#ბს-429-424(კ-14) 27 ნოემბერი, 2014 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე
ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო
მოწინააღმდეგე მახარე (მოსარჩელე) _ მ. ე-ე
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 3 იანვარს მ. ე-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით მ. ე-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მ. ე-ემ სასჯელის მოხდა დაიწყო 2008 წლის 26 მარტს, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა 2014 წლის 26 დეკემბერს სრულდება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სასჯელის ¾-ის მოხდის შემდეგ, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ. საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილებით მ. ე-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. საბჭომ უარის თქმის საფუძვლად მიუთითა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე და არ გაითვალისწინა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 28 ოქტომბრის N151 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ მე-12 მუხლით განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები, ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება პატიმრობის კოდექსის მოთხოვნებს, რამდენადაც იგი არ აწესებს შეზღუდვას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოსარჩელის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე მ. ე-ეს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, იგი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა, სასჯელის მოხდის პერიოდში იგი დასჯილი ან წახალისებული არ ყოფილა.
საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-40, 41-ე, 42-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. ადგილობრივი საბჭო „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ თანახმად, იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 41-ე, 42-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. პატიმრობის კოდექსის მე-4 ნაწილით დადგენილია კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებაც სავალდებულოა საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, მითითებულ კრიტერიუმებს განეკუთვნება მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სასჯელის მიზნის მიღწევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული კრიტერიუმები დაკონკრეტებულია „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების“ მე-12 მუხლში.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, შეფასების კრიტერიუმები მართალია იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სადავო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას, მაგრამ მიუხედავად დანაშაულის ხასიათისა, მ. ე-ე ნასამართლეობის არმქონეა, ხასიათდება დადებითად და სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის დანაწესი გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, ვინაიდან მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების პირობებშია შესაძლებელი შემოწმდეს გადაწყვეტილების შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასამართლოებმა არასწორად აღნიშნეს, რომ ადგილობრივ საბჭოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები. საბჭოსათვის ცნობილი იყო ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევისა და პიროვნული მახასიათებლების შესახებ და აღნიშნული არ შეფასებულა საბჭოს მხრიდან უარყოფითად. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკითხის განხილვა კი არ განეკუთვნება საბჭოს პრეროგატივას და აღნიშნული გავლენას ვერ იქონიებდა დამდგარ შედეგზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ე-ის სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე მ. ე-ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 13 ნოემბრის განაჩენით შეეფარდა სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
მ. ე-ემ სასჯელის მოხდა დაიწყო 2008 წლის 26 მარტს, ხოლო სასჯელის მოხდის ვადა 2014 წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.
სასჯელის ¾-ის მოხდის შემდეგ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ განიხილა მ. ე-ის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილებით შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
მ. ე-ე წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოპასუხისათვის დავალებას.
საქმის წარმოების ეტაპზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების მომართვით საკასაციო სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ მ. ე-ე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 22 ივლისის #12-1 დასკვნით ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ე-ის სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის არარსებობის გამო, რამდენადაც სარჩელის საგანს წარმოადგენდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმება და სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება. 2014 წლის 22 ივლისიდან მ. ე-ე გათავისუფლებულია სასჯელის მოხდისაგან ერთობლივი კომისიის დასკვნით, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ჯანმრთელობის მდგომარეობის ან ხანდაზმულობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელით დასაცავი უფლება რეალიზებულია, დავის საგანი ამოწურულია. სადავო აქტის – პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობისა და მით უფრო გათავისუფლების შესახებ ახალი აქტის გამოცემის მიმართ მოსარჩელის ინტერესი სახეზე იყო მისი თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში, ხოლო მისი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებში ამგვარი ინტერესი და შესაბამისად, სარჩელის განხილვის პროცესუალური წინაპირობა აღარ არსებობს.
მით უფრო იმ ვითარებაში, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 მაისის განჩინებით, მ. ე-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2013 წლის 29 ნოემბრის #02/13/ზ-064 გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დავა არ დასრულებულა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის ხელახლა განხილვა დაევალა, რაც უპირობოდ დადებითი გადაწყვეტილების მიღებას არ გულისხმობს, იგი ავალებს ადგილობრივ საბჭოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 28.10.10წ. №151 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპიური დებულებით” განსაზღვრული პროცედურებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ხელახლა იმსჯელოს შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მიიღოს გადაწყვეტილება. აღნიშნულის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ, ხოლო მ. ე-ეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობით იგი დაეთანხმა მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი საბჭოს მიერ შუამდგომლობის ხელახლა განხილვას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება არ მოუთხოვია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო, ვინაიდან არ არსებობს საქმის წარმოების გაგრძელების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 29 მაისის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. მ. ე-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
ნ. სხირტლაძე