Facebook Twitter

ბს-241-238 (კ-14) 09 ოქტომბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ვ.მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ.მ-ემ 07.05.2012წ. სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიმართ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2012წ. გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინებით ვ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ.მ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2013წ. განჩინებით ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.01.2014წ. განჩინებით ვ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 13.06.2012წ. გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა ვ.მ-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.06.2013წ. განჩინებით (საქმე =ბს-750-734(კ-12)) ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.09.2012წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ,,სააპელაციო სასამართლომ საქმეში მოცემული მტკიცებულებების მოპოვებისა და შეფასების შემდეგ, მათი ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების საფუძველზე უნდა გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კერძოდ, კასატორის მშობლები გადასახლებულ იყვნენ თუ არა საცხოვრებელი ადგილიდან ეთნიკური ჯგუფისთვის კუთვნილების საფუძველზე, რამდენადაც აღნიშნული გარემოების გამო მათი საქართველოს ტერიტორიიდან გადასახლების შემთხვევაში მათზე ვერ გავრცელდება კანონი ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“.“ საქმეზე უდავოდ დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ ა. ა. ძე დ-ი ოჯახთან ერთად, 10.04.1946წ. განკარგულების შესაბამისად, რეპრესირებული იქნა, როგორც გერმანელი წარმომავლობის პირი, რასაც ვ.მ-ე სარჩელშივე აღნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული გარემოების და საკასაციო პალატის მითითებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლოს 28.01.2014წ. გასაჩივრებული განჩინებით, ვ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ დასტურდება ვ.მ-ის ოჯახის წევრების გადასახლება ეთნიკური ნიშნით, რაც გამორიცხავს მათზე ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ კანონის გავრცელების და შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესაძლებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე