ბს-407-402 (კ-14) 23 ოქტომბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2014წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ.გ-ამ 28.05.2013წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ ზიანის - 16 670 ლარის, გამოსახლების აღსრულებისათვის გადახდილი 847 ლარის, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 292 ლარის, საადვოკატო მომსახურების ხარჯის - 2800 ლარის და მოცემულ დავაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურების მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 10.12.2013წ. გადაწვეტილებით კ.გ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს კ.გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება, კერძოდ: 15427,94 ლარი უძრავი ქონების შეძენისათვის გადახდილი თანხა, 1243 საშემოსავლო გადასახადი, სასამართლო საქმის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 290 ლარი, აღსრულებისათვის გადახდილი საფასური - 847 ლარი, ადვოკატისათვის ჰონორარის სახით გადახდილი თანხა - 800 ლარი. თბილისის სააღსრულებო ბიუროს კ.გ-ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 558,30 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2014წ. განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გასაჩივრდა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 12.08.2014წ. №600019233 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 958,31 ლარის 70%, _ 670,82 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.2014წ. განჩინება;
3. აღსრულების ეროვნულ ბიუროს (ს.კ. 205263873) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ 12.08.2014წ. №600019233 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 958,31 ლარის 70%, _ 670,82 ლარი.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე