საქმე #ბ-645-4 (ა-14) 16 ოქტომბერი, 2014წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, მაია ვაჩაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ი-ამ სარჩელი აღძრა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის – ს. ჭ-ას მიმართ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.13წ. №2-607 ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 10.10.13წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ჯ. ი-ას მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.02.14წ. განჩინებით ჯ. ი-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. ი-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 06.08.13წ. №2-607 ბრძანება, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ. საკასაციო სასამართლოს 08.05.14წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო.
03.06.14წ. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არ იყო დარღვეული. კერძოდ, საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 11.04.14წ. იყო, საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში სწორედ 11.04.14წ. გაიგზავნა. აღნიშნულის დასტურად საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა წალენჯიხის საფოსტო სერვისცენტრის უფროსის მიერ 04.06.14წ. გაცემული ცნობა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გზავნილების რეესტრი და საქართველოს ფოსტის ელექტრონული გზავნილი ასლი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს 08.05.14წ. განჩინებით განუხილველად დარჩა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო, კერძოდ, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს დართული ჰქონდა კონვერტი, რომელზე დასმული შტამპით დაფიქსირებული იყო თარიღი _ 12.04.14წ., სხვა ინფორმაცია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადასთან დაკავშირებით საქმის მასალებით არ დგინდებოდა. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დატოვებულ იქნა განუხილველად, რამდენადაც საკასაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა 11.04.14წ. იყო.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, კერძოდ, წალენჯიხის საფოსტო სერვისცენტრის უფროსის მიერ 04.06.14წ. გაცემული ცნობის თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფოსტას გზავნილი ჩააბარა 11.04.14წ.. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილ იქნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გზავნილების რეესტრი და საქართველოს ფოსტის ელექტრონული გზავნილი ასლი, საიდანაც ასევე დასტურდება რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო საჩივარი 11.04.14წ. ჩააბარა ფოსტას. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაცული იყო საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება.
ვიხელმძღვანელე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე, 431-ე მუხლებით და
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.05.14წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. განახლდეს საქმის წარმოება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარზე;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
მ. ვაჩაძე