საქმე #ბს-440-435(კს-14) 21 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ გ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ნ. დ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს
ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები - მ. მ-ი; ე. რ-ის მემკვიდრე რ.
რ-ი; მ. თ-ის მემკვიდრე ს. მ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 16 ოქტომბერს ნ. დ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის #882013234632-10 და #882010767996-03 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე (იხ. ტ. 1; ს.ფ. 1-12).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ნ. დ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს (იხ. ტ. 1; ს.ფ. 33-35).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის საფუძველზე ჩაბმულ იქნენ ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახური და გ. გ-ი (იხ. ტ. 1; ს.ფ. 61-64), ასევე 2013 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად ჩაბმულ იქნა მ. მ-ი (იხ. ტ. 1; ს.ფ. 65-67).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად ჩაბმულ იქნენ გარდაცვლილი ე. რ-ის მემკვიდრე რ. რ-ი და გარდაცვლილი მ. თ-ის მემკვიდრე ს. მ-ი (იხ. ტ.1; ს.ფ. 265-268).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის #882010767996-03 გადაწყვეტილება უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებათა რეგისტრაციის თაობაზე (სარეგისტრაციო ზონა ... სექტორი, ... კვარტალი, ... ნაკვეთი, საერთო ფართით 365 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ...); ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროს სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის იმედა მღებრიშვილის 2013 წლის 24 მაისის #А12066604-015/001 განკარგულების საფუძველზე და მოთხოვნათა დაცვით უძრავი ქონება, მდებარე ბორჯომის რაიონი, სოფ. ..., საკადასტრო კოდით #... ფართობი 364 კვ.მ. ნ. დ-ის საკუთრებაში დარეგისტრირება; ნ. დ-ს უარი ეთქვა ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის #882013234632-10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე; (იხ. ტ. 2; ს.ფ. 11-30).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 51-59).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინებით გ. გ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 367-ე და 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს. კერძოდ: სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობა და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ის. ტ. 2; ს.ფ. 81-83).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო (იხ. ტ. 2; ს.ფ. 88-90).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 6 მაისის ხარვეზის განჩინება არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით და მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენის თაობაზე (იხ. ტ. 2; ს.ფ. 112).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძვლიან კრიტიკას არ შეიცავს კერძო საჩივარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 06.05.2014წ. განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე და დაუდგინდა ხარვეზი დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივრის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო და განესაზღვრა 5-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად (იხ. ტ. 2; ს.ფ. 81-83). აღნიშნული განჩინება გ. გ-ს ჩაჰბარდა პირადად (პირადი #...) 2014 წლის 12 მაისს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 86). შესაბამისად, შაბათ-კვირის გათვალისწინებით, ხარვეზის აღმოფხვრის ვადა აპელანტს ამოეწურა 2014 წლის 19 მაისს, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლად დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ ვის მიერ არის განსაზღვრული საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (სასამართლოსა თუ კანონისმიერი), განასხვავებენ კანონის და სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს კანონისმიერ ვადაში მოქმედების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, თუ მხარემ კანონისმიერ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადისა, რომელიც შესაძლებელია გააგრძელოს სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, კანონისმიერი ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ დაიშვება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებას კანონისმიერ განსაზღვრულ დროში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია პირთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგებისათვის, კერძოდ, კანონისმიერ განსაზღვრულ დროში მოქმედების შესრულება განაპირობებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ თვეობით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი რჩება.
sაკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში გ. გ-ის მიერ საპროცესო უფლება რეალიზებული არ იქნა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ანუ მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ ჩაბარებია სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ და შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო ამის თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 6 მაისის განჩინება ხარვეზის თაობაზე აპელანტ გ. გ-ს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ბორჯომის რაიონი, სოფ. ... და ჩაჰბარდა პირადად გ. გ-ს (პირადი ნომერი: ...) 2014 წლის 12 მაისს (იხ. ტ. 2; ს.ფ. 85-86), მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობა წარმოადგენს აპელაციის განუხილველად დატოვების პროცესუალურ საფუძველს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მხარის საპროცესო უმოქმედობას სწორად შეუფარდა საპროცესო სამართლის ნორმა, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. გ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე