საქმე№ბს-ბს-318-314 (2კ-14) 09 ოქტომბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა საქართველოს პრეზიდენტის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.13წ. გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ემ 07.03.11წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის საქართველოს პრეზიდენტის და მესამე პირის ქ. თბილისის მთავრობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 19.10.10წ. N1001 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 30.01.03 წ. N93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.11წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.11წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ემ.
საკასაციო სასამართლოს 30.04.13წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.12.13წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.01.11 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 19.10.10წ. N1001 განკარგულება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს პრეზიდენტის 30.01.03 წ. N93 განკარგულების პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაეკისრა მ. ხ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ოდენობით გადახდა მის სასარგებლოდ.
გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და ქ. თბილისის მერიამ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს პრეზიდენტის და ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.12.13წ. გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე