Facebook Twitter
#bs-1721-1677(g-10) 20 ianvari, 2011 weli

Nბს-349-345 (გ-14) 7 ოქტომბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2014 წლის 12 მარტს ნ. ს-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ ქ. გაგრაში ... ქ. N29-ში მდებარე სახლ-კარის მისი და მისი შვილის სახელზე მიწერის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 მარტის განჩინებით ნ. ს-ას სარჩელი განსახილველად გადაეგზავნა განსჯად სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლზე, რომელთა საფუძველზე განმარტა, რომ მოსარჩელე ნ. ს-ა წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირს, რომელიც მოპასუხედ მიუთითებს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას. შესაბამისად, ჩათვალა, რომ სარჩელი განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს განსჯად სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ სასამართლოს.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 28 მაისის განჩინებით ნ. ს-ას სარჩელი, მოპასუხე აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიმართ, ქმედების განხორციელების-ქ. გაგრაში, ... ქ. N29-ში მდებარე სახლ-კარის მოსარჩელის და მისი შვილის სახელზე მიწერის თაობაზე, განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულმა სასამართლომ განჩინებაში აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი სარჩელის განხილვის განსჯადობის წესი მოქმედებს მაშინ, თუკი ორივე მხარე იძულებით გადაადგილებული პირია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრა ნ. ს-ამ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც იმთავითვე გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისთვის დაქვემდებარების შესაძლებლობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებულ ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 439-ე მუხლი განსაზღვრავს აფხაზეთის ა/რ სასამართლოთა განსჯად დავებს, რომლის შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნორმის შინაარს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია მოსარჩელეზე, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირზე, რაც გამორიცხავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსაზრებას, ამ დავის განსჯადობის საკითხების მოცემული მუხლის საფუძველზე გადაწყვეტის შესაძლებლობას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ს-ას სარჩელი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2010 წლის 2 მარტის N05/01-14/1817 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც განაპირობებდა მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებას.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი აღძრულია ნ. ს-ას მიერ, რომელიც არ წარმოადგენს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს, რაც გამორიცხავს მისი სარჩელის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს იურისდიქციისთვის დაქვემდებარების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ასკ-ის 24-ე მუხლის საფუძველზე აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ქმედების განხორციელების დავალების მოთხოვნით, რა დროსაც გამოყენებულ უნდა იქნეს არა სსსკ-ის 439-ე მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, არამედ სსსკ-ის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები, ანუ სარჩელი უნდა წარედგინოს, განიხილოს და გადაწყვიტოს მოპასუხის ადგილსამყოფელის მიხედვით განსჯადმა სასამართლომ.

,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურიდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნ. ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ს-ას სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე