ბს-366-362(2კ-14) 02 ოქტომბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თ.შ-ას და საქართველოს მთავარი პროკურატურის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2014 წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ.შ-ამ 13.11.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 272 741 ლარის და 326 000 აშშ დოლარის, ასევე მორალური ზიანის 7 000 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
დავის საქალაქო სასამართლოში განხილვისას საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2014წ. გადაწყვეტილებით თ.შ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს მთავარ პრკურატურას თ.შ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის - 2000 ლარის ანაზღაურება, მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელმაც თ.შ-ას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.შ-ამ სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2014წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 27.01.2014წ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ.შ-ას მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ.შ-ას საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას, რომ არ არსებობს თ.შ-ასთვის მატერიალური ზიანი სანაზღაურების საფუძველი, რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სსკ-ის 102-ე, 105-ე მუხლების შესაბამისად არ დასტურდება ფიზიკური პირის - თ.შ-ასათვის მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. კასატორ თ.შ-ას მიერ საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით და სხვა დოკუმენტაციით დგინდება, რომ ხელშეკრულების მხარეს წრმოადგენდა შპს ტელერადიო კომპანია ,,…“ ერთ-ერთი მეწილე - კომპანია ,,…“, რომლის სახელით სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობას იღებდა წარმომადგენელი - თ.შ-ა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხ.). იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია საკუთარი ინდივიდუალური სახელის არსებობა, რომლითაც საქმიანობს მეწარმე სუბიექტი (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 6.1 მუხ.). იურიდიული პირის მახასიათებელია ასევე ის, რომ მას აქვს ცალკე ქონება, რომელიც განცალკევებულია როგორც მისი წევრების, ასევე წარმომადგენლობა/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირისა და დამფუძნებლების ქონებისაგან. დამოუკიდებელი ქონების არსებობა თავის მხრივ უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ამდენად, იურიდიული პირს მინიჭებული აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე, მოპასუხე და ა.შ., თუმცა იურიდიული პირი სამართლებრივ ურთიერთობებში უშუალოდ არ იღებს მონაწილეობას, იურიდიული პირი მოქმედებს თავისი ორგანოებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით. იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში (,,მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.2 მუხ.), მათ შორის გარიგებების დადებას, თუმცა სკ-ის 104.1 მუხლის მიხედვით, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. ამდენად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სუბიექტი საზოგადოებაა და არა მის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, დამდგარი ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც კი, თ.შ-ა, როგორც ფიზიკური პირი, არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოების მსჯელობას მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობებთან და ოდენობასთან დაკავშირებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს არ გააჩნიათ წარმატების პერსპექტივა, ხოლო საქმეს პრინციპული მნიშვნელობა - სასამართლო პრაქტიკისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ.შ-ას საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და თ.შ-ას საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2014წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე