Facebook Twitter
saqme #bs-799-773(k-10)

საქმე #ბს-420-415(კ-14) 24 ნოემბერი, 2014 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ი. ჩ-ის სარჩელისა გამო, მოპასუხის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ, მესამე პირების: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მონაწილეობით, ქმედების განხორციელების თაობაზე).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ი. ჩ-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 20 ოქტომბრის №18/39847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაეკისროს ი. ჩ-ისათვის 24000 ლარის დაბრუნება (იხ. ს.ფ. 1-12; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (იხ. ს.ფ. 76; ტ.1).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ ქ. თბილისის მერია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (იხ. ს.ფ. 82-83; 84-85; ტ.1).

მესამე პირმა - ქ. თბილისის მერიამ წერილობითი შეპასუხებით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე ურის თქმა (იხ. ს.ფ. 144-152; ტ.1).

წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არც მესამე პირმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ასევე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 196-204; ტ.2).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 220-227; ტ.2).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 225-236; ტ.2, 6-19; ტ.3).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 აპრილის განჩინებით ი. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 198-219; ტ.3).

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ჩ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. 228-234; 245-254; ტ.3).

საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად; მხარეებს საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად განესაზღვრათ 15 დღიანი საპროცესო ვადა (იხ. ს.ფ. 258-259; ტ.3).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის _ ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ი. ჩ-ის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ი. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. ჩ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ. ჩ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას წინა ინსტანციის სასამართლოებში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ შუამდგომლობაზე, ვინაიდან, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. ი. ჩ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

3. ი. ჩ-ს უნდა დაუბრუნდეს მის საკასაციო საჩივარზე მ. ჩ-ის მიერ 2014 წლის 11 აგვისტოს №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე