ობიექტები ცალკეული დამოუკიდებელი ელექტროსადგურების სახით ჩამოყალიბდა.

შეიქმნა შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000", სს "ელექტროგადაცემა", შპს "საქენერგო 2000", საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ენერგოგენერაცია", სს "საქენერგო" და კავშირი (ასოციაცია) "საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო

ბაზარი", ასევე რეგიონალური და მუნიციპალური ენერგოკომპანიები.

2000 წლიდან დაიწყო ენერგოსექტორის რეორგანიზაციის ახალი ეტაპი, უკვე უცხოური კომპანიების მონაწილეობით. 2002 წელს განხორციელდა შპს "ელექტროდისპეტჩერიზაცია 2000"-სა და სს "ელექტროგადაცემის" შერწყმა, შეიქმნა შპს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე), რომელიც 2011 წელს სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

2001 წელს „ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი“ 5-წლიანი მართვის უფლებით ესპანურ კომპანია "იბერ დროლას" გადაეცა, 2003 წელს კი შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ 5-წლიანი მართვის უფლებით ირლანდიური კომპანია ESB International-ის მენეჯმენტი შევიდა.“ (იხ. www.energy.gov.ge)

დადგენილია, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქენერგო 2000“ დაფუძნებული იყო სახელმწიფოს მიერ და მის მიერვე განხორციელდა საწარმოს ლიკვიდაცია. სამეწარმეო სუბიექტის დამფუძნებელი სახელმწიფოს ვალდებულებები, თვისობრივად განსხვავდება სხვა ფიზიკური თუ კერძო სამართლის იურიდიული პირების, როგორც სამეწარმეო სუბიექტების დამფუძნებელი პირების ვალდებულებებისაგან, რამდენადაც კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, მათ შორის, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში პირი ძირითადად მონაწილეობს საკუთარი რისკით, რამდენადაც კეთილსინდისიერი პარტნიორის არჩევა მის შეხედულებებზეა დამოკიდებული მაშინ, როცა სახელმწიფო გვევლინება სამეწარმეო სუბიექტის დამფუძნებლად, მით უმეტეს, როცა საწარმო ფუძნდება საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, რაც შპს ,,საქენერგო 2000 -ის’’ შემთხვევაში ცალსახაა, სახელმწიფო არ არის უფლებამოსილი საჯარო ამოცანების გადასაწყვეტად შექმნილი საწარმო ლიკვიდაციის პროცედურის მეშვეობით „გააქროს“ სამოქალაქო ბრუნვიდან ისე, რომ მისი ნაკისრი ვალდებულებები, განსაკუთრებით შრომით-სამართლებრივი შინაარსის, შეუსრულებელი დატოვოს, იქ დასაქმებული ადამიანების ძირითადი უფლების - შრომითი გასამრჯელოს მიღების უფლების სრული იგნორირების ხარჯზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამართლებრივი ნდობის პრინციპი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში დაცულია და უზრუნველყოფილია კანონიერების პრინციპისა და კანონიერი ნდობის უფლების ინსტიტუტების მეშვეობით, კერძოდ, ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციული ორგანოები თავიანთ საქმიანობაში შებოჭილნი არიან საკანონმდებლო აქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო მმართველობის მიზნიდან გამომდინარე, მოქმედი კანონმდებლობით დაინტერესებული პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლების პრინციპით, რაც ნიშნავს, რომ მას გააჩნია კანონიერი მოლოდინი ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კანონიერების სტანდარტთან შესაბამისობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფა დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა მაშინ, როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

წინამდებარე დავის გადაწყვეტისას საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე ¹ბს-1349-1334(კ-11) მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ. ქუთაისის მერიისა და სს ,,ქუთაისის ტროლეიბუსების საწარმოს“ მიმართ, 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას: „ხელფასი წარმოადგენს პირის გასამრჯელოს გაწეული შრომისათვის და მისი მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების მიხედვით დასაქმებულის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება.

1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის IV პუნქტების

მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, ხოლო I მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 34-ე მუხლით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“

აგრეთვე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე ბს-1590-1549(კ-10) ქ. კ-ძე სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიმართ, 2011 წლის 15 მარტის განჩინებაში მიუთითა:

„საქართველოს კონსტიტუციით, ,,ეკონომიკური,სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-7 და ,,ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლით უზრუნველყოფილი და აღიარებულია შრომის სამართლიანი ანაზღაურების უფლება.“

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელმწიფო, რომელიც იყო აწ ლიკვიდირებული შპს-ის დამფუძნებელი, საწარმოს შეუსრულებელ სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებით, ვალდებულია, იმოქმედოს სამართლებრივი

სახელმწიფოს პრინციპისა და კეთილსინდისიერი ადმინისტრირების სტანდარტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 1.2. მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე

მუხლის შესაბამისად, განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს, მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნებზე პასუხი აგოს არავალდებულმა პირმა, რასაც პროცესუალური თვალსაზრისით უზრუნველყოფს სათანადო მოპასუხის ინსტიტუტი, რომლის გამოყენება 2 მიკრო პროცედურული სტადიის და მოსარჩელისთვის მისი საპროცესო უფლებების და მათი რეალიზაციის ადეკვატურ სამართლებრივი შედეგების განმარტების მოვალეობის ზედმიწევნით დაცვით უნდა განხორციელდეს, შესაბამისი სასამართლო აქტების -განჩინების მიღებით, კერძოდ:

1. სასამართლომ უნდა დაადგინოს სარჩელზე მოპასუხედ დასახელებული პირი არის თუ არა ის, ვინც მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით პასუხი უნდა აგოს მოთხოვნაზე (სათანადო მოპასუხე);

2. მოპასუხის არასათანადოდ მიჩნევის შესახებ სასამართლო განჩინების მიღების შემდეგ, სათანადო მოპასუხის საქმეში ჩაბმა დამოკიდებულია მოსარჩელის პროცესუალურ პოზიციაზე, მისი თანხმობის გარეშე სათანადო მოპასუხე ვერ ხდება პროცესის მონაწილე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპის - დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე.

ამ ვითარებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით განსაზღვრულია სარჩელის იურიდიული შედეგი - სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით არასათანადო მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელს არ აკმაყოფილებს, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, პროცესუალური პრინციპის საფუძველზე ხორციელდება და არა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო არსებითად არ მსჯელობს სარჩელის საფუძვლიანობაზე, რამდენადაც დავის პროცესუალური მხარე არ არის სათანადო მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოთხოვნაზე.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სასამართლომ, არა საქმის განხილვის სტადიაზე, არამედ გადაწყვეტილებით დაადგინა სარჩელზე დასახელებული მოპასუხის - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არასათანადოობა, საქმის განხილვის სტადიაზევე არ განსაზღვრა სათანადო

მოპასუხე, ისე შესთავაზა მოსარჩელეებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არასათანადო მოპასუხედ მიჩნევაზე თანხმობა, რაც სრულად ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესებით განხორციელების სავალდებულო პრინციპს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 73-78).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე ¹ბს-1490-1472(კ-11) გ. ს-ა, დ. ც-ი, კ. ხ-ა, ო. გ-ი, ბ. ბ-ე, ვ. ს-ა, შ. ხ-ას სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ, 2012 წლის 30 მაისის განჩინებაში საკასაციო პალატამ სათანადო მოპასუხის საკითხთან დაკავშირებით მიუთითა:

