საქმე¹ბს-595-573 (კს-13) 02 ოქტომბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე)_ ჯ.ვ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
დავის საგანი - აღიარებითი სარჩელის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.13წ. განჩინება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილებით (,,არსებულ ავტოფარეხზე ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით მიმდინარე დაშენების დანგრევის შესახებ”) ჯ. ვ-ს დაევალა საკუთარი ხარჯებით ქ. თბილისში, ... გამზირზე №... ა-ს მიმდებარედ მის სარგებლობაში არსებულ ავტოფარეხზე მისივე დაკვეთით მიმდინარე დაშენების დანგრევა და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდა. ადრესატს მიეცა გაფრთხილება, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო მიმართავდა სასამართლოს. დადგენილება ჯ. ვ-მა გაასაჩივრა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 01.03.05წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჯ. ვ-ის სარჩელი ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ... ა-ში მდებარე ავტოფარეხზე დაშენება განხორციელდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 27.11.06 წ. განჩინებით ჯ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული 09.01.07წ., №04-1/44-13 სააღსრულებო ფურცელის თანახმად, ჯ. ვ-ი დაჯარიმდა 3000 ლარით; ჯ. ვ-ის მიერ პროექტისა და მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის გარეშე ნაწარმოები ნაგებობა დაექვემდებარა დემონტაჟს, დადგენილების გამოტანის გრაფაში 27.11.06წ. არის მითითებული, აღნიშნული თარიღი ემთხვევა საკასაციო სასამართლოს 27.11.06წ. განჩინების მიღების თარიღს.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 25.01.07წ. №01/03 წერილით ჯ. ვ-ს განესაზღვრა ვადა სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე. ჯ.ვ-ი გაფრთხილებულ იქნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აღსრულება იძულების წესით მოხდებოდა.
02.03.07წ. ჯ. ვ-მა სარჩელი შეიტანა სასამართლოში და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.11.06წ. №27/2006 დადგენილების, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.01.07წ. №04-1/44-13 სააღსრულებო ფურცლისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს 25.01.07წ. №01/03 წერილის ბათილად ცნობა მოითხოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 03.04.07წ. განჩინებით სარჩელი ქ. თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.11.06წ. №27/2006 დადგენილებისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.01.07წ. №04-1/44-13 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი. სასამართლომ მიუთითა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 27.11.06წ. №27/2006 დადგენილება არ არსებობს. სადავო სააღსრულებო ფურცელი არარსებული აქტის საფუძველზეა გამოცემული, შესაბამისად არ არსებობს მხარის ვალდებულება მისი შესრულების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.07წ. განჩინებით სააღსრულებო ბიუროს 25.01.07წ., =01/03 შეტყობინება - გაფრთხილების ბათილად ცნობის თაობაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
20.08.07წ. ჯ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილების საწინააღმდეგო ქმედების-დემონტაჟის განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება. სარჩელს უარი ეთქვა წარმოებაში მიღებაზე ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.08წ. განჩინებით.
ჯ. ვ-მა 03.09.07წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ და აღნიშნა, რომ 20.08.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილების საწინააღმდეგო ქმედების (დემონტაჟის) განხორციელებისგან თავის შეკავების დავალება. იმის გამო, რომ დღეისათვის შეცვლილია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისი სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ კი, სარჩელის აღძვრის შემდეგ 22-25 აგვისტოს მოპასუხემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განახორციელა შენობის დემონტაჟი, ასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვა მოპასუხეებისათვის მის მიმართ უკანონო ქმედების-3000 ლარის გადახდევინების მოთხოვნისაგან თავის შეკავების დავალება და ასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე სასამართლოს მიერ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ქმედების, როგორც უფლების გარეშე, სამართლებრივი ურთიერთობის საწინააღმდეგო ქმედებად აღიარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, ჯ. ვ-მა საბოლოოდ მოითხოვა სასამართლოს დაედგინა, რომ ქ. თბილისში, ... გამზირზე, ...ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ჯ. ვ-ის კუთვნილ ავტოფარეხზე პროექტისა და სათანადო ნერბართვის გარეშე არსებული დაშენების დემონტაჟი განხორციელდა კანონდარღვევით, კერძოდ, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ კანონის მოთხოვნათა დაუცველად. მოსარჩელემ მოპასუხედ მიუთითა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.13 წ. გადაწყვეტილებით ჯ. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ... გამზირზე, ...ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ჯ. ვ-ის კუთვნილ ავტოფარეხზე პროექტისა და სათანადო ნერბართვის გარეშე არსებული დაშენების დემონტაჟი განხორციელდა კანონდარღვევით, კერძოდ, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ’’ კანონის მოთხოვნათა დაუცველად.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 16.01.13წ. წერილის საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილების წარმოების მასალები ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში დაცული არ არის. №01/07-12-00101 სააღსრულებო საქმის წარმოების მასალების თანახმად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 09.01.07წ. №04-1/44-13 სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეცა თბილისის სააღსრულებო ბიუროს. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო დემონტაჟი თბილისის სააღსრულებო ბიუროს არ განუხორციელებია. სადავო დემონტაჟი განხორციელდა 2007 წლის აგვისტოს ბოლოს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ. სასამართლომ მიუთითა, რომ ჯ. ვ-ის კუთვნილ ავტოფარეხზე პროექტისა და სათანადო ნებართვის გარეშე არსებული დაშენების დემონტაჟი განხორციელდა კანონდარღვევით, კერძოდ, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” კანონის მოთხოვნათა დაუცველად, რაც გამოიხატა სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონით დადგენილი წესის დაუცველად, სააღსრულებო ბიუროს ნაცვლად თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადავო დემონტაჟის განხორციელებაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. №9-1 დადგენილების კანონიერება არ ქმნის განხორციელებული დემონტაჟის ასევე კანონშესაბამისად მიჩნევის საფუძველს. სასამართლოს მოსაზრებით, თუნდაც უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 26.03.13წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.13წ. განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.03.13წ. გადაწყვეტილება და ჯ. ვ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ, დავის საგნიდან გამომდინარე, კანონშეუსაბამოდ მიიჩნია სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის დაშვება. პალატამ მიუთითა, რომ აღიარებითი სარჩელი, რომლის აღძვრის შესაძლებლობასაც ადგენს სასკ-ის 25-ე მუხლი, წარმოადგენს მოსარჩელეთა უფლებების პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს, მაგრამ მითითებული მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი საჭიროებს სამართლებრივი დაცვის ინტერესების არსებობის განსაკუთრებულ დასაბუთებულობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი სასამართლოს არ აძლევს უფლებას უშედეგოდ აქციოს 25-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო-სამართლებრივი საშუალება და მოსარჩელეს მისცეს შესაძლებლობა აღძრას სარჩელი იმ მიზნის გარეშე, რომელიც არ იძლევა უფლებათა დაცვის მყარი გარანტიების მიღწევის შესაძლებლობას. სასკ-ის 25-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის გათვალისწინებით, აღიარებითი სარჩელი შესაძლოა პირობითად დაიყოს აქტის არარად აღიარების, უფლების არსებობა-არარსებობის, სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ სარჩელებად, განურჩევლად იმისა რა სახის აღიარებითი სარჩელი იქნება აღძრული, სავალდებულოა, რომ სარჩელი იყოს მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცვის საშუალება ანუ სარჩელში გამოკვეთილი უნდა იყოს პირის კანონიერი ინტერესის არსებობის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 06.02.04წ. დადგენილებაზე, რომლითაც ჯ. ვ-ი ქ. თბილისში, ... ... ,,ა“-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ავტოფარეხზე აწარმოებდა უკანონო მშენებლობას სათანადო ნებართვის, პროექტისა და ლიცენზირებული სამშენებლო ორგანიზაციის გარეშე, რისი გათვალისწინებითაც ჯ. ვ-ს დაევალა, უკანონო ნაგებობის 10 დღის ვადაში დემონტაჟი და ტერიტორიის ნარჩენებისაგან განთავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2007 წელს მოახდინა იმ ობიექტის დემონტაჟი, რომლის მშენებლობის უკანონობაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არის მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, რამეთუ დაცვის ღირსი ინტერესით სარგებლობს არა პირის ნებისმიერი ინტერესი, არამედ მხოლოდ ის ინტერესი, რომელიც დაცულია კანონით. ეს უკანასკნელი კი სახეზეა მაშინ, როდესაც საფრთხე ექმნება ან არსებობს საშიშროება იმისი, რომ შესაბამისი პროცესუალური ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე ვერ მოხდება პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესის დაცვა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არა თუ აღიარებითი, არამედ არცერთი სხვა სახის სარჩელით სასამართლო დაცვის ქვეშ ვერ მოექცევა მხარის არაკანონიერი ინტერესი.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ წინამდებარე სარჩელით შეუძლებელია რეალური შედეგის მიღწევა, რამდენადაც ობიექტის დემონტაჟის მიუხედავად, სახეზე არ არის ჯ. ვ-ის კანონით დაცული უფლებების ხელყოფის ფაქტი, რაც განპირობებულია თავად ობიექტის უკანონობით, ხოლო აღიარებითი სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ფაქტის დეკლარირება იმ მიზნის გარეშე, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას შემდგომში მოჰყვეს პრაქტიკული შედეგი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.13წ. განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჯ. ვ-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის განხორციელებისას მოსარჩელეს არ მიეცა იმ უფლებების რეალიზაციის საშუალება, რასაც მას ანიჭებდა იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა აღსრულების შესახებ. ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის განხორციელების დროს მოსარჩელეს წაერთვა უფლება აღსრულების პროცესში ურთიერთობა ჰქონოდა კანონით გათვალისწინებულ სუბიექტთან-სააღსრულებო სამსახურთან. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ დემონტაჟის უკანონოდ აღიარების ინტერესი მოსარჩელეს გააჩნია არა მხოლოდ ქმედების უკანონობის დეკლარირებისათვის, არამედ იმიტომ, რომ მოსარჩელემ ამ ფაქტის დადასტურების გზით შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნები დააყენოს დემონტაჟზე არაუფლებამოსილი პირების მიმართ. გარდა ამისა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპს მოქმედი სამართლით სახელმწიფო ორგანოების შეზღუდვის შესახებ. კერძოდ, მე-7 მუხლის თანახმად სახელმწიფო შეზღუდულია იმ უფლებების ფარგლებში, რომელიც მინიჭებულია ადამიანისათვის და ჩამოყალიბებულია მოქმედ კანონმდებლობაში სამართლის სახით. შესაბამისად ზედამხედველობის სამსახური შეზღუდული იყო დემონტაჟის უფლებაში და ამ ფაქტის დადასტურება აღიარების გზით საფუძველია მის მიმართ სამართლებრივი მოთხოვნების დასაყენებლად, რაც წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერ ინტრესს. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მისი უფლებაა მოითხოვოს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელოს იმ ორგანომ, რომელსაც ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კანონმდებლობის საფუძველზე და ამ პრინციპის დარღვევის პირობებში უზრუნველყოფილი იყოს კანონის დარღვევის გამო უფლებებში სათანადო აღდგენით. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების გარეშე დატოვა ის მნიშვნელოვანი ზიანი, რაც ზედამხედველობის სამსახურის უკანონო მოქმედებას შედეგად მოჰყვა, კერძოდ, ჯ. ვ-ის ოჯახის საკუთრებაშია შპს ,,...’’. აღნიშნული ობიექტის ნაწილს წარმოადგენს დემონტაჟს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა. ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულმა უკანონო მოქმედებამ დააზიანა და მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა ჯ. ვ-ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ქონებას, რადგან ნგრევის შედეგად შეწყვიტა სუპერმარკეტმა ფუნქციონირება, ვინაიდან შენობის მარჯვენა ნაწილი სრულად დაექვემდებარა უკანონო დემონტაჟს, რამაც თავის მხრივ გამოუწვია სუპერმარკეტში არსებული პროდუქციის დაზიანება და განადგურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.13წ. განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დემონტაჟი არის ერთჯერადი დასრულებული მოქმედება (რეალაქტი). ასეთი რეალაქტის განხორციელებით პირის შელახული უფლების აღდგენის ერთ-ერთ საშუალებად პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებულია აღიარებითი სარჩელი იმ მოთხოვნით, რომ აღიარებული იქნეს მოქმედების უკანონობა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ჯ.ვ-ი მოითხოვს ქ.თბილისში, ... ქ.=... ,,ა“-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ ჯ.ვ-ის კუთვნილ ავტოფარეხზე პროექტისა და სათანადო ნებართვის გარეშე არსებული დაშენების დემონტაჟის კანონმდებლობის, კერძოდ ,,არქიტექტურრულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დაუცველად განხორციელების აღიარებას. ამდენად, ჯ.ვ-ის მიერ აღძრული სარჩელი სასკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებით სარჩელთა კატეგორიას განეკუთვნება და შესაბამისად, ის უნდა პასუხობდეს სარჩელის ხსენებული სახეობისათვის დადგენილი დასაშვებობის პირობებს.
აღიარებითი სარჩელი, როგორც სარჩელის ერთ-ერთი სახე, არის პროცესუალური დაცვის სამართლებრივი ინსტიტუტი, მისი მეშვეობით არ ხდება მოსარჩელის მატერიალური უფლებების უშუალო განხორციელება, რამდენადაც აღიარებითი სარჩელით დგინდება უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობა (ასკ-ის 25-ე მუხლით ასევე გათვალისწინებულია აქტის არარად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება). მოცემული სახის სარჩელებთან მიმართებაში პროცესუალური კანონმდებლობით დაწესებულია დასაშვებობის წინა პირობები (ასკ-ის 25.2), კერძოდ სარჩელის დასაშვებობის შემოწმებისას უნდა გაირკვეს სამართლებრივი ურთიერთობის მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი, კანონიერი ინტერესი გამოხატული უნდა იყოს პირის მატერიალურ-სამართლებრივ სივრცეში. საქმეში დაცულ კანონიერ ძალაში მყოფი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 01.03.05წ. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას 25 ,,ა“-ს მიმდებარედ ჯ. ვ-ის კუთვნილ ავტოფარეხზე პროექტისა და სათანადო ნებართვის გარეშე არსებული დაშენების დემონტაჟისათვის დაქვემდებარება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, რამდენადაც მშენებლობა განხორციელდა შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე, მშენებლობის პროექტის და ნებართვის გარეშე, ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევით. აღნიშნულ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ედავება მოპასუხეს, რომ მან კანონსაწინააღმდეგოდ განახორციელა მის მიერ უკანონოდ განხორციელებული შენობის დემონტაჟი ანუ სარჩელი აღძრულია დასრულებულ სადავო სამართალურთიერთობაზე, რომლის მიმართ, მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მოცემული დასრულებული საჯარო მოქმედება (რეალაქტი) გარდა კანონსაწინააღმდეგო ხასიათისა, ამავდროულად მოსარჩელის მიმართ კანონიერი ინტერესის შემზღუდველია. კანონმდებელი ამ ინტერესში მოიაზრებს მხოლოდ პატივსადებ, მართლზომიერ ინტერესს, დაცვის ღირსია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ კანონით დაცული ინტერესი, სასამართლოს დაცვის სფეროს სცილდება არაკანონიერი ინტერესის დაცვა. პროცესის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული დაინტერესება, ინტერესი უნდა იყოს კონკრეტული, ლეგიტიმური და პატივსადები. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მოსარჩელის განცხადება. ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული, სარჩელში დასმული საკითხისადმი მოსარჩელის უშუალო უფლებდამცავი ინტერესი უნდა გააჩნდეს. ინტერესის საკითხს წყვეტს სასამართლო. სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას. მოსარჩელის ინტერესი აღიარებით სარჩელში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. აღიარებითი გადაწყვეტილების მიმართ იურიდიული ინტერესი მდგომარეობს განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობის დადგენაში. გადაწყვეტილების მიზნის შესაბამისად სარჩელის დასაშვებად ცნობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთგვარი გაურკვევლობის არსებობა. აღიარებით სარჩელში იურიდიული ინტერესი მიმართულია გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობის ან არარსებობის დადასტურებაზე, რაც მოსარჩელის სამართლებრივ მდგომარეობას მოპასუხის მიმართ ანიჭებს განსაზღვრულობის, უდავობის ხარისხს და პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს მომავალში აღძრულ სარჩელზე წარმოებულ დავაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო მიშენება განხორციელდა კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით, ზედამხედველობის სამსახურის მიერ ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა 2007 წელს, ობიექტის მშენებლობის უკანონობა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. დასრულებულ ობიექტზე საკუთრების უფლების წარმოშობას დემონტაჟის განხორციელების პერიოდში მოქმედი კანონმდებლობა უკავშირებდა მშენებლობის განხორციელებას კანონით დადგენილი წესითა და პირობებით, პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის არსებობა არის საჯარო რეესტრში მშენებარე ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი. ამდენად, სწორედ მიშენების კანონსაწინააღმდეგო ხასიათის გამო მიშენება სამოქალაქო ბრუნვის ობიექტად არ მიიჩნევა, აღნიშნული კი განაპირობებს მის მიმართ კანონით დაცვის ღირსი ინტერესის დაუსაბუთებლობას. ამდენად, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებისათვის მოპასუხის მოქმედების უკანონობასთან ერთად საჭიროა აგრეთვე კანონიერი ინტერესის შელახვის დასაბუთება. მართალია, აღიარებითი სარჩელი უშუალოდ არ იწვევს დავის გადაწყვეტას, მაგრამ აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი - სასამართლოს დეკლარირება მიღებული გადაწყვეტილების ფორმით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს შემდგომ მოთხოვნას, მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოხოვნას (დემონტაჟის დროს ლეგალიზაციის შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, ამასთანავე დაუშვებელია ამჟამად არარსებული ობიექტის ლეგალიზების მოთხოვნა). ამდენად, აღიარებისათვის მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს სამართლებრივი ნორმებით დაცული/კანონიერი ინტერესი, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება არ არის თვითმიზანი, იგი მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ემსახურება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს ამ სახის სარჩელისათვის პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული სარჩელის დასაშვებობის პირობების დაცვას, ვინაიდან მათი დაუცველობა შედეგად გამოიწვევს ნებისმიერი საჯარო-სამართლებრივი დავის ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერ დროს აღიარებითი სარჩელით აღძვრის, სასამართლოს სამართლებრივ კონსულტანტად გადაქცევის, აღიარებითი სარჩელით სარჩელის სხვა სახეობების დასაშვებობის წინაპირობებისაგან თავის დაღწევის, ინსცინირებული პროცესების ჩატარების შესაძლებლობას. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია მაშინ, როდესაც აღიარების ინტერესი მიმართულია ურთიერთობის მონაწილის მიმართ და ეს ურთიერთობა მოსარჩელის უფლებას ან კანონიერ ინტერესს არღვევს. აღიარებითი სარჩელი არ არის დასაშვები, თუ იგი აბსტრაქტული სამართლებრივი საკითხის, ზოგადი უფლების ან ვალდებულების, ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი ურთიერთობის არადამოუკიდებელ ნაწილს ეხება. სასკ-ის 25-ე მუხლი ითვალისწინებს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენას. მოცემულ შემთხვევაში არ არის სახეზე უფლება უკანონო ნაგებობაზე და არც სამართალურთიერთობა, რომლის შემადგენელი ნაწილია უფლება. მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა თავისი არსით ეხება ფაქტისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემას და არა უფლების ან ურთიერთობის აღიარებას.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ უარყო ობიექტის მხოლოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელების აუცილებლობა. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედების იმპერატიული მოთხოვნა, დემონტაჟის განხორციელებისათვის აქტის გამოცემის საჭიროება არ უარყოფს იმას, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისათვის არ კმარა მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების უკანონობა, მოთხოვნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების უკანონობის აღიარების შესახებ დასაშვებია მხოლოდ კანონიერ ინტერესის არსებობის შემთხვევაში, რაც მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს უკანონო მიშენების დემონტაჟის უკანონობის აღიარებას. ვინაიდან მოსარჩელე სარჩელით ითხოვს უპროექტო და უნებართვო დაშენების დემონტაჟის უკანონობის აღიარებას (ნაგებობის უკანონობა დადასტურებულია კანონიერ ძალაში მყოფი ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 01.03.05წ., =3/288 გადაწყვეტილებით), კანონით დაცული ინტერესის ხელყოფა არ იკვეთება ობიექტის უკანონობის გამო, ამდენად სარჩელში არ იკვეთება მოსარჩელის უფლების ან კანონიერი ინტერესის შეზღუდვა, უკანონობის მიმართ პირს კანონიერი ინტერესი ვერ ექნება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს კანონით აღიარებული და დაცული ინტერესი, რომელიც წარმოშობს მოსარჩელის უფლებამოსილებას მოცემული სახის სარჩელის დავის საგანზე. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს უფლება არის მიზანზე ორიენტირებული უფლება, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ აღიარებითი სარჩელის აძღვრა დაუშვებელია რეალური, პრაქტიკული შედეგის მიღწევის გარეშე, აღიარებითი სარჩელის მიზანს არ წარმოადგენს მხოლოდ ფაქტის დეკლარირება, შემდგომში პრაქტიკული შედეგის მიღწევის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტით აღიარებული სასამართლო დაცვის უფლება ფორმალურად სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას ნიშნავს, ხოლო შინარსობრივად - ადამიანის სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას. უკანასკნელი ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს ყველა იმ მოქმედების თუ გადაყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, კანონიერების დადგენას, რომლებიც ეხება პირის უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი ან განხორციელებული საჯარო მოქმედება (რეალაქტი) მოითხოვს მის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, თუმცა სადავო სამართალურთიერთობის მიმართ სასკ-ის 25-ე მუხლით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლების გამოყენება არ დაიშვება, უკეთუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ქმედებით არ იზღუდება კანონიერი ინტერესი. აღიარების ინტერესი განვრცობითი აღიარებითი სარჩელის (დასრულებულ სადავო სამართალებრივი ურთიერთობის გამო აღძრული სარჩელი) მიმართ გამოიხატება: გამეორების საფრთხეში, მომავალში მოსალოდნელი დისკრიმინაციის თავიდან აცილებაში, შემდგომში ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასმაში. აღნიშნული თავისთავად გულისხმობს უფლების ან კანონიერი ინტერესის დაცვის მიზანს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებითი სარჩელი უშუალოდ არ იწვევს დავის გადაწყვეტას, აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი შეიძლება საფუძვლად დაედოს დავის გადაწყვეტას, შესაბამისად სასკ-ის 25-ე მუხლის საფუძველზე აღძრულ სარჩელზე (უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა ან არარსებობის დადგენის შესახებ) მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის კონკრეტული შედეგის მომტანია, ამასთანავე, აღიარების ინტერესის დასასაბუთებლად მხოლოდ აბსტრაქტული გარემოება არ კმარა. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დემონტაჟის განხორციელებით მას შეეზღუდა აღმასრულებელთან ურთიერთობის უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააღსრულებო პროცედურების რეგლამენტაცია, აღმასრულებლის მოქმედებების და აქტების გასაჩივრება ასევე მიზნად ისახავს სუბიექტის უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვას, რაც არ იკვეთება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უპროექტო, უნებართვო მიშენების დემონტაჟის უკანონობის აღიარების სასარჩელო მოთხოვნაში.
აღიარებითი სარჩელის აღძვრით არ ხდება დანაშაულის ნიშნების დადგენა, შესაბამისად კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორის მითითება ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა ქმედებაში სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების შესაძლო არსებობაზე. დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების დადგენის პროცედურა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას არ აქვს პრეიუდიციული მნიშნელობა სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოსათვის და პირიქით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორი უთითებს დემონტაჟის უკანონოდ განხორცელების შედეგად მისთვის ზიანის მიყენებას. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ განხორციელებულმა უკანონო მოქმედებამ დააზიანა და მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა ჯ.ვ-ის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ქონებას, ნგრევის შედეგად სუპერმარკეტმა შეწყვიტა ფუნქციონირება, ვინაიდან შენობის მარჯვენა ფრთა სრულიად დაექვემდებარა უკანონო დემონტაჟს, რამაც თავის მხრივ გამოიწვია სუპერმარკეტში არსებული პროდუქციის დაზიანება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხსენებული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, ჯ.ვ-მა აღნიშნულის შესახებ მხოლოდ საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარში უთითებს. საქმეში დაცულია ჯ.ვ-ის მიერ აღძრული არაერთი სარჩელი, არც ერთ მათგანში ის არ უთითებს მიშენების დემონტაჟის გამო ძირითადი შენობისათვის ზიანის მიყენებას, დემონტაჟის გამო სუპერმარკეტის საქმიანობის შეჩერებას. ზიანის მიყენება არც საქმეზე დართული ფოტომასალით დასტურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტები, კონკრეტული უფლება-ვალდებულებები შესაძლოა აღიარებითი სარჩელის დავის საგანი იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ წარმოშობს კავშირს სხვა სახეობის სარჩელებთან. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის აღძვრა არ დაიშვება თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას მიკუთვნებითი სარჩელი, ე.ი. თუ შესაძლებელია აღიძრას სარჩელი ვალდებულების (ზიანის ანაზღაურების) შესახებ. რეალაქტის განხორციელებით ზიანის მიყენების შემთხვევაში შესაძლებელია მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, აღნიშნული არის აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის გამომრიცხავი გარემოება, სასკ-ის 25.2 მუხლის შესაბამისად აღიარებითი სარჩელი არ შეიძლება აღიძრას, თუ მოსარჩელეს შეუძლია აღძრას სარჩელი სასკ-ის 22-24-ე მუხლების საფუძველზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ჯ. ვ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.13წ. განჩინება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე