საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-603-590 (კ-14) 16 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ს. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.14წ. განჩინებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.03.14წ. გადაწყვეტილებით ს. ჟ-ის სარჩელი აჭარის ა/რ მთავრობის მიმართ, მთავრობის თავმჯდომარის 31.12.13წ. №96 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.14წ. განჩინებით ს. ჟ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მხარეებს განემარტათ, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იყო საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მდებარე ქ. თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჟ-მა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. სსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.14წ. განჩინების ასლი სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა 04.07.14წ. ს. ჟ-ის მამას - ზ. ჟ-ს, რაც დადასტურებულია უწყებაზე მისივე ხელმოწერით (ტ.1. ს.ფ. 162). საქმეზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე კასატორის მიერ მითითებულია თარიღი 26.07.14წ, ხოლო კონვერტზე დასმული კანცელარიის შტამპით ირკვევა, რომ ს. ჟ-მა საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 28.07.14წ. (ტ.1 ს.ფ. 172) ანუ სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული 21 დღიანი ვადის დარღვევით. ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა ს. ჟ-ისათვის სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო 2014 წლის 05 ივლისს და სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად 2014 წლის 25 ივლისს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე პარასკევი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. შესაბამისად ს. ჟ-ისათვის საკასაციო საჩივრის წარდგენის უკანასკნელ დღე იყო 2014 წლის 25 ივლისი, ს. ჟ-მა საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა 2014 წლის 28 ივლისს, 3 დღის დაგვიანებით. სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მხარე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რომელთა შესრულების ვადებიც კანონმდებელმა დააწესა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ჟ-მა საკასაციო საჩივრის დაგვიანებით წარდგენის გამო დაკარგა ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, როგორიცაა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება. შესაბამისად, სსკ-ის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის 21 დღიანი ვადის დარღვევის გამო ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ჟ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.06.14წ. განჩინებაზე დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. სილაგაძე