Facebook Twitter

ბს-306-302 (კ-14) 02 ოქტომბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.14წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ო. ბ-მა 24.06.13წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიმართ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.03.13წ. №68/157/გ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.05.13წ. №01/110720/გ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით, მოსარჩელისათვის ორდინალური ვიზის გაცემის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ო. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც დაკმაყოფილდება სარჩელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.14წ. გადაწყვეტილებით კ. ო. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.10.13წ. გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, კ. ო. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 28.03.13წ. №68/157/გ გადაწყვეტილება და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონით დადგენილი წესით და ვადაში ნიგერიის მოქალაქის კ. ო. ბ-ის განცხადების განხილვა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, სადავო გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ, ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 24.05.13წ. №01/110720/გ გადაწყვეტილება, მოპასუხეებს თანაბარწილად დაეკისრათ კ. ო. ბ-ის სასარგებლოდ მის მიერ ყველა ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარის ოდენობით.

გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სარჩელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა კ. ო. ბ-ის განცხადების განხილვა და საქმის სადავო გარემოებათა ყოველმხრივი გამოკვლევის შემდეგ კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბათუმის სამოქალაქო სამსახურმა უნდა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, კასატორს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ 202307404) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 07.05.14წ. №490 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.01.14წ. გადაწყვეტილება;

3. კასატორს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს.კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 07.05.14წ. №490 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (სულ 300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე