Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

საქმე№ ბს-567-554 (კ-14) 09 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შევამოწმე შპს „...“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2014წ. განჩინებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2014წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.09.2013 გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ზეინკლიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 26.12.2012 წ. და 26.11.2012 წ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 13.11.2012 წ. №177303 და 01.03.2013 წ. №33966 გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურისთვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით არ დაკმაყოფლდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურის 22.06.2010 წ., 28.06.2010 წ., 09.08.2010 წ., 15.07.2010 წ., 29.07.2010 წ., 18.11.2010 წ., 26.11.2010 წ., 28.12.2010 წ. გადაწყვეტილებები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახურმა, გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შპს „...“ არ გაუსაჩივრებია. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.05.2014წ. განჩინებით უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.09.2013 გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...“.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. კონკრეტულ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 24.09.2013 გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური, რაც მათ მიერ გამოხატული იქნა სააპელაციო საჩივრის წარდგენით. შპს „...“ სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, რითაც იგი დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იმ პირობებში, როდესაც შპს „...“ მიერ არ გასაჩივრებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს განჩინებით უცვლელად არის დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და აღსასრულებლად მიექცევა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, დაუშვებელია შპს „...“ საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას, დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება. გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მხოლოდ მის სარეზოლუციო ნაწილზე (სუს¹№ას-710-1011-09 და №ას-1255-1198-2013 განჩინებები).

ვიხელმძღვანელე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1, 390-ე, 397-ე, 399-ე, 401-ე, 447-ე მუხლებით და

დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:

1. შპს „...“ საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნას განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: ლ. მურუსიძე

მ. ვაჩაძე