Facebook Twitter

№ბს-301-297 (გ-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 1 აპრილს შპს ,,…“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის N57050 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის შპს ,,…“ საჩივრის განხილვის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს ,,…“ სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლსა და მე-15 მუხლზე და განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებულია სსიპ შემოსავლების სამსახურის დებულება, რომლის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5, რის შესაბამისად, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოპასუხის იურიდიული მისამართის მიხედვით დავა განსახილველად გადასცა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს ,,…’’ სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და საჩივრის განხილვის დავალდებულების თაობაზე, სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 15.1, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე, 20-ე მუხლებით და არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს არგუმენტი, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმ მოტივით, რომ მოპასუხის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მისამართია ქ. ქუთაისის, ჯავახიშვილის ქ. N5.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N303 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება, რომლის პირველი მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მისამართია როგორც ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16, ასევე, ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ განსჯად სასამართლოდ მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლო და სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და მხარეთა გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამასთან, დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში, მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც უნდა აგოს პასუხი სასარჩელო მოთხოვნაზე, შესაბამისად, ჩათვალა, რომ საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მოსარჩელის არჩევით თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ შპს ,,…’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ხსენებული მუხლი შეიცავს ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფელის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოებს შორის განსჯადობა ეხება ტერიტორიული განსჯადობის საკითხს. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოების ტერიტორიულ განსჯადობაზე. მოცემულ დავაზე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის N57050 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სსიპ შემოსავლების სამსახურის დავალდებულება განიხილოს შპს ,,…’’ 2013 წლის 18 ოქტომბრის საჩივარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლით, შემოსავლების სამსახურის მისამართია: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16 და ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. N5. ამდენად, შემოსავლების სამსახურის იურიდიულ მისამართს წარმოადგენს როგორც ქ. თბილისი, ასევე, ქუთაისი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დებულებაში ორი მისამართის მითითება დაკავშირებულია მოპასუხის უფლებამოსილების გამიჯვნასთან ტერიტორიულ პრინციპზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული დებულების მოცემული ნორმის მიზნებისათვის ორი მისამართის მითითება განსაზღვრავს მისი უფლებამოსილების განხორციელების ადგილს, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოში ქ. თბილისს, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ქ. ქუთაისს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოსათვის ორი ადგილსამყოფელის განსაზღვრა თავისთავად დაკავშირებულია თავად მეწარმე-სუბიექტების საქმიანობის ადგილთან, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია როგორც საგადასახადო დავების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით, ასევე, მათი დედაქალაქში თავმოყრის შესუსტების ტენდენციით. საქმეში დაცული მასალებით (ამონაწერი მეწარმე და არამეწარმე (არაკომეციული) იურიდიული პირების რეგისტრაციიდან) მოსარჩელის შპს ,,…’’ იურიდიული მისამართია ხელვაჩაური, სოფ...., ხოლო სარჩელში ალტერნატიულ მისამართად მითითებულია ქ. ბათუმი, ... ქ. 4.; სფ-13-ზე წარმოდგენილია შპს ,,...’’ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლის ბლანკზე მითითებულია როგორც იურიდიული მისამართი: ხელვაჩაური, სოფ. ...; ასევე ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, ... ქ.;N4. სფ- 20-ზე დაცული შემოსავლების სამსახურის 13.09.2013წ. N21-14/70015 მიმართვით ირკვევა, რომ შპს ,,...’’ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული 2013 წლის 11 სექტემბრის N44228 ბრძანება და 2013 წლის 6 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი გაეგზავნა ქ. ბათუმში, ... N4-ში. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის საქმიანობის ადგილს წარმოადგენს ქ. ბათუმი, ... ქ. N4. სწორედ მოსარჩელის - შპს ,,...’’ საქმიანობის ადგილის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 23 მაისის N303 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების 1.4 მუხლით შემოსავლების სამსახურის იურიდიულ მისამართი მოცემულ დავაზე არის ქ. ქუთაისი, რაც გამორიცხავს განსჯადობის საკითხის გადაწყვეტას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, რომლითაც თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება მოსარჩელის უფლებამოსილებას აირჩიოს სასამართლო. აღნიშნულ შემთხვევაში, სახეზე არ არის მოსარჩელისათვის უზრუნველყოფილი პროცესუალური შესაძლებლობა აირჩიოს უფლებამოსილი სასამართლოდან ერთ-ერთი, რამდენადაც მოცემულ დავაზე განსჯადობით საქმის დაქვემდებარების საკითხი მოწესრიგებულია საპროცესო ნორმით საერთო განსჯადობის შესახებ, რომლის მიხედვით მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯად სასამართლოს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - სსიპ შემოსავლების სამსახურის 12.11.2014 წ. N57050 ბრძანებით განმარტებულ გასაჩივრების წესზე, რომლის მიხედვით მოსარჩელეს განემარტა, რომ მას წარმოდგენილი ბრძანება შეეძლო გაესაჩივრებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოსარჩელეს განემარტა სწორედ იმ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნული დავის განხილვაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სასარჩელო განცხადება მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს განსჯად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო 1.2; 2.1; 26.3, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,...’’ სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოს მხარეებს;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

Tavmjdomare ლ. მურუსიძე

mosamarTleebi: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე