კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
№ბს-214-654(კს-14) 31 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი);
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ.კ-ას კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 18.02.2014წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.კ-ამ და ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.01.2014წ. განჩინებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გ.კ-ას სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო პალატის 18.02.2014წ. განჩინება ჩაბარდა 15.04.2014წ., კერძო საჩივარზე დასმული თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიის შტამპიდან დასტურდება, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა 02.05.2014წ. (კერძო საჩივარი გაგზავნილი არ არის კონვერტით), ანუ სსსკ-ის 416-ე მუხლით განსაზღვრული 12 დღიანი ვადის დარღვევით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.02.2014წ. განჩინების გასაჩივრების ვადა გ.კ-ასთვის სსსკ-ის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 16.04.2014წ. და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, 28.04.2014წ. ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე ორშაბათი და არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის დაცვით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 368.3 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი ფოსტას ჩაფბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე ვადა გასულად არ ჩაითვლება. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სათანადო წესით უტყუარად ვერ ადასტურებს კანონით განსაზღვრულ ვადაში კერძო საჩივრის დედნის სააპელაციო სასამართლოში ან ფოსტაში მატერიალური სახით ჩაბარებას. საჩივრის ელექტრონული წარდგენა არ გულისხმობს საჩივრის ფოსტაში ჩაბარებას სსკ-ის 61.3 მუხლის მიზნებისათვის. ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სსკ-ის 73.2, 184 და სხვ.) ითვალისწინებს ელექტრონული ფოსტით მხოლოდ სასამართლოდან გაგზავნილი დოკუმენტების მიღების შესაძლებლობას, რათა მხარისათვის ხელსაყრელი ფორმით მოხდეს მასთან კომუნიკაცია, მით უფრო, რომ სასამართლოს აქტები და სხვა დოკუმენტები მხარეებს ეგზავნებათ ასლის სახით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ.კ-ას კერძო საჩივარი, როგორც ვადის დარღვევით შემოტანილი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.კ-ას კერძო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ლ. მურუსიძე