„სპეციალური კავშირის დებულების თანახმად, სამსახური დამოუკიდებლად ახორციელებდა სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობას, ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა სპეცკავშირის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის (1.3 მუხ.). ამასთანავე, სპეცკავშირი ექვემდებარებოდა კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს (1.4 მუხ.), სპეცკავშირის ქონება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და გადაცემული ჰქონდა მას ფლობისა და ოპერატიული მართვის უფლებით. სპეცკავშირის სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის 06.02.1998წ. №68 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დებულების (1.4 მუხ.) თანახმად, წარმოადგენდა სახელმწიფო საქვეუწყებო საწარმოო დაწესებულებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული შრომის წიგნაკების მიხედვით, 1995 წელს სპეცკავშირის რესპუბლიკური სამმართველო გარდაიქმნა სახაზინო საწარმოდ. აღნიშნული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოს შექმნას ითვალისწინებდა

„სამეწარმეო საქმიანობის საფუძვლების შესახებ“ 25.07.1991წ. კანონი, ხოლო შემდგომ 1995 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონი. „მეწარმეთა შესახებ“ კანონში 19.02.99წ. შეტანილი ცვლილებების შედეგად გაუქმდა სახაზინო საწარმოს, როგორც საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. ამდენად,

მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანებების წარმოშობის დროისათვის (1997-1999წ.წ.) სპეცკავშირი ფუნქციონირებდა როგორც სახაზინო საწარმო. ხსენებული საკანონმდებლო აქტების თანახმად, სახაზინო საწარმოები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებდნენ თავისი განცალკევებული ქონებით, თუ კრედიტორი ვერ დაიკმაყოფილებდა თავის მოთხოვნებს საწარმოს ქონებიდან, მისი მოთხოვნები კმაყოფილდებოდა შესაბამისი სახელმწიფო ან მმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების ანაზღაურება უნდა დაეკისროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელსაც გადაეცა სპეცკავშირის ქონება ლიკვიდაციის შედეგად და დაევალა სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება.“

განსახილველ დავაში ქვემდგომ სასამართლოებს საერთოდ არ უმსჯელიათ ლიკვიდირებული საწარმოს ქონების მესაკუთრის ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, არ მოუპოვებიათ შესაბამისი მტკიცებულებები (ზეპირი თუ წერილობითი სახის), რის გამოც საქმეზე დაადგინეს იურიდიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ე1 პუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევებში, როცა სახელმწიფოს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით საჯარო ამოცანების მიღწევის მიზნით შექმნილი კერძო თუ საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციისას არ განსაზღვრულა (და ვერც დგინდება) სუბიექტის შეუსრულებელ სახელფასო ვალდებულებებზე პასუხისმგებელი სუბიექტი, ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა იმსჯელონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულებებზე პასუხისმგებელი ადმინისტრა-

ციული ორგანოს, სათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ანალოგიურ დავებში, სადაც ლიკვიდირებული დაწესებულება წარმოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომლის შენახვა ფინანსდებოდა ცენტრალური ბიუჯეტიდან, სახელფასო დავალიანების წარმოშობის საფუძველი იყო ის, რომ 1998-2000 წლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ისინი ვერ დაფინანსდა შესამაბისი წლების ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული ოდენობით. ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციაში წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანების დაფარვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელი იყო, გამოყე-

ნებულიყო 2007 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა დაორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი. ეროვნული სასამართლოების მიერ განიმარტა, რადგან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნათა აღსრულება წარმოებდა ფინანსთა სამინისტროს მიერ სააღსრულებო ფონდის სახსრებით, ამდენად, მიჩნეულ იქნა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციაში, წინა წლების წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისათვის შესრულებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დავის სამართლიანად გადაწყვეტის, პირთა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების ლიკვიდაციისას, სამართალმემკვიდრის დაუდგენლობის პირობებში, გაუსტუმრებელი სახელფასო დავალიანებების მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ანალოგიური მიდგომა საჯარო მმართველობის კანონიერების სტანდარტით ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ზემომითითებულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის კვალიფიციური გამოყენების შედეგად, საპროცესო სტადიების დაცვით განსაზღვროს მოცემულ სამართალურთიერთობაში მოთხოვნაზე ვალდებული ადმინისტრაციული ორგანო /სათანადო მოპასუხე/, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ასევე კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ „საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო აპელანტების მიერ სააპელაციო ინსტანციაში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ არსებობს სახელფასო დავალიანება აპელანტების (მოსარჩელეების) მიმართ. სათანადო იურიდიული ძალის არქონის გამო, ასეთ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა აპელანტების (მოსარჩელეების) მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო კომპანია ,,საქენერგოს“ საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის უნომრო და უთარიღო ან/და 2000 და 2004 წლებით დათარიღებული ცნობების ქსეროასლები, რომელთა დედნები, მიუხედავად სააპელაციო სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, ვერ იქნა წარმოდგენილი,“ მსჯელობის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პრინციპებთან და მიზანთან სრული შეუსაბამობის გამო, რამდენადაც საჯარო-სამართლებრივი დავების კანონიერი გადაწყვეტის ამოცანიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სასამართლო საპროცესო კანონმდებლობით აღჭურვილია შესაბამისი საპროცესო ინსტიტუტით- ოფიციალობის პრინციპით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების

უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე

ხდება ნორმათშეფარდება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. აღნიშნული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნას ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი).

ადმინისტრაციული სამართალწარმოების უმნიშვნელოვანესი პრინციპი _ ოფიციალობის პრინციპი განსაზღვრავს ადმინისტრაციული მართლმსაჯულების როლს. ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისგან სასამართლო პროცესუალური აქტივობის ცენტრში იმყოფება, ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედი საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი ადმინისტრაციულ საპროცესო სამართალში სასამართლოს აკისრებს საპროცესო სამართალურთიერთობაში მხარეთა საპროცესო უფლებებში ბალანსის მიღწევისთვის აუცილებელ საპროცესო მოქმედებების შესრულებას.

ოფიციალობის პრინციპზე დაყრდნობით სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 4); სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, საკუთარი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები (ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მუხლი 19).

ადმინისტრაციული სასამართლოს ეს უფლებამოსილება კანონმდებლის მიერ განმტკიცებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლში ადმინისტრაციულ ორგანოთა ვალდებულების დადგენით, წარუდგინოს სასამართლოს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისათვის აუცილებელი დოკუმენტები და სხვა ინფორმაცია.

სასამართლოს უფლებამოსილება _ თავისი ინიციატივით მოიპოვოს მტკიცებულებები ან ინფორმაცია, ნიშნავს, რომ სასამართლომ უნდა განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრინციპს _ მხარეთა თანასწორობის /ანუ თანაბარი შესაძლებლობა _ დაიცვან თავიანთი უფლებები/ რეალიზაციას საჯარო სამართლებრივი დავების მონაწილეთა სუბორდინაციული მდგომარეობიდან გამომდინარე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებითად /ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით/ განმხილველი სასამართლოების მიერ ოფიციალობის პრინციპის მეშვეობით საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა, მტკიცებულებათა მოპოვება სახელმწიფოში დღეისათვის არსებული სამართლებრივი კულტურის პირობებში არის უპირობო აუცილებლობა, ადმინისტრაციულ დავათა კანონიერად გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი სასამართლო კონტროლის განხორციელებისათვის, რის გარეშეც სამართლებრივი სახელმწიფოს, როგორც ღირებულებითი სიკეთით სარგებლობა შესაძლებელია მიღწეული ვერ იქნეს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი, საჯარო ინტერესის უზრუნველმყოფი უფლებამოსილება, რაც აღმოფხრილი უნდა იქნეს საქმის ხელახლა განხილვისას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ მიიღოს ზომები, დამატებითი მტკიცებულებების, წერილობითი თუ ზეპირი სახით, მოპოვებისათვის, რათა უტყუარად დადგინდეს მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანებების არსებობა-არარსებობის ფაქტი საქმეზე კანონშესაბამისი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1.ა. ყ-ის, ნ. ზ-ის, მ. დ-ას, ზ. ც-ის, ა. ა-ისა და გ. ს-ის საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3.სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე