საქმე №ბს-203-201(კს-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ს. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია
მესამე პირი – გ. ნ-ე
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ა-ემ 2013 წლის 3 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. ბათუმის მერიის მიმართ.
მოსარჩელემ ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2011 წლის 30 ნოემბრის #180-ე დადგენილების გაუქმების შესახებ გ. და ს. ა-ეების საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ქ. ბათუმის მერიის 2013 წლის 1 მარტის #390 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, გ. ა-ის სარჩელის გამო ქალაქ ბათუმის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მესამე პირად ჩაება გ. ნ-ე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის მიმართ, საქმეში მესამე პირის, გ. ნ-ის მონაწილეობით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ და ს. ა-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაევალათ აპელანტებს, გ. ა-ესა და ს. ა-ეს ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება გ. ა-ესა და ს. ა-ეს საქმეში მათ მიერ მითითებულ მისამართზე 2013 წლის 27 ნოემბერს გაეგზავნათ და 2013 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა ს. ა-ეს.
ს. ა-ემ 2013 წლის 30 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოსათვის გასაგზავნი განცხადება წარუდგინა საქართველოს ფოსტას. აღნიშნული განცხადება 2014 წლის 3 იანვარს შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ს. ა-ე განხადებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, 2013 წლის 5 დეკემბერს აპელანტების მიერ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით. განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საქმეზე დართვას და საქმის არსებითად განხილვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გ. ა-ისა და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინების ასლი 2013 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა პირადად ს. ა-ეს, მასვე იმავე დღეს ჩაბარდა განჩინების ასლი შვილზე - გ. ა-ეზე გადასაცემად. მითითებული განჩინებით სასამართლომ განსაზღვრა საპროცესო ვადა და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად დაუდგინა 10 დღე, შესაბამისად, ისინი ვალდებული იყვნენ ხარვეზის შევსების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში წარედგინათ 2013 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, რაც მათი მხრიდან არ შესრულებულა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ა-ისა და ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველი, ვინაიდან, აპელანტებს სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეუვსიათ ხარვეზი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ა-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში - 2013 წლის 5 დეკემბერს სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი განცხადებასთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია გარემოებები, თუ რატომ მიიჩნია, სასამართლომ, რომ მის მიერ გადახდილი არ იყო სახელმწიფო ბაჟი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ს. ა-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დაევალათ აპელანტებს, გ. ა-ესა და ს. ა-ეს ხარვეზის შევსების მიზნით წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; აპელანტებს განესაზღვრათ ვადა 10 (ათი) დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინების შემცველი გზავნილი 2013 წლის 27 ნოემბერს საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ აპელანტებს და კანონით დადგენილი წესით 2013 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდა ს. ა-ეს, მასვე ჩაბარდა განჩინების ასლი შვილზე - გ. ა-ეზე გადასაცემად (ს.ფ. 96-97).
ს. ა-ემ ხერვეზის შევსების მიზნით 2013 წლის 30 დეკემბერს სააპელაციო სასამართლოსათვის გასაგზავნი განცხადება ჩააბარა ... ფოსტას. აღნიშნული განცხადება 2014 წლის 3 იანვარს შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. ს. ა-ე განხადებაში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, 2013 წლის 5 დეკემბერს მის მიერ გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარის ოდენობით. განმცხადებელი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის საქმეზე დართვას და საქმის არსებითად განხილვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინინისტრაციულ საქმეთა პალატის წამყვანმა სპეციალისტმა და კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა 2014 წლის 3 იანვარს შეადგინეს აქტი მასზედ, რომ საქართველოს ფოსტიდან 2014 წლის 3 იანვარს საფოსტო კონვერტის #010015371578 შემოსულ ს. ა-ის განცხადებას არ ერთვოდა დანართში მითითებული სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ს.ფ. 100). საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ 2013 წლის 5 დეკემბრის სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ს. ა-ემ დაურთო კერძო საჩივარს, რომელიც მან 2014 წლის 19 მარტს ჩააბარა ... ფოსტის ბათუმის განყოფილებას (ს.ფ. 114).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 4 ნოემბრის ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 74-ე მუხლების შესაბამისად 2013 წლის 29 ნოემბერს ჩაბარდათ. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად 2013 წლის 30 ნოემბერს დაიწყო და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2013 წლის 9 დეკემბერს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, მაგრამ სააპელაციო საჩივრის ავტორმა - ს. ა-ემ 21 დღით გადააცილა ხარვეზის გამოსწორების ვადას, ვინაიდან 2013 წლის 30 დეკემბერს ჩააბარა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება ... ფოსტის ბათუმის საფოსტო განყოფილებაში. ამასთან, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება - 2013 წლის 5 დეკემბრის საგადახდო დავალება მოგვიანებით - 2014 წლის 19 ნოემბერს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების დროს კერძო საჩივართან ერთად წარადგინა სასამართლოში.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 31 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე