საქმე №ბს-252-249(კს-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ კ. მ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ქუთაისის მერია; ქ. ქუთაისის საკრებულო
მესამე პირი – ნ. კ-ი
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 20 მარტის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
კ. მ-ემ 2013 წლის 2 დეკემბერს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკრებულოსა და მერიის მიმართ, რომლითაც მისი სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხე თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის კ. ლ-ის 2013 წლის 1 ნოემბრის №3495 „კ“ ბრძანებისა და კ. მ-ის მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიების - გაფრთხილების გამოყენების შესახებ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 18 ოქტომბრის #1325 ბრძანების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სახანძრო უსაფრთხოებისა და სამაშველო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე აღდგენა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. მ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინებით კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება, კ. მ-ეს გაეგზავნა და 2014 წლის 20 თებერვალს ჩაბარდა. მხარეს სააპელაციო გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 20 თებერვლიდან და ამოიწურა 2014 წლის 6 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი წარადგინა 2014 წლის 7 მარტს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო ვადის დარღვევით, რის გამოც კ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და დარჩა გნუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა კ. მ-ემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2014 წლის 20 თებერვალს. შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან, ანუ 2014 წლის 21 თებერვლიდან და სააპელაციო საჩივრის სასამართლოსათვის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2014 წლის 6 მარტი. სააპელაციო საჩივარი კ. მ-ემ 2014 წლის 6 მარტს ჩააბარა შპს „...“ (TNT), რომელიც ახორციელებს საფოსტო და სხვა მსგავსი სახის მომსახურებას. აღნიშნული გზავნილის განხორციელება დადასტურებულია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის მეშვეობით - №1470568, რისთვისაც გადახდილ იქნა მომსახურების საფასური 5 ლარი, ადრესატად განისაზღვრა ქუთაისის საქალაქო სასამართლო, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გსაჩივრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ აპელანტის მხრიდან ადგილი არ ქონია გასაჩივრების ვადის გაშვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კ. მ-ის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14Dდღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების დრო ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება კ. მ-ის დედას _ თ. მ-ეს (პირადი №...) 2014 წლის 20 თებერვალს ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 194). ამდენად, კ. მ-ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონით დადგენილი 14 დღიანი გასაჩივრების ვადის დენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად 2014 წლის 21 თებერვალს დაიწყო და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 2014 წლის 6 მარტს ოცდაოთხ საათზე ამოიწურა, რომელიც არ ემთხვეოდა უქმე და დასვენების დღეს და იყო სამუშაო დღე ხუთშაბათი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კ. მ-ის მიერ კერძო საჩივარზე დართული შპს „...“ ქვითრებით დასტურდება, რომ კ. მ-ემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას სწორედ 2014 წლის 6 მარტს ჩააბარა (ტომი 2, ს.ფ. 218-219). აღნიშნული ქვითრის №001789229 ემთხვევა სააპელაციო საჩივარზე დართული შპს „...“ ქვითრის ნომერს, რაც ადასტურებს სააპელაციო საჩივარზე დართული ქვითრის ასლისა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი ქვითრის დედნის იდენტურობას (ტომი 2, ს.ფ. 208, 219).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ეს არ გაუშვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა მე-14 დღეს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნის დაცვით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კ. მ-ის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ. მ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 მარტის განჩინება და მოცემული საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე