საქმე ბს-443-438(კს-14) 23 ოქტომბერი, 2014 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე.
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს ,,...“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014 წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,...“ 19.03.2014წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.02.2014წ. გადაწყვეტილების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.10.2013წ. ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.09.2013წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2014წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...“ სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28.02.2014წ. გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 29.10.2013წ. ბრძანება და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 24.09.2013წ. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 373-ე, 374-ე, 372-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2014წ. გადაწყვეტილების ასლის ფინანსთა სამინისტროსათვის გაგზავნის და საქმეში მითითებულ მისამართზე 23.05.2014წ. ჩაბარების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 369-ე მუხლების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრომ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების ასლი მას ჩაბარდა 13.05.2014წ. და სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა შეეძლო 27.05.2014წ. ჩათვლით. საქმის მასალებზე დაყრდნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლო კანცელარიას ჩაბარდა 28.05.2014წ., ანუ გასაჩივრებისათვის დაწესებული 14-დღიანი ვადის დარღვევით. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 65-ე, 369-ე, 374.1 მუხლებზე დაყრდნობით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014წ. განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.04.2014წ. გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 13.05.2014 წ. და გასაჩივრებისათვის მიეცა 14-დღიანი ვადა, რომლის ათვლა სსკ-ის 60.2 მუხლის თანახმად უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან მეორე დღეს. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო 2014 წლის 27 მაისის ჩათვლით. სსკ-ის 61.3 მუხლზე მითითებით ფინანსთა სამინისტრომ მიიჩნია, რომ დადგენილ ვადაში გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 27.05.2014წ. ოცდაოთხ საათამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ მხარეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.04.2014წ. გადაწყვეტილების ასლი 13.05.2014წ. გადაეცა (ტ. 1, ს.ფ. 134). საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის შტამპით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს კანცელარიაში 28.05.2014 არის დარეგისტრირებული - გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. ფინანსთა სამინისტროს ბლანკზე მითითებული სააპელაციო საჩივრის ნომერია 08-01/36104. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შპს ,,...“ მიღებული წერილობითი კორესპონდენციის შესახებ №1953065 რეესტრით დასტურდება, რომ გზავნილი, შეკვეთილი წერილი №08-01/36104, ფოსტის მიერ მინიჭებული ნომრით №040011149732, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გასაგზავნად ფოსტას 27.05.2014წ., მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან მე-14 დღეს ჩაჰბარდა (ტ. 2, ს.ფ. 23, 24). ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობდა გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რადგან კანონით დადგენილ - 14 დღიან ვადაში მხარემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას გადასცა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.04.2014წ. განჩინება და საქმე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის ხელახლა გადასაწყვეტად გადაეცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე, 410-ე, 423-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.06.2014 წ. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
B მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე