Facebook Twitter

ბს-358-354 (კ-14) 23 ოქტომბერი, 2014 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შ.ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2014წ. გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ.ს-მა 16.08.2013წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ 02.08.2010წ. საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 25.10.2013წ. გადაწყვეტილებით შ.ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შ.ს-ს შორის 02.08.2010 წ. გაფორმებული (08.02.2011წ. ნოტარიალურად დამოწმებული) საიჯარო ხელშეკრულება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას შ.ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 600 ლარის გადახდა. ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა 1380 ლარის გადახდა სახელმწუფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2014წ. გადაწყვეტილებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შ.ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შ.ს-ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით 800 აშშ ექვივალენტის ლარებში (20 000 აშშ დოლარის 4%) დოლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა შ.ს-ის მიერ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ.ს-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც შ.ს-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, შ. ს-ს (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 23.07.2014წ. №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1749,60 ლარის 70%, _ 1224,72 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. შ. ს-ს (ს.კ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 23.07.2014წ. №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1749,60 ლარის 70%, _ 1224,72 ლარი.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.03.2014წ. გადაწყვეტილება;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე