საქმე #ბს-474-463(კ-14) 28 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ნ. დ-ის, გ. ჯ-ის, თ. ბ-ის სარჩელისა გამო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ნ. დ-ემ, გ. ჯ-მა და თ. ბ-ემ სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის, გ. ჯ-ისა და თ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 819 ლარის, გ. ჯ-ის სასარგებლოდ - 784 ლარისა და თ. ბ-ის სასარგებლოდ -1264 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 38-43)
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 55-65).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ივლისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 94-101).
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 111-119).
საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 128-129).
მხარეებს მოსაზრებები საკასაციო საჩივართან დაკავშირებით არ წარმოუდგენიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